ხელით ნაქარგი აქსესუარები ყველა თაობისათვის - გზაპრესი

ხელით ნაქარგი აქსესუარები ყველა თაობისათვის

ქარგვა ბავშვობაში დედამ შეასწავლა. ყვავილებით მოქარგულ ხელსახოცებს თავადაც ატარებდა და ახლობლებსაც ასაჩუქრებდა. დღეს ნინო კილაძე სულ ამ საქმითაა დაკავებული და საყელოებსა და თმის აქსესუარებს ქარგავს: "ბავშვობიდან ყვავილები განსაკუთრებით მიყვარს, ამიტომ ჩემი ხელით მოქარგულ აქსესუარებში სხვადასხვაგვარი მცენარე ჭარბობს: მინდვრის ყვავილები, იასამანი, ყველაზე მოთხოვნადი გვირილები და კესანებია. სხვადასხვა მასალაზე ვქარგავ: ტილო, მოხარშული ტილო, პოპლინი... გააჩნია ნაქარგს, მაგრამ ნამუშევრების 90% მაინც მოხარშულ ტილოზეა შესრულებული. რძისფერი ყველაზე მოთხოვნადია, ქარგვისას მას ბევრი ყვავილის ფერი უხდება და უკვე მზა სამოსთან შეხამების თვალსაზრისითაც, მარტივად მიესადაგება ყველაფერს".

3-1650976764.jpeg

ნინო კილაძე:

- 6 წელი სადისტრიბუციო კომპანიაში ვმუშაობდი. პანდემიის დროს სამსახურის გარეშე დავრჩი და სახლში დავჯექი. ორი პატარა მყავს: ანასტასია და მარიამი. ისინი 4 და 2 წლის არიან. ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა, რომ საქმე და მათზე ზრუნვა ერთმანეთისთვის შემეთავსებინა. ჭრა-კერვის კურსები გავიარე, რის შემდეგაც სისტემატურად დავიწყე კერვა და ქარგვა. ნამუშევრების რეალიზაცია კი 2021 წლის სექტემბრიდან გადავწყვიტე. კერვის კურსების გავლის შემდეგ, ნებისმიერი სამოსის შექმნა შემიძლია; ვკერავ ჩემთვის და ბავშვებისთვის, სხვებისთვის კი ვერ ვახერხებ, რადგან საყელოებისა და ბაფთების კერვა-ქარგვა იმდენად მოთხოვნადია, რომ სხვა რაღაცისთვის დრო აღარ მრჩება. საყელოებს და ბაფთებს ნებისმიერი ასაკის მსურველისთვის ვამზადებ. სხვათა შორის, თავიდან არ მეგონა, რომ პატარებისთვის საყელოები მოთხოვნადი აქსესუარი იქნებოდა, არადა, ძალიან მოსწონთ. თემატურად მათთვის ყველაზე აქტუალურია მელაკუდების ფიგურები და შემოდგომის თემა: სოკოები, ფოთლები და ა.შ. როგორც უფროსი ასაკისთვის, ისე ბავშვებისთვისაც, მეორე ადგილზეა ყვავილები და ამ შემთხვევაშიც გვირილა და კესანეა ყველაზე პოპულარული.

4-1650976781.jpeg

- დღეს როგორ ანაწილებთ?

- კვირის დღეებში, დილით ბავშვებს ვაწესრიგებ, ბაღში მიმყავს, შინ დაბრუნებული კი ვდიასახლისობ, რომ მერე მშვიდად მივუჯდე ჩემს საქმეს. მაგრამ უმეტესად მაინც ღამით ვმუშაობ, როცა ჩემი შვილები იძინებენ. ქარგვა ძალზე შრომატევადი საქმეა. ყოფილა შემთხვევა, დღეში 5 ყვავილებიანი საყელო მომიქარგავს, თუმცა, უმეტესად დღეში 4 საყელოს ქარგვას ვახერხებ. თუ მელაკუდის ფიგურა მიწევს, ამას სრული 3 საათი ვუნდები, რთულია. ყველაფერს თავად ვაკეთებ, კერვიდან დაწყებული, დაბრენდვა-შეფუთვით დასრულებული, ამიტომ ამ ეტაპზე მეტის გაკეთება ჩემთვის შეუძლებელია. არ გამოვრიცხავ, სამომავლოდ ვინმე დავიხმარო. ვფიქრობ, ჯერ კიდევ მჭირდება სწავლა, განვითარება და ვნახოთ.

5-1650976798.jpeg

- სამომავლოდ თქვენს ნაქარგებს სხვა აქსესუარი ხომ არ შეემატება?

- საზაფხულოდ მინდა თეთრი მაისურები მოვქარგო, ასევე ჩანთებიც, მაგრამ ამ ეტაპზე ბაფთები და საყელოები იმდენად აქტუალური და მოთხოვნადია, ვნახოთ დროს როგორ გადავანაწილებ. 30 წლის ვარ, ძალიან მიხარია, რომ ბევრმა ჩემი ასაკის ადამიანმა პანდემიის დროს ხელსაქმეს მოჰკიდა ხელი და საკუთარი საქმე წამოიწყო. ვფიქრობ, ეს დარგი განვითარდა, ერთგვარად მიძინებული პროფესიებს ყურადღება მიექცა და თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს პანდემიის ერთადერთი პლუსია.

ანა კალანდაძე