"სამხედრო ფორმის გარეშე ცხოვრება აღარ შემიძლია" - გზაპრესი

"სამხედრო ფორმის გარეშე ცხოვრება აღარ შემიძლია"

კარგი საქმე გვაქვს ჟურნალისტებს - მარკესი სამყაროში ყველაზე მაგარ პროფესიას უწოდებდა. ხშირად რესპონდენტები თავად მოდიან ჩვენთან და საკუთარ ცხოვრებაზე გვიამბობენ. ჩვენი მორიგი რესპონდენტი ომარი (გვარს მისივე თხოვნით არ ვასახელებთ) 1992 წელს 18 წლის გახდა თუ არა, უცებ როგორც "უპატრონოს", ხელი სტაცეს და ჯარში წაიყვანეს. სწორედ მისი იქ ყოფნისას დაიწყო აფხაზეთის ომი, პირველსავე შენაერთთან ერთად გადაიყვანეს. სოხუმის დაცემამდე არ გამოსულა, ბოლოს მაინც გამოაგდეს, იქ მისი სიკვდილი აღარავის სჭირდებოდა...

- დაგლეჯილ-დახეული "ბათინკებით" და ფორმით წამოვედი თბილისისკენ, ჩემი სახლისკენ. თავიდანვე "უპატრონოები" შეგვყარეს, ასევე პატრონ-მყვარებლის გარეშე გამოგვყარეს უკან. რაც კარგად მახსოვს, ერთადერთხელ ფრონტზე ოპოზიციური პარტიის ლიდერი იყო ჩამოსული ჩვენ გვერდით.

- მერე, რით გამოიჩინა თავი?

- მაგარი უშიშარი კი იყო. როცა პოზიციაზე ყველანი "აკოპებში" ღრმად მივძვრებოდით, ეს ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკივით სულ ზემოთ იდგა, მტრის "სანახებს" ყელმოღერებული გაჰყურებდა. მეთაურმა ერთი-ორჯერ მოკრძალებულად სთხოვა, ბატონო, იქნებ სანგარში ჩაჯდეთ, მოწინააღმდეგეს ასე ღიად არ დაენახვოთ, ბოლოს და ბოლოს, სნაიპერები მთელი დღე მუშაობენო. არაფრით შეისმინა და ბოლოს, როცა სროლა ატყდა, მეთაურმა ვეღარ მოითმინა: "დაწექი, შენი დედა კი!.."

- დაწვა?

- აბა, რას იზამდა?! პირველი კულტურული შოკი წინა ხაზზე მაშინდელი გინებისგან მიიღო. გულუბრყვილო ქცევების მიუხედავად, მაინც პატივს ვცემდით მამისტოლა კაცს, ერთადერთი იყო პოლიტიკოსებიდან (შევარდნაძე-იოსელიანი არ ითვლება), ვინც იქ უშუალოდ გვერდით გვედგა და არ გვშორდებოდა. რაღა დაგიმალო, ნოდარ ნათაძე იყო და არის ეს კაცი, ღმერთმა კიდევ დიდხანს აცოცხლოს ბატონი ნოდარი!

- კიდევ მომიყევი აფხაზეთის ომზე, შენ მაინც მითხარი, იქ ასეთი რა ჭირი გვჭირდა?

- აბა, რა გითხრა, იქ ორი ომი მიმდინარეობდა, მათ შორის - გამსახურდიას მომხრეებთან. ვერ გაიგებდი, ვინ რას წარმოადგენდა, ძარცვავდნენ, კლავდნენ, გარშემო ბევრი ბანდიტი ტრიალებდა. ასე რომ, ბრძოლა ნაკლებად იყო და ძირითადად ძარცვა-გლეჯით იყვნენ დაკავებული, ხოლო ვინც იბრძოდა, ის მართლა იბრძოდა, ასეთებს მაშინვე შეამჩნევდით.

საბავშვო ბაღის მსგავსი რაღაცები ხდებოდა. არ იყო სამხედრო დისციპლინა, არც წესდება მოქმედებდა. ვინ მოსწია, ვინ დალია - ეს ხომ "ბარდაგია" და არა ომი. ომში ყველაზე მთავარი დისციპლინაა, რაც აფხაზეთში არ ყოფილა. იქ ჯარისკაცი ყველაფრით უზრუნველყოფილი უნდა იყოს - სიგარეტით, პროდუქტით, ტანსაცმლით, საბრძოლო მასალით.

სამხედრო წესდება არ მოქმედებდა, არმია სუსტი იყო. ეს ხომ საქართველოა, აბა, რა გითხრათ?.. გენერლებს არ უსმენდნენ, პოლკოვნიკებს "შორს გზავნიდნენ", ის არ იყო, რაც უნდა ყოფილიყო. ომში თუ წესდება არ მოქმედებს, ეს სამსახური აღარაა. მას ყველა ჯარისკაცი პირნათლად უნდა ასრულებდეს. წესდებას რომ ემოქმედა, მსხვერპლიც ნაკლებად იქნებოდა და შეიძლება პროცესები სხვაგვარად განვითარებულიყო. ბევრი იყო თვითმარქვია, - მეთაური ვარო, - და ასე შემდეგ. ვერ გაიგებდი, იქ ვინ დააყენა, არც სამხედრო განათლება, არც არაფერი... ასეთი წვრილმანები დაგროვდა და შედეგიც უარყოფითი იყო.

- ადგილობრივ მოსახლეობას რა დამოკიდებულება ჰქონდა?

- ხალხი თვითონ ღარიბი იყო, რისი საშუალებაც ჰქონდათ, გვეხმარებოდნენ. ასეთ სიტუაციაში ყველა პურს ვერ მოგცემს და სუფრას ვერ გაგიშლის, რადგან მათაც ეშინოდათ, ხოლო ვისაც საშუალება ჰქონდა, ბოლო ლუკმას მაგიდაზე დებდნენ, რომ ჯარისკაცები მშიერი არ ყოფილიყვნენ.

- ბოლოს და ბოლოს, ომი რატომ წავაგეთ?

- ომი ჩვენ, ჯარისკაცებს არ წაგვიგია; უბრალოდ, ადამიანები დაიღალნენ. ასეთ დროს უკეთესია გაჩერდე, ბუფერული ზონა გააკეთო, ვიდრე ასე გადაჩეხამდე მიხვიდე. მჯერა, ახლაც საჭიროა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის დროებით "ზურგის ქცევა", დანარჩენ ქვეყანაში წესრიგის დამყარება, კორუფციის ბოლომდე აღმოფხვრა, ნორმალური რეფორმების გატარება და ა.შ.

nodar-natadze-1651130430.jpg

- ომის შემდეგ ცხოვრება როგორ გააგრძელე?

- დაბრუნებული ღრმა დეპრესიაში ჩავვარდი. დილიდან საღამომდე ქუჩაში, უბანში ვიდექი, შანსს ხელიდან არ ვუშვებდი, რომ არ დამელია. აბა, ასე სადამდე გავქაჩავდი?! ცოტაც და, ვაგზლის მოედანზე, მაშინდელი "დეზერტირების" ბაზრის ქვედა ჩაბინძურებულ სართულზე "საბომჟეთში" აღმოვჩნდებოდი.

ბედად, ამერიკელების დახმარებით, "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამა ამოქმედდა და მაშინდელ პირველ "კომანდოელებში" გავწევრიანდი. დალევა-მოწევას ეგრევე თავი დავანებე, ვირივით ვვარჯიშობდი, რომ ისევ საკუთარ თავს, ქვეყანას გამოვდგომოდი. ძველმა "ზაკალკამ" თავისი ქნა, მგონი, კარგი "კომანდოსი" დავდექი.

2004 წელს ცხინვალის რეგიონში ცნობილმა ბრძოლებმაც გვერდით არ ჩამიარა. მაშინ ქართულ მხარეს ბრწყინვალედ მომზადებული 16 მებრძოლი დაეღუპა. ამ დროს, წვერიახოს სისხლისმღვრელ ბრძოლებს "სამხედრო სწავლების" სტატუსი აქვს მინიჭებული. ამ უსამართლობის დადასტურება თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეც არის შესაძლებელი...

შემდეგ ცოლი მოვიყვანე. მერე, როგორც ერთ-ერთი პირველი "კომანდოელი", ერაყის სამშვიდობო მისიაში გამგზავნეს: ისეთი გამოცდილი კაცი ხარ, ტყვია იქაც ვერ მოგეკარებაო. არც მომეკარა. იქ მიღებული ფულით ბინა შევიძინე და ჩემი ოჯახით ცალკე გადავედი.

2008 წლის ომშიც ტყვია ვერ მომეკარა, მაგრამ აფეთქებაში მოვყევი ერთ-ერთ პოზიციაზე. ამ აფეთქების შემდეგ მარტო მიწიდან მოწყვეტა და ჰაერში გაფრენა მახსოვს. მანამდე მთელი ცხოვრება გაფრენას მხოლოდ სიზმრებში ვახერხებდი, ახლა კი ომში მომეცა ამის რეალური შესაძლებლობა. უბედურება ისაა, რომ ეს ბოლო გაფრენა მშვიდობიანი ნარნარით არ დასრულებულა. მიწას გათიშული დავუბრუნდი, თანამებრძოლებსაც მკვდარი ვეგონე, მაგრამ მე რა მომკლავდა?!.

- რა მოგივიდა?

- საშინელი კონტუზია მივიღე, მაგრამ გადავრჩი. აფეთქების შედეგად ყურთასმენა ბოლომდე ვერაფრით აღვიდგინე. დიდხანს მმკურნალობდნენ და სიმართლე გითხრათ, ჯიბეში "გიჟის" საბუთიც მიდევს. მასში ცოტა სხვა, უფრო ზრდილობიანი სამედიცინო ტერმინებია გამოყენებული, მაგრამ შინაარსი არ იცვლება. აღარ ვარ, ძმაო, ძველი ომარი, ცოდვა კი გამხელილი სჯობს. ამ აფეთქების შემდეგ საბოლოოდ გადავწყვიტე, ჯარისკაცობისთვის თავი დამენებებინა. მუშაობა დავიწყე ერთ-ერთ ორგანიზაციაში - ფეხით ბევრს ვივლი, ამ გზით ნელ-ნელა გამოვჯანმრთელდები-მეთქი. დედაქალაქის სხვადასხვა უბანში დავდივარ, ჯარიმებს ნაკლებად ვწერ, უფრო გაფრთხილებას ვაძლევ, რომ წესები არ დაარღვიონ.

- ომარ, ამხელა გამოცდილების შემდეგ, გვარდიის რეზერვში რაღამ მიგიყვანა?

- უკვე აღარ შემიძლია სამხედრო ფორმის გარეშე ცხოვრება. ასეთ დროს სულ მგონია, რაღაც მაკლია, რაღაც ჩემი სულისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითი. იმდენი უბედურება ვნახე, იქ იმდენი მეგობარი დავკარგე, ასე მგონია, ფორმაში ყოფნით მათ სულებს პატივს მივაგებ და ვეუბნები კიდევ ერთხელ, რომ მეც ისევ მათ გვერდით ვდგავარ და ნებისმიერ წუთს შემიძლია მოვკვდე; მათივე გვერდით აღმოვჩნდე იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.

იმ დღეს რეზერვის მორიგი შეკრებიდან გამოსამშვიდობებელ ბოლო მოწყობაზე, ტანკისტის უნიფორმასთან ერთად, გვარდიელის კეპიც დავიხურე და მწყობრში ისე დავდექი. ასმეთაური მეკითხება: ბატონო სერჟანტო, აბა, გამოიცანით, ფორმის რა დარღვევა გაქვთო? რამდენიმე წამი ვფიქრობდი, მთელ სხეულს ვათვალიერებდი გამოწვლილვით, ბოლოს თავზე ხელი მოვისვი და, - ააა, დავიძახე. სწრაფად მოვიხადე კეპი, ტანკისტის გაცვეთილი, გალიფე შარვლის ჯიბეში სიფრთხილით ჩავიდე. "მზისა და ბედნიერების საპოვნელად დავდიოდი... შიშველი და უძლური დავბრუნდი უკან და სამოსიცა და იმედიც ამ უქმად სიარულში გავცვითე", - ჰაინრიხ ჰაინეს ეს სიტყვები ჩემი თანმდევია.

გიორგი მეფარიძე