ქალი, რომელმაც ქმრის გარდაცვალების შემდეგ მეუღლის საქმიანობა გააგრძელა - გზაპრესი

ქალი, რომელმაც ქმრის გარდაცვალების შემდეგ მეუღლის საქმიანობა გააგრძელა

M. Z. Koreli - ეს ინიციალებია გამოსახული სხვადახვა მასალისგან და უმთავრესად ლითონის დეტალებისგან შექმნილ კოლაჟებზე, რომლებიც საერთაშორისო ასოციაცია „ფიროსმანის“ თაოსნობით პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში მოწყობილ საგაზაფხულო გამოფენაზე ვნახე. როგორც აღმოჩნდა, მათი ავტორი მარიკა ქოჩიაშვილია და ამ საქმიანობის დაწყება უკავშირდება ამბავს, რომელზეც მოგითხრობთ.

6-1651131321.jpg

მარიკა ქოჩიაშვილი:

- აღმოსავლეთმცოდნე ვარ, თუმცა ჩემი პროფესიით არასდროს არ მიმუშავია. მას შემდეგ, რაც უმაღლესი დავამთავრე, კერძო ბიზნესში ვარ, დიზაინის მიმართულებით, და ამას ჩემი ახალი საქმიანობის პარალელურად ვაგრძელებ. ოთხი წლის წინ, ჩემი მეუღლე - ზაზა კორელი გარდაიცვალა. 14 წელი ვიცხოვრეთ ერთად. ის მხატვარი, ფერმწერი გახლდათ, მაგრამ დაახლოებით 2013 წლიდან გადაწყვიტა, თავი პოპ-არტის სტილშიც ეცადა. არ მახსოვს, მისი ინსპირაცია საიდან წამოვიდა, ვინმეს ნამუშევრები ნახა თუ რა მოხდა, მაგრამ პირველი, რაც შექმნა, იყო სარეცხი ჯაგრისით დამზადებული წერო და ფრინველის თავის გასაკეთებლად მაკრატელი გამოიყენა. შემდეგ ფანტაზია გაშალა და ამ ტიპის მრავალი ნამუშევარი შექმნა. ხატვასთან არანაირი შეხება არ მქონდა და არც ამ ტექნიკას ვფლობდი. ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, არ მინდოდა, მისი ხაზი შეწყვეტილიყო და ღმერთს ვთხოვე, იმის შესაძლებლობა მოეცა, რომ ზაზას ნაკეთობების მსგავსი ნამუშევრები მეც შემექმნა. სასწაული მოხდა - მადლი ჩემზე გადმოვიდა. პირველივე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა და ნამუშევრის აწყობა შევძელი. ამ ფაქტის შემდეგ რწმენაც გამიძლიერდა. თავდაპირველად ეს ჩემთვის იყო თერაპია და ზაზას საქმის გაგრძელება, მაგრამ დროთა განმავლობაში აღმოჩნდა, რომ დამატებითი შემოსავლის წყაროც გახდა. ტექნიკა ნელ-ნელა, მუშაობის პროცესში იხვეწებოდა. უკვე მესამე წელია, ნამუშევრებს მშრალ ხიდსა და რამდენიმე სალონში ვაბარებ და იყიდება. ადრე როცა ვისმენდი, რომ ვიღაცამ მოულოდნელად ხატვა დაიწყო, ან მუსიკის წერა და ა.შ., დაუჯერებლად მეჩვენებოდა, მაგრამ როცა ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე, მივხვდი - რასაც გულით ითხოვ, შესაძლებელია ახდეს და რომ ეს ღმერთის წყალობაა. თუ ზედმეტად საკრალურად არ მივიჩნევ, კიდევ ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ: ჩემი მეუღლე ნამუშევარს რომ ააწყობდა და დააწებებდა, ფონს ისე აკეთებდა, რომ საღებავი სკდებოდა და ეს დაძველების ეფექტს ქმნიდა. არ ვიცოდი, ეს როგორ უნდა გაკეთებულიყო. ეს საქმიანობა ცოტა ხნის დაწყებული მქონდა, როცა პირველი შეკვეთა მივიღე. მანქანები უნდა ამეწყო, დაძველების ეფექტი არ გამომდიოდა და ვღელავდი. იმ ღამით ჩემი მეუღლე დამესიზმრა, რომელმაც „მასწავლა“, ეს ყველაფერი როგორ უნდა გამეკეთებინა და მართლაც, მას შემდეგ ამ ტექნიკასაც დავეუფლე. ასე რომ, ჩვენ შორის მუდმივ კავშირს ვგრძნობ, თითქმის ერთდროულად ვაკეთებ ამ ყველაფერს. დღეს მისი გვარით ვაკეთებ ხელმოწერას და ნამუშევრებზე ორივეს სახელის ინიციალებს ვტოვებ.

1-1651131344.jpg

ჩემი მეუღლე ხშირად ამბობდა, ფიგურებს რომ ვაწყობ, ძალიან მსიამოვნებს და უაღრესად აზარტულიაო. თურმე მართლაც ასე ყოფილა. დიდი სიამოვნებით ვმუშაობ და მინდა, ჩემი საქმიანობა კიდევ უფრო წინ წავიდეს. 2013 წელს გიორგი კალანდიას ინიციატივით, ხელოვნების სასახლეში ჩემი მეუღლის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. მოგვიანებით, ბატონ გიორგის დავუკავშირდი, მინდოდა, ჩემი მეუღლისა და ჩემი ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა გაგვეკეთებინა. ის თანახმა იყო და თუ ახლაც ასეა, ნამუშევრებს თავს მოვუყრი და შემოდგომაზე პერსონალურ გამოფენას გავმართავ.

- როგორ ფიქრობთ - რას გეტყოდათ მეუღლე, თქვენი ნამუშევრები რომ ენახა?

- ბედნიერი და ამაყი იქნებოდა, რომ მისი საქმიანობა გრძელდება, მით უმეტეს, რომ მანამდე ამ სფეროსთან არანაირი შეხება არ მქონდა.

ანა კალანდაძე