ახალგაზრდა მხატვრის წარმატება გერმანიაში და ღვთისმშობლის ცხოვრების სცენების დასურათების სერია - გზაპრესი

ახალგაზრდა მხატვრის წარმატება გერმანიაში და ღვთისმშობლის ცხოვრების სცენების დასურათების სერია

ესენია: იოაკიმესა და ანას ხარება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობა, ტაძრად მიყვანება, ხარება, მაცხოვრის შობა, მირქმა, ნათლისღება, ჯვარცმა, გარდამოხსნა, აღდგომა, ამაღლება და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება და მოალერსე ღვთისმშობლის გამოსახულება" - მითხრა ახალგაზრდა მხატვარმა თეა ნოზაძემ, ვიდრე საუბარს დავიწყებდით.

- როგორი იყო თქვენი ბავშვობა, გარემო, შთაბეჭდილებები, პირველი ნაბიჯები ხელოვნებაში?

- ბავშვობა ძამას წმინდა ხეობაში გავატარე, საოცრად ლამაზ მთებსა და მშვიდ გარემოში, რამაც მისტიკური შეგრძნებები და ბუნების სიყვარული დამიტოვა. აქვე დამებადა კითხვები ადამიანის არსებობის მიზანსა და პიროვნულ მოწოდებაზე; გარემო, სადაც ხელშეუხებლად იგრძნობა ღვთის შემოქმედების კვალი, სულიერი ძიებისა და შემოქმედების სურვილს ბადებს. ხელოვნება ხომ სამყაროს ჩვენეული შემეცნების ანარეკლია. თავდაპირველად სწორედ ბუნების ხატვა დავიწყე, გოგონა მზითა და ბევრი ყვავილებით ხშირად ტივტივებს ჩემს შემოქმედებაში, ალბათ მინდა ვიგრძნო არსებობა, დავინახო თავი სამყაროს ჰარმონიის განუყრელ ნაწილად. ჩემი ხატვის ნიჭი დაწყებით კლასებშივე შენიშნეს ხელოვნების მასწავლებელმა და კლასელებმა, ამ დამოკიდებულებამ კი მეტი სტიმული მომცა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დედის მხრიდან შექება, მართლა ვიჯერებდი, რომ კარგ რაღაცას ვქმნიდი. სკოლიდანვე დავიწყე ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობა. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელივანი ჩემთვის 8 აგვისტოს ომის თემატიკისადმი მიძღვნილი გამოფენა იყო, რომელიც ქარელის საჯარო სკოლაში გაიმართა. ამ თემაზე რამდენიმე ნამუშევარი მქონდა შექმნილი. ამ პერიოდში ხატვის წრეზე დავდიოდი აგარის სკოლაში.

76964428-493826034563103-4283768649812017152-n-1651131538.jpg

- გამოფენებში მონაწილეობდით, გქონდათ პერსონალური გამოფენებიც...

- თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სწავლის პერიოდში მონაწილეობა მივიღე სამების მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში მოწყობილ გამოფენაში, მეორედ კი - მისი უწმინდესობის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენაში, სადაც ერთ-ერთი ჩემი ნამუშევარი ილია მეორის პორტრეტი იყო. ჩემი სასწავლებლის პედაგოგ ლელა ხაჩიძის ინიციატივით, ოთხი ნამუშევარი შევქმენი "ვეფხისტყაოსნის" თემატიკაზე და მონაწილეობა მივიღე ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტში გამართულ რუსთაველისადმი მიძღვნილ გამოფენაში; მეოთხე კურსზე, სტუდენტურ პარლამენტში სიარულის პერიოდში ერთობლივი გამოფენა გაიმართა თეატრალურ უნივერსიტეტში, სადაც თითოეული მონაწილის ნამუშევრები პერსონალურად ცალკე სივრცეში იყო გამოფენილი.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კიდევ ორი პერსონალური გამოფენა მქონდა - ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ისტორიის მუზეუმში. ასევე ვმონაწილეობდი მწერალთა სახლში გამართულ ჯგუფურ გამოფენებში.

248252764-6416024565136899-3997632472012169315-n-1651131575.jpg

- უმეტესად იმ ადამიანების პორტრეტებს ქმნით, ვინც თქვენთვის ფსიქოლოგიურად საინტერესო ტიპია. რომელი ცნობილი პიროვნებები დახატეთ?

- როცა პორტრეტს ვხატავ, ბუნებრივია, ჩემთვის საინტერესო უნდა იყოს პიროვნება. გარდა უწმინდესის პორტრეტისა, მხოლოდ გალაკტიონი მყავს დახატული ლექსის დასურათების მიხედვით. ისე კი უფრო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს ვხატავ, მათ შორის შემოქმედი გოგონები - მაკო ჩიქოვანი, ბელა ლობჟანიძე და თაფლო ზარიძე მყავს დახატული.

- გერმანიაში გამართულ კონკურსში - "ახალგაზრდობის ხელოვნების პრიზი" - სამი ნამუშევარი გქონდათ წარდგენილი: "მებრძოლი ქალი", "ხელოვნება სიზიფეს ლოდი" და "შექსპირის 66-ე სონეტის დასურათება" და გაიმარჯვეთ. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს თქვენთვის?

- ამ საერთაშორისო გამოფენაზე გამარჯვების შესახებ ბევრი არაფერია მოსაყოლი, თავად ვერ დავესწარი. გამოთქვეს შეძენის სურვილი, მაგრამ არ გამიყიდია. ძალიან სასიამოვნოა, როცა აღიარებას მიაღწევ, თუმცა მგონია, რომ მთავარი გამარჯვება თვით იდეის დაბადება და მისი ხორცშესხმაა. ყოველი ახალი ნამუშევარი, რომლითაც იმ სათქმელს გადმოვცემ, რაც მსურდა, საკუთარ თავზე გამარჯვებას ჰგავს. დარჩე იმავე სულისკვეთებით, გარე სამყაროს ცვალებადი პირობების მიუხედავად, ანუ იყო მუდამ ცოცხალი და პიროვნული განვითარების მაძიებელი - ყველაზე დიდ ძალისხმევას მოითხოვს... ვფიქრობ, რომ ეს სამი ნამუშევარი, იდეიდან გამომდინარე, განსაკუთრებით კარგად გადმოსცემს შემოქმედის რთულ გზას, მებრძოლ სულსა და ამავდროულად, ფაქიზი გრძნობების ჭიდილს, რაც ერთდროულად ტრაგიზმსა და ამაღლებულ განწყობას ბადებს.

74234643-2492246267720286-2815545761985462272-n-1651131554.jpg

- ღვთისმშობლის ცხოვრების სცენების დასურათებაზე მუშაობდით. დაასრულეთ თუ არა?

- ყოველგვარი ნიჭი უფლისგან გვეძლევა, ამიტომ მგონია, რომ უფლის განდიდებასვე უნდა ემსახურებოდეს ჩვენი შემოქმედება. რადგან ვხატავ, ყოველთვის მინდოდა, საეკლესიო თემატიკაზეც შემექმნა რაიმე და შემდეგ შემეწირა. ბევრს უკითხავს, რატომ არ ვწერ ხატებს, მე კი მგონია, რომ ხატწერამდე სულიერი მოთხოვნილებით უნდა მივიდე და არა ასლის კეთების ნიჭის წყალობით. ყველა ხატიდან ერთი მადლი არ იგრძნობა და ეს ხატმწერისა და უფლის ურთიერთობის გამოხატულებაა, რაც ყველასთვის ინდივიდუალურია. რა თქმა უნდა, არსებობს პირველსახეები, რომლის მიხედვითაც იქმნება ხატები, ხატწერის პროცესი სულიწმიდასთან ერთად, "თანაშემოქმედება" უნდა იყოს. ჩემთვის ამ ეტაპზე დასურათებები უფრო ბუნებრივია და სწორედ ამიტომ შევქმენი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დასურათების ციკლი, რომელიც 13 ნამუშევარს მოიცავს.

რა თქმა უნდა მოძღვრის კურთხევით შევქმენი და გადავეცი ქარელის სამების ტაძრის მოძღვარს, მამა ვიტალის, სასულიერო გიმნაზიისთვის, რადგან დასურათებები თვით ტაძრის სივრცეში ვერ განთავსდება.

78284620-528152544695927-5833054071778443264-n-1651131524.jpg

- სამხატვრო წრის შექმნას გეგმავდით. ეს ჩანაფიქრი თუ განახორციელეთ?

- სამხატვრო წრის შექმნა ჯერჯერობით ვერ მოვახერხე. ბოლო დროს ცოტა რთული პერიოდი მქონდა და შემოქმედებისთვისაც სათანადოდ ვერ ვიცლიდი. იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო აქტიურად მოვახერხებ პირადი გეგმების განხორციელებას.

მანანა გაბრიჭიძე