ბლოკადაში გამოწრთობილი მარიუპოლელი ქალის ამბავი - გზაპრესი

ბლოკადაში გამოწრთობილი მარიუპოლელი ქალის ამბავი

"რუსეთს აუცილებლად სჭირდება გამარჯვება ან რაღაც საჩვენებელი შედეგი 9 მაისისთვის", - წერენ სამხედრო ექსპერტები უკრაინის ომის მიმოხილვისას. შედეგის მისაღწევად კი რუსეთის არმიამ ქალაქები - ოდესა და ნიკოლაევი უნდა აიღოს, რისთვისაც ძალისხმევას არ იშურებს და თითქმის ორი თვეა, შეუბრალებლად უსწორდება ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობას, რათა უკრაინელების დემორალიზებას მიაღწიოს, მაგრამ უდიდესი დანაკარგის მიუხედავად, არც ამ მხრივ აქვს წინსვლა.

უმძიმეს მდგომარეობაშია რუსული არმიის მიერ ბლოკადაში მოქცეული ზღვისპირა ქალაქი მარიუპოლი, რომელსაც აგრესორმა სამხედროებმა არაერთხელ წაუყენეს იარაღის დაყრის ულტიმატუმი, მაგრამ საპორტო ქალაქი დანებებას არ აპირებს.

რამდენიმე კილომეტრზე გადაჭიმულ "აზოვსტალის" ქარხანაში, სადაც სპეციალისტების თქმით, მიწისქვეშ კიდევ რამდენიმე სართულია და მთლიანობაში, 4 000-ზე მეტი ადამიანის ერთდროულად დატევა შეუძლია, მთავარია მარაგები, რომლებიც ამოუწურავი ნამდვილად არ არის. თუმცა საუბარია იმაზეც, რომ უკვე ლეგენდად ქცეული "აზოვის" ბატალიონის წევრებს შეუძლიათ მიწისქვეშა გვირაბების გამოყენება, რომლებითაც დანარჩენ ქალაქს უკავშირდებიან, რაც ერთგვარი შვებაა ბლოკადაში მოქცეულებისთვის.

მარიუპოლელმა ვიოლა ფრიდრაკმა 34 დღე გაატარა ქალაქის ბლოკადაში. მას ქმარი სამხედრო ჰყავს. ოჯახის წევრებმა ერთმანეთი არ მიატოვეს და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქალაქში დარჩნენ. რამდენიმე დღის წინ კი შეიტყო, რომ ხარკოვისთვის ბრძოლისას მისი ქმარი დაიჭრა...

ვიოლა ფრიდრაკი:

- მისმა მეგობარმა მომწერა - არ ინერვიულო, შენი მეუღლე დაჭრილია, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება; კარგი იქნება, თუ ბლოკადიდან გამოაღწევთ, რათა მის გვერდით იყოთო... მაშინვე მივწერე, ფოტო გამომიგზავნე, როგორ გამოიყურება-მეთქი? მაინტერესებდა, გონზე მაინც თუ იყო. მას ნახევარი სახე გადახვეული ჰქონდა და მეორე ნახევრით საწყლად გვიღიმოდა, ცალი ხელიც დაბინტული ჰქონდა... თვეზე მეტხანს, უჭმელ-უსმელი, უძილო, ფიცრებზე გაშლილ ძველ საბნებში, მზისა და სუფთა ჰაერის გარეშე გავატარე ჩემს პატარა შვილებთან ერთად. აღარც მახსოვს, ბოლოს როდის გვეძინა, ზეზეურად თვლემას ან ფიცარზე მორიგეობით წოლას შევეჩვიეთ. ერთი შენობიდან მეორეში გადავდიოდით, გარშემო ყველა მიტოვებული თუ მოქმედი ნაგებობის სარდაფი ათვისებული გვქონდა. ყველგან დარჩა ჩემი ახლობლების ცრემლი, სისხლი, სიცოცხლე... ვიდრე "აზოვსტალში" გადმოგვიყვანდნენ, 1 წლის ბავშვი გაუწყლოებით დაიღუპა. ყველა, ვინც წყლის მოსატანად გასვლა გაბედა, დახვრიტეს. ზურგში ესროლეს ან ფეხში დაჭრეს და სამშვიდობოს ვერ გააღწიეს... იქიდან ჩვენამდე მანძილის დაფარვას რამდენი ხანი დასჭირდებოდა, წინასწარ გვქონდა გათვლილი. ბოლო ხანებში, ჩვენების ქუჩაში გასვლისთანავე ვიგებდით ავტომატის მოკლე, შემდეგ კი გაბმულ ჯერს, ზოგჯერ კი ავტომატური ქვემეხის შემზარავი გუგუნი ისმოდა, რაც ნიშნავდა, რომ ის ადამიანები უკან ვეღარ დაგვიბრუნდებოდნენ. მოგვიანებით, დაღამდებოდა თუ არა, იმ მიმართულებით გავდიოდით, საიდანაც ყველაზე ხშირად ისმოდა სროლის ხმა. რამდენიმე მეტრში, ტყვიებით მოცელილ ადამიანებს ვნახულობით. ზოგს ხელში ქაღალდი ეჭირა, ზედ წარწერით: "არ მესროლო, პურზე (ან წყალზე) მივდივარ"... იყვნენ ისეთებიც, ვისაც პური, წყლის ბოთლები ან თბილი პლედი ჰქონდა ხელებში შერჩენილი... როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემოდა, ცხედრებს ვაგროვებდით, ერთ ადგილას დავასვენებდით, მერე კი ახლოს ერთ დიდ ორმოს ამოვიღებდით საერთო საფლავისთვის. იქიდან დაბრუნებულები, დაუბანელი ხელებით ვჭამდით, ერთმანეთს თვალებში არ ვუყურებდით და ვცდილობდით დაგვეძინა.

თავშესაფრებში მოსმენილი ტრაგედიები ცალკე ომია ჩვენი ფსიქიკისთვის, რომელიც მთელი ცხოვრება გაგვყვება. ქალი ჰყვებოდა, რომ გააუპატიურეს მისი და და დისშვილები, 17 და 21 წლის გოგონები, შემდეგ კი დახოცეს მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ-ერთს ტელეფონში "აზოვის" ბატალიონის ბიჭების ვიდეოები და ფოტოები უპოვეს... იმდენად ეშინოდათ "აზოველების", თუ ვინმე ჩააწვეთებდათ, რომ ამა თუ იმ კორპუსში მეომრის ოჯახის წევრი ცხოვრობდა, თუნდაც ცხრასართულიანი შენობა ყოფილიყო, პირდაპირ ტანკით მოდიოდნენ და სახურავიდან იწყებდნენ დაბომბვას. ძაღლებსაც კი ხოცავდნენ, რადგან მართლა სჯეროდათ - "აზოველები" ისეთი ყოვლისშემძლეები არიან, რომ ქუჩის ძაღლებისთვისაც კი შეეძლოთ ესწავლებინათ ნაღმების ძებნა, იარაღის საწყობების პოვნა, მტრის კვალზე დადგომა...

ukr-3-1651134763.jpg

ერთ-ერთ თავშესაფარში ჩვენთან ერთად მარტოხელა მხატვარი იყო. წლების წინ მისი ცოლ-შვილი უცხოეთში წავიდა, ეს არ გაჰყვა, - მარიუპოლის გარდა, ვერსად ვიცხოვრებო. შვილები გაიზარდნენ, ოჯახები შექმნეს. მერე ცოლიც გათხოვდა, მაგრამ ომის დაწყებისთანავე შეეხმიანა და სთხოვა, ჩვენთან ჩამოდიო... კაცი მთელი ღამე ხატავდა. ომი რომ დაიწყო, სახლიდან მხოლოდ საღებავი ზეთები და ფუნჯები წამოიღო, არადა, შვილები ურეკავდნენ და სთხოვდნენ, მათი ნივთები, ფოტოები, ოჯახის რელიკვია გამოეტანა, გადაერჩინა, მაგრამ არც უფიქრია.

ჩვენი საცხოვრებელი სარდაფი, გარემო, დანგრეული მარიუპოლი, სარდაფებს შეფარებული შეშინებული ბავშვები, "აზოველები", ომის სისასტიკე - ეს იყო მისი ბოლოდროინდელი სამუშაო თემა, რომელსაც ხან მუყაოს ქაღალდზე ხატავდა, ხანაც - სარდაფის კედლებზე. თითქმის არ ჭამდა, არც ეძინა. თავის წილ ლუკმას, წყალს ბავშვებს უთმობდა. "ბავშვებს მიეცით", - იტყოდა ხოლმე ღიმილით. მათთან ურთიერთობის საოცარი ნიჭი ჰქონდა. ისტერიკაში ჩავარდნილს უცებ ხასიათზე მოიყვანდა. პატარებს ყველაზე მეტად კანფეტი ენატრებოდათ, ტკბილეული, შოკოლადი ესიზმრებოდათ და მოხუცი მხატვარი კედლებზე უხატავდა მათ სხვადასხვანაირ სასუსნავს და მართლაც გენიალურად უხსნიდა, რა შემთხვევაში მიირთმევდნენ მას... ერთხელ ვკითხე, ვინ გიყვართ ყველაზე მეტად მხატვრებში-მეთქი? - ქართველი ნიკო ფიროსმანი, თუ გაგიგონიათო... გამიგონია, კიევის ერთ-ერთ რესტორანში იყო მისი ნახატები.

- გადარჩა?

- შენობა, სადაც ვიყავით, დაბომბეს. ვერაფრის გამოტანა ვერ მოვასწარით. ნამუშევრები, რომლებსაც ჩვენი მხატვარი ღამეს უთევდა, ცეცხლმა შთანთქა. მერე დავიფანტეთ. ითქვა, რომ ის რუსეთისკენ მიმავალ ეტაპს გააყოლეს, სახალინში. ახლა ძალიან ვნანობ, რომ მის ნახატებს ტელეფონით მაინც არ გადავუღე ფოტოები, რათა სამახსოვროდ დამრჩენოდა... მაგრამ მაშინ არ მქონდა ამის თავი, არაფრის თავი არ მქონდა, გარდა იმისა, რომ გადავრჩენილიყავი, შვილები გადამერჩინა.

- ყველაზე რთული უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლაა, არა?

- რთული - არა, შეუძლებელია... ამიტომ, ვისაც რუსეთის მხარეს არ უნდოდა წასვლა, ცდილობდა, "აზოვსტალის" ქარხანაში შესულიყო, სადაც ბევრად დაცული იქნებოდა. როდესაც იქ გადავედით, მშვიდად ვიგრძენით თავი. პირობებიც უკეთესი იყო. თავიდან, ინტენსიური დაბომბვის მიუხედავად, ჰაერზე გამოსვლას მაინც ვახერხებდით, მერე ვითარება ყოველთვიურად მძიმდებოდა...

ჩემი მეუღლისგან მესიჯის მოსვლის იმედითა და სიხარულით ვცხოვრობდი, გარე სამყაროსთან კავშირს მასთან კომუნიკაციით ვამყარებდი. ნერვიულობისგან რომ ავწრიალდებოდი, მაშინ მომდიოდა მისი იუმორით გაჯერებული მესიჯი, დილის გამამხნევებელი ვარჯიშივით: "რა ხდება თქვენს ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, ვინმეს მუსიკა ხმამაღლა ხომ არა აქვს ჩართული, მენიუ როგორია?!." რამდენიმე დღის დაუბანელ სახეზე მოუწესრიგებელ ხელებს ავიფარებდი, რომ ჩემი ღიმილი არ შეენიშნათ. ეს მესიჯი ნიშნავდა, რომ ამდენ უბედურებაში ჯერ კიდევ ეხუმრებოდა, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ჯანმრთელი, ჩვენც ცოცხლები და ჯანმრთელები ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მძიმე დღე გამოვიარეთ, ასობით ადამიანის ტრაგედია ვნახეთ... მეგონა, კიდევ გავუძლებდი და როდესაც ჩემს ქმარს შევხვდებოდი, მეხსიერებაში ყველა უბედურებას დავბლოკავდი და შევეცდებოდი, ახალი მომავლით მეცხოვრა, მაგრამ მივხვდი, მისი დაჭრის შემდეგ იქ ვეღარ გავჩერდებოდი და "აზოველებს", ჩვენი ოჯახის გმირ მეგობრებს, რომლებსაც ომამდე ხალხის ნაწილი ამრეზით უყურებდა, ზოგი საშიშადაც კი მიიჩნევდა, ვთხოვე, - ქმართან უნდა წავიდე, დამეხმარეთ-მეთქი.

- სახიფათო არ იყო?

- ორ ბავშვთან ერთად, უკრაინელების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისკენ წასვლა დამშეული აფთრების ხროვაში შევარდნას ნიშნავდა. მით უმეტეს, რომ გზადაგზა უამრავი ნაღმი იდო. ახლაც ასეა. ჩემი ოჯახი, დედ-მამა ნაღმზე აფეთქდა. წყლის მოსატანად წავიდნენ ველოსიპედით. მამა იქვე დაიღუპა, დედა დაჭრილი იყო, მაგრამ მის სიახლოვეს არავინ აღმოჩნდა, სატელეფონო კავშირი უკვე აღარ არსებობდა. არც ჰქონდათ თან ტელეფონები. სისხლდენისგან გარდაცვლილა. მეზობლებმა მითხრეს, დაშავებულ ფეხზე შარფი ჰქონდა შემოხვეული, ეტყობა, ცდილობდა, სისხლდენა შეეჩერებინა და ვინმესთვის ხმა მიეწვდინა. იმ შარფის ამარა გამოვიდა სახლიდან, სხვა თბილი აღარაფერი ჰქონდა და ამაზე ხშირად მესაუბრებოდა... ადგილზე მისულმა ახლობლებმა კი ნახეს გაძარცვული მიცვალებულები. ეს ხშირად ხდებოდა - რუსი სამხედროები ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ხდიდნენ გარდაცვლილებს, ან თავად იცვამდნენ, ან შინ გასაგზავნად უნდოდათ... ერთი ადამიანის ამბავს გიყვებით, მაგრამ ასეთ ჯოჯოხეთში ათასობით ადამიანი აღმოჩნდა, უმეტესობა ვერ გადარჩა.

მარიუპოლში ბოლომდე მშვიდობა 2014 წლის შემდეგ არ ყოფილა, მცირე შეტევები, აფეთქებები, დივერსიები ადრეც იყო, მაგრამ თებერვლის ბოლოდან ყოველდღე კატასტროფულად იცვლებოდა სიტუაცია. ახლა კი ქალაქი, სადაც სულ რაღაც ორი თვის წინ ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, აღარ არსებობს...

ბლოკადში ყოფნისას იმედი გვქონდა, რომ ერთ დღესაც ჩემი მეუღლე დამირეკავდა, მეტყოდა, რომ ყველაფერი დასრულდა და უკვე შეგვეძლო გარეთ გამოსვლა, მიწაზე ფეხის დადგმა. ჩვენ კი ყველანი გამოვეფინებოდით გარეთ (დანგრეული, მიწასთან გასწორებული ქალაქი გვირაბში უკვე გამოტირებული გვქონდა და შეგუებული ვიყავით, რომ ხელახლა უნდა აგვეშენებინა), მაგრამ ეს დღე არა და არ დადგა. პირიქით, რაც დრო გადიოდა, ვითარება უფრო მძიმდებოდა, მაგრამ გვირაბში დარჩენილები თითქოს ვეგუებოდით იმ საშინელებას და თანდათან ვქრებოდით. ამავე დროს ვუყურებდი ომში გამოწრთობილ ჩვენს ბიჭებს და ჩემი ემოციის გამოხატვის მრცხვენოდა - თანდათან ვისწავლე, როგორ უნდა იქცე ბლოკადაში ფოლადად, რათა გადარჩე.

ukr-4-1651134797.jpg

ჩემი მეუღლის ამბის გაგებამ თან შემაშინა, თან ძალა მომცა. თუ მე და ჩემი შვილები იმ ბეწვის ხიდს გავივლიდით, ესე იგი, იღბლიანები ვიქნებოდით და შემდეგ ბრძოლასაც ექნებოდა აზრი, თუმცა იმისთვისაც მზად ვიყავი, რომ გზაში დავიხოცებოდით, მაგრამ უკანდასახევი არ მქონდა. ვფიქრობდი - ცდად მაინც ღირს-მეთქი. ბავშვები წინასწარ გავაფრთხილე, თუ ისტერიკაში ჩავარდებოდნენ, დედას თვალწინ მოუკლავდნენ, როგორც მის ბევრ თანატოლს მოექცნენ, და მამასაც ვერასდროს ნახავდნენ... ცრემლიანი თვალებით მიყურებდნენ და საცოდავად მიქნევდნენ თავს. 11 და 12 წლის ბავშვები ერთბაშად გაიზარდნენ. ინტენსიური ცეცხლის ქვეშ გამოვიარეთ რამდენიმე კილომეტრი, მაგრამ ალბათ სასწაულის ძალით გადავრჩით. ვნახე მეუღლე ხარკოვში, მან ცალი ფეხი დაკარგა, მაგრამ წამოსვლაზე არც უფიქრია, სამხედრო ექიმის სტატუსით გააგრძლებს მუშაობას.

ჩვენ პოლონეთში გადავედით, ომის დამთავრებამდე. ბავშვები და მეც ფსიქოლოგთან დავდივართ. წუთით არ ვკარგავ იმედს, რომ ჩემი მეუღლე მალე დაგვიბრუნდება. დარწმუნებული ვარ, უკრაინა გაიმარჯვებს, რადგან ჩვენი ქვეყანა არასდროს ყოფილა რუსეთის ვასალი და არც იქნება.

ლალი პაპასკირი