ვინ ისარგებლებს 300-ლარიანი დახმარებით? - გზაპრესი

ვინ ისარგებლებს 300-ლარიანი დახმარებით?

10 მაისიდან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დამუშავებისთვის სახელმწიფო დაიწყებს სუბსიდიების გაცემას და ამ დახმარებას დაახლოებით 300 ათასამდე ფერმერი მიიღებს. სუბსიდიის მოცულობა ერთ ჰექტარზე 300 ლარით განისაზღვრება. როგორც ხელისუფლება ამბობს, პროექტი დადებით გავლენას მოახდენს წარმოებული პროდუქტის თვითღირებულებაზე.

ილია თამარაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი

- მთელი სპექტრი გვაქვს პროგრამების, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებას უწყობს ხელს. 300-ლარიანი სუბსიდიის გაცემაზე განკარგულება უკვე დამტკიცებულია და მიმდინარეობს პროცედურული საკითხები. 10 მაისის შემდეგ ჩვენ დავიწყებთ 300-ლარიანი პირდაპირი სუფსიდიის პროგრამას, რომელიც განკუთვნილია სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მქონე მცირემიწიანებისთვის. ეს პროგრამა ითვალისწინებს იმ პირების დახმარებას, ვისაც 0,25-დან 1,25 ჰექტარის ჩათვლით, ჯამურ მფლობელობაში მიწა რეგისტრირებული აქვთ. ჰექტარზე 300 ლარის დაანგარიშებით შეუძლიათ მიიღონ სუბსიდია და ეს თანხა მათ ბარათზე ქულების სახით დაერიცხებათ. აგრობარათებზე ქულების დარიცხვა და ამ ქულებით სარგებლობა იმავე პრინციპით მოხდება, როგორც წინა წლებში იყო. მესაკუთრეები ვერ მიიღებენ თანხას, ისინი ისარგებლებენ მხოლოდ დარიცხული ქულებით, 1 ქულა უდრის 1 ლარს. პროგრამაში "ლიბერთი ბანკი" იქნება ჩართული. ვისაც აქვს მოქმედი აგრობარათი, მათ იქ დაერიცხებათ ქულები, ხოლო ვისაც აგრობარათი არა აქვს, მაგრამ აქვს შესაბამისი მიწის ნაკვეთი, ის ბანკში უსასყიდლოდ აიღებს ამ ბარათს, რომლის მფლობელს შეეძლება ავტორიზებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მაღაზიაში შეიძინოს სასურველი მასალა. მაგალითად სასუქები და მცენარეთა დაცვისა და მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; სათესლე და სარგავი მასალები, სამეურნეო იარაღები და ა.შ., ანუ ის ყველაფერი, რაც საჭიროა სასოფლო-სამეურნეო მიწის მოვლა-პატრონობისთვის. პირობითად, თუ თქვენ გაქვთ ერთი ჰექტარი მიწა ჯამურ მფლობელობაში, 300 ლარს მიიღებთ, თუ გაქვთ 0,5 ჰექტარი - 150 ლარს.

- თუ ვთქვათ აქვს რეგისტრირებული 3 ჰექტარი მიწა, ამ შემთხვევაში ვერ ისარგებლებს ამ შეღავათით?

- მაშინ ჩვენ გვაქვს მეორე სეგმენტი, სისტემური პროექტი, სადაც წლიური პროცენტის სუბსიდირებას ვახდენთ და ბენეფიციარს ვუფინანსებთ კომერციულ სესხს. 12 თვის განმავლობაში მას 9 პროცენტს გადავუხდით, რაც ნიშნავს, რომ ისინი შეძლებენ მოვლა-პატრონობას, პროდუქტის დაბინავებას და რეალიზებას. ასეთი ბენეფიციარი მიდის ბანკში, სადაც მის სახელზე სესხი მტკიცდება. სესხი არის 5.000 ლარიდან 100.000 ლარამდე, რაც შეუძლიათ გამოიყენონ ერთწლოვანი კულტურების მოვლა-პატრონობისთვის. ანუ გაცემული სესხის მიზნობრიობა მოიცავს ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების მიმდინარე ხარჯების, ერთწლოვანი კულტურებისთვის შრომითი რესურსებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების სამუშაოების, გამოყენებული ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას. ამ პროექტით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა). ქვეკომპონენტის ფარგლებში, საფინანსო ინსტიტუტები სესხებს 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით გასცემენ. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში აღნიშნული მიმართულებით სესხების გაცემის მიზანია ფერმერებს შეუმცირდეთ ერთწლოვანი კულტურების მოყვანისას საბრუნავი საშუალებების ხარჯი და შესაძლებლობა მიეცეთ, მოიყვანონ მეტი ხარისხიანი აგროპროდუქტი. აღსანიშნავია, რომ ფერმერების მხრიდან პროგრამის მიმართ ინტერესი განსაკუთრებულად მაღალია; ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 22 მარტიდან დღემდე, 1,076,500 ლარის ღირებულების სესხებია გაცემული. თუ მრავალწლოვანი ბაღის გაშენება აქვთ გადაწყვეტილი, აქაც შეგვიძლია მათი დახმარება და ბაღების კომპონენტის შემთხვევაშიც შეღავათიანია აგროსესხი. 5 წელიწად-ნახევრის განმავლობაში ბენეფიციარს სახელმწიფო სესხის 11 პროცენტს დაუსუბსიდირებს.

ilia-tamarashvili-1651733889.jpg

- თუ პირს რეგისტრირებული აქვს 3 ჰექტარი, მაგრამ აქედან მხოლოდ ერთ ჰექტარს ამუშავებს და იქ თესავს სიმინდს, ასეთ დროს ვერ მიიღებს იმ 300 ლარს?

- პირდაპირ სუფსიდია რომ მიიღოს, აუცილებლად უნდა იყოს 0,25-დან 1,25 ჰექტარის ფარგლებში მფლობელობა. თუ ამ პროგრამაში ვერ ჯდება, როგორც აღვნიშნე, შეუძლია ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტით, თუმცა ერთი მეორეს არ გამორიცხავს. შეიძლება სუბსიდიაც მიიღოს და აგროკრედიტითაც, სესხითაც ისარგებლოს. მაგალითად, თუ ბოსტნეული მოგყავთ და გჭირდებათ 15.000 ლარი და ეს არის ერთ ჰექტარზე, მიიღებთ 300 ლარს სუბსიდიის სახით და ამავე დროს შეგიძლიათ მიბრძანეთ ბანკში, მიიღოთ სუბსიდირებული სესხიც, ვგულისხმობ სახელმწიფოს მიერ 9 პროცენტით დაფარვას ერთი წლის განმავლობაში. ასევე, სუბსიდიის აღება შეუძლია თანასაკუთრებაში მყოფი მიწის ერთ-ერთ თანამესაკუთრესაც. ის მივა, აიღებს ბანკში ბარათს და დაერიცხება ქულები, მაღაზიაში იყიდის საჭირო მასალას (გვინდა, მიზნობრივად დაიხარჯოს ეს თანხა). თუ ადამიანი არ იმყოფება ქვეყანაში, მის წარმომადგენელს შეუძლია მინდობილობით მივიდეს ბანკში, მიიღოს ბარათი და შესაბამისი სუბსიდია. თუ ვინმეს აქვს გარკვეული ხარვეზი ამონაწერში, მაშინ უნდა გაასწოროს.

ასევე მნიშვნელოვანია მიწის რეგისტრაციაც ქვეყანაში. თუ ადამიანს არა აქვს დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და 30 ივნისამდე მოაგვარებს ამ პრობლემას, ისიც არ დარჩება ამ სუბსიდიის გარეშე. ჩვენ ამოვიღებთ ახალ ბაზას და დამატებით ვინც იქნება დარეგისტრირებული, იმათაც ჩავრთავთ პროგრამაში. როგორც ადრეულ წლებში იყო, ამჯერადაც ანალოგიურად, ჩვენ გავუგზავნით სიებს ბანკს და მოქალაქეს შეეძლება "ლიბერთი ბანკის" გვერდზე შეიყვანოს თავისი მონაცემები, აირჩიოს მისთვის სასურველი ფილიალი, სადაც აიღებს ამ აგრობარათს.

- კიდევ რა შეღავათებით შეუძლიათ ისარგებლონ მოქალაქეებმა?

- ბევრი პროგრამა გვაქვს, დაწყებული ბაღების კომპონენტიდან, სამაცივრე მეურნეობა იქნება, ტექნიკური დახმარება თუ სხვა რამ. სახელმწიფოს ხელშეწყობით, გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, 2021 წელს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეიქმნა 51 შემნახველი მეურნეობა, მხარდაჭერილია 12 გადამმუშავებელი საწარმო. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ თანადაფინანსებით შემნახველი და სამაცივრე ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით, რომელიც გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ბოსტნეულისა და კარტოფილის შესანახად, ანუ თუ ხართ ფერმერი და საკუთარი რესურსით ვერ ახერხებთ მეურნეობის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერი პროგრამები საშუალებას გაძლევთ, სხვა ფერმერებთან გაერთიანებით, მიიღოთ სახელმწიფო თანადაფინანსება. ამ პროგრამის ფარგლებში, არანაკლებ 500 ტონა ტევადობის შემნახველი საწარმოს მოწყობისთვის, გათვალისწინებულია 80% თანადაფინანსება, არა უმეტეს 450.000 ლარისა და ამ პროგრამაში განაცხადების მიღება 10 მაისიდან დაიწყება. 23 მაისს დაიწყება გადამმუშავებელი საწარმოების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება და დასრულდება 6 ივნისს. მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაიარონ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია. კომპონენტის მიზნებია მუნიციპალიტეტებში ახალი გადამმუშავებელი საწარმოების შექმნა და არსებული საწარმოების რეაბილიტაცია; ახალი ენერგოეფექტური ღუმელების საწარმოს შექმნა ან არსებული ენერგოეფექტური ღუმელების საწარმოს გაფართოება/მოდერნიზება; გადამმუშავებელი საწარმოების გეოგრაფიული დივერსიფიკაცია.

კოოპერატივებისთვის არის სხვადასხვა პროგრამა. კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაც ამოქმედდა და ამ პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობა და "დანერგე მომავალი" სახელმწიფო პროგრამის, მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის, კენკროვანი კულტურების დაფინანსების ფარგლებში გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავლის აგროტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით შენახვის უზრუნველყოფა. ამოცანა კი არის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსების გზით კენკროვანი კულტურების შესანახ მაცივრებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ამ პროგრამაში განცხადების მიღება 3 მაისიდან დაიწყო და განკუთვნილი იქნება ბიუჯეტის ამოწურვამდე. ასევე ფუნქციონირებს საპილოტე პროგრამები, რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა, რომელიც ხორციელდება 4 საპილოტე რეგიონში: იმერეთში, კახეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. ამ შემთხვევაშიც მისი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნისა და მისი რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, დაბალანსებულ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, რეგიონული უთანაბრობების შემცირებასა და ტერიტორიულ განვითარებას.

თეა ხურცილავა