"შემიძლია 1000 ნარდი გავაკეთო და არც ერთი არ იყოს იდენტური" - გზაპრესი

"შემიძლია 1000 ნარდი გავაკეთო და არც ერთი არ იყოს იდენტური"

44 წლის იმედა ღანიაშვილი უკვე მრავალი წელია, მასიური ხის მასალისგან სხვადასხვა ნივთს ქმნის: ზარდახშებს, ყუთებს, ჩარჩოებს, თმის აქსესუარებს, სკივრებს, ღვინის ბოთლის სადგამებს, საახალწლო-საშობაო აქსესუარებს და ა.შ. სტომატოლოგის პროფესია გარკვეულ დადებით როლს თამაშობს მის საქმიანობაში, რადგან ხის დეკორატიულ-გამოყენებითი ნივთების შექმნისას დანტისტის ხელი უწვრილეს დეტალებს "სწვდება".

6-1652085535.jpg

- პროფესიით სტომატოლოგი ვარ, მაგრამ ამ პროფესიით არ მიმუშავია. სწავლა რომ დავამთავრე, 90-იანი წლები იყო და დასაქმების საკითხი ვერ გადავჭერი. ლიცენზიები ჭირდა, ხელსაწყოები ძვირი ღირდა და ვერ შევისყიდე. მოკლედ, როგორც ჩანს, ღმერთს არ უნდოდა, ამ პროფესიული გზით წავსულიყავი. თუმცა, ის ხელობა, რაზეც ვმუშაობ, ძალიან საკირკიტოა, უწვრილესი დეტალებია გასათვალისწინებელი, ისევე, როგორც ქირურგიული საქმე, - მნიშვნელოვანი ოპერაციების დროს... ხეზე მუშაობა მამამ შემაყვარა. თავიდან მას ხის სუვენირებსა და სხვადასხვა ნიმუშის გაკეთებისას ვეხმარებოდი. ხესთან ურთიერთობა, მისი სუნი შევისისხლხორცე, შემიყვარდა და მივხვდი, რომ ჩემი საქმე იყო. თან, საქმე რომ კარგად გამომდიოდა, აზარტი მომემატა. თანდათან ნამუშევრები სულ უფრო ლამაზი გამოდიოდა. ვთვლი, რომ 1997 წლიდან პირველ ეტაპზე სამოყვარულო დონეზე ვმუშაობდი, შემდეგ შექმნილი ნამუშევრები კი გაცილებით დახვეწილია.

4-1652085519.jpg

- თქვენს უამრავ ნახელავს შორის ჩემი განსაკუთრებული ყურადღება ნარდებმა მიიქცია...

- დღევანდელ ბაზარზე არსებული ნარდების 90% ერთმანეთის მსგავსია. ჩემი ნამუშევრები შაბლონური არ არის და ვცდილობ, ისინი ქართული ელემენტებით იყოს დატვირთული: ვაზი, ქვევრი, ასკილი და ა.შ. ნარდში 70-80% კაკლის ხეა, მაგრამ ნამუშევარი უფრო დახვეწილი და მრავალფეროვანი რომ გამოვიდეს, ასევე ვიყენებ მაჰაგონს, აკაციას, ბზას. მიყვარს ხეზე ფერებით თამაში. ფიგურებს ლაზერით არ ვამუშავებ, ხეზე ხელით ვხატავ. ვფიქრობ, ჩემს გაკეთებულ ნარდებს, სკივრებსა და სუვენირებს ჩემი ხელწერა "ადევს". ვცდილობ, ორი ერთნაირი ნამუშევარი არ შევქმნა და ადამიანებს არ დავუტოვო განცდა, თითქოს ფანტაზია არ მყოფნის. შემიძლია 1000 ნარდი გავაკეთო და არც ერთი არ იყოს იდენტური. არსებობს ნამუშევრები, რომლებსაც დრო ვერაფერს აკლებს და მეც მინდა, ჩემს ხელოვნებაში სწორედ ეს "პოლიტიკა" დავიჭირო. ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ნიკო ფიროსმანი და ბევრი სხვა დიდი ხელოვანი ვიცით, რომელიც მთელმა მსოფლიომ გაიცნო. ჩემი საქმიანობით მეც ვცდილობ, მათი მეათედი ან მეოცედი მაინც ვიყო.

ბოლო 2 წლის განმავლობაში ხის მასალა ძალიან გაძვირდა, მაგრამ ამგვარ ნივთებზე მოთხოვნაა, ამიტომ სამუშაოდ საუკეთესოს ვიძენ და პროდუქციაც ასეთივე გამოდის. სრულიად გამომშრალი ხით ვმუშაობ და გარდა იმისა, რომ "მოხარშულ ხეს" ვიყენებ, დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი ნივთების მოვლასაც. მაგალითად, ნარდის წმენდა არ არის რეკომენდებული გაწურული ჩვრით, საკმარისია მშრალი ჩვრის გადასმა. ბევრს უყვარს ნარდის დატოვება ეზოში მაგიდაზე ან სადმე მსგავს ადგილას, მაგრამ დროთა განმავლობაში რომ არ დეფორმირდეს, ის ღია ცის ქვეშ, მზეზე, არ უნდა დავტოვოთ.

5-1652085505.jpg

- დაკვირვებული ვარ - ვინც საკუთარი ხელით ქმნის რამეს, თავისთვის ან შინ ოჯახში თითქმის საერთოდ არაფერი აქვთ, თქვენ?..

- ნარდი მაქვს, ოღონდ - მამაჩემის გაკეთებული. მაქვს ასევე, ჩემი ხელით გაკეთებული სადა სკივრი, რომელშიც საბუთები მიწყვია. მორიგი ნამუშევრის გაკეთებისას, ჩემი მეუღლე მთხოვს ხოლმე, იქნებ ისეთივე ძვირფასი სკივრი ჩემთვისაც გააკეთოო, მაგრამ თავს ვერ ვაბამ. ალბათ ბოლოს ისეთს გავაკეთებ, დედამიწაზე მისი მსგავსი რომ არაფერი იყოს (იღიმის).

ანა კალანდაძე