"ჩემ გვერდით პატარა ბიჭი იბრძოდა. ლოცულობდა, მას არ მოხვდეს ჩემი ტყვია, ვისაც ჩემიანისთვის არ უსვრიაო" - გზაპრესი

"ჩემ გვერდით პატარა ბიჭი იბრძოდა. ლოცულობდა, მას არ მოხვდეს ჩემი ტყვია, ვისაც ჩემიანისთვის არ უსვრიაო"

უკვე ორ თვეზე მეტია, უკრაინა უთანასწორო ომშია ჩართული. როგორც უკრაინელები ამბობენ, რუსეთის აგრესიამ ყველა მათგანის სახლში შეაღწია. ძალიან მალე კი, მთელი მსოფლიო მიხვდა, რომ ეს მხოლოდ უკრაინის ომი არ არის... უკრაინის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ერთ დღეში შეიცვალა პროფესია და ჯარისკაცი გახდა. ზოგი მათგანი ომისთვის 8 წელი ემზადებოდა.

დმიტრო ნიკოლენკო იმ რამდენიმე მილიონ უკრაინელს (და არა მხოლოდ) შორისაა, ვინც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის დღიდან საკუთარი ქვეყნის დასაცავად დაუფიქრებლად წავიდა. რუსეთის ხელისუფლება ორ-სამ დღეში მთელ უკრაინაზე კონტროლის დამყარებას ვარაუდობდა, თუმცა, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გააფთრებული, თავგანწირული წინააღმდეგობით, ქვეყნის ვერც ერთ დიდ ქალაქზე სტაბილური კონტროლი ვერ მოიპოვეს და არც სამხედრო სტრატეგიულ პოზიციებზე აქვთ მნიშვნელოვანი წინსვლა.

საჰაერო განგაში, სარაკეტო იერიშები, რუსული ჭურვები, დანაღმული ქუჩები, სახლები, სკვერები; ქვეყნის მასშტაბით დაბომბილი სამოქალაქო ობიექტები, საცხოვრებელი სახლები და კორპუსები - ეს არის უკრაინის ყოველდღიური ცხოვრება. თუმცა, ქვეყანა, რომელსაც მტერი ოთხივე მხრიდან უტევს, მედგრად დგას.

თითქმის მსოფლიო მოიარა კადრებმა, თუ როგორ აგებდნენ ოდესელები სანაპიროზე ბარიკადებს მუსიკის ფონზე და ქალაქში ღირსშესანიშნაობებს ფუთავდნენ... ოდესელების მოტივაცია და განწყობა ამ უთანასწორო ბრძოლაში დღემდე არ შეცვლილა.

280638645-1088052315109374-6746925749825476612-n-1652688496.jpg

დმიტრო ნიკოლენკო:

- გასაგები მიზეზების გამო, ვერ გეტყვით, სად ვიმყოფები და რა პოზიცია მიჭირავს. ვერც იმას, თუ რა ხდება ახლა ჩემ გარშემო, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ოდესა, ისევე, როგორც დანარჩენი უკრაინა, ღირსეულად აპირებს იბრძოლოს თავისი ქვეყნისა და ევროპის თავისუფლებისთვის, ისეთი საშიში მტრის წინააღმდეგ, რომელიც არაფერს ერიდება, მთელი სისასტიკით უსწორდება მშვიდობიან მოსახლეობას... მუდმივი თავდასხმა ვერ შეგვაშინებს. პუტინის რუსეთს, უდიდესი დანაკარგის ფასად, ღირსეულ პასუხს ვცემთ. ყველაფრის მიუხედავად, მოტივაცია მაღალია. სიყვარულიდან სიძულვილამდე ხომ ერთი ნაბიჯია, ასე დაგვემართა ჩვენ და რუსებს, სხვა არჩევანი არ დაგვიტოვეს. რუსეთს სურს ჩვენი, როგორც ერის განადგურება, სამშობლოსთვის თავგანწირვა კი ჩვენი ვალია. უკრაინელებს ქვეყანა სიცოცხლეზე მეტად გვიყვარს და ასე უბრალოდ, უბრძოლველად ვერაფერს დავთმობთ. რუსეთმა დაგვანახვა, როგორ შეუძლია დაესხას თავს მეზობელ ქვეყანას, ჩვენ კი ვაჩვენებთ, როგორ ვიბრძვით გადარჩენისთვის, მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის. ახლა ბევრი გვიწოდებს გმირს, მაგრამ ამაში განსაკუთრებული არაფერია - ეს ჩვენი ვალია ისევე, როგორც ქართველი ხალხის ვალია, დაიცვან საკუთარი ღირსება და სამშობლო. ქართველმა საზოგადოებამ ხომ თავის თავზე იწვნია რუსეთის აგრესია ჯერ კიდევ 90-იან წლებში, მერე 2008-ში, როდესაც რუსული ტანკის ლულის პირისპირ აღმოჩნდით. აგვისტოს ომი, პირადად მე და ჩემმა გარემოცვამ, ძალიან განვიცადეთ. საერთაშორისო მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს და მაშინ რომ მსოფლიო სხვაგვარად მოქცეულიყო, საქართველოს გვერდში დასდგომოდა, რუსეთ-საქართველოს ომზე სხვაგვარი, მწვავე რეაგირება ჰქონოდა, რუსეთთან ენამოჩლექით არ ესაუბრა, 2014 წელს რუსეთი უკრაინას იმას ვერ გაუბედავდა, რაც გაუბედა და ამ სისხლის ღვრას ავირიდებდით.

- ალბათ იცით, რომ ახლა უკრაინაში რამდენიმე ათასი ქართველი სამხედრო და მოხალისე იბრძვის.

- მათთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მქონია, მაგრამ რა თქმა უნდა, ვიცი მათ შესახებ და მადლობელი ვარ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, პროფესიონალიზმისა და თავგანწირვისთვის, რასაც ჩემი ქვეყნისთვის აკეთებენ. საქართველო ჩემთვის ყოველთვის ახლობელი, მეგობარი, შეიძლება ითქვას, მშობლიური ქვეყანა იყო. მე ბევრი რამ ვიცი მასზე, წამიკითხავს, მომისმენია, მიკვლევია და მიცდია, უფრო ახლოს ვყოფილიყავი თქვენს ქვეყანასთან, მცოდნოდა მისი ისტორია, წარსული, კულტურა. წლების განმავლობაში ვცდილობდი, ქართული ენა, წერა-კითხვა მესწავლა. ამას წინათ ჩემი სავარჯიშო რვეული ვიპოვე და მესიამოვნა. ძველი მეგობრის პოვნასავით იყო, რაღაც სიტყვები ახლაც მახსოვს და ამ ენის მიმართ არ მაქვს ისეთი განცდა, თითქოს უცხოა; რაც არ მესმის, ის სიტყვებიც კი მშობლიურივით ჩამესმის. ასე რომ, საქართველო, ქართველი ხალხი ყოველთვის მეგობრად მიმაჩნდა, შესაძლოა იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირამდე და მისი დაშლის შემდეგაც, ჩვენ საერთო მტერი გვყავს და მასთან ბრძოლაც ერთობლივად გვიწევს. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ის ბიჭები, ჩვენი ქართველი ძმები, ვინც დღეს იარაღით ხელში უკრაინას იცავენ, ამ სასტიკ მტერზე ჩვენთან ერთად გაიმარჯვებენ...

წახვიდე და იარაღით ხელში, საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა სხვა ქვეყანა, აღიქვა ის საფრთხეები, რაც მისგან მომდინარეობს და დანარჩენ სამყაროზე ვრცელდება, მხოლოდ მამაცებს შეუძლიათ და მათ, ვისაც ეს გამოუცდია. არადა, ჩვენი ქვეყნიდან უამრავი მამაკაცი გაიქცა, ომისთვის თავი რომ აერიდებინა. არავინ იცის ახლა სად, რომელ ქვეყანაში იმყოფებიან შეშინებულები და სამშობლოში დაბრუნებას არც გეგმავენ. ამ დროს კი, საქართველოდან ახალგაზრდა მამაკაცები და ქალები ჩამოვიდნენ, რათა დაგვეხმარონ. ეს მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს ომში მყოფი ქვეყნისთვის.

ვიცი, რომ მანამდე, 90-იანებში, როდესაც ქართველმა მამაკაცებმა იარაღი აიღეს, ჩვენი მამების თაობაც ჩავიდა აფხაზეთში ქართველების მხარდასაჭერად, რადგან უკრაინის წარსულიც ისეთივე მძიმეა, როგორიც საქართველოსი. ამას წინათ აფხაზეთში მებრძოლი უკრაინელი მეომრების ფრაზა მოვისმინე, რომელსაც ქართველები ახლა ხშირად იხსენებენ, - თუ რუსეთს აფხაზეთში არ შევაჩერებთ, ის აუცილებლად მოვა დნეპრამდეცო... ასეც მოხდა. ჩვენი წინაპარიც, ქართველი მეომრებივით, იარაღით ხელში, გადარჩენისთვის იბრძოდა. ახლაც, 21-ე საუკუნეშიც გვიწევს ჩვენი ქვეყნის დაცვა, რადგან სხვა გზა არ დაგვიტოვეს. სწორედ ეს არის ჩვენი ძირითადი მოტივაცია. სამწუხაროდ, ჩემი ქვეყანა ახლა აღმოჩნდა ის ადგილი, რომელიც იმ სახიფათო ნაძირალებისა და ბარბაროსებისგან იცავს ევროპას და ცივილიზებულ მსოფლიოს, რომელთაც ყველაფრის თავდაყირა დაყენება სურთ.

- ამ ომმა რა დაგანახვათ?

- რუსეთის და რუსების სახე. ისინი სახეში გიცინიან, ერთ ხელს გართმევენ, მეორეში კი დანა უჭირავთ, რომ როგორც კი გატრიალდები, ზურგში ჩაგცენ. ვისურვებდი, მათ ისეთივე წლები დაუდგეთ, როგორი გაზაფხულიც ჩემს ქვეყანას ჰქონდა... ასევე, მივხვდი, რომ მეგობარი ან არის ადამიანი (ერი), ან არა. ადამიანს შეუძლია რეალობას თვალებში ჩახედოს და როცა ქვეყანას გადარჩენა სჭირდება, ან იომოს, ან გაიქცეს, სხვა ვარიანტი არ არსებობს. ამ ომმა მსოფლიოს უკრაინელი ხალხის ერთიანობა დაანახვა; ასევე ის, რომ თავისუფლების სიყვარული ყველაფერზე მნიშვნელოვანია, ადამიანის სიცოცხლეზეც კი. უკრაინელები მონები არასდროს ყოფილან და არც იქნებიან!

ბოლო ორი თვის განმავლობაში, როგორც კი დრო მომეცემა, ვცდილობ, რაღაცები ჩავინიშნო, რომ როდესაც ომი დასრულდება, მშვიდობის გემო კიდევ უფრო კარგად გავიგო. ამ ომმა დამანახვა, რომ ხალხებს შორის ნამდვილი მეგობრობა არსებობს და ყველაზე დიდი ბედნიერება, რაც შეიძლება ომში წასულმა ადამიანმა განიცადოს, ის არის, რომ შინ ვიღაც მთელი გულით გელოდება... როდესაც ომი დასრულდება და თანაც, აუცილებლად უკრაინის გამარჯვებით, ყველანი ჩვენ მიერ შექმნილ სრულიად სხვა, ახალ, მშვიდობიან სამყაროში გავიღვიძებთ და ერთმანეთისთვის ბევრის თქმის შესაძლებლობა მოგვეცემა. მეგობარია ის, ვინც ომში შენ გვერდით დადგება - სწორედ ასეთი მეგობრები არიან ქართველები და უკრაინელები ერთმანეთისთვის.

ukraina-2-1-1652424843.jpg

რაც უნდა ბანალური იყოს, ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია, მაგრამ მინდა ეს დღე რაც შეიძლება მალე დადგეს!.. აქამდე მეგონა, ძალიან პრაგმატული ადამიანი ვიყავი, თუმცა, ომმა შემცვალა, ოცნება მასწავლა - გამარჯვების შემდეგ მსურს ყველა ჩემი თანამებრძოლი მეგობარი გვერდით მყავდეს და ყოველი წლის ამ წმინდა დღეს ერთად ავწიოთ გამარჯვების სადღეგრძელო! მინდა ჩავეხუტო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დროს ქვეყანაში დარჩა... ყველას, ვინც შეშინებული გაიქცა, ვუთხრა, რომ ნაძირალაა და ამ ქვეყანაში ვერასდროს დაბრუნდება!.. მოხალისეებს ვეტყოდი, რომ ღვთის მოციქულები არიან და ვისურვებდი, მათზე სკოლებში ასწავლიდნენ, რათა მათი გვარები ისტორიას სამუდამოდ შემორჩეს!.. მინდა ჩვენმა ბავშვებმა ეს ომი საშინელი სიზმარივით დაივიწყონ!.. ხანდახან ძალიან მინდა შვილს ჩავეხუტო, მასთან ერთად მოვამზადო უკრაინული ჟურეკი და ბევრი მესაუბროს, თუ რას აკეთებდა უჩემოდ!.. ვისურვებდი, ის ერთიანობა, რომელიც ახლა გვაქვს, არასდროს დავკარგოთ. მინდა პოლონეთსა და საქართველოს ვუთხრა მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებენ!.. რაც შეეხება პოლონეთს, მინდა ჩვენ შორის საზღვარი არ იყოს!.. მსურს რუსეთი მცირე ნაწილებად დაიშალოს და სამყარომ მის გარეშე, ამ უდიდესი ბოროტების საფრთხის გარეშე, მშვიდად იცხოვროს, მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს, რომ სამშობლო ყველაფერზე ძვირფასია, თავისუფლებისმოყვარე ადამიანი მონობაში ბედნიერი ვერასდროს იქნება. ვისურვებდი, ყველა ბავშვი ავტომატის, ქვემეხებისა და აფეთქებების გარეშე გაიზარდოს... ვერასდროს ვიფიქრებდი, ოდესაში თუ ქალაქის ღირსშესანიშნაობების ბომბებისგან დაცვა მოგვიწევდა. ვერ წარმოვიდგენდი, უმწეო ადამიანებზე თუ ხელს აღმართავდნენ, არადა, მათ 200-ზე მეტ ბავშვს წაართვეს სიცოცხლე, ქალები და მოხუცები დაგვიხოცეს და როგორ ვაპატიოთ ეს? მათ ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს.

- ომამდე რას საქმიანობდით?

- სომელიე ვარ, მაგრამ ეს სიტყვა არ მიყვარს. ღვინის მაღაზიაში ვმუშაობდი. ეს ალკოჰოლის იმპორტიორი ბრენდული მაღაზიაა, სადაც ქართული ღვინოებიც გვქონდა... იმედია, მალე დავუბრუნდებით მშვიდ და ლაღ ცხოვრებას, ამისთვის კი პუტინის რუსეთის დამარცხებაა საჭირო.

დარია ბევზა, უკრაინელი მეომარი:

- ამ ომმა დაგვანახვა, რომ სამშობლოს კეთილდღეობისთვის მებრძოლ ადამიანს შეუძლია ყველაფერი გადადოს და ხელში იარაღი აიღოს. ომის პირველ დღეებში ვერ ვიძინებდი; თვალებს რომ დავხუჭავდი, დახოცილი, შუბლგახვრეტილი ბავშვების ცხედრები მედგა თვალწინ. ჩემი მეგობრები მასწავლიდნენ, როგორ მემუშავა საკუთარ თავზე - ჯერ საქმე და მერე ემოცია, - ვეუბნებოდი ჩემს თავს და დასვენების დროს, მხოლოდ იმაზე ფიქრს ვცდილობდი, იარაღი კარგად გამეწმინდა, დამეზეთა, საჭირო დროს რომ არ ემტყუნა... ხელები მიკანკალებდა, მაგრამ ჩემი ემოციების არ მრცხვენოდა, რადგან მე მეომარი არ ვყოფილვარ. თუმცა, საკმაოდ კარგი წვრთნები გავიარე და რახან აქამდე ხელში იარაღი მიჭირავს, გამოდის, არცთუ ურიგო მომზადება გამივლია. მთავარია, პირველ ემოციებს მოერიო, მერე ეჩვევი განსაცდელსაც, შიმშილსაც, უძილობასაც; ერთადერთი, რასაც ვერ შევეჩვიე, სიკვდილია. ერთხელ გოგონების ტირილის ხმაზე ერთ-ერთ სახლში შევედით, 16-17 წლის ორი გოგო მოხუცი ქალის გვამთან დაჩოქილიყო და ცხარედ ტიროდა. იქვე სხვებიც იყვნენ, მოხუცები. თურმე, გარდაცვლილმა შვილიშვილი და მისი მეგობარი გოგონა დამალა და წამების მიუხედავად, მათი ადგილსამყოფელი არ გათქვა. ცალი ხელი მაჯამდე ჰქონდა წაჭრილი, ერთბაშად არა, თანდათან. სისხლისგან იყო დაცლილი, მაინც მოკვდებოდა, მაგრამ რამდენიმე მხეცმა ერთად გაუხსნა ცეცხლი, მათი წარმოდგენით, უნიჭო ფილმში თამაშობდნენ, სადაც რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა დახოცონ, რათა "გმირები" გახდნენ... სულ რამდენიმე წუთით გვიან მივედით იქ. მოხუცს ღია თვალებში ცრემლები ჰქონდა ჩარჩენილი და ჯერ კიდევ თბილი იყო... "განმათავისუფლებლებმა", ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ გართობა გადაწყვიტეს და ასე მიადგნენ იმ სახლს. ვიღაცამ ინფორმაცია მიაწოდა, რომ იქ მოხუცი ქალები და გოგონები იმალებოდნენ, რომლებიც მთელ დღეს ბნელ სარდაფებში ან ძველ ნივთებს შორის მოწყობილ სამალავებში ატარებდნენ. ასობით ადამიანი, ბავშვები, ქალები და მოხუცები იმიტომ იპოვეს, რომ საშინელ სიცივეში მყოფები გაცივდნენ, ახველებდნენ, სტრესის დროს კი ხველების შეკავება ორმაგად ძნელია... ზუსტად ისე ჩხრეკდნენ სახლებს და ეძებდნენ მათ, როგორც ეს ნაცისტურ ფილმებში გვინახავს. თუმცა, თუ სადმე ჩვენ გადავაწყდებოდით, მაშინვე მუხლებში გვივარდებოდნენ - არ მოგვკლათო. ძნელია სიცოცხლე აჩუქო მას, ვინც თავად არ იცის სიცოცხლის ფასი და უმწეო, უიარაღო მშვიდობიან ადამიანებს ხოცავს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ იქ არავინ ელოდა, ყვავილებით არ დახვდნენ.

ჩემ გვერდით სანგარში პატარა ბიჭი იბრძოდა, კიეველი ვიტია, სროლის დროს რაღაცას ჩურჩულებდა. ერთხელაც ვკითხე, - როდესაც იბრძვი, რაზე ფიქრობ-მეთქი? ვლოცულობ, ისეთ ადამიანს არ მოხვდეს ჩემი ტყვია, ვისაც ჩემიანისთვის არ უსვრიაო. ყველას გაგვეცინა, ასეთი ადამიანი აქ არ ჩამოვიდოდა-მეთქი. მომზადება გავლილი ჰქონდა, მაგრამ ადამიანისთვის სროლა მაინც გაუჭირდა, რუსებს კი ეს არ გასჭირვებიათ... ახლახან დაიღუპა, დაჭრილი მეგობარი გამოჰყავდა. თავადაც დაჭრილი იმაზე მეკითხებოდა, ხომ გადარჩებაო? არადა, თვითონ იმდენად მძიმედ იყო, 5 წუთში მოკვდა.

- მისი გადარჩენილიც?

- არა, ის ცოცხალია, ახლახან დაბრუნდა ფრონტის ხაზზე... ეს ხომ მილიონიდან ერთი ისტორიაა. ჩვენ ჯარისკაცებს, სამხედროებს კი არა, ბოროტმოქმედებს ვებრძვით. ბავშვები დედების თვალწინ დაგვიხოცეს ან პირიქით - დედებს დაუხოცეს შვილები, გაბოროტებულ, განადგურებულ არსებებად აქციეს. დასახელებულ რიცხვზე 5-ჯერ მეტია დაღუპული. რუსებს ამას არასდროს ვაპატიებთ.

ლალი პაპასკირი