"საქართველოში ძალიან ლამაზი ხალხია. ძველი თბილისი განსაკუთრებულად მომეწონა" - გზაპრესი

"საქართველოში ძალიან ლამაზი ხალხია. ძველი თბილისი განსაკუთრებულად მომეწონა"

ახლახან სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელის - ეკატერინე მგალობლიშვილის ორგანიზებით, საერთაშორისო ფესტივალი და სამოდელო კონკურსი გაიმართა, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსული ბევრი ბავშვი და მოზარდი გაახარა...

საერთაშორისო ფესტივალი - World Rising Star და სამოდელო კონკურსი - Top teen and child model of the planet - უკვე მეექვსე წელია, საქართველოში იმართება. პანდემიის გამო, 2021 წელს ვერ ჩატარდა, თუმცა ახლახან ღონისძიებამ 14 ქვეყნის 100-ზე მეტ სტუმარს - ბავშვებს, მოზარდებს, საქმიან ქალბატონებს უმასპინძლა. ღონისძიების ორგანიზატორი სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელი, ეკატერინე მგალობლიშვილი გახლდათ, რომელიც ყოველთვის აღნიშნავს, რომ მისი მიზანი მხოლოდ სილამაზის და სამოდელო კონკურსების ჩატარება არ არის: ამ პროექტებით, თავის გუნდთან ერთად, მან შეძლო, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლისთვის ჩვენი ქვეყნის კულტურა გაეცნო და შეეყვარებინა...

7-დღიანი პროექტის განმავლობაში, კონკურსანტები უამრავ აქტივობაში მონაწილეობდნენ: გაიმართა "მეგობრობის საღამო", "ნაციონალური სამოსის" ტური, "ტალანტ შოუ", შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ფოტოსესიები... 7 მაისს ჩატარდა "ფეშენ შოუ", სადაც 11 სხვადასხვა ქვეყნის დიზაინერმა თავისი სამოსის კოლექციის წარდგენა შეძლო. 8 მაისს დაჯილდოების საღამო გაიმართა: დაჯილდოვდნენ ბავშვებიც, დიზაინერებიც, მოწვეული სტუმრებიც და რამდენიმე საქმიანი ქალბატონიც... ოთხმა ქართველმა ბავშვმა - მარიამ ბერძენიშვილმა, ანასტასია ბაკურაძემ, ანდრია ჯაჯანიძემ და იოანა შერვაშიძემ (რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის კონკურსების გრან-პრის მფლობელები არიან) საპატიო ტიტული, გვირგვინი და საჩუქრები მიიღო.

ქართველი კონკურსანტებიდან სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გრან-პრი მიიღო ნუცა გრიგალაშვილმა, ნანუკა წიკლაურმა და ნიკა საკანდელიძემ. გრან-პრის მფლობელები გახდნენ ალბანა ბაჯრაკტალი (Best Talent) და რუმინელი კონკურსანტები - სოფია და ალექსანდრა, რომლებსაც სამშობლოში გამგზავრებამდე ვესაუბრეთ:

სოფია მაზარუ (Top child model of the planet - Grand-Prix):

- რუმინეთის დედაქალაქში, ბუქარესტში ვცხოვრობ. საქართველოში კონკურსში მონაწილეობისთვის ჩამოვედი. ძალიან მაღალი დონის, კარგად ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა. კონკურსში მონაწილეობისთვის ბავშვები ბევრი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ (ყაზახეთი, მონღოლეთი, ლიეტუვა, თურქეთი, ალბანეთი, სამხრეთი აფრიკა, საბერძნეთი, ინგლისი, ბულგარეთი...). ჟიურისთან ინტერვიუ გვქონდა, სადაც ყველამ ჩვენი თავის შესახებ ვისაუბრეთ. ვიყავით არაჩვეულებრივ დიზაინერ ხათკოსთან და ფოტოსესია მოვაწყვეთ... ძალიან მოგვეწონა!.. შემდეგ "ფეშენ შოუ" გვქონდა, სადაც ჩვენი ქვეყნის დიზაინერების სამოსიც წარვადგინეთ და სხვა დიზაინერებისაც (ფატუნა, ხათკო, ტატანა, მაზარუ, ლუსი და ანასტასია...). "მეგობრობის საღამოზე" ერთმანეთს ჩვენი სამზარეულო, კულტურა გავაცანით. მთელი ღამე ვცეკვავდით. ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ერთმანეთს ნაციონალური ცეკვები ვასწავლეთ. სტუმრად ვიყავით თბილისის საკრებულოში - შენობა ძალიან მოგვეწონა. შევხვდით ქალბატონ ირმა ზავარდაშვილს და ბატონ დავით მაჭავარიანს. მათ საჩუქრები გადმოგვცეს. სამახსოვრო სუვენირები ჩვენც გადავეცით, ფოტოები გადავიღეთ, ჩვენი ქვეყნების შესახებ მოვყევით... გალა-საღამოზე, ნაციონალური სამოსი წარვადგინეთ, დროშების თანხლებით... ბედნიერი ვარ, რომ ყველა ბავშვი დავჯილდოვდით გვირგვინით, ლენტით, დიპლომით, საჩუქრით... საქართველოში პირველად ვარ. აქ ძალიან ლამაზი ხალხია. ძველი თბილისი განსაკუთრებულად მომეწონა. ვიცი, თქვენს ქვეყანას დიდი ისტორია აქვს. მიხარია, რომ პროექტის ჩვენმა ეროვნულმა დირექტორმა - კატალინა ბუზდუნმა საქართველოში ჩამომიყვანა. მადლობა ეკა მგალობლიშვილს, რომ ასეთი მაღალი დონის ღონისძიება მოაწყო. ეკას მალე შევხვდები - ბევრი მოდის კვირეული გვაქვს დაგეგმილი რუმინეთში, დუბაიში... ასევე, მალე თურქეთში, კონკურსზე მონაწილეობას მივიღებ. მოდელობა ძალიან მომწონს. ეს პროფესია საშუალებას გაძლევს, მთელ მსოფლიოში იმოგზაურო და ბევრი საინტერესო ადამიანი გაიცნო...

img-9848-1652427324.jpg

ალექსანდრა მაზარუ (World rising star - Talent Gran-Prix):

- კონკურსზე ფორტეპიანოზე დავუკარი - ჩემი ნიჭი ჟიურის ვაჩვენე და გრან-პრი ავიღე. ასევე, დიზაინერიც ვარ... კონკურსზე ბევრი მეგობარი შევიძინე, სხვადასხვა ქვეყნის კულტურას გავეცანი. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში მოვხვდი...

ეკატერინე მგალობლიშვილი:

- დიპლომის, ნომინაციის, გვირგვინის და საჩუქრის გარეშე არც ერთი ბავშვი არ დარჩენილა - ორმოცდათხუთმეტივე დავაჯილდოეთ, რადგან იოლი არაა, 7 დღის განმავლობაში ბავშვმა იშრომოს, დღეში სამჯერ ნაციონალური კოსტიუმი წარადგინოს, ჟიურისთან ინტერვიუ ჰქონდეს, ფოტოსესიებში, გადაღებებში, "ტალანტ შოუში" მიიღოს მონაწილეობა... მე და ჩემი კოლეგები მსოფლიოდან შევჯერდით (ამაში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის - ტაილანდი, არ გვეთანხმება), რომ ბავშვებს შორის კონკურსი კი არა, ფესტივალი ჩატარდეს, სადაც ყველა დაჯილდოვდება. ეს არის სილამაზის, ბედნიერებისა და მშვიდობის ზეიმი...

გალა-საღამოზე მომღერალმა ქეთი ორჯონიკიძემ, თავისი სტუდიის ბავშვებთან ერთად, სიმღერა - Freedom შეასრულა. ასევე, შემოგვთავაზა საკუთარი შთამბეჭდავი სიმღერა - "I Know - ვიცი", რომელსაც მსმენელთა დიდი მოწონება ხვდა წილად.

ქეთი ორჯონიკიძე:

- საღამომ ძალიან კარგად ჩაიარა. რაც მთავარია, თავად კონკურსანტები იყვნენ ბედნიერები. ყოველთვის მიხარია, როცა საქართველო კარგი კუთხით წარმოჩინდება. პირველ რიგში, ეს ქალბატონი ეკა მგალობლიშვილის დამსახურებაა. ასეთი პოზიტიური, საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებების ჩატარება უმნიშვნელოვანესია, როგორც მონაწილეებისთვის, ასევე - ჩვენი ქვეყნისთვის.

მაყურებლების წინაშე იმღერეს ვერიკო ტურაშვილმა, მარკუს მეტრეველმა, ხოლო გია ნიკოლაძემ სპეციალურად ეკასთვის დაწერილი საკუთარი სიმღერა - "დღეს ხომ შენი დაბადების დღეა" დიზაინერ ფატუნასთან ერთად შეასრულა და ამით ეკა მგალობლიშვილს დაბადების დღე მიულოცა. ქალბატონი ეკასთვის ასეთი სიურპრიზი საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა. მილოცვას დარბაზიც შეუერთდა, რამაც ღონისძიების ორგანიზატორი აატირა...

საღამოს მსახიობები - მაკა შალიკაშვილი და გოგა ბარბაქაძეც ესწრებოდნენ. მართალია, იმ საღამოს გოგა თეატრში, სპექტაკლში თამაშობდა, მაგრამ მისი დასრულებისთანავე ღონისძიებას შემოუერთდა...

გალა-საღამოს ქალბატონი ეკა ბესელიაც ესწრებოდა, რომელიც "მსოფლიოს პრინცესებმა" ბავშვობის ზღაპრულ სამყაროში დააბრუნეს: "დედოფლის" წოდებით დააჯილდოეს და სიმბოლური გვირგვინიც გადასცეს...

ეკა ბესელია:

- ღონისძიებას საპატიოს სტუმრის სტატუსით ვესწრები. ბევრი წელია, ქალბატონ ეკას ვიცნობ. სხვათა შორის, ჩემი შვილი - ლიზა სააგენტო "კატრინში", ეკასთან დადიოდა, როცა პატარა იყო. მახსოვს, ჯერ "მის საქართველო" გახდა, შემდეგ - "მის ევრაზია", მერე - ნიჭიერთა კონკურსში გაიმარჯვა, ბულგარეთში... ახლა ლიზა უკვე დიდი გოგოა... გამიხარდა, ბოლო წლებში, საერთაშორისო მასშტაბით, სააგენტო "კატრინმა" რომ საკმაოდ კარგი კონტაქტები დაამყარა და ამ ტიპის ფესტივალების ჩატარების ლიცენზია მიიღო, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე - მის ფარგლებს გარეთ. დღეს, როცა რთული ვითარებაა - უკრაინაში ომია, ბავშვები იხოცებიან, ამ ფესტივალზე პატარების ნიჭიერების, სილამაზის ნახვა, მხარდაჭერა სიმბოლური ჟესტი მგონია, რომ ჩვენი სათქმელი უფრო ფართო მასშტაბით ვთქვათ: ბავშვებს დიდი სიყვარული, მეტი თანადგომა სჭირდებათ... საერთოდ, მიხარია, რომ შემიძლია, აქ ყოფნით, მხარდაჭერით გავამხნევო თაობა, რომელმაც უნდა შეგვცვალოს და ქვეყანა ჩაიბაროს...

ღონისძიებაზე მადლობის დიპლომით დააჯილდოეს ჟურნალი "გზა".

img-9855-1652427335.jpg

ეკატერინე მგალობლიშვილი:

- ჟურნალი "გზა" წლების განმავლობაში აშუქებს არა მხოლოდ უფროსი ასაკის კონკურსანტების წარმატებებს, არამედ - ბავშვებისასაც. რატომღაც, ჩვენს ქვეყანაში, მასობრივი კომუნიკაციის ბევრმა საშუალებამ თანხა მოგვთხოვა იმის სანაცვლოდ, რომ პატარების წარმატება თუნდაც 2 სიტყვით გაეშუქებინა... 14 ქვეყნის, საერთაშორისო სამოდელო და სილამაზის კონკურსების დირექტორების სახელით, მადლობის დიპლომს ჟურნალ "გზას" გადმოგცემთ - მადლობა, რომ პატარების წარმატებებსაც აშუქებთ, რადგან ბავშვები ჩვენი ქვეყნის სახე და სიამაყეა!..

მადლობის დიპლომით დააჯილდოეს ალბანეთის დედაქალაქის - ტირანას მერიც, რომელმაც საქართველოდან ალბანეთში მიიწვია მარკუს მეტრეველი, ფატუნა და გია ნიკოლაძე. სწორედ ალბანეთში ჩატარდება სილამაზის კონკურსი, რომელშიც საქართველოს სახელით, მაიკო ლაფაჩი და მარიამ სეხნიაშვილი წარდგებიან.

ეთო ყორღანაშვილი