ბუნება როგორც შთაგონების წყარო ვინტაჟური სტილის ნაქარგ აქსესუარებში - გზაპრესი

ბუნება როგორც შთაგონების წყარო ვინტაჟური სტილის ნაქარგ აქსესუარებში

სხვადასხვა მცენარეთა შორის, იასამანიცაა - გაზაფხულის ერთ-ერთი სიმბოლო. ვისაც ეს ყვავილი გამორჩეულად უყვარს, შეუძლია, მთელი წელი გულსაკიდის სახით ატაროს.

ვინტერესდები და აქსესუარებზე ესა თუ ის ყვავილი იმ სეზონების გათვალისწინებით იქმნება, რომელიც დგას, თუ ამას არა აქვს მნიშვნელობა. მპასუხობს: "ჩემი ინსპირაცია ბუნებაა. წელიწადის დროებიც გავლენას ახდენს ნამუშევრებზე, მაგრამ თუ დავაკვირდები, შემოდგომა-ზამთარში იასამნებსა და გვირილებს ნაკლებად ვქარგავ. როგორც ჩანს, ჩემდა უნებურად სეზონებს ვითვალისწინებ. შემოდგომა ჩემი საყვარელი დროა და ერთ-ერთი პირველი, რაც გულსაკიდზე მოვქარგე, ფოთოლი იყო. მომხმარებლები კი ხშირად ითხოვენ გვირილასა და ვარდს როგორც აქსესუარებში, ისე კედლის დეკორატიულ ნამუშევრებშიც"...

4aaa-1652691993.jpg

სალომე ნინუა:

- პროფესიით მკერავი ვარ. ტილოზეც ვხატავ. ტანსაცმლის დიზაინის ორი კურსი გავიარე, რის შემდეგაც მეხუთე წელია, ატელიეში ვმუშაობ. დიდი მნიშვნელობა აქვს სამოსში აქსესუარს, ზოგჯერ გადამწყვეტიც კი, ამიტომ ქარგვით სამი წლის წინ დავინტერესდი და გადავწყვიტე, ისეთი ნივთები შემექმნა, ტანსაცმელს მრავალფეროვნებას რომ შესძენდა. ხელსაქმე ძალიან მომწონს, ჩემთვის ეს უკვე არტთერაპიაა. თვითნასწავლი ვარ და ქარგვაც ძალიან მომწონს. მართალია, ზოგჯერ მეტისმეტად ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ძალზე სასიამოვნო და მშვენიერია. როცა ვნახე, რომ ქარგვა გამომდიოდა, გადავწყვიტე, ჩემი ჰობი დამატებითი შემოსავლის წყაროდ მექცია და პირველად ვინტაჟური სტილის, ხელით მოქარგული გულსაკიდები შევქმენი. მნახველის ინტერესი და მოწონება რომ გამოიწვია, მას მერე დავიწყე საყურეების, ბეჭდების, სამაჯურების, გულსაბნევების დამზადებაც. ვცდილობ განვვითარდე და ჩემი საქმიანობა გავაფართოო, ამიტომ ამ ხნის განმავლობაში ხელით მოქარგული საყელოები, ბაფთები და ჩანთები შევქმენი. შემდეგ გადავწყვიტე, კედელზე დასაკიდი ნაქარგებიც მეცადა. ამ დეკორატიულ ნივთებსაც მოწონება ხვდა წილად და ეს ძალიან მიხარებს. თუმცა, აქცენტს მაინც სამკაულზე ვაკეთებ, რადგან ვფიქრობ, გამორჩეული და ორიგინალურია. ამ საქმეს ატელიეში მუშაობის პარალელურად ვაკეთებ, უქმე დღეებში ვქარგავ ან მაშინ, როცა შინ შედარებით ადრე ვბრუნდები. მართალია, ეს დამატებითი სამუშაოა, მაგრამ დიდ სიამოვნებას მანიჭებს, თან განტვირთვის კარგი საშუალებაა. ნაცნობი და უცნობი ქალბატონების მოწონება ჩემთვის მოტივაცია გახდა, რომ ეს საქმიანობა გამეგრძელებინა.

- სკოლის ბანკეტების სეზონი ახლოვდება და ალბათ ამ დროს ატელიეში დიდი დატვირთვაა. საბანკეტოდ ან ყოველდღიურ სამოსში წელს რა ფერი დომინირებს?

- გაზაფხულზე, განსაკუთრებით აპრილიდან, მოთხოვნა იზრდება და დატვირთული დღეები იწყება. ჩემი დაკვირვებით, მომხმარებლები, ვისთანაც შეხება მაქვს, აქცენტს ერთ კონკრეტულ ფერზე არ აკეთებენ. ბევრი ამბობს, ჩემთვის მოდა ის არის, რაც მიხდებაო. აქედან გამომდინარე, არჩევანი მრავალფეროვანია და ვერ ვიტყვი, რომელი ფერია წელს უფრო აქტუალური.

3-1652692005.jpg

- საზაფხულოდ რამე სიახლე ხომ არ გაჩნდება თქვენს ნამუშევრებში?

- განვითარება აუცილებლად მჭირდება. ბევრი ისეთი ყვავილია, რომელიც ჯერჯერობით არ მომიქარგავს: კალები, ნარცისები, ბაბუაწვერა და ვფიქრობ, აქსესუარებზე ეს მცენარეები დავამატო. ასევე ჩემი მიზანია, გავაკეთო ბავშვის სათამაშოების, სამოსისა და აქსესუარების ხაზიც, რომელიც აბსოლუტურად ბუნებრივი ქსოვილებით, ხელით მოქარგული დეტალებით შეიქმნება.

ანა კალანდაძე