60 წელი იასამნების საკოლექციო ნაკვეთში - გზაპრესი

60 წელი იასამნების საკოლექციო ნაკვეთში

ბოტანიკური ბაღის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ნახევარ საუკუნეზე მეტია, იასამნების საკოლექციო ნაკვეთს უვლის. 85 წლის გახდება სექტემბერში, მაგრამ ასაკი სულაც არ უშლის ხელს, კვლავაც თავისი საყვარელი საქმე რომ აკეთოს და მოუაროს იასამნებს, რომელთა სურნელიც ასე გვიყვარს.

იასამანი გაზაფხულსა და სიცოცხლესთან ასოცირდება - ძველი ბერძნული მითის გარკვეულ გადმოცემებში ნიმფა სახელად სირინგა - იასამნის გვარის, სახეობის წარმომადგენელი ყოფილა. იასამნისფერი ძველ ევროპულ ფოლკლორში ასოცირდება რეინკარნაციასა და ცხოვრებისეულ პერიოდებთან, ალბათ გაზაფხულზე ყვავილობის გამო. საბერძნეთში, ლიბანსა და კვიპროსში მართლმადიდებლები იასამანს უკავშირებენ აღდგომის დღესასწაულს და აღდგომის ისტორიას; იქ იასამანი, ანუ პასხალია, აღდგომის სიმბოლოა.

მრავალი ლეგენდა არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი მოგვითხრობს, თუ როგორ გაჩნდა იასამნისფერი ყვავილები. როდესაც გაზაფხულმა თოვლი მინდვრებს მოაცილა და უფრო მაღლა ასწია მზე, მაშინ გამოჩნდა ცისარტყელა. შემდეგ გაზაფხულმა შეაგროვა მზის სხივები და ცისარტყელას ფერები და დედამიწაზე გაფანტა. იქ, სადაც თეთრი და იისფერი დაეცა, პატარა სურნელოვანი ლავანდის ყვავილების ბუჩქები გაჩნდა თურმე, სხვაგან კი, სადაც თეთრი ფერები დაეცა - იასამნისფერი ბუჩქები.

279641197-849162309272245-3101464549927037906-n-1652692318.jpg

უფრო მეტს თავისი პროფესიისა და იასამნების შესახებ ქალბატონი ნონა მოგვიყვება. სასაუბროდ მას იასამნების ნაკვეთში შევხვდი.

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე, სოფელი არ მქონდა და შესაბამისად, მიწასა და მცენარეებთან არანაირი შეხება არ მქონია. არასდროს მიფიქრია, ჩემი მომავალი პროფესია და ცხოვრება ყვავილებს თუ დაუკავშირდებოდა. ქიმიურ ფაკულტეტზე სწავლა მინდოდა და სასოფლოში, აგროქიმიურზე შევიტანე საბუთები, მაგრამ ქულები არ მეყო და აგრონომიულზე ჩავირიცხე, თანაც - დაუსწრებელზე. ვსწავლობდი და თან ვმუშაობდი. მე-6 კურსზე ვიყავი, ბოტანიკურში რომ დავიწყე მუშაობა, 1962 წელს. არაჩვეულებრივი ხელმძღვანელები მყავდა, რამდენიმე განყოფილებაში ვიმუშავე და ბოლოს პარკმშენებლობის განყოფილების გამგემ, გიორგი მანაგაძემ, რომელიც შესანიშნავი დიზაინერ-არქიტექტორი გახლდათ, თავისთან გადამიყვანა. სწორედ მისი იდეა იყო, იასამნების საკოლექციო ნაკვეთის შექმნა, ე.წ. სირინგარიუმი, და ეს ჩანაფიქრი 1970 წელს განახორციელა კიდეც.

მახსოვს, ჩემს კოლეგასთან ერთად წავედი უკრაინაში, სოფელ მლევოში, სადაც იასამნების სანერგეა. ჩამოვიტანეთ სხვადასხვა ჯიშის იასამანი, დავამატეთ ნერგები მინსკის, ასევე მოსკოვის ბოტანიკური ბაღიდანაც. ბაღის სხვა თანამშრომლებიც აქტიურად გვეხმარებოდნენ და როდესაც მივლინებაში მიდიოდნენ, არასდროს ავიწყდებოდათ იასამნის ახალ-ახალი ჯიშის ჩამოტანა. დირექტორები - მამია გოგოლიშვილი, ჯიმშერ კერესელიძე ყოველთვის ცდილობდნენ დაგვხმარებოდნენ და უფრო მეტი ჯიში შემატებოდა ჩვენს კოლექციას. დღესდღეობით ნაკვეთზე 75-მდე ჯიშის იასამანია წარმოდგენილი. ისე კი მსოფლიოში 1500-მდე და უფრო მეტი ჯიში არსებობს. ვერ წარმოვიდგენდი, ამდენნაირი თუ იარსებებდა. ზოგიერთი მაინც განსაკუთრებულად ლამაზია. მაგალითად, არის ასეთი ჯიში - "სენსაცია". გვირგვინის ფურცლები მუქი ფერისაა და არშიასავით თეთრი ზოლი აქვს შემოვლებული, ერთი ძირი გვაქვს მხოლოდ. ნაკვეთი დატერასებულია, 2019 წელს აქაურობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ახლა უკვე 1400 კვმ-დე ფართობს მოიცავს.

- რითი განსხვავდებიან იასამნის ჯიშები ერთმანეთისგან?

- ყვავილის აგებულებით, ზომით, ფორმით, მაგალითად, არსებობს 4-ყვავილიანი, 8-ყვავილიანი და მეტიც, ასევე - მარტივი, ბუთხუზა, საშუალო და ძლიერ ბუთხუზა ყვავილებიანი იასამნებიც, 3-4 რიგი რომ არის ყვავილედში. ზოგი წვერში 2 მტევანს იკეთებს, ზოგიც - 4-ს. ერთმანეთისგან ფორმით განსხვავდებიან - არის ვიწრო პირამიდული, ფართო, კვერცხისებური. მრავალგვარია ყვავილების შეფერილობაც. იასამნის მტევანი შეიძლება ძალიან მუქი იყოს, მაგრამ გაშლის დროს ფერიც შეიცვალოს - ზოგჯერ უფრო ღია ფერი მიიღოს და ფორმაც. ზოგს ძლიერი სურნელება აქვს, ზოგი ნაკლებად სურნელოვანია, მაგრამ ყვავილობის პერიოდში ისეა სურნელი ერთმანეთში არეული, ვერ გაარჩევ.

- როდიდან იწყება იასამნების ყვავილობა და რამდენ ხანს გრძელდება?

- ყვავილობა ხანგრძლივი არ არის, აპრილის შუა რიცხვებიდან იწყება და მაქსიმუმ 20-22 დღეს გასტანს. ეს დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურაზე: როდესაც ტემპერატურა იმატებს, ყვავილები უფრო სწრაფად იშლება. წელს ძალიან გრილი მარტი გვქონდა, თორემ იშვიათად ხდება, რომ ყვავილობა მაისშიც გადავიდეს. ზოგიერთი ჯიში ჯერაც ყვავის. ყველაზე მეტი დამთვალიერებელი სწორედ ყვავილობის დროს გვყავს - მოდიან ახალგაზრდებიც, შეყვარებულებიც, სკოლის მოსწავლეებიც მასწავლებლებთან ერთად, ასაკოვანი ქალბატონებიც, ვისაც იასამანი განსაკუთრებულად უყვარს.

279110010-407895007850438-9218038482845584547-n-1652692332.jpg

- იასამნის სამკურნალო თვისებების შესახებ რა შეგიძლიათ გვითხრათ?

- იასამანი შეიცავს ეთერზეთებს და ფლავონოიდებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი ფერმენტების აქტივობაზე. იყენებენ პრეპარატებში, რომლებსაც აქვთ ცხელების, ანთებისა და კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ასევე, შარდმდენი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. იასამნის ფოთლების ნახარში გამოიყენება თმის ძირების გასამაგრებლად, ზედა და ქვედა სასუნთქ გზებში არსებული ტკივილის შესამსუბუქებლად და ა.შ. იასამნის მალამო ყველანაირ ჭრილობასა და დაბეჟილობას არჩენს. სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ყვავილები, ისე ფოთლები, ფესვები და ქერქი.

- რჩევა, რომელსაც მისცემთ იასამნის მოყვარულებს.

- იასამანი ყველგან კარგად ხარობს, ჯობს, შემოდგომაზე ან გაზაფხულის დასაწყისში დარგოთ, გვიან გაზაფხულზე დარგვამ კვირტების დაბერვა რომ არ შეაფერხოს ან ახალგაღვიძებული კვირტები არ დააზიანოს. როგორც გითხარით, გაზაფხულის დასაწყისში ხდება ნორჩი ყლორტების დაკალმება, მათი დაფესვიანება კი ქვიშაში უნდა მოხდეს. კარგია ნიადაგის განოყიერება, იქნება ორგანული თუ მინერალური სასუქით. მოვლის დროს წყალი არ უნდა მოაკლოთ, კვირაში 2-3-ჯერ უნდა მორწყათ, რადგან ტენი აუცილებელია მისთვის. ასევე მოითხოვს გაფხვიერებას. გასხვლა იშვიათად სჭირდება, როდესაც ძალიან გაიზრდება, მხოლოდ მაშინ. ზოგიერთი ჯიში, მაგალითად, სპარსული იასამანი რომ გაისხვლება, ულამაზეს ფორმას იღებს. გარდა ამისა, თუ ნამყენი ძირია, ამონაყარები უნდა მოაჭრა, მცენარე რომ არ დაჩაგროს. ყურადღებით უნდა ვიყო, რომ მავნებელი დაავადება არ გაუჩნდეს. ასე ვინარჩუნებ საკოლექციო ნაკვეთს. ვცდილობ, ჩვენი იასამნები რაც შეიძლება კარგად გამოიყურებოდეს. თვითონვე მსიამოვნებს მათი ყურება. პანდემიის დროს მომიწია 2 კვირით იზოლაციაში ყოფნამ და ერთი სული მქონდა, როდის გამოვიდოდი კვლავ. როდესაც შენი საქმე გიყვარს, ყოველთვის ასეა.

ნინო ჯავახიშვილი