"მართლა არ იცოდნენ შვილების ადგილსამყოფელი, მაგრამ ოკუპანტებმა არ დაუჯერეს და დახვრიტეს..." - გზაპრესი

"მართლა არ იცოდნენ შვილების ადგილსამყოფელი, მაგრამ ოკუპანტებმა არ დაუჯერეს და დახვრიტეს..."

"პრობლემები დაზვერვაში, ფესვებგადგმული კორუფცია თავდაცვაში, ნეპოტიზმი გენშტაბში, გარღვევა სტრატეგიაში, ლოჯისტიკაში, დაბალ დონეზე მომზადებული, არამოტივირებული სამხედროები, დეზერტირობა, მოძველებული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა", - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ე.წ. მსოფლიოს ნომერ პირველ არმიაში, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გამოიკვეთა. ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროები იმ უამრავ ხარვეზზეც ჰყვებიან, რომელიც წლებია დამკვიდრდა.

შესაბამისად, კრემლში დაგეგმილი პროექტი - უკრაინის რამდენიმე დღეში აღება, არათუ ჩავარდა, რუსულმა არმიამ, რამდენიმედღიანი უშედეგო ბრძოლის მიუხედავად, ვერ შეძლო ვერც ერთი დიდი ქალაქის აღება. სარაკეტო იერიშების მიუხედავად, საკმაოდ ორგანიზებულად წინ მიიწევს უკრაინის შეიარაღებული ძალები. ყოველი ახალი გათავისუფლებული ქალაქი, რაიონი თუ სოფელი ნიშნავს ახალ-ახალ ადამიანურ და ოჯახურ ტრაგედიებს, რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა იქ ყოფნისას ჩაიდინეს.

ვოლოდიმირ კონოვალიუკი ომის დაწყებიდან ლეგენდარული "აზოვის" ბატალიონის რიგებში იბრძვის. მისი თქმით, არ ელოდება, რომ ხვალ და ზეგ დასრულდება, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ამ ომში უკრაინა, უდიდესი დანაკარგის ფასად, მაგრამ მაინც ბევრად გაძლიერდება, რუსეთის დამარცხება კი გარდაუვალია.

- ბოლო დღეებში, განსაკუთრებით ხარკოვის გარშემო განვითარებულმა პროცესებმა აჩვენა, რომ უკრაინაში ყველაფერი სხვაგვარი სცენარით ვითარდება, ვიდრე ეს პუტინსა და მის გარემოცვას ჰქონდა დაგეგმილი... მათი არმია აჩვენებს ქვეყანაში არსებულ, წლების განმავლობაში დაგროვილ სისტემურ პრობლემებს, ჩვენი შეიარაღებული ძალები კი - ერთიანობას, პროფესიონალიზმს, თუნდაც უთანასწორო ბრძოლაში თავდადებას. ამის ყველაზე მძიმე, მაგრამ ნათელი მაგალითია "აზოვსტალის" ქარხანა, რომლის აღებასაც ამდენ ხანს უშედეგოდ ცდილობდნენ. რა არ გააკეთეს, რამდენიმე დღე ინტენსიურად, ფაქტობრივად, გაუჩერებლად ბომბავდნენ, ფოსფორის ბომბები დაუშინეს... ეს ბომბი ცეცხლს აჩენს, რომლის ჩაქრობაც, იმ პირობებში, როგორშიც ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი ბიჭები იყვნენ, შეუძლებელია... რა გზას არ მიმართეს. მისი აღების მცდელობისას 1000-ზე მეტი სამხედრო ჰყავთ დაღუპული. როდესაც საუბრობენ, რომ ქარხნის ტერიტორიაზე უამრავი ცხედარია და მათი დიდხანს იქ დატოვება სხვადასხვა დაავადების აფეთქების საფრთხეს ქმნის, ამაში იქ დახოცილი მტრებიც იგულისხმება... რუსეთმა იცის, რომ "აზოვსტალს" უკრაინისთვის, ხალხისთვის, საზოგადოებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი, მორალური დატვირთვა აქვს, ამიტომ არ თმობდა. ქალაქის გეოგრაფიული მდებარეობა კი სხვაგვარად მოქმედების შესაძლებლობას არ იძლეოდა. გარშემო თითქმის ტრიალი მინდორია. ეს მომენტი ჩაჭერილი ჰქონდა რუსეთს. პუტინის გარემოცვაში იმედგაცრუებული არიან. გმირი უკრაინელები, "აზოველები" კიდევ უფრო აკნინებენ რუსი სამხედროების იმიჯს, მიწასთან ასწორებენ ე.წ. უძლეველი არმიის მოტივაციას. მსოფლიომ ისედაც ნახა, რას წარმოადგენს სინამდვილეში რუსული ჯარი.

- თავად საბჭოთა არმიაში მსახურობდით, არა?

- დიახ და ჩემდა გასაკვირად, მას შემდეგ არაფერი შეცვლილია. ისევ "დედოვშჩინა", კორუფცია, ჩაწყობა... ჯარისკაცები ყიდდნენ ყველაფერს, რისი გაყიდვაც შეიძლებოდა; საწვავს, საკვებს, ზეთს... მაშინ ჩვენი "მთავარი მტერი" დასავლეთი იყო, ახლაც იგივეა ანუ ესეც კი არ შეცვლილა, უბრალოდ, მოწინააღმდეგე მხარეში, მაშინ საბჭოთა რესპუბლიკები არ ითვლებოდა...

ჩვენთან საუბარში რუსი ტყვეები ჰყვებიან იმ წარმოუდგენლად არაადამიანურ პირობებზე, რაც მათ ნაწილშია; არავითარი წესრიგი, დისციპლინა. როდესაც ვინაობას ვეკითხებით და სამხედრო ნაწილს ასახელებენ, გაოცებას ვერ ვფარავთ, რადგან სამოქალაქო ფეხსაცმელები აცვიათ. მათი დღიური ულუფა, ფაქტობრივად, მოპარული საკვებია ან ვადაგასული კონსერვი. არავითარი პირველადი სამედიცინო მომსახურების ნივთები არა აქვთ. იმდენად უბადრუკად არიან აღჭურვილები, რომ ზოგჯერ დაუჯერებელიც კია, რომ ომში ასეთი რამეებით მიდიან. წარმომიდგენია, რა ხდება უკრაინის ან საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ე.წ. არმიებში, რომელსაც ვითომ რუსეთი ეხმარება, დონეცკში, ლუგანსკში, აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონის "შეიარაღებულ ძალებში"... ამიტომაც დაიწყეს ფარული მობილიზაცია. არსებული რესურსი, ადამიანურს ვგულისხმობ, დემორალიზებულია. მათ არა აქვთ საბრძოლო სულისკვეთება. როგორც ტყვეები ამბობენ, პირველ ხანებში, მათ ეუბნებოდნენ, რომ უკრაინის მოსახლეობის ნეონაცისტებისგან გასათავისუფლებლად azovstal-ucrania-rusia-guerra-18-1652953016.jpgყველაფერი უნდა ეღონათ, შემდეგ გაირკვა, რომ უკრაინელები სულაც არ იყვნენ რუსეთთან შეერთების მომხრე, ამიტომ რაკეტები დაუშინეს მათ.

ჩემს მეზობლად გერმანული წარმოშობის ებრაელები ცხოვრობდნენ. შვილები უცხოეთში ჰყავდათ, მაგრამ როგორც კი ომი დაიწყო, ბიჭი უკრაინაში დაბრუნდა და საომარ მოქმედებებში ჩაერთო, გოგო ექიმი იყო, ისიც მოხალისეებს შეუერთდა. მშობლებს არ უთხრეს, რომ არ ენერვიულათ. ბიჭის ნახვა გამიკვირდა, ვეღარც კი ვიცანი. სამხედრო ფორმაში ჩაცმული რომ ვნახე, ისეთი სახე მივიღე, გაეცინა და გულიანად გადამეხვია. გაოგნებულმა ვკითხე, - შენ აქ რა გინდა-მეთქი? ეწყინა, ეს ჩემი ქვეყანაა, აბა, სად უნდა ვიყოო?!. ტელეფონის ნომრები გავცვალეთ. ვუთხარი, უამრავმა უკრაინელმა ომის დაწებისთანავე ბარგი ჩაალაგა და წავიდა-მეთქი. ხუმრობით მიპასუხა: ყველას თავისებურად ესმის სამშობლოს ცნებაო. თქვა, რომ მისი დაც უკრაინაშია. მას შემდეგ არც ერთი არ მინახავს. თუმცა, ქალაქის გაწმენდისას, მისი სახლის კარზე მშობლების გვარ-სახელი შევნიშნეთ. სახლის კარი მხოლოდ მოხურული აღმოჩნდა. ბინაში ყველაფერი თავდაყირა იყო, არეულ-დარეული. აშკარად, გაძარცვეს. თუმცა, ეს არ იყო მთავარი, სახლში სუნი იდგა - ოკუპანტებს ცოლ-ქმარი პირდაპირ მაგიდასთან დაუხვრეტიათ. მაგიდაზე საჭმელი ელაგა. ვიღაცამ ოჯახი ჩაუშვა - მისი შვილების ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. არადა, მშობლებმა მართლა არ იცოდნენ შვილების ადგილსამყოფელი, მაგრამ ოკუპანტებმა არ დაუჯერეს და დახვრიტეს... მეორე ვერსიით, იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენები ოკუპანტებს წამლავდნენ. შესაძლოა, ქალმა გამოუტანა საკვები, რაღაც იეჭვეს და უბრძანეს, ჯერ თავად გაესინჯათ. როდესაც მტერი გადატენილი იარაღით თავზე გადგას, წარმოუდგენელია ლუკმა ყელში გადაგივიდეს, მაგრამ რუს მოძალადეს ეს ხომ არ ესმის...

მეზობელს უნახავს, სამხედრო მანქანას ტვირთავდნენ, თეთრეული და დანების ნაკრები დაუცვივდათო... სახლში ჟალუზები ჩამოუგლეჯიათ, საკვები წაუღიათ. გადმოყირავებული და დაცხრილული იყო მაცივარი, ტანსაცმლის კარადა, სათავსი. იმ სართულზე ვინც დახვდათ, ცოცხალი არავინ დატოვეს, გადარჩა მხოლოდ 11 წლის გოგონა, რომელიც გაექცათ და მეზობელმა 5 დღის განმავლობაში სარდაფში შეიფარა. ის ამჟამად ლვოვშია და ფსიქოლოგები მეთვალყურეობენ. ეს ერთი ტრაგიკული ამბავია, რომელსაც ხარკოვის ოლქის გათავისუფლებისას გადავაწყდი, მაგრამ ასობით ათასი ასეთი და უფრო მძიმე ისტორიების მოსმენა მოგვიწევს, ყოველ ახალ გათავისუფლებულ ქალაქსა და სოფელში შესვლის შემდეგ.

- ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის სხვადასხვა ოლქში სამხედრო დანაშაულებს, გენოციდის ნიშნებს სწავლობენ.

- დიახ, ჩვენი სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურები ყველაფრის ორგანიზებულ აღრიცხვას აწარმოებენ. უამრავი ფოტო და დოკუმენტური მასალა არსებობს, რომელიც რუსი აგრესორების ძალადობას სასწაულებრივად გადარჩენილი ადამიანების მონათხრობის მიხედვით არის შედგენილი.

დახოცილ ბავშვებს ნაღმებს უმაგრებდნენ, ჭირისუფალი, მშობელი თუ ოჯახის წევრი ხელის მოკიდებისას მასთან ერთად რომ დაღუპულიყო. სულაც არ არის გამორიცხული, ბევრი მათგანი მხოლოდ დაჭრილი იყო და დროული სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ, გადარჩენილიყო. ქუჩაში ნაპოვნი ბავშვების ცხედრებს ტკივილისგან მომუშტულ ხელებს ვეღარ ვუშლიდით... ახალგაზრდა გოგონებს, ხშირად მოზარდებს, აუპატიურებდნენ, შემდეგ კი ასახიჩრებდნენ: ცხვირს ან ყურებს აჭრიდნენ, თვალებს სთხრიდნენ... უამრავი ქვეყნის საომარი ისტორია მაქვს წაკითხული, რუსებმა კი ყველას და ყველაფერს გადააჭარბეს, ნაცისტურ გერმანიასაც აჯობეს. ზოგჯერ მგონია, რომ მათ სისასტიკეს საზღვარი არა აქვს. არ აქვთ სიბრალულის გრძნობა. არ ეცოდებათ უმწეო ბავშვები და მოხუცები. გაანადგურო გარშემო ყველაფერი - ეს კომპლექსებით დაავადებული ერის თვითგამოხატულებაა... რამდენიმე პირი უკვე გასამართლდა. ყველა უნდა ვიპოვოთ და სამაგალითოდ დავსაჯოთ. ამ ბოროტებას სხვაგვარად ვერ მოერევი, ყველა გზა და შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ მათ დასამარცხებლად, ფრონტის ხაზი იქნება თუ სამხედრო ტრიბუნალი.

მინახავს, როგორ ილუკმებიან დახოცილი ადამიანების, მათ შორის, მოკლული თავისიანების ცხედრების ფონზე. ვიცი, რუსულ ჯარში ყველას ერთმანეთი სძულს, სერჟანტი ვერ იტანს რიგითს, ახალწვეულს ეზიზღება ოფიცერი, მაგრამ ნუთუ არავის დაუახლოვდნენ, რომ მისი სიკვდილი განეცადათ? ერთმა ტყვემ თქვა, - ჩემი თავიც კი მძულს, რუსეთში რომ დავიბადეო... ძალიან ვბრაზდები, როდესაც მეუბნებიან, რომ ჩვენ ერთნი ვართ, უკრაინელები რუსები არასდროს ყოფილან.

azoveli-4-1652953003.webp

- ხარკოვის მიმართულებით განხორციელებულ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობდით, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა...

- დიახ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კოლონის ნაწილები დონბასის რეგიონში, ერთ-ერთი მდინარის გადაკვეთის მცდელობისას გაანადგურა. მტერი უკრაინის უდიდესი ქალაქის, ხარკოვის შემოგარენიდან განდევნეს... რუსები ვერ უძლებენ ზეწოლას. ზოგ რაიონში უბრალოდ დაყარეს იარაღი, მიატოვეს სამხედრო ტექნიკა და გაიქცნენ... არის შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ სამხედრო ნაწილის ოცეულმა უარი თქვა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლაზე. ამას რეგულარული ხასიათი არა აქვს, მაგრამ ასე მგონია, შორს არ არის იქამდე, როდესაც რუსული არმიის უდიდესი ნაწილი ასე მოიქცევა. ახლა სამხედრო აგრესიის პარალელურად, ფსიქოლოგიური ომიც მიმდინარეობს. ჩვენ ქვეყანას ვიცავთ და მთელი მსოფლიოს მხარდაჭერა ბრძოლისუნარიანობაზეც აისახება. გვემატება მოხალისეები სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე მალე გვეყოლება კარგად გაწვრთნილი და მომზადებული მილიონიანი ჯარი. დრო ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას, სამოქალაქო ობიექტებს "გრადებითა" და "სმერჩებით" ბომბავს... ჩვენ მოკავშირეებისგან უწყვეტ რეჟიმში ვიღებთ თანამედროვე შეიარაღებას, სამხედრო არსენალს, ჰუმანიტარულ დახმარებას.

რაც დრო გადის, საბრძოლო სულისკვეთებისგან სრულიად დაცლილი ხდებიან. ეტყობათ, ძალიან შორს არიან პროფესიული სამხედრო მომზადებისგან. ერთია, შეხვიდე ამა თუ იმ ტერიტორიაზე, მოაოხრო იქაურობა, მაგრამ მისი გაკონტროლება დიდ ადამიანურ და სამხედრო რესურსს მოითხოვს, მით უფრო, თუ საუბარია დასახლებულ პუნქტზე, რადგან მოსახლეობა არანაკლებ დიდი მოტივაციით უწევს მტერს წინააღმდეგობას.

ლალი პაპასკირი