"ნახატებით მოსწავლეები ცდილობენ საკუთარი ინდივიდუალობა გამოხატონ" - გზაპრესი

"ნახატებით მოსწავლეები ცდილობენ საკუთარი ინდივიდუალობა გამოხატონ"

20 მაისს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკება, მოსწავლეებს ფერადი წარწერებითა და სურვილებით აუჭრელებენ თეთრ პერანგებს პედაგოგები, თანაკლასელები და დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ, წარმატებებისკენ გზას დაულოცავენ. ამ დღისთვის განსაკუთრებულად მეთორმეტეკლასელები ემზადებიან. რის მიხედვით არჩევენ ნახატებსა თუ წარწერებს ბოლო ზარის მაისურებისთვის - მხატვარი ეკა რომელაშვილი გვიყვება.

- ნახატებით მოსწავლეები ცდილობენ საკუთარი პიროვნება და ინდივიდუალობა გამოხატონ. ნახატებს, რომლებსაც ირჩევენ, ძირითადად მაინც შინაარსობრივი დატვირთვა აქვს: ვიღაც საყვარელი ანიმაციის გმირებს მახატვინებს, ვიღაც - საყვარელი ფილმის პერსონაჟს, ვიღაც კი მხოლოდ წარწერას ამჯობინებს. რამდენიმე ფოტო მოაქვთ და იქიდან ვარჩევთ, საერთო ჯამში კომპოზიციურად საინტერესოც რომ გამოვიდეს და ლამაზიც. თან, თემასთან ახლოსაც უნდა იყოს. მაგალითად, ერთ პერანგზე დავხატე გოგონა წიგნით ხელში, შორს თვითმფრინავი მოჩანს. ესე იგი, წარმატებით ამთავრებს სკოლას, იწყება მისი იდეების განხორციელების წელი და ევროპაში სწავლის გაგრძელებას აპირებს... მთხოვენ ყვავილების, პორტრეტების დახატვასაც, მაგრამ რაღაც დატვირთვას ვძენ და ვუხატავ წიგნს, ატესტატს, ზარს, რაც სკოლასთან ასოცირდება. სკოლებიდან, სადაც გაძლიერებით ისწავლება მათემატიკა და სხვა ტექნიკური საგნები, ხშირად უთხოვიათ დამეხატა აინშტაინი, ციფრები, აინშტაინთან დაკავშირებული სხვადასხვა სახალისო ვერსია. ბიჭებს უფრო შავ-თეთრი, სადა ნამუშევრები მოსწონთ. რაგბიზე ვინც დადის, მორაგბეებს ვუხატავ, ფეხბურთის ფანებს - მარადონას, პელეს.

ერთ წელს ერთი სკოლიდან 12-13 ბავშვი მოვიდა ჩემთან სახლში. სამმა ვერაფრით გადაწყვიტა, რისი დახატვა უნდოდა. ბოლო ზარის წინადღეს მომიტანეს 2-2 მაისური, ან ერთს ჩავიცვამთ, ან მეორესო. უჭირთ ხოლმე არჩევნის გაკეთება, თუმცა ყოფილა შემთხვევაც, როცა ერთი წლით ადრე დამახატვინეს - მუსიკალური ათწლედის მოსწავლემ მომიტანა პერანგი და მითხრა: მართალია, მომავალ წელს ვამთავრებ, მაგრამ იქნებ მაშინ დრო არ მქონდეს და უკვე მზად მექნებაო.

კურიოზი სხვაც ბევრი იყო. ინგლისური საერთოდ არ ვიცი. ერთმა ბიჭმა მომიტანა რაღაც წარწერა და მითხრა, შავ-წითელში მინდა ამის დაწერაო. დავასრულე და დიდი სიხარულითა და ზარ-ზეიმით გადავეცი. თანაკლასელი მოჰყვა და წარწერა რომ დაინახა, თვალები გაუფართოვდა, - ეს რა დაგიწერინებია ამ ქალისთვისო?!. მოკლედ, თეთრი პერანგის უკანა მხარეს ლანძღვა-გინების კორიანტელია თურმე და მე აზრზე არ ვარ. წინა მხარეს კი დავხატეთ ზარი. პატიოსანი ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ შეხედავდი, მოტრიალდებოდა და აგინებდა ყველასა და ყველაფერს... ეს რა დაგიწერიაო?! - კიდევ რომ გაუმეორა კითხვა მეგობარმა, მაშინღა ჩავეძიე, რას ნიშნავდა წარწერა. რომ მცოდნოდა, ამას როგორ დავაწერდი-მეთქი?! - ვუთხარი.

...თითქოს ამ დღეს თავიანთ გზებს ლოცავენ, უნდათ, გამორჩეულები და ლამაზები იყვნენ. არ მახსოვს, რომელმა სკოლამ, მაგრამ ერთ წელს კონკურსიც კი ჩატარდა, ვის უფრო საინტერესო და ორიგინალური რამ ჰქონდა დახატული პერანგზე. ისეთი რუტინული ცხოვრება გვაქვს, თვითონ ადამიანებმა უნდა გავიხალისოთ ყოველდღიურობა და გავულამაზოთ ჩვენს შვილებსაც.

- ეკა, თუ გახსოვთ, თვითონ რა გქონდათ დახატული ბოლო ზარის მაისურზე?

- ძალიან მოკრძალებული ნახატი შევარჩიე, დედამ დამიხატა. ჩემი მშობლები მხატვრები არიან. დედა ქსოვილების დიზაინერია და ტრიკოტაჟის ფაბრიკაში მთავარ დეკორატორად მუშაობდა. მამა არქიტექტორია, ფერმწერი, და საკმაოდ წარმატებულია თავის სფეროში. მეც მინდოდა, დედას კვალს გავყოლოდი. კარგად ვსწავლობდი, მაგრამ მე-8 კლასიდან გამოვედი და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო აკადემიაში გავაგრძელე სწავლა. ნიკოლაძისა და სამხატვრო აკადემიის პედაგოგები გვასწავლიდნენ, შეიძლება ითქვას, აკადემიური ცოდნა მივიღე.

თავიდან ფერწერა მინდოდა, მაგრამ მაინც ქსოვილების დიზაინი ავირჩიე, რადგან ბევრი მიმართულება ისწავლებოდა ამ ფაკულტეტზე - ბატიკა, გობელენი, თექა... შემიძლია კენჭებითაც მოვხატო ან სულაც ნიჟარებით, საინტერესო კომპოზიციების შექმნა მიყვარს. ამჟამად პერსონალური გამოფენისთვის ვემზადები. როდესაც ოჯახი და 3 შვილი გყავს, მოლბერტამდე მისვლა დიდი ფუფუნებაა. ძირითადად, ღამით ვხატავ ხოლმე, როდესაც სიმშვიდეა.

სიურრეალიზმია ჩემი მიმართულება. სიურრეალისტების მიზანი ხომ ის არის, რომ ფარდა ახადონ ქვეცნობიერს და სიღრმისეულად გამოიკვლიონ სამყარო. ვფიქრობ, სამყარო მიგზავნის მესიჯებს და თუ შემოქმედი ხარ, ამ კავშირს სულ გრძნობ. როდესაც ვხატავ, რაღაც აუხსნელი ხდება ხოლმე. მინდა, ჩემსა და სამყაროს შორის ეს კავშირი არასდროს დაირღვეს და შუაღამისას კიდევ ბევრჯერ წამომაგდოს ფეხზე იმის სურვილმა, რომ რაღაც შევქმნა.

ნინო ჯავახიშვილი