სიძულვილი კლავს, მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს
"სიძულვილი განხეთქილებას აღვივებს, სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს" (ბიბლია, იგავნი 10:12). ვაგრძელებთ რუბრიკას, რომელშიც საზოგადოებრივ საკითხებზე თავიანთ შეხედულებებს ჩვენთან "საკუთარი ფეხით მოსული" რესპონდენტები გვიზიარებენ. ამჯერად ეს გახლავთ ბატონი მერაბი...
- 1991 წელს თბილისში რომ ჩამოვედი, ორთაჭალის ავტოსადგურის წინ უზარმაზარი ბილბორდი მომხვდა თვალში: "საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში". იმხელა სიყვარული მოედინებოდა, ეგრევე გავთბი, შემოდგომის ბოლო დღეების სიცივის მიუხედავად. მაშინ იანაევის "გეკაჩეპე" ჩაფლავდა, საბჭოთა კავშირი იშლებოდა, ამის გამო უმაღლესებში სწავლა გადაიდო და 22 ნოემბერს დაიწყო.
პირველი, რასაც თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში გადავაწყდი, დაუსრულებელი მიტინგომანია იყო. თუკი თავიდან წამყვანიც ჩანდა, მერე მოქალაქეები ორ-ორად იყოფოდნენ და სასტიკად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. კამათი აღმავალ ტემპში მიმდინარეობდა, მალევე ლანძღვა-გინებაზე გადადიოდნენ. ფელინის შეშურდებოდა სცენები, რაც იქ იშლებოდა. ყველა "გენიოსმა" რეგიონული თუ მსოფლიო პოლიტიკის ანაბანა ხუთიანზე იცოდა, ოპონენტისთვის "თავზე გადავლას" ცდილობდა. თბილისის ქუჩებში მოსიარულე მოჩვენება დავით დ., რუდოლფ შტაინერი, ვანგა, გიორგი გურჯიევი, ნიცშე, ნოსტრადამუსი, გრიგოლ რობაქიძე, კაშპიროვსკი, კაფკა, გივი ალაზნისპირელი, გაზეთ "შანსის" ეროტიკული ფოტოები, ადოლფ შიკლგრუბერის "მაინ კამპფი", გივი გუმბარიძე, დეილ კარნეგი, უცხოპლანეტელები, პოლ ბრეგის "შიმშილობის სასწაული" - ვისზე ან რაზე აღარ გაიგონებდით ამ ჯოჯოხეთურ ყაყანში!..
- კიდევ რა თემები განიხილებოდა?
- აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ერაყელ დიქტატორ სადამ ჰუსეინს ბებია ქართველი ჰყავდა. ჯორჯ ბუში წარმოშობით ჩვენებური კახელი, ყუშიტაშვილი იყო: ოკეანის გაღმა წასულმა წინაპარმა ჯერ ამერიკულად, "ყუშად" გადაიკეთა გვარი და მერე სულაც, "ბუში" გახდა. ინდური შტატი გუჯარათი ძირძველი ქართველების (გურჯების) მიერ იყო დაარსებული, სადაც დღესაც მშობლიური იერი და ნაკვთები აქვთ შენარჩუნებული. მსგავს გენეტიკურ წიაღსვლებს ვინც არ გაიზიარებდა, თსუ-ის ეზოდან პანჩურით გაგდება ვერ ასცდებოდა...
ერთხელაც, მეგობართან ერთად "დეზერტირების ბაზრიდან" მომავალნი, საზარლად მოფუთფუთე ეზოში შევედით თუ არა, წამყვანის გამყინავი შეძახილი ჩაგვესმა - "ქართველებო, ადგილზე დაიჩოქეთ!" სხვა რა გზა გვქონდა, იქვე ასფალტზე ჩავიმუხლეთ და, როგორც ყველამ, მარჯვენა მუშტი ზე აღვმართეთ. ვერაფრით გავიგეთ, კონკრეტულ დროსა და მომენტში რას ვადიდებდით ან რას ვაპროტესტებდით, მთავარი სისხლში გამჯდარი რიტუალის აღსრულება იყო. ამ უცნაურ პოზაში მეგობარს ეცინებოდა. შევუბღვირე, - შე პოლიტიკურად უმწიფარო, წმინდა წესს ნუ არღვევ, თორემ აქედან სამარცხვინოდ გაგვყრიან-მეთქი... ისე დასრულდა რიტუალი, ვერ დავადგინეთ მიტინგის ახალგამომცხვარ "ბელადს" რა ეშმაკი ამოძრავებდა...
- "საინტერესო" ცხოვრება გქონიათ!..
- ეზოში დაწყებული კამათები ცოტა ხანში კინოსა და მთავრობის სახლის წინ ურთიერთდაპირისპირებულთა დიდ მიტინგებში გადაიზარდა. ერთგან პოპულარული შეფასება "სისხლიანი დიქტატურა" იყო, მეორეგან "კრემლის აგენტებს" ახსენებდნენ ყველაზე ხშირად.
22 დეკემბერს სოფელში მივემგზავრებოდით, როცა მეტროს ვაგონები თავისუფლების მოედანზე არ გაჩერდა, ისე "დააწვა" ავლაბრისკენ. მობუზულმა ბაბუამ მეორეს გადახედა, - ზემოთ ომი დაიწყო, ახლა კი ჩვენი "პოზიცია"-ოპოზიცია ერთმანეთს ბოლომდე ჩახოცავსო. ასეც მოხდა - საბჭოეთის ნანგრევებში ბოლომდე მოვყევით... 6 იანვრის შემდეგ დაბრუნებულებს რუსთაველის გამზირი განადგურებული დაგვხვდა. მშიერი მაწანწალა ძაღლებიც კი შეშინებული დაძრწოდნენ იმ გაუკაცრიელებულ არემარეში.
- მერე ცხოვრება როგორ გაგრძელდა?
- "წმიდათაწმიდა დემოკრატიისთვის ბრძოლის" ლოზუნგით მოსულმა მთავრობამ "ზვიადისტების" მშვიდობიანი მიტინგების დახვრეტა დაიწყო. ვაგზლის მოედნიდან ფეხით მომავალნი ცირკთან სროლებს ძლივს გადავურჩით. მეორეჯერ ვარაზისხევიდან მოძრაობისას, გმირთა მოედნიდან ჩვენზე მოღერებული ზარბაზანი დავინახეთ და თავქუდმოგლეჯილი უკან გავიქეცით. ზოგი ახალი მთავრობის "ლავუშკებისგან" დროზე გაქცევას ვერ ახერხებდა და ძმათამკვლელი ბრძოლისას ეცემოდა. მალე ეს ომი აფხაზეთში გაგრძელდა, ისევ სამწუხარო შედეგით.
1995 წელს კონსტიტუცია მივიღეთ და ეგრევე "მემშვიდობე" შევარდნაძეც ააფეთქეს; ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს და ბრეტელებიანი მაისურით მიმართა სამწყსოს. ქვეყნის პირველი პრეზიდენტი უკვე მოკლული იყო... იმ პერიოდში შთაბეჭდილება იყო შექმნილი, რომ ქართველებს მხოლოდ უნაპირო ურთიერთსიძულვილი და ერთმანეთის ძალადობრივი მოკვდინება შეგვეძლო - გააჩნია, ვინ ვის დაასწრებდა.
- არჩევნები ხომ ტარდებოდა?!
- 90-იანებში ჩატარებული კენჭისყრებიც ფორმალურ-სარიტუალო ხასიათს ატარებდა. საარჩევნო უბნებად წოდებულ ჭუჭყიან ფარდულებში ათასი "ჩაყრა", "კარუსელები" და სხვა მამაძაღლობები ტრიალებდა. სათავეში მყოფ ძალას აუცილებლად უნდა გაემარჯვა, ხოლო ოპოზიცია უცხოთა თვალში დეკორაციის როლს ასრულებდა.
პირველი გამონაკლისი 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოხდა, როცა ენერგიული ოპოზიცია გაყალბებას არ შეურიგდა, ძირმომპალი ხელისუფლება მშვიდობიანი "ვარდების რევოლუციის" გზით გაისტუმრა. სათავეში მოსულებმა დამკვიდრებულ წესს მაინც არ უღალატეს და "წითელი ინტელიგენტები" ჩარეცხილებად გამოაცხადეს. კორუმპირებულ ოპონენტებს ხომ იჭერდნენ და მოპარულ ფულს ახდევინებდნენ, ამას საქვეყნოდ, ტელეეთერით, სიძულვილის დემონსტრირებით აკეთებდნენ. სიტყვით ეროვნულ თანხმობას ქადაგებდნენ, საქმით ისტორია მათით იწყებოდა, ოპოზიცია მტრად იყო გამოცხადებული. სისხლში გამჯდარმა ურთიერთგაუტანლობამ 2007 წლისთვის მორიგ პიკს მიაღწია და ხელისუფლება, სიტყვის გარდა, საქმითაც დაერია ქუჩაში გამოსულებს. მთავრობისთვის ოპოზიციაში ისევ "კრემლის აგენტები და მოღალატეები" იყვნენ, ხოლო ოპოზიცია მმართველებში მხოლოდ "სადისტებსა და კაცისმკვლელებს" ხედავდა. სიძულვილის რიტუალი მსხვერპლს მოითხოვდა, დედაქალაქის ქუჩებში მორიგი ცოდვის კალო დატრიალდა.
ცოტა ხანში რუსული პროვოკაცია დაგვეხმარა და შევეცადეთ, დამძიმებული შიდა პრობლემები სეპარატისტ-ოკუპანტებზე გადაგვეტანა. არ გამოგვივიდა. სიძულვილით ჩადენილ კარგ ჩანაფიქრსაც შედეგი არ მოაქვს, მიწები კიდევ დავკარგეთ. ისევ არნახული გაუტანლობა და ერთმანეთის "ცოცხლად ჭამა" დაგვრჩა.
- მერე ყველაფერი ხომ შეიცვალა?
- დიახ, 2012 წლის შემოდგომაზე ცნობილი მიტინგი იყო, როდესაც რუსთაველის გამზირი ისევ ხელისუფლების სიძულვილით გაივსო. არჩევნებში მთავრობა დამარცხდა და ოპოზიციაში გადავიდა. დაიწყო გამარჯვებულ-დამარცხებულთა ურთიერთმიუღებლობის მორიგი ცხრაწლეული თუ ათწლედი. თუ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოხუცებული შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციაში გამოკეტეს, 2013 წლის შემდეგ სააკაშვილი საერთოდ ქვეყნიდან შორს გააგდეს. ახალი ხელისუფლებისთვის ოპოზიცია ერთი დიდი "ნაცსადისტების სექტაა", ხოლო ოპოზიციისთვის მთავრობა - "რუსული "გაზპრომის" უნიათო ფილიალი"... გავიდა ათი "საოცნებო" წელი უდრეკი ოპოზიციონერების პერმანენტულ დაჭერებსა და გაშვებებში (მერე ხელახლა დაჭერებში), სამაჯურის ტარებებში და ა.შ.
სიძულვილის "რიტუალმა" 2019 წლის ზაფხულისთვის ისევ პიკს მიაღწია და რუსთაველზე ოპოზიციონერ-მომიტინგეთა თვალების დათხრით დასრულდა. არასახარბიელო მდგომარეობა ვერც ბოლო საპარლამენტო არჩევნებმა განმუხტა, როცა დისკრედიტირებულმა ხელისუფლებამ ყველა კანონიერ-უკანონო გზა გამოიყენა უმრავლესობის შესანარჩუნებლად. მოტივი ისევ და ისევ სიძულვილით ნაკარნახევი შიშია, წაგების აღიარებისა და ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ რომ დაერევიან...
ერთმანეთის გაუტანლობამ ქართველები იმდენად დაგვაბრმავა, რომ ვგონებ, ყველას (ხელისუფლების ჩათვლით) ჯანსაღი ინსტინქტები დაგვიჩლუნგდა. ამის გამოა, რომ უცხოელი მეგობრებიც ნელ-ნელა ზურგს გვაქცევენ. აგერ ნახეთ, "დიდი შვიდეულის" ბოლო შეხვედრაზეც დემონსტრაციულად არ მიგვიწვიეს, როცა იქ უკრაინისა და მოლდოვის წარმომადგენლები დიდი პატივით მიიღეს.
ამ დროს ქვეყანა სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისშია და ხსნა არსაიდან ჩანს. სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება ადამიანებს უკეთესი მომავლის იმედს მაინც გაუჩენდა, მაგრამ სად არის?!. დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანეთთან პირისპირ საუბარიც არ შეუძლიათ, შეურიგებელი პოზიციების დასაფიქსირებლად ცალ-ცალკე ხვდებიან ევროპელ და ამერიკელ მედიატორებს.
- გამოსავალს თუ ხედავთ?
- ჩემი დაკვირვებით, ქვეყანას "ინტელექტუალური ელიტა" კი არა, დაუსრულებელი ურთიერთსიძულვილი მართავს, რასაც კეთილი ნაყოფი არასოდეს ექნება. ფსიქოლოგებმა, სოციოლოგებმა, სხვა მეცნიერებმა სასწრაფოდ უნდა შეისწავლონ ეს საკითხი და დასკვნებიც გამოიტანონ, თორემ საშველი არ ჩანს. ცუდს თუ ცუდი არ დავარქვით, არც კარგი გვეცოდინება.
ბიბლიურმა მოსემ თანატომელები მონობიდან გამოსაყვანად 40 წელი ატარა უდაბნოში. ქართველები უკვე 30 წელია, გზააბნეული ცხვრებივით დავდივართ სიძულვილის "უდაბნოში" და თუ ჭკუით არ ვიქნებით, დარჩენილი 10 წელიც არ გვეყოფა მონობისგან თავის დასახსნელად. მინიმუმი, რომელიც დღესვე დასაწყებია, დამღუპველი ურთიერთსიძულვილისგან განკურნება უნდა იყოს, სხვაგვარად არაფერი გვეშველება.
ბოლოში ერთ პატარა და სახასიათო ანეკდოტს უნდა მოგიყვეთ:
ახალი დროების "მობიზნესმენო" ქართველები თანამედროვე ცივილიზაციისგან სრულიად მოწყვეტილი, რომელიღაც ტომის ყოფა-ცხოვრების ამსახველ ფილმს უყურებენ. კადრებში "ძაღლი პატრონს ვერ ცნობს", დიდიან-პატარიანად შიშველ-ტიტველი დარბიან, უცნაურ ხმებს გამოსცემენ, ერთმანეთს ხან ძლიერ ემტერებიან, ხანაც საჯაროდ ესიყვარულებიან. - ბიჭო, რას შვრებიან ეს შობელძაღლები? - ეეჰ, ძმაო, მათაც ხომ მოიპოვეს დამოუკიდებლობა...
გიორგი მეფარიძე