"მინდა ჩემი შვილები შრომას მიეჩვიონ და ნებისყოფა განიმტკიცონ" - გზაპრესი

"მინდა ჩემი შვილები შრომას მიეჩვიონ და ნებისყოფა განიმტკიცონ"

პროფესიით ფილოლოგი თამარ გორხელაშვილი გურჯაანში ცხოვრობს. 2018 წლიდან პოლიმერული თიხით ნივთებს ქმნის და აფორმებს ჭიქებს, თეფშებს, ლარნაკებს... სამი შვილის დედა ხელსაქმესა და ბავშვების აღზრდას ერთმანეთს უთავსებს. ქუჩაში ხშირად ხვდებიან ის გოგონები თუ ქალბატონები, ვინც მისი ხელით შექმნილ თმის სამაგრებს ატარებენ, რაც მას ძალიან ახარებს.

1-1653379011.jpg

- ბავშვობიდან ვხატავდი, თვითნასწავლი ვარ. დედა მკერავი იყო, მამა არქიტექტორი და ყველას ეგონა, რომ მეც ხელოვნების მიმართულებით გავაგრძელებდი სწავლას, თუმცა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი გავხდი. უნივერსიტეტი წარმატებით დავასრულე, სტიპენდიატიც ვიყავი. მახსოვს, 2007 წელს პირველი სტიპენდია რომ ავიღე, იმ თანხით ტელეფონი შევიძინე. სწავლა რომ დავასრულე, ოჯახი უკვე შექმნილი მქონდა. ბევრი მეკითხება, თუ რატომ არ ავირჩიე ხელოვნება? მაშინ ისეთი აქტიური არ იყო "ფეისბუკი" და ონლაინგაყიდვები, როგორც დღესაა. ჩემს ყოფას რეალური თვალით ვუყურებდი, ამიტომ ჩემი სურვილი და ნიჭი დროებით მივაძინე. გურჯაანის ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი. მასთან არსებულ გახანგრძლივებულ ჯგუფში ბავშვებს ხელსაქმეს ვასწავლიდი. პირველად მათთან და ჩემს შვილებთან ერთად დავიწყე შინ თიხაზე მუშაობა. პირველი ნივთები ნაძვის ხის სათამაშოები იყო. ნელ-ნელა იდეები წამოვიდა და სხვადასხვა ნივთის შექმნა დავიწყე. ცოტა ხანში ჩემი ნამუშევრებისათვის სოციალურ ქსელში გვერდიც გავაკეთე და ჩემმა მეგობარმა მარი რუაძემ ბრენდიც შემიქმნა. ნელ-ნელა დაიწყო რეალიზება. უსაქმოდ ყოფნა არ შემიძლია. ყოველთვის ნათელ ფერებს ვანიჭებ უპირატესობას. მიყვარს ხალხის გახარება. ვფიქრობ, დღე დაკარგულია, თუ ვინმეს სიხარული არ მიანიჭე. ადამიანის დანიშნულება ღმერთთან მიახლოებაა და ეს ისე არ გამოვა, თუ ერთმანეთი არ გვიყვარს და არ ვახარებთ. აქედან გამომდინარე, მიყვარს დასაჩუქრებაც და ქველმოქმედებაში მონაწილეობაც. ერთხელ გარკვეულ თანხად გაიყიდა ჩემი ნამუშევრები. იმ ფულით მათ დავეხმარე, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ბევრს ვმუშაობ და როცა ადამიანს უჭირს, თანხა შესაწირივით უნდა გაიღო. ახლახან დედა გარდამეცვალა, ფსიქოლოგიურად რეაბილიტაციის პროცესში ვარ და ჩემთვის მნიშვნელოვანია ასეთი ნაბიჯები. მიხარია, როცა ჩემი ნივთები მოსწონთ, ზოგს კოლექციაც აქვს. უმეტესად უცხოეთში მყოფი ქართველები ყიდულობენ. ჩემი ნამუშევრები "მოგზაურობენ" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და იმედია, მეც მომეცემა საშუალება გავეცნო სხვა ხალხის ხელოვნებას.

2-1653379023.jpg

ოჯახს უმთავრესად მე ვუძღვები, რადგან მეუღლე ჯარისკაცია და კვირაში 5 დღე სამსახურშია. ჩემს წარმატებაში მისი წვლილი ძალიან დიდია, ის მამარაგებს მასალით და თუკი რამ მჭირდება, გვერდში მიდგას. ხელსაქმე ჩვენს სამივე შვილს აინტერესებს. როცა ბევრი შეკვეთა მაქვს, ნათია და ლევანი ჩემთან ერთად სხედან მაგიდასთან. მარიამი ჯერ პატარაა, ბაღში დადის და ზოგჯერ ის მხოლოდ გართობის მიზნით ძერწავს რაღაცებს. უფროსები კი იმას აკეთებენ, რაც ხელეწიფებათ. მინდა შრომას მიეჩვიონ და ნებისყოფა განიმტკიცონ. დედაჩემმა მეც ასე მიმაჩვია. პირველად ჩემი ფული რომ ავიღე, 18 წლის ვიყავი. თოჯინებს კაბებს ვუკერავდი და მაღაზიაში ვაბარებდი. მახსოვს, იმ ფულით, ფოტოები დავბეჭდე და ეს ძალიან მიხაროდა.

3-1653379035.jpg

- თქვენს უმთავრეს პროფესიაში დაბრუნებას ხომ არ გეგმავთ?

- პროფესია სიყვარულით მაქვს არჩეული. მომავალში საშუალება თუ მომეცემა, ჩემი პროფესიით მუშაობას აუცილებლად გავაგრძელებ და საქმეს დიდი სიყვარულით მოვეკიდები. პარალელურად, თიხაზეც ვიმუშავებ, რადგან ეს ჩემთვის კომფორტის ზონაა. ახლა ყვავილების ხაზი მაქვს განვითარებული და ვფიქრობ, სამომავლოდ თოჯინები დავამატო, - ვფიქრობ ეს იქნება ამ საქმის კულმინაციაც და გვირგვინი.

ანა კალანდაძე