ქართველი მხატვრის მორიგი აღიარება - გზაპრესი

ქართველი მხატვრის მორიგი აღიარება

6 მაისს, ქალაქ ბარსელონაში, ქართველი მხატვრის - ეკატერინე სიხარულიძის რიგით მეორე პერსონალური გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე ფავორტი ნაშრომი ვაჟა-ფშაველას პორტრეტი გახლდათ. აღნიშნული ფერწერული ტილო ქალბატონი ეკატერინეს შემოქმედებაში ყველაზე "იღბლიანი" აღმოჩნდა. გამოფენაზე იყო ასევე წარმოდგენილი ისეთი ახალი ნაშრომებიც, რომლებმაც ქართველი მხატვრის აღიარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ერთ-ერთი იყო "დავით აღმაშენებელი", რომელმაც ქალბატონ ეკატერინეს მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ჯილდო "ხელოვნების ოლიმპიური პრიზი 2021" მოუტანა.

სპეციალურად "გზისთვის" ქალბატონმა ეკატერინემ ექსკლუზიური მასალა მოგვაწოდა (აღვნიშნავთ აქვე, რომ საქართველოდან "გზის" ჟურნალისტები როლანდ ხოჯანაშვილი და გიორგი მათეშვილი იყვნენ მიწვეულნი გამოფენაზე. - რედ.).

ეკატერინე სიხარულიძე:

- ეს პერსონალური გამოფენა რიგით მეორეა და ImaginArte ორი კვირის განმავლობაში დამთვალიერებელს აძლევს საშუალებას, ჩემი ახალი და შედარებით ადრინდელი ნაშრომები დაათვალიეროს. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის სამეფო კვლავ კოვიდრეგულაციების დაცვით ცხოვრობს, დანტე ალეგიერის 157-ში, გიორგობა დღეს ძალიან ბევრი დამთვალიერებელი მოვიდა.

ვაჟა-ფშაველას პორტრეტზე არაერთხელ მისაუბრია. ეს ნაშრომი "გზის" სტატიის საფუძველზე დაიხატა, ისევე, როგორც ჩემი არაერთი ტილო. "ვაჟაზე" მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ლუვრში მისი გამოფენა იყო ყველაზე დიდი აღიარება. აქვე დავძენ, თუ "ვაჟა" გაიყიდება, გაიყიდება მხოლოდ ჩემს სამშობლოში და არსად სხვაგან! ძალიან ბევრი მსურველი იყო შეძენისა, მაგრამ ჩემი დაჟინებული მოთხოვნა ასეთია: "ვაჟა" ან ჩემს კოლექციაში დარჩება, ან ჩემს სამშობლოში!

280248966-2594375707360851-4537515530864414596-n-1653379738.jpg

გასულ წელს ხელოვნების ოლიმპიადაში მივიღე მონაწილეობა. ალბათ ძალიან ცოტამ იცის, 1912-დან 1952 წლამდე, ოლიმპიური თამაშების დროს პარალელურად ტარდებოდა თანამედროვე ხელოვნების კონკურსი, რომელიც ხუთ კატეგორიად იყოფა: ფერწერა, ქანდაკება, არქიტექტურა, ლიტერატურა და მუსიკა. ეს კონკურსი, რომელშიც სხვადასხვა დისციპლინის ხელოვანები მონაწილეობდნენ, იყო ბარონ დე კუბერტენის იდეა, რომელიც 1906 წელს გაჟღერდა და 1912 წელს გააქტიურდა. მასში მონაწილეობდა ჟან რენე გოგენი, პოლ გოგენის ვაჟი, რომელმაც 1924 წლის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ქანდაკებისთვის. ისეთი ცნობილი ხელოვნების ისტორიკოსიც კი, როგორიც ჯულიო კარლო არგანია, ჩართული იყო ჟიურის მუშაობაში. 1924 წლის პარიზის ოლიმპიადაზე კი დიდმა იგორ სტრავინსკიმ მუსიკოსებს მედლები გადასცა. ხელოვნების ოლიმპიური პრიზი იმისთვის შეიქმნა, რომ დააჯილდოვონ მხატვრები, მოქანდაკეები, ფოტოგრაფები, გრაფიკული დიზაინერები, რომლებსაც თავიანთი ნიჭისა და შემოქმედების წყალობით შეუძლიათ ამ კონკურსში მონაწილეობა. ოლიმპიური პრიზის დაწესების მიზანია ხელოვანთა მოტივაცია და აღიარება. პრიზის დაწესების იდეის ავტორი და კურატორი ფრანჩესკო სავერიო რუსო და სალვატორე რუსო არიან, რომლებიც არჩევენ მხატვრებს. გამარჯვებულ ხელოვანს გადაეცემა პერსონალური დაფა თავისი სახელით, მედალი და პერგამენტი. გარდა ამისა, ნამუშევრები გამოქვეყნდება ხელოვნების ოლიმპიური პრიზის კატალოგში და Art International Contemporary-ში. კატალოგში იქნება ოლიმპიური თამაშების ხელოვნებისა და მხატვრული შეჯიბრებების ისტორიის დოსიე. ნაშრომთა თემა თავისუფალია. "ხელოვნების ოლიმპიურ პრიზში" მონაწილეს აქვს გვერდი ღონისძიების ოფიციალურ კატალოგში "Art Olympic Prize", ჟურნალში Art International Contemporary Magazine. "ხელოვნების ოლიმპიური პრიზი 2021"-ის მოსაპოვებლად, კონკურსის მოთხოვნის მიხედვით, აპლიკანტმა უნდა შეავსოს ფორმა, რომელშიც ერთი ნამუშევრის სათაური, ზომა, ტექნიკა და შესრულების წელი უნდა იყოს მითითებული. ნაშრომების შერჩევა ხდება მსოფლიო მასშტაბით. ამ კონკურსში გავგზავნე "დავით აღმაშენებელი", რომელმაც "ხელოვნების ოლიმპიური პრიზი 2021" მომიტანა!

რაც შეეხება "ენის", ამ ნაშრომსაც დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ ხელოვნებათმცოდნეები. ფრთხილად ვარჩევ ჯგუფურ გამოფენებსა და კონკურსებს, რომლის მონაწილეც უნდა ვიყო. ასამდე პრიზი და აღიარება არ არის ცოტა ემიგრანტისთვის და მიხარია, რომ ჩემი ნიჭის რეალიზება შევძელი. ამაში მეხმარება ჩემი მეუღლე და მეგობარი ჩავი პრატი, რომლის თანადგომის გარეშე ბევრს ვერაფერს შევძლებდი. ახლა კი ენიზე გეტყვით: XIX საუკუნის ბოლოს პარიზში, მდინარე სენადან ახალგაზრდა ქალის ცხედარი ამოიღეს. მნახველები შოკში იყვნენ მიცვალებულის სახის მშვიდი გამომეტყველებით და გადაწყვიტეს გამოსახულების უკვდავსაყოფად მისი სახის თაბაშირის ასლი გაკეთებინათ. არც ენი და არც მისი სახის თაბაშირის ასლი მეოცე საუკუნემდე არავის ახსოვდა, სანამ სამედიცინო უნივერსიტეტში პირიდან პირით სუნთქვის პრაქტიკა არ დაიწყო. სტუდენტები ამ მეთოდს ერთმანეთზე ცდიდნენ, მაგრამ ამას თავისებური უხერხულობანიც ახლდა. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ოსმუნდ ლაერდალს (lerdals) სპეციალური მანეკენების დამზადება უბრძანა. მან, თავის მხრივ, გაიხსენა უცნობი ქალის ნიღაბი. 1955 წელს ნორვეგიელმა ლერდალმა, გულ-ფილტვის რეანიმაციაში ვარჯიშისთვის "საჭირო მატყუარა" მანეკენის შესაქმნელად, ბუნებრივი თვისებების მისანიჭებლად, გაიხსენა "უცხოს" ნიღაბი, რომელიც ბებია-ბაბუის სახლში ეკიდა და გადაწყვიტა, მისი "სახე" მანეკენისთვის მიეცა. სავარჯიშო მანეკენს დაარქვეს Resussi Anne ("აღდგომა ანა"). ენიმ ამ ფაქტის გამო მიიღო არაოფიციალური ტიტული "ყველაზე კოცნადი გოგონა მსოფლიოში".

ენი ანუ "უცხო სენიდან" ამის შემდეგ ცნობილი გახდა, როგორც ქალის საიდუმლოებისა და სილამაზის მოდელი. ენის ცხედარზე ძალადობის ნიშნები არ აღმოჩენილა, ამიტომ სიკვდილის სავარაუდო მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდა. ცხედარი იდენტიფიკაციისთვის მორგში გადაიტანეს. იმ დროს პარიზში ასეთი პრაქტიკა იყო - ამოუცნობ ცხედარს გამოფენდნენ სპეციალურ ვიტრინაში, სადაც ნებისმიერ გამვლელს შეეძლო მისი ამოცნობა. გოგონას ცხედარი იდენტიფიცირებული არ ყოფილა. მოგვიანებით არაერთხელ, ამაოდ სცადეს მისი ვინაობის დადგენა.

280605779-538748461185132-6835534740625538716-n-1653379750.jpg

პირველად ენი 1898 წელს დაწერილ და 1900 წელს გამოცემულ რიჩარდ ლე გალიენის მოთხრობაში იყო მოხსენებული. მე-19 საუკუნის ფრანგი მხატვრის ჟიულ ლეფევრის მემუარების მიხედვით, ენი ტუბერკულოზით (ან სხვა წყაროების მიხედვით, ოპიუმის მოწამვლისგან) გარდაიცვალა. გოგონას სახე ლეფევრისთვის შთაგონების წყარო იყო, მაგრამ ის არ ახსენებს მის სახელს თავის მემუარებში. გასული საუკუნის 20-იანი წლების მერე, ენის სახე არაერთხელ გამხდარა მწერლების, პოეტების, მხატვრებისა და ფოტოგრაფების შთაგონების წყარო. კამიუმ ენის ღიმილი მონა ლიზას ღიმილს შეადარა. ჟიულ სუპერვიელმა და კლერ გოლმა მიუძღვნეს მოთხრობები ამ იდუმალი ღიმილის მქონე "უცხოს". "მატყუარა ღიმილით" აღფრთოვანებული იყო რილკე. კულტურის კრიტიკოსმა ალ ალვარესმა თქვა, რომ გერმანელთა მთელი თაობა თავის გარეგნობას "უცხოს" ადარებდა. ლუი არაგონის დაკვეთით, მენ რეიმ გადაიღო ფოტოების სერია და ფოტოკოლაჟები თაბაშირის ჩამოსხმისგან. მორის ბლანშოტი ნიღბის ასლს საკუთარ სახლში ინახავდა; მისი თქმით, ახალგაზრდა დამხრჩვალ ქალს ისეთი ცოცხალი და ნათელი ღიმილი ჰქონდა, თითქოს უმაღლესი ბედნიერების მომენტში გარდაიცვალა. ფოტოგრაფმა ალბერტ რუდომინმა გამოიყენა ნიღაბი, რათა 1927 წელს ცნობილი ფოტო "ურკის არხის უცნობი ქალბატონი" შეექმნა, რომელშიც მან სცადა უცნობი ადამიანისა და ღვთისმშობლის მახასიათებლების გაერთიანება. ვლადიმირ ნაბოკოვმა უცნობ დამხრჩვალ ქალს მიუძღვნა ლექსი L’Inconnue de la Seine (1934), რომელშიც წერია, რომ ენი, სილამაზის ხმის პატრონი, ჩქარობს ცხოვრების დასრულებას, რათა მოხიბლოს პოეტი თავისი ფერმკრთალებით.

"გზის" მკითხველს გპირდებით, ჩემი "ენის" წარმატებებს პირველად თქვენ შეგატყობინებთ. მისთვის ფრთხილად უნდა შევარჩიო ასპარეზი, რადგან ინტუიცია მკარნახობს, ის ჩემს შემოქმედებაში ახალი აღიარების საფუძველი იქნება.

როლანდ ხოჯანაშვილი

გიორგი მათეშვილი