"ცოტას ვხმაურობთ, ცოტას ვთამაშობთ და თან საქმეს ვაკეთებთ" - გზაპრესი

"ცოტას ვხმაურობთ, ცოტას ვთამაშობთ და თან საქმეს ვაკეთებთ"

სპეციალობით ინჟინერ-ენერგეტიკოსია. 23 წლის იყო, პირველად კლასში რომ შევიდა მასწავლებლის ამპლუაში და მიხვდა, რომ ბავშვებთან ურთიერთობა უდიდესი ენერგიით ავსებდა. დარინკა ხუბაშვილი ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის 16-ე საჯაროს სკოლაში ასწავლის, მე-4 კლასის დამრიგებელია.

- კარგად მახსოვს ჩემი პირველი დღე სკოლაში და პირველი ემოციები. დილით ადრიანად ავდექი, რადგან ზარის დარეკვის პატივი მერგო. მახსოვს, ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ვიმღერე კიდეც. ასეთივე მღელვარე იყო ბოლო ზარი - ეს ხომ ის დღეა, როდესაც ცხოვრების ერთ ეტაპს ემშვიდობები და უკან ბევრი მოგონება, საინტერესო დღეები გრჩება; ემშვიდობები მეგობრებს, იცი, რომ სხვადასხვა გზით წახვალთ ყველანი; ემშვიდობები ბავშვობას და არ იცი, რა იქნება ხვალ, წინ რა გელოდება.

277296153-4955533017827711-8886671216664385037-n-1653379899.jpg

სკოლის დამთავრებისას აზრადაც არ მომსვლია, რომ შეიძლებოდა პედაგოგი გავმხდარიყავი. დედა მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობდა, მამა დისტრიბუტორი იყო. სკოლაში მეც ტექნიკური საგნები მიყვარდა, კარგადაც ვსწავლობდი და ამიტომ ინჟინერ-ენერგეტიკოსი გავხდი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც არაფორმალური განათლების მიმართულებით პროექტებს ახორციელებდა. ჩემმა პირველმა სამსახურმა დამანახვა, რომ ბავშვებთან ურთიერთობა კარგად გამომდიოდა, მათთან საერთო ენას ადვილად ვპოულობდი. 3 წელი ვიმუშავე იქ და მივხვდი, უფრო მეტი მინდოდა. იმ პერიოდში ერთ-ერთ სკოლაში საქმის მწარმოებლის ვაკანსია იყო, თავიდან ამით დავიწყე. შემდეგ ჩავაბარე საგნისა და უნარების გამოცდა, ახლა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მაქვს და უკვე 8 წელია, ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს ვასწავლი.

პირველ წელს მე-11 კლასელებთან შევედი, იმდენად კარგად შემხვდნენ, ისე მისმენდნენ და ერთვებოდნენ საგაკვეთილო პროცესში, რომ უფრო და უფრო მეტი სტიმული მომეცა. ჩვენ შორის მცირე ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მაინც მასწავლებელს მეძახდნენ. ახლაც რომ შემხვდებიან, დარო მასწ., - ასე მომმართავენ, არადა, უკვე მაშინდელი მოსწავლეები ახლა უკვე დიდები არიან, ოჯახები ჰყავთ.

- როგორი უნდა იყოს კარგი პედაგოგი და როგორ უნდა შეუქმნას მოსწავლეებს კომფორტული გარემო? საინტერესოა, თქვენ როგორ მოიპოვეთ მათი სიყვარული?

- ხშირად უთქვამთ მოსწავლეებს, შენ დაგვანახვე, რომ მასწავლებელიც ჩვეულებრივი ადამიანია, რომლისაც კი არ უნდა გვეშინოდეს, პირიქით, როგორც მეგობარს, ისე უნდა დაველაპარაკოთო. ვცდილობ, ისე მოვიქცე, რომ ბავშვებმა თავისუფლად იგრძნონ თავი. მაშინ ბევრ რამეს მოგიყვებიან და პრობლემებსაც ერთად გადაჭრით. ასე რომ, როგორც ყველა სხვა პროფესიაში, აქაც მთავარი შენი საქმის და, რაც მთავარია, ბავშვების სიყვარულია. ამ წლების განმავლობაში გავიცანი არაერთი საოცარი, მოტივირებული პედაგოგი, ჩემზე უფრო მეტად რომ უყვართ ბავშვები. გულს მითბობს ხოლმე მოსწავლეების მონაწერი არდადეგებზე, - ნეტავ, როდის დაიწყება სწავლაო. გამოდის, რომ მათ კარგ გარემოს ვუქმნით, რაკი ასე უხარიათ სკოლაში მოსვლა. გული მწყდება, როდესაც სკოლის შესახებ ამბობენ, როგორც იქნა, მოვშორდი ამ ჯოჯოხეთს; ნეტავ, დაიწვას სკოლა და ა.შ. ხშირად მეკითხებიან, რას შვრები, ეს ბავშვები სულ უკან რომ დაგდევენო? არ ვიცი, რას ვაკეთებ განსაკუთრებულს - ვჩხუბობ კიდეც, ორიანებსაც ვწერ, მაგრამ მათ მაინც ვუყვარვარ.

277768745-4981625365218476-3429138243380162192-n-1653379914.jpg

- ალბათ ახერხებთ, რომ სწავლების პროცესი საინტერესო იყოს.

- სხვათა შორის, ისტის სახელმძღვანელოს 3-4 წელია, რაც გრიფირება აღარ აქვს, წიგნის გარეშე კი ბავშვებს უჭირთ სრულფასოვნად სწავლა. სახელმძღვანელო ძალიან გვაკლია მეც და ჩემს კოლეგებსაც. პრაქტიკაში გაკეთებული უფრო კარგად გამახსოვრდება, ვიდრე მასწავლებლის მონაყოლი, მაგრამ არის რაღაც, რაც წიგნიდან უნდა ისწავლონ. ერთი კომპიუტერი გვაქვს, რომელსაც ვშლით და მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, ხელით შეეხონ ნაწილებს, დაათვალიერონ. ამ დროს ან ნიღბები გვიკეთია, ან ხელთათმანები და ერთგვარ მიკროოპერაციას ვუტარებთ "პაციენტს". ერთად განვიხილავთ, ტექსტში რომელი კითხვა იყო სწორი, რომელი - არასწორი, ცოტას ვხმაურობთ, ცოტას ვთამაშობთ და თან საქმეს ვაკეთებთ. წახალისების მეთოდი მაქვს, მაგალითად, შეიძლება ვერ მოვასწრო ყველას გამოკითხვა, ამისთვის მოვიფიქრე ბიტკოინების სისტემა. მარტივ დავალებაში თითო ბიტკოინს იყიდიან ჩემგან და თუ ათს მოაგროვებენ, შეუძლიათ ათიანის ყიდვაც. ასე მხიარულად ვატარებთ გაკვეთილს.

გარდა ამისა, რაც უნდა გადაღლილი ვიყო, წარმოუდგენელია, მათ რამის თქმა უნდოდეთ და მე არ მოვუსმინო; რჩევასაც ვაძლევ, შეიძლება, გავაკრიტიკო კიდეც, მაგრამ ბავშვი უნდა მიხვდეს, რომ მის მიმართ კეთილგანწყობილი ხარ, გიყვარს და მასზე ზრუნავ. სკოლის შემდეგაც მესენჯერში ხშირად ვწერთ ერთმანეთს. წელს მე-4 კლასის დამრიგებელი გავხდი და მელოდებიან, როდის ჩავკეტავ საკლასო ოთახის კარს, რომ შემდეგ რამდენიმე მეტრი ერთად გავიაროთ.

- 20 მაისს მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკება, რას უსურვებთ მათ?

- რომ ვაკვირდები, ახლანდელ თაობას აქვს ბევრი რესურსი, თვითონ გაიკვალონ გზა, ტექნოლოგიების საუკუნეში ეს რთული აღარ არის. შენც ყოველთვის უნდა იყო მზად, რომ როდესაც რაღაც ახალს უყვები ან აჩვენებ, შეიძლება გითხრან, რომ ეს უკვე იციან. ერთხელ ასე რომ ვუთხარით ჩვენს მასწავლებელს, ისეთი ისტერიკა მოაწყო, ვერ წარმოიდგენთ. მერე რა, ყველანი ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობთ და რამე თუ არ ვიცით, ეს სირცხვილი არ არის. ჩვენ პროტესტის გრძნობა თუ გვიჩნდებოდა, არ გამოვხატავდით, ესენი კი არ გაჩუმდებიან, თუ უსამართლოდ მოეჩვენათ რამე, თავიანთ აზრსა და პოზიციას გამოხატავენ.

ბოლო ზარი რომ ირეკება, ყოველთვის ჩემი ბოლო დღე მახსენდება სკოლაში. მაშინ სიხარულს ვგრძნობდი, რადგან წინ საინტერესო ცხოვრება მელოდა, ახლა კი ამ დღეს ერთგვარი სევდაც ახლავს, რადგან მოსწავლეებს ვემშვიდობები და ისე ვღელავ, როგორც მათი მშობლები ღელავენ. ყველა მოსწავლეს ვუსურვებ, მიაღწიონ ყველაფერს, რასაც მიზნად დაისახავენ. რაც მთავარია, სწორად აირჩიონ პროფესია და აკეთონ საქმე, რომლის კეთებაც სიხარულს მიანიჭებთ. მაშინ იქნებიან ბედნიერები და სხვასაც გააბედნიერებენ.

ნინო ჯავახიშვილი