"აქ ლაპარაკია პიროვნების დისკრიმინაციის პრობლემაზე თუნდაც, მისი წარმოშობის გამო..."
"უაზრობაა, საშინელებაა ასეთი წვიმა. აუტანელია ქვეყანაში ცხოვრება, სადაც წვიმა კატასტროფის ტოლფასია. სინამდვილეში, მე უკანასკნელი ადამიანი ვარ, ვინც მორალური დეგრადაციის წინააღმდეგ მიდის", - ეს ნაწყვეტია იმ ცოლ-ქმარს შორის გამართული დიალოგიდან, რომელიც შიშობს, რომ შესაძლოა, მათმა საკუთარმა პირმშომ დედ-მამა დააბეზღოს, რის შემდეგაც აუცილებლად მკაცრად გაასამართლებენ...
მართლაც, ძნელი არ იქნება წარმოვიდგინოთ, როგორია ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც გარშემო მხოლოდ შიშს დაუსადგურებია. სიკვდილის შიში ძლიერია, მაგრამ უფრო დამთრგუნველია შიში იმისა, რომ შესაძლოა, შენთვის უსაყვარლესმა ადამიანმა გაგწიროს მხოლოდ იმ იდეის გამო, რომელიც მის გონებაში ღრმად ჩაბეჭდეს "უცხოებმა"...
ZoNG - ბერტოლტ ბრეხტის პიესების - "ჯაშუში", "ცარცის ჯვარი" და "ებრაელი ცოლი" - მიხედვით დადგმულ სპექტაკლს გულგრილად ვერ უყურებს თბილისის კამერული თეატრის დარბაზში მსხდომი საზოგადოება. ის, რამაც წლების წინ ჩაიარა, ის, რის გამოც მსოფლიო საზოგადოება დაისაჯა, დღემდე აქტუალურია და გულთან ახლოსაა.
ანასტასია ნავროზაშვილი, რეჟისორი:
- ეს ჩემთვის პირველი სპექტაკლია, თუ არ გავითვალისწინებთ სადიპლომო ნაშრომს. საერთოდ, ბერტოლტ ბრეხტი ძალიან მომწონს მისი მსოფლმხედველობის გამო. მისი ნაწარმოებები ემსახურება ადამიანს და ჰუმანისტურ იდეებს. აქედან გამომდინარე, მისი ფილოსოფია და ხედვები სამყაროზე, ძალიან მიზიდავს. მომწონს თეატრის მისეული აღქმაც და ვფიქრობ, ამ ავტორის ნამუშევრებზე მომავალშიც ვიმუშავებ. მომწონს ბრეხტისეული ტექსტის წყობა და პერსონაჟები, მით უმეტეს, რომ ყველაზე პატარა პერსონაჟსაც კი აქვს განვითარების ხაზი.
- "ზონგი" თქვენი, როგორც დიპლომირებული რეჟისორის პირველი ნამუშევარია. ბევრი იფიქრებს, რომ ომის თემა ახლა შეგნებულად შეარჩიეთ, თუმცა, როგორც ვიცი, მასზე მუშაობა ჯერ კიდევ აგვისტოში დაიწყეთ...
- ვიღაცები მეც მეკითხებიან, - იმიტომ დაიწყე ამ თემაზე მუშაობა, რომ ახლა რუსეთ-უკრაინას შორის ომია გაჩაღებულიო? არავითარ შემთხვევაში! რაღაცის შექმნა მხოლოდ იმიტომ, რომ ის იმწუთას აქტუალურია, ჩემთვის მიუღებელია. უბრალოდ, ყველაფერი ასე დაემთხვა ერთმანეთს... სპექტაკლზე მუშაობა გასულ ზაფხულს დავიწყე და მერე რეპეტიციებიც დავნიშნეთ, მაგრამ "კოვიდის" გამო რაღაც პერიოდით შეჩერება მოგვიხდა... საერთოდ, ძალიან მაინტერესებდა ფაშიზმის თემა, მისი წარმოშობის ისტორია და ის, თუ რა ემართებათ ჩვეულებრივ ადამიანებს, როცა ქვეყანაში ან სამყაროში ასეთი მოცემულობა დგება... თანაც, აქ არ არის მარტო ფაშიზმზე საუბარი, აქ ლაპარაკია ოჯახზე, ღირსებაზე, ადამიანობაზე, პიროვნების დისკრიმინაციის პრობლემაზე თუნდაც, მისი წარმოშობის გამო... ბრეხტის 40-მდე ჩანახატიდან სამი პიესა ავიღე, თავადვე ვთარგმნე და მუშაობა დავიწყე. მაინტერესებდა, როგორ შევძლებდი სამი განსხვავებული სიუჟეტის ერთ სივრცეში გაერთიანებას.
- შედეგით კმაყოფილი ხართ?
- როცა ახალგაზრდა, დამწყები რეჟისორი ხარ, რთულია გენდოს მსახიობი (მით უმეტეს, გამოცდილი) და ის აგყავს სამუშაოდ, ვინც ამას გაბედავს. 7 მსახიობი უნდა შემერჩია და მეშვიდე რომ ვერავინ ავიყვანე, სარეჟისორო ფაკულტეტის მეორეკურსელი დავაკავე როლზე. ვფიქრობ, გამიმართლა. მსახიობების ჯგუფი (სოფი ლომჯარია, ცოტნე მაისურაძე, გიორგი კაკალაშვილი, გუგა ქაცარავა, ნინი კვირიკაშვილი, მარიტა მესხორაძე, ლუკა ბაზაძე) კარგად შეიკრა, შეთამაშდა. შეიძლება ითქვას, რომ კომპოზიტორ-მხატვრიანად, ყველამ შესანიშნავად იმუშავა. სცენოგრაფია და კოსტიუმები ლუკა ჭულუხაძეს ეკუთვნის. მაგისტრანტია, რომელსაც აქამდე არაერთ პროექტზე უმუშავია. მართლა ძალიან საინტერესო კონცეფცია შემოგვთავაზა. რაც შეეხება კომპოზიტორს - ვინფრიედ შტრაუსი გერმანელია, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა და ამ კონკრეტულ პროექტზე ერთად ვიმუშავეთ. მთავარი ის არის, რომ შემოქმედებითი ჯგუფი ოპტიმისტურად არის განწყობილი, მოსწონთ რასაც აკეთებენ და ეს დიდი მხარდაჭერაა ჩემთვის. თუ რამე არ მოგვწონს, ერთად ვასწორებთ; ჩვენ ერთი იდეის გარშემო ვართ გაერთიანებული და საქმეს ყველა მთელი გულით აკეთებს.
- სპექტაკლი ახალგახსნილი თეატრის სცენაზე დადგით. დამწყები რეჟისორისთვის რთულია დიდ თეატრებში საკუთარი იდეების განხორციელება?
- ეს თეატრი ჩემი სახლია. მისი დაარსების იდეა როგორც კი გაჩნდა, მას მერე აქ ვარ და აქედან გამომდინარე, თავს ისე ვგრძნობ, როგორც შინ. გარდა ამისა, ძალიან მომწონს კამერული სივრცე. თან ვიფიქრე, რომ ეს ადგილი იქნებოდა იდეალური ჩემ მიერ შერჩეული პიესისთვის... ერთი თვეა, რაც თეატრი არსებობს და იმედი მაქვს, ხალხი მიეჩვევა ამ სივრცეში სიარულს, ჯერჯერობით კი რეპერტუარში ორი სპექტაკლი გვაქვს.
- ამ სამი პიესიდან ყველაზე რთულად სამუშაო რომელი ეპიზოდი იყო?
- გამიჭირდა მესამე ეპიზოდზე ("ებრაელი ცოლი"), ანუ მონოლოგზე მუშაობა. ეს ეპიზოდი პრინციპში, მონოსპექტაკლია, მონოსპექტაკლზე მუშაობას კი ძალიან დიდი გამოცდილება სჭირდება. ბეწვის ხიდია გასავლელი, რომ წარმოდგენა არ გახდეს მოსაწყენი, გაწელილი... ყველაზე კარგად სამუშაო გახლდათ "ცარცის ჯვარი", სადაც ასევე არის მონოლოგის ეპიზოდი, როცა პერსონაჟი საუბრობს ჩვეულებრივ ადამიანებზე, რომელთა დამონება შეუძლებელია და ყოველთვის არსებობს თავისუფალი ძალა.
- ახლო მომავალში თქვენს თეატრში პრემიერას ისევ უნდა ველოდოთ?
- ვაპირებთ გიორგი აფხაზავას "დონ კიხოტის" აღდგენას, თოჯინური სპექტაკლია. ვფიქრობ, აუცილებლად სანახავი წარმოდგენაა როგორც დიდებისთვის, ისე მოზარდებისთვის.
- დაბოლოს, მომავალში, როგორც რეჟისორი, მუშაობისას ვის ხელწერას გაითვალისწინებთ? ვინ არის თქვენთვის მისაბაძი მაგალითი?
- კოტე მარჯანიშვილი, მიხეილ თუმანიშვილი... შეიძლება ძალიან დიდი ადამიანები დაგისახელეთ, მაგრამ... მარჯანიშვილის სპექტაკლების ვიზუალი და თუმანიშვილის სპექტაკლების სული, ვფიქრობ, აუცილებელია ნებისმიერი წარმოდგენისთვის. უცხოელი მისაბაძი მაგალითებიც მყავს, მაგრამ 100 პროცენტით ვინმეს მიბაძვას არც ვეცდები და ამას ვერც შევძლებ! სულ ვფიქრობ, რა შეიძლება იყოს ახალი ენა, ფორმა, როგორი შეიძლება იყოს არა ფორმა ფორმისთვის, არამედ მასალა, რომელიც კონკრეტულ ფორმაში ჩაჯდება. ცოტა აბსტრაქტული კითხვები ჩნდება ფიქრისას, მაგრამ რეჟისორმა განუწყვეტლივ უნდა იფიქროს... მით უმეტეს, რომ ჯერ კიდევ ვსწავლობ, ვვითარდები, ბევრს ვკითხულობ, მინდა მაგისტრატურაში ჩავაბარო და მერე იქნებ, უცხოეთშიც გავაგრძელო განვითარება, რადგან საქართველოში ცოტა არ იყოს ამოწურვადია განათლების მიღების შესაძლებლობები.
დაბოლოს, ამონარიდი ეპიზოდიდან "ცარცის ჯვარი":
"მასპინძელმა დოქტორ ლეის მოხალისეობრივ სამუშაოსთან დაკავშირებით ერთი უხერხული შეკითხვა დაუსვა: როგორ უნდა მოეხერხებინა, რომ მუშებს ემუშავათ და თან კარგი განწყობა შეენარჩუნებინათ? პასუხად ლეიმ მშვიდად მწოლ კატაზე ჰკითხა, თუ შეეძლო, მისთვის მდოგვი ეჭმია. კაცმა კატას პირზე მდოგვი წაუსვა. საწყალი ცხოველი გაგიჟდა, ძლივს მოიშორა სიმწარე. "არასწორ გზას მიმართე", - უთხრა დოქტორმა ლეიმ. აიღო მდოგვი და კუდის ქვეშ წაუსვა. ტკივილისაგან გონებადაკარგულმა კატამ ლოკვა დაიწყო. "შეხედე, - თქვა ლეიმ: - ჭამს, თანაც, მოხალისეობრივად..."
ლიკა ქაჯაია