"ადამიანს თუ რამის შექმნა არ შეუძლია, მაშინ დანგრევა სურს" - გზაპრესი

"ადამიანს თუ რამის შექმნა არ შეუძლია, მაშინ დანგრევა სურს"

განუმეორებელია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება. ჩვენი მორიგი რესპონდენტი ფსიქოლოგიით გატაცებული ზურაბია. ფროიდი, ფრომი და ადლერი მისი გზის მანათობელი შუქურ-ვარსკვლავები არიან. ეგენი რომ არ მყავდნენ, აქამდე უკანმოუხედავად გავლოთდებოდიო, მეუბნება. - ერიხ ფრომი სულაც მუჯლუგუნებს მირტყამს, ეცადე, საკუთარი თავისთვის მაინც ადამიანად დარჩე, - აი, ასე პირდაპირ ბნელ ქვეცნობიერში ჩამძახისო...

- სტეფანწმინდიდან თბილისში გადმოსვლისთანავე ცოლი მოვიყვანე. შვილი შეგვეძინა და მეგონა, ბედნიერებას მივაღწიე-მეთქი. ჩემთვის ვბჭობდი, მეუღლე ლიკა კი იცინოდა თურმე. მზარდი ოჯახური კონფლიქტებისგან გადაღლილმა გვერდ-გვერდ სიარული დაიწყო. აბა, ადამიანის ფსიქოუფსკრულებით დაინტერესებულს რას გამომაპარებდა?! თავზარდაცემულს დროზე სიმშვიდე უნდა მეპოვა და ამისთვის პირველად რუსთაველზე, კინოს სახლში "50-იანელების" საერთაშორისო შეხვედრას დავესწარი. იქნებ ამათ გამცენ პასუხები ჩემი ცხოვრების უკუღმართობაზე-მეთქი. ლექცია-ქადაგება სულ ათ-თხუთმეტ წუთს გაგრძელდა. მერე გამომსვლელმა მთელ დარბაზს მოგვიწოდა, - ახლა კი მარდად წამოდექით, სიმღერითა და ადგილზე ცეკვა-თამაშით გამჩენი უნდა ვადიდოთო. მაშინვე წამოვხტი, მარტო სიტყვა არ მიშველის, სხეულიც ცოტა თუ არ გავანძრიე-მეთქი. ყველაზე მეტს ვცეკვავდი, სადიდებელ სიტყვებშიც ვაჭარბებდი.

- და შედეგი როგორი იყო?

- მინდა გითხრა, თავიდან საერთო აღტყინებაში კარგად ჩავერთე, მოცეკვავეებს რომ შევხედე, აგერ მიწიერი ნირვანა-მეთქი. ჩემდა სამწუხაროდ, მალევე დავიღალე, ცოლთან გართულებული თანაცხოვრება გამახსენდა. წინამძღვარმა დამარიგა: ზურაბ, ძმაო, გატყობ, სულს რაღაც გიმძიმებს, ჩვენთან ხშირად იარე და მოგეშვება; ჩვენ ცოდვილ სულსა და ხორცს ერთად უნისონში ვავითარებთ და აი, ნახავ, როგორ კარგად გახდებიო. ჩემს ყოფას დაწვრილებით ხომ არ მოვუყვებოდი და წამოვედი შეპირებით, დაგიბრუნდებით-მეთქი.

მალევე, ოთხშაბათ დღეს, "ბაპტისტებს" მივაკითხე წერეთლის გამზირზე. იქ კვარცხლბეკიდან გერმანელი მამა კარლ ჰაინცი (აქამდე ამ სახელით დიდ ფეხბურთელ რუმენიგეს ვიცნობდი) ქადაგებდა დაკარგულ ცხვარზე და მამისთვის მის მნიშვნელობაზე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთელი ეს ბიბლიური ციტატები ჩემს უკუღმართ ცხოვრებას შეეხებოდა. ბოლოს დიდ დარბაზში სამწყსოსთვის ნაკურთხი პური და ღვინო ჩამოატარეს. მეგობარ ზაურთან ერთად უზმოზე ვიყავი წამოსული და გვშიოდა. სულის ბოლომდე ცხონებისთვის ცოტასაც კიდევ გავუძლებდი და ჩამომტარებელს ხელით ვანიშნე, მე არ მინდა-მეთქი. სამაგიეროდ, ზაურმა დაიწყო ლანგრის ათვისება...

შემდეგი გაჩერება "ბაჰაიზმის" მიმდევრებში მქონდა. აქ იმან მომხიბლა, რომ ყველასა და ყველაფერს ოსტატურად აერთიანებდნენ, სამყაროს ნებისმიერ გულის გამაწვრილებელ კითხვაზე პასუხს შთაგონებით სცემდნენ. ეს სიცხადე გამეტებით მჭირდებოდა, რადგან ვერაფრით ამეხსნა, ცოლმა ასე რატომ უარმყო.

- "ბაჰაიზმის" მიმდევრებში საიდანღა მოხვდით?

- ისეთი პერიოდი მქონდა, დღენიადაგ დაუკმაყოფილებელ-გაგიჟებული ხორცი მეტი სულიერებისკენ ილტვოდა, თუნდაც ერიხ ფრომისთვის რომ დამეჯერებინა და ისევ საკუთარი თავისთვის ნაადრევად ბოლო არ მომეღო. არადა, ზღვარზე ვიყავი, შვილი გვყავდა, მაგრამ მოსიყვარულე ოჯახი აღარ ვიყავით. მოღალატე ცოლის გაშვებაც ასე ერთი ხელის მოსმით არ შემეძლო. ამიტომ ისევ მე გავრბოდი სადღაც.

fsiqo-1653982794.jpg

- ნუთუ სამყაროს ყველა საჭირბოროტო კითხვაზე ჰქონდათ ამომწურავი პასუხი?

- მგონი, ასეც იყო. ყველა ძირითად რელიგიას აერთიანებდნენ სხივმოფენილი ბაჰაულას ხელმწიფების ქვეშ. მაგრამ სიმართლე გითხრა, ყველაზე მეტად მათივე გამომცხვარი უგემრიელესი ე.წ. გალეტები და ასევე სიყვარულით მოდუღებული ჩაი მიყვარდა. ამ ღვთაებრივ ჩაის ნუ იკითხავ, დღესაც არ ვიცი, საიდან შემოჰქონდათ, ამ სასწაულებრივ სითხეს დღემდე ვეძებ ქალაქში, ვერ ვპოულობ.

- არ მითხრა ახლა, სულის ხსნაზე მეტად ამ ჩაი-გალეტებისთვის დავდიოდიო...

- რთული დრო იყო, ხშირად ოჯახებში ელემენტარული საჭმელი, თუნდაც წესიერად დამტკბარი ჩაი არ იშოვებოდა; რაღა გასაკვირი იქნებოდა ბაჰაიებთან თბილ ბინაში სტუმრობა, საუბარი ამაღლებულ თემებზე უტკბესი ჩაი-გალეტების თანხლებით?!

- სადამდე გაგრძელდა თქვენი ეს სიამტკბილობა?

- იმავე პერიოდში, როგორც ქართული "ციმბირის" ჭეშმარიტმა წარმომადგენელმა, ყაზბეგელმა, სპირტიანების სმას მოვუმატე. ბაჰაიებშიც მაშინვე შემატყვეს, უკვე ყოველ საღამოს მთვრალი ვიყავი და დალაგებული სჯა-ბაასის ნაცვლად, რაღაცას ვბურტყუნებდი. თავიდან, როგორც ჭეშმარიტ გზასაცდენილ ძმას მპატიობდნენ, მერე ნელ-ნელა ყელში ამოუვიდათ. ჩემთვის ეს გასაგებიცაა, რადგან მეგობარ ზაურთან ერთად სხვა "ზაკუსკას" რომ ვეღარ ვშოულობდით, ასგრამიანებს სწორედაც რომ ამ ჩაისა და გალეტების წყალობით "ვურტყამდით". ჰოდა, ბაჰაულას მიმდევართა მეთაურმაც ვეღარ მოითმინა და ერთ საღამოს ულვაშში ჩაქირქილებით მეუბნება: ეჰ, ბიჭებო, გამოდის თქვენ დილით ბაჰაიები ხართ, ხოლო საღამოს "ბუხოიები" ანუ მთვრალებიო.

- როგორ გაგრძელდა ეს თქვენი "არსთა გამაერთიანებელი" დიალოგი?

- ძალიანაც მარტივად - გამოგვყარეს. არა, მუჯლუგუნებით კი არ გამოვუგდივართ იქიდან, ასე მწყემს ბაჰაულას ვერ აწყენინებდნენ. უბრალოდ, შეკრების დათქმულ დროს კარი მაგრად დაგვიგმანეს ისე, რომ იქ ფხიზლად შეღწევის შანსიც კი აღარ გვქონდა. რამდენჯერმე უშედეგოდ მივაკითხეთ. კარზე დაბრახუნებას ვერ დავიწყებდით, პოლიციას გამოიძახებდნენ.

ისევ ფრომი ამბობს, რომ არ არსებობს ცხოვრების სხვა არსი, გარდა იმისა, რასაც ადამიანი თვითონ ანიჭებს. ამავე არსის ძებნა-ძებნაში უკვე ქალაქში ახალშემოსული მუნიტების სექტას მივაკითხე, ვაკეში, ტიციან ტაბიძის ქუჩაზე.

- მანდ რაღამ მიგიყვანა?

- ბანალური ოჯახური ღალატის მიღმა ცხოვრების კიდევ სხვა არსს გამწარებული ვეძებდი და ყველა სიახლე ჩემს სულს მალამოდ ედებოდა; რადგან იგივე ფრომი ამბობს, ადამიანს თუ რამის შექმნა არ შეუძლია, მაშინ დანგრევა სურსო... რაღაც დიადის შექმნის მიზნით მიმიღეს მუნიტებში და შეკრება-ლექციების განრიგიც გამაცნეს. თავიდან უწყინარი ვიდეორგოლებით დაიწყეს ჩვენი გათვითცნობიერება. მცირე მოთელვის შემდეგ მიჯრით რამდენიმე ისეთ კადრს გვაყურებინეს, განცდილი შიშისგან ენა მუცელში ჩამივარდა, ამ სიტყვის არა გადატანითი, არამედ პირდაპირი - მტკივნეული მნიშვნელობით. მოულოდნელად, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ომების (მათ შორის, პირველი და მეორე მსოფლიო ომების, ვიეტნამი, ჰიროსიმა-ნაგასაკი და მისთ.) უსაზიზღრესად ნატურალური კადრების ჩვენება დაიწყეს ისე, რომ ჩვენთვის არავის უკითხავს, ეს გვინდოდა თუ არა; საერთოდ, ამ კოშმარული სცენების ყურება, ამის გაძლება შეგვეძლო თუ არა?

- რა ამოძრავებდათ, მიზნად რა ჰქონდათ?

- როგორც მერე გავარკვიე, ახალმიღებული წევრები ამ გზით შოკში უნდა ჩავეგდეთ, რისგანაც ერთადერთ გამოსავლად მარადიულად მუნიტების სექტაში ყოფნა, მათ ბანაკში დარჩენა-ცხოვრება უნდა ყოფილიყო, ანუ ზღვარგადასული დაზაფვრის შემდეგ ერთადერთ ხსნად თავიანთი სექტა უნდა წარმოეჩინათ და ამ გზით მყარად დავებით ადგილზე, მათსავე რიგებში.

- მერე ამ მიზანს მიაღწიეს?

- მიაღწიეს კი არა, ომებში ამდენი სიბოროტის, ადამიანების მოკვლის, დაწვის, გაგუდვის, გაქრობის ნახვას ვერაფრით გავუძელი და მწუხარებისგან ენა ჩამივარდა, მეტყველების უნარი საერთოდ დავკარგე. თავიდან მარტო მათ კი არა, მეც კი არ მჯეროდა ამის, მაგრამ მიღებული შოკისგან ენას ვეღარ ვიდგამდი. მორჩა, ბოლომდე დავმუნჯდი მე უბედური. გაოცებულებმა, პირდაღებულებმა გამომაცილეს და მაინც, იქ არავის სჯეროდა ჩემი იძულებით უმძრახობის.

adamiani-1653982780.jpeg

- ისინი გასაგებია და შენ რაღა ქენი?

- მეორე დილიდანვე მუცელში ენაჩაგდებული, დიდუბეში გავედი და "მარშრუტკით" სტეფანწმინდის დალოცვილ გზას დავაწექი. სიმწრისგან ხელების გამოყენებით საუბარიც არ მსურდა, პროტესტის ნიშნად. ჩასვლისთანავე საწოლში ღრმად ჩავწექი, დავიძინე და დიდხანს მეძინა. გავიღვიძე, ენა ისევ არაფრით მემორჩილებოდა. ასე გაგრძელდა დაახლოებით ერთი თვე. ბოლოს დამწუხრებულმა დედაჩემმა ერთ ადგილობრივ მღვდელთან მიმიყვანა, ჯანიან მამა ელიზბართან. შემომიარა გარშემო და მეკითხება, - ასეთი რა უბედურება დაგმართეს, შვილო ჩემოო?.. - მამაო, ასე და ასე იყო საქმე-მეთქი, - სულ შიშისგან გადიდებული თვალებით მოვუყევი, ხმა კი არ ამომიღია საერთოდ. სამაგიეროდ, დედაჩემმა ყველაფერი სიტყვასიტყვით წაიკითხა ჩემს თვალებში და გადასცა რაიონის სულიერ მოძღვარ-დამრიგებელს. - ჰოო, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, შვილო ჩემო, ჩემი ცოტა არ იყოს, რადიკალური მეთოდების გამოყენების გარეშე, იქნებ შენს თავს ცოტა ძალა დაატანო და ხმა ამოიღო, მით უმეტეს, წაგრძელებული ენაც აგერ თავის ადგილზე გაქვს, ამე, ჩაყლაპული ხომ არა, კაცოო, - მარჯვედ შემომიძახა; მაღლა მყინვარწვერს სწვდებოდა მისი ბუბუნი.

დამუნჯებული ვიყავი, დაყრუებული კი არა. თავი გავაქნიე უმწეო ბეკეკასავით, გადაჭრით ვანიშნე, ამის შესრულება არ შემიძლია-მეთქი. დედაჩემმა ისევ უთარგმნა ოპერატიულად და მოძღვარმაც ამდენი ვეღარ დაითმინა: შენ რა გაახურე საქმეო და... ქეჩოში ხელი მომკიდა და ფართოდ გაშლილი ხელით რამდენჯერმე სახეში შემომილაწუნა, - მე შენ ღვთის სახელით გეუბნები, ხმა ამოიღეო! ასე წიწილასავით ხელში ჩაბღუჯულს დედის თვალწინ გამათავებდა რტყმისგან, უფრო მეტად ნაჭამი შიშისგან ხელახლა რომ არ ამომეღო ხმა და არ დამეყვირა: - შემეშვით, მამაო, აწი ვილაპარაკებ-მეთქი! - ესღა წარმოვთქვი და მოთქმით ტირილი მოვრთე ამხელა, უთავბოლოდ გამუნიტებულმა კაცმა. მორიგი გაოგნებისგან დედაჩემი გადამეფარა და ჩამეხუტა (ასე პატარაობისას მამისგან ჩემს დასაცავად იქცეოდა), უფალს და ყაზბეგში მის "ოფიციალურ წარმომადგენელს", მამა ელიზბარს ემადლიერებოდა: მერამდენეჯერ დაკარგული ცხვარი თუ უძღები შვილი უკან სააქაოს დამიბრუნეთო.

- როგორ დასრულდა ეგ შენი უიღბლოდ გამუნიტებისა და შემდგომი ჯადოს ახსნის ამბავი?

- მაგას რა გამოცნობა უნდა? დიდი ქეიფით, რასაკვირველია. სადაც სუფრის თავში დამსახურებულ თამადად მამა ელიზბარი გვყავდა. სილის გაწვნით ხმა თავიდან ისე ამოგაღებინე, სადღეგრძელოებს წესიერად აღარ მათქმევინებ, სულ პირში მივარდები შენი შესწორება-შენიშვნებით, შე მუნიზმის მიმდევარო ეშმაკის კერძოო, - სულ ასე მეხუმრებოდა მამაო. ბოლოს იმდენად ავუშარდი, - ბოლოს და ბოლოს, მე თამადა ვარ თუ თამარა, ჩემი ლაპარაკისას ხმა გაიკმინდე, თორემ ერთს შეგილოცავ და ენას ისევ მუცელში გამოგიკეტავო! - დამემუქრა. მეც გავჩერდი, რადგან არ შეიძლება ზეციურ ინსტანციებთან ზედმეტი კამათი, პასუხს ისე დახვეწილად მოგთხოვენ-გაგებინებენ, რომ ფსიქოლოგიის რვაასამდე დათვლილი მეთოდიდან ვერც ერთი ვეღარ გიშველის.

დიდმა ერიხმა ისევ შემომიძახა, - ვინც არ აშენებს, უკვე ანგრევსო, - და პირველი ცოლისგან უკვე გაშორებულს, სასწრაფოდ მეორეზე უნდა მეზრუნა. ჰოდა, მეც ვირივით ვშრომობ, უკეთესი ხვალინდელი დღის მოლოდინში. ფროიდი და ფრომიც ისევ ჩემ გვერდით არიან.

გიორგი მეფარიძე