ზუგდიდელი დიზაინერის "მწვანე სამყარო" და ეზო, იშვიათი ფორმის მცენარეებით - გზაპრესი

ზუგდიდელი დიზაინერის "მწვანე სამყარო" და ეზო, იშვიათი ფორმის მცენარეებით

პაატა გოგელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში ცხოვრობს. მცენარეებისგან სხვადასხვა ექსპონატს ქმნის და ამაში მისი უმთავრესი პროფესია, დიზაინერობა ეხმარება. სახლთან, საკუთარ ეზოში 500 კვადრატულ მეტრზე ულამაზესი ბაღი ეტაპობრივად გააშენა. უამრავ სახეობას შორის, უმრავლესობა მარადმწვანეა. 2017 წელს ზუგდიდის დასუფთავების ცენტრის სამსახურის ინფორმაციით, პაატა გოგელიას ეზო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ყველაზე ლამაზ ეზოდ გამოცხადდა. ცოტა ხნის წინ მის ეზოს კიდევ დაემატა გარკვეული ტერიტორია და დეკორატორი ახლა მისი მოწყობა-გალამაზებითაა დაკავებული.

- პარკის მოწყობა ძალიან რთულია. ჩემი გემოვნებით ვრგავ და ვაკეთებ ყველაფერს. სახლის უკანა მხარეს მიწის ნაკვეთი შევიძინე, სადაც ახლა დენდროლოგიურ პარკს ვაწყობ. იქ რცხილა, ბექოია, მარადმწვანე მუხა, ტიტას ხე და სხვა მცენარეები გადავიტანე ჩემი სანერგედან. ავუზიც მოვაწყვე, სადაც მცენარეები ხარობს. მე-10 წელია, რაც ამ ეზოს მოწყობა აქტიურ ფაზაშია, თორემ მანამდეც რაღაცებს ვაკეთებდი. სანერგეს მოწყობამ დიდი დრო წაიღო. საამისოდ ბანკიდან ვალი არ გამომიტანია, 2 მანქანა მყავდა და ორივე გავყიდე, სამაგიეროდ ველოსიპედი ვიყიდე (იღიმის)... ეზოში ძირითადად მარადმწვანე ხეები მაქვს, რადგან მათ ფორმირებას ვაკეთებ და ვცდილობ ეს ფორმები კიდევ უფრო გავართულო. ერთხელ გერმანიიდან სტუმრები მყავდა. ძალიან გაუკვირდათ და მოეწონათ ჩემი ნამუშევრები. ზოგიერთ მცენარეს პირამიდის ფორმა მივეცი და ისინი კუთხეებში "ჩაჭრილია", იქაური ტოპიარული ტექნოლოგია ამას ვერ აკეთებს. გერმანიიდან მიწვევაც მივიღე, მაგრამ პანდემიის გამო ვერ გავემგზავრე. იაპონელი ტურისტებიც დაინტერესდნენ. საერთოდ, ყველა დამთვალიერებელი ინტერესდება ჩემი ნამუშევრებით და მადლობა ღმერთს, ასე რომ ხდება.

2-1653983018.jpg

- ჩვენში საზღვარგარეთიდან შემოსული მცენარეები ისე კარგად ვერ ხარობს, როგორც ადგილობრივი. თქვენ როგორ უმკლავდებით ამ პრობლემას?

- კლიმატის ამბავია, ვერ ეგუება პირობებს და ფუჭდება. მსგავსი გამოცდილება მეც მქონია. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ადამიანი რომ მოგზაურობს და გზაში იღლება, ასეთივე რამ ემართება მცენარესაც. შემდეგ მას სპეციალური, ანტისტრესული სითხეები სჭირდება, რომელიც აკლიმატიზაციის გადატანაში დაეხმარება, თუმცა სამწუხაროდ ძვირი ღირს.

- ბიძგი რა იყო და როგორ მიიღეთ ის ცოდნა, რაც მცენარეებთან ურთიერთობაში გეხმარებათ?

- დაახლოებით 20 წლის წინ, კოცხელის დედათა მონასტერში ვიყავი, სადაც ბაღში დედაოებთან ერთად თვითნასწავლი დიზაინერი მუშაობდა, მაგრამ ეზოს უვლიდა და ალამაზებდა. მეც დავინტერესდი ამ საქმით როგორც დიზაინერი და გადავწყვიტე მეცადა. დიზაინს უსასრულობაში გადაჰყავხარ და სულ ახალ-ახალი რაღაცის გაკეთებას ცდილობ. ამ პროფესიის გამო მარტო ხეებს კი არ ვარ მიჯაჭვული, არქიტექტურითაც დავინტერესდი. მომწონს თანამედროვე შენობები, თუმცა ძველშიც ვპოულობ ჩემთვის საინტერესო დეტალებს. რაც შეეხება ცოდნას, ამ თემაზე სულ ვმუშაობ. ამ დარგის არაერთ პროფესორთან მქონია მცენარეებზე საუბარი და ბევრს გაჰკვირვებია ჩემი ცოდნა, რაც ამ სფეროში მაქვს. ხეებს ოპერაციასაც ვუტარებ. 150-200 წლის ხეებს 5-6-საათიანი ოპერაცია სჭირდება, რომლის დროსაც ლპობის პროცესის შესაჩერებლად, მცენარეებისგან გამოყვანილ სითხეებს ვიყენებ. მცენარეებს სტრესის გადატანაში ვეხმარები, ეს ჩემთვის ძალზე საინტერესოა. ამ სფეროში თავი ვიპოვე და რასაც ვაკეთებ, მსიამოვნებს. მანამდე ბავშვებს ქართულ საბრძოლო ხელოვნებას - ხრიდოლს ვასწავლიდი. ზუგდიდში ხრიდოლის ფედერაციის პრეზიდენტი ვიყავი, მაგრამ ყველაფერი მივატოვე. პროფესიით მხატვარი ვარ და ვერც ამ კუთხით გავაგრძელე მუშაობა. სამაგიეროდ, მცენარეებთან ურთიერთობა, ეს სამყარო ძალიან მომეწონა (იღიმის). რა თქმა უნდა, თეორიული განათლება ბევრის მომცემია, მაგრამ პრაქტიკა ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ, მთელი მუხტი ამაში დევს. ჩვენთან უნივერსიტეტში სტუდენტებს ბაღის მოვლასა და მცენარეებთან ურთიერთობას ვასწავლიდი, მაგრამ დაბალი ხელფასი იყო და წამოვედი. არადა, ეს შეუფასებელი ცოდნა და უზარმაზარი, საინტერესო თემაა, რადგან არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს, არამედ მთელ კაცობრიობას ეხება. მცენარეები თუ გაფუჭდა, ვირუსები გამრავლდება. სამწუხაროდ, მხოლოდ მოჭრაში ვართ ლიდერები, არადა, კარგი იქნება, გამრავლებაში ვიყოთ მოწინავე. ყველას ვეუბნები, ბევრი ხე დარგონ, ეზოში იქნება ეს თუ სხვა ადგილებში. ბევრგან ვრგავ და შეიძლება კაცმა თქვას, უაზრო ადგილას დარგოო, მაგრამ არც ერთი ადგილი უაზრო არ არის. ტყეებში, სადაც გატიტვლებული ადგილები იყო, ჩვენი ინიციატივით ხეები დავრგეთ. იქნებ ვინმემ მოგვბაძოს და თავადაც ასე მოიქცეს, გადამდები გახდეს.

- თქვენს სოფელსა და სამეზობლოში, თქვენი ბაღის შემხედვარე თუ არიან მსგავსი ეზოს მსურველები? თან, როგორც ვიცი, უცხო ადამიანებიც გთხოვენ ბაღის მოწყობაში დაეხმაროთ და ეს თქვენი შემოსავლის წყაროც გახდა...

- დიახ, ასეა. ბევრი დაინტერესებულია და თვითნებურად რაღაცებს აკეთებს კიდეც. მეც ყველას შეძლებისდაგვარად ვეხმარები. გადამდებია და რაც მეტი ლამაზი ეზო იქნება, მით უკეთესი. ბევრს ვასწავლე ეს ხელოვნება და ამით ირჩენენ კიდეც თავს. შეძლებისდაგვარად, ეკლესია-მონასტრებსაც ვეხმარები, როგორც შემიძლია - გაჭირვებულებსაც. დღეს კაცი თავს რომ ვერ ირჩენს, ხურდა ფულიც რომ გაიღო, ეგეც საქმეა. მუშები მყავს აყვანილი, ისინიც დასაქმებულები არიან. ეს ყველაფერი მსიამოვნებს.

- ბონსაის ხელოვნებით თუ ხართ დაინტერესებული?

- ბონსაი გლიცინიაზე მაქვს გაკეთებული. 22 წლის მცენარე იყო და ახლა პატარა "ვედროში" მოვათავსე. რამდენჯერმე ბიოლოგიური, ჩემი ბრენდის ანტისტრესული სითხეც დავასხი და ჩვეულებრივად გადაიტანა. მეხუთე წელია უკვე თავს კარგად გრძნობს.

- ფაქტია, თქვენი ძირითადი პროფესია - დიზაინერობა დაგეხმარათ ფორმების ძიებაში...

- რა თქმა უნდა, დიზაინერობა მთავარია ამ საქმეში. ფსიქოლოგიის კურსებიც გავიარე, მჭირდებოდა, რადგან დიდ როლს ასრულებს და ფსიქოლოგია-ფილოსოფიაში მინიმალურად მაინც თუ ვერ ერკვევი, მცენარეებთან ურთიერთობა გაგიჭირდება. ისინი ვერ ლაპარაკობენ და უნდა გაუგო, რაც უხარიათ, ის უნდა აკეთო.

- მცენარეებს უნდა ელაპარაკო, მოეფერო, დაუყვავოო, - ამბობენ. თქვენც ასე იქცევით მათი მორწყვა-მოვლისას?

- დიახ, ვესაუბრები ხოლმე და სასწაულია, როცა ვგრძნობ როდის არის მცენარე კმაყოფილი. მორწყვა კლიმატზეა დამოკიდებული. საერთოდ, ქარიანი ამინდი ყველაზე ცუდია მცენარეებისათვის. მათი გამოშრობა ხდება, მინერალები ეცლება. ასეთ დროს შეიძლება ერთ-ორ დღეში ათეულობით მცენარე დაავადდეს და მათ ყველაზე დიდი ყურადღება სჭირდებათ.

5-1653983034.jpg

- შვილები გყავთ? ეს იმიტომ გკითხეთ, რომ მაინტერესებს, თუ არიან ჩართული ამ საქმეში...

- მესამეს ველოდებით. გოგონა და ბიჭი მყავს, პატარები არიან, მეოთხე და მესამეკლასელი, თუმცა, როცა ვმუშაობ, სულ აინტერესებთ რას როგორ ვაკეთებ. რაც მეტი ეცოდინებათ, მით უკეთესი. ჩემი აზრით, ეს არა მხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს სჭირდება.

- დაბოლოს, ბატონო პაატა, როგორც ფლორა გიყვართ, ისევეა ფაუნის შემთხვევაშიც?

- რა თქმა უნდა, ცხოველებზე ვგიჟდები! მართალია ძაღლი უკვე მყავს, მაგრამ კიდევ მინდა შევიძინო გერმანული ნაგაზი. "უცხო" ქათმის ჯიშებიც მყავს. ფარშავანგის მოყვანა მინდა და შველის, რომელსაც ისეთი პირობები უნდა შევუქმნა, რომ კომფორტი ჰქონდეს.

- თქვენი პატარა ედემის კიდევ უფრო აყვავებას და ყველა ჩანაფიქრის რეალიზებას გისურვებთ.

- გაიხარეთ, დიდი მადლობა.

ანა კალანდაძე