პროფესიით ჟურნალისტმა ნატურალური მასალებისგან აფხაზეთის მინისახლი შექმნა - გზაპრესი

პროფესიით ჟურნალისტმა ნატურალური მასალებისგან აფხაზეთის მინისახლი შექმნა

"დანგრეული სახლია, სადაც მცენარეა ამოზრდილი, რომელიც თითქოს გვამცნობს, რომ ცოცხალია და ასე ამაყად ელოდება თავის პატრონს. მინდა ვიპოვო სახლის მფლობელი და ამ ნამუშევრით გავახარო, ვუსახსოვრო... ეს მინიატიურა ამოძახილია ჩემი პროტესტის, რომ აფხაზეთი საქართველოა, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია, რომელიც არავის ინდობს", - გვითხრა თამუნა იანვარაშვილმა, რომელმაც გვიამბო, როგორ მოვიდა მის ცხოვრებაში სურვილი, დიორამისთვის მოეკიდა ხელი.

- როგორც ყველა ოთხმოცდაათიანელისთვის, ჩემი ბავშვობაც უშუქობასთან, გაჭირვებასთან ასოცირდება. ჩემი სამყარო მქონდა, ძალიან მაინტერესებდა მეცნიერება, ასტრონომია. რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ხელოვნების მიმართ ინტერესი ყველაზე ნაკლებად იყო ჩემს ცხოვრებაში... ყველას გვყოლია ბავშვობაში მისაბაძი ადამიანი და ჩემთვის ასეთი ბებია იყო, რომლის მსგავსიც მინდოდა ვყოფილიყავი. ბებია ძლიერი, მიზანდასახული და თავდაჯერებული ქალბატონი გახლდათ... ჩემთვის საინტერესო და გამოსადეგი კურსები გავიარო. ამჟამად პიარსა და მარკეტინგს ვსწავლობ. დიდი სურვილი მაქვს გრაფიკული დიზაინი შევისწავლო.

img-2534-1653983242.jpeg

- პროფესიით ჟურნალისტი ხართ, არა?

- დიახ. ძალიან მომწონდა ჟურნალისტიკა და სკოლის დასრულებამდე რამდენიმე წლით ადრეც ვიცოდი, რომ ამ პროფესიას ავირჩევდი. აბიტურიენტობის პერიოდში ჩემს ოჯახს საშუალება არ ჰქონდა, მასწავლებლებთან მოვემზადებინე, ამიტომ გადავწყვიტე, დამოუკიდებლად მესწავლა და ჩამებარებინა. მახსოვს, კლასელებს ვთხოვდი დავალებებს, რომლებსაც რეპეტიტორები აძლევდნენ, ვწერდი და შემდეგ მათ შემოწმებულთან ერთად ჩემსას ვასწორებდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ წარმატებით ჩავაბარებდი და ასეც მოხდა. ჩემთვის სასურველ ფაკულტეტზე მოვხვდი. სტუდენტობის პერიოდში ვმუშაობდი ტელეკომპანია "პირველ არხზე" და საინფორმაციო სააგენტო "ჯეონიუსში". თუმცა, საბოლოოდ მივხვდი, რომ ეს პროფესია საჩემო არ იყო. საერთოდ, ნაადრევად ვირჩევთ პროფესიას მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ ვართ ჩამოყალიბებულები და არ ვიცით, რა გვინდა.

- როდის გაგიჩნდათ სურვილი ამ საქმისთვის მოგეკიდათ ხელი?

- "კოვიდის" ერთადერთი დადებითი ფაქტორი ალბათ ის იყო, რომ საკუთარ თავთან მარტო დაგვტოვა. ბევრი რამ გავაანალიზეთ და ფარული ნიჭიც აღმოვაჩინეთ. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. ხელოვნებასთან, ხელსაქმესთან არასდროს მქონია კავშირი. მახსოვს, ბავშვობაში დედა მასწავლიდა ქსოვას, მაგრამ ესეც დროებითი იყო... ერთხელაც, ახალი წლის წინა დღეებში უბრალოდ მინდოდა, განსხვავებული დეკორაცია შემექმნა, რაც სტანდარტული არ იქნებოდა. ეზოში ხის მორი ვიპოვე, ხელოვნური თოვლით დავფარე და ზედ ხის მერქნისგან გაკეთებული პატარა სახლი მოვათავსე, ასევე - ხის პატარა ირმები. იმდენად ზღაპრული ნამუშევარი გამოვიდა, მას შემდეგ აღარ გავჩერებულვარ და მივყვები მიმართულებას, რომელსაც "დიორამა" ჰქვია, ანუ - სამგანზომილებიანი სივრცე.

- ბუნებრივი მასალებით ქმნით?

- ბუნებრივი მასალებით ვქმნიდი, რაც ამ სფეროთი დაკავებული სხვა ადამიანებისგან გამომარჩევდა. ვიყენებდი ხავსს, შეშას, ხის მერქანს, მიწას, სილას, ყვავილებს, ნაძვის ტოტებს. ამ ყველაფრით ძალიან ბუნებრივ, ლამაზ და მისტიკურ ნამუშევრებს ვქმნიდი. დროთა განმავლობაში სხვადასხვა ტექნიკის დახვეწის შემდეგ გადავწყვიტე, ნაწილობრივ ამომეღო ბუნებრივი მასალა, რადგან დროს ვერ უძლებდა და ხმებოდა, რა თქმა უნდა, მომხმარებლისთვისაც არ იქნებოდა დამაკმაყოფილებელი... ამიტომ ვცდილობ, ძირითადი ელემენტები, თუნდაც ხავსი დავამუშაო და ისე დავტოვო, ბუნებრივად, რომელიც არ გახმება. ასევე ვიყენებ პენოპლასტს, პევეხას, თაბაშირს, ხის ჩხირებს, გაგიკვირდებათ და, რკოც გამომიყენებია.

245d2262-dda8-47be-bb8d-7342c3ba6c4a-1653983220.jpeg

- თქვენი ნამუშევრების ხილვისას ყველას აფხაზეთი გაახსენდა, ასეც გსურდათ?

- დიახ, რა თქმა უნდა! ინტერნეტში დიდი ხნის განმავლობაში სახლებს ვეძებდი, რომლებიც ზუსტად ასახავდა დღევანდელ ვითარებას. არჩევანი შევაჩერე დანგრეულ სახლზე, სადაც ამოზრდილია მცენარე, რომელიც თითქოს გვამცნობს, რომ ცოცხალია და ასე ამაყად ელოდება თავის პატრონს. მინდა ვიპოვო სახლის მფლობელი და ამ ნამუშევრით გავახარო, ვუსახსოვრო... ეს მინიატიურა ამოძახილია ჩემი პროტესტის, რომ აფხაზეთი საქართველოა, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია, რომელიც არავის ინდობს!

- ახლაც ომია და ეს თუ აისახება თქვენს შემოქმედებაში?

- გეგმაში მაქვს, უკრაინის თემაზე დიორამა ავაწყო. ჯერჯერობით იდეების დამუშავების პროცესში ვარ. როდესაც ვმუშაობ, პირველ რიგში მონახაზს ვაკეთებ. ხატვა არ მეხერხება, თუმცა ვცდილობ, ჩემთვის გასაგებ დონეზე დავხაზო, გავზომო... მომდევნო ნაბიჯები მონახაზის შემდეგ კეთდება, გონებაში ვცდილობ ავაწყო ფაზლებივით.

ბოლო პერიოდში ბევრი ინტერესდება ამ სფეროთი. ინტერნეტში ხშირად მხვდება სხვადასხვა მინიატიურული ნამუშევარი. ვხედავ, როგორ ვითარდება ეს სფერო და მიხარია. იმდენად საინტერესო, იდუმალი და ბევრის მთქმელი მიმდინარეობაა, აუცილებელია ჩვენი წვლილი შევიტანოთ. სკოლიდანაც მაქვს შემოთავაზება, მოსწავლეებთან ჩავატარო მასტერკლასი და ვფიქრობ, ძალიან კარგია ახალი თაობისთვის ამ სპეციფიკური მიმდინარეობის გაცნობა. ვცდილობ მაქსიმუმი გავაკეთო ამ სფეროს პოპულარიზაციისთვის.

მანანა გაბრიჭიძე