რა ხდება ქართულ მუზეუმებში?! - გზაპრესი

რა ხდება ქართულ მუზეუმებში?!

ქართულ მუზეუმებში შექმნილი სიტუაცია ბევრს აღელვებს: სამსახურიდან უშვებენ მეცნიერებს, რომლებიც წლების განმავლობაში მიზერულ ანაზღაურებაზე მუშაობდნენ, უვლიდნენ და უფრთხილდებოდნენ ქართული კულტურის საგანძურს. მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ თვეში 40-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს! "წმენდა ხელოვნების მუზეუმით დაიწყეს, ახლა ჯანაშიას სახელობის მუზეუმზეც გადავიდნენ... ვშიშობ, სხვებიც ჩვენს ბედს გაიზიარებენ", - გვითხრა ხელოვნების მუზეუმის ყოფილმა მმართველმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ეკა კიკნაძემ:

- რა მიზეზით ათავისუფლებენ ამ ხალხს?

- მიზეზის დასახელებით კულტურის სამინისტრო თავს დიდად არ იწუხებს, მათ შექმნეს ე.წ. კომპეტენციის შემსწავლელი კომისია, რომელიც ე.წ. გასაუბრებებს ატარებს. ამ კომისიაში სულ იურისტები არიან, რომლებიც წულუკიანმა კულტურის სფეროში პენიტენციარული სისტემიდან გადმოიყვანა. შესაბამისად, მათ არ შეუძლიათ ხელოვნებათმცოდნის, არქეოლოგის, რესტავრატორის ან ისტორიკოსის ცოდნა და კომპეტენცია განსაზღვრონ. ისინი ამ პროცესს "რეორგანიზაციას" უწოდებენ, მაგრამ ეს აბსოლუტური ფორმალობაა. სინამდვილეში, "რეორგანიზაციის" მიზანია თავიდან მოიშორონ ყველა, ვინც თვალში არ მოსდით, ვისაც ავტორიტეტი და კრიტიკული აზროვნების უნარი აქვს და ამის გამო, მიუღებელია მინისტრ თეა წულუკიანისთვის. "რეორგანიზაცია" ხელოვნების მუზეუმში შეგვეხო მეც და ჩემს კოლეგებს, ახლა ჯანაშიას მუზეუმში გადაინაცვლეს, ცოტა ხანში თბილისის ისტორიის მუზეუმშიც იგივე მოხდება.

- მაინც, როგორ აფასებენ იურისტები კულტურის სფეროს მუშაკთა კომპეტენციას?

- თითოეული ადამიანის კომპეტენცია იოლი შესამოწმებელია, მაგრამ წულუკიანისთვის ეს ძნელი ასახსნელია: მან არ იცის, რას ნიშნავს მეცნიერისთვის თავისი საქმე, რა განსაზღვრავს მის ცოდნას და დამსახურებას: ეს არის პირველ რიგში ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონის სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობა, მის მიერ გამოქვეყნებული სტატიები და ნაშრომები.

- თქვენ რატომ გაგათავისუფლეს?

- ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა წულუკიანის მიერ დანიშნულმა დირექტორმა, ნიკა ახალბედაშვილმა მუზეუმის თანამშრომლებთან გამოაცხადა, ხელოვნების მუზეუმის შენობა ეკონომიკის სამინისტროს უნდა გადაეცეს და აქ მუზეუმი აღარ იქნებაო. ეს იყო პირდაპირი განაცხადი, რომ ამ შენობის მომავალი ეჭვქვეშ იდგა... ცხადია, გავაპროტესტე, რადგან ხელოვნების მუზეუმის შენობა ეროვნული კატეგორიისაა და ცოტა ხანში 200 წელი შეუსრულდება. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია მთელი საქართველოს მასშტაბით - რა თქმა უნდა, მე ეს დაუფარავად ვთქვი. არ მიფიქრია, ჩემი პოზიცია ვინმეს მოეწონებოდა თუ არა: ვიცი, რომ ეს ჩემი პროფესიული და მოქალაქეობრივი ვალია და ნებისმიერი ქართველი მეცნიერი ასე უნდა მოიქცეს.

- რა მოხდა ამის შემდეგ?

- ახალბედაშვილის კრიტიკას ჩემი დაქვეითება მოჰყვა: მმართველის პოსტიდან გამიშვეს და ლაბორანტობა "მანდეს", ცოტა ხანში კი ხელოვნების მუზეუმიდან საერთოდ გამომიშვეს. საკუთარი თვალით ვნახე 15 ივლისის ბრძანება, სადაც ეწერა, რომ სექტემბრიდან კოლექციის ევაკუაციას დაიწყებდნენ, რაც თებერვალში უნდა დასრულებულიყო. ეს არაკვალიფიციური ადამიანის მიერ შედგენილი ბრძანება გახლდათ, რომელიც ვერ შესრულდებოდა ან თუ შესრულდებოდა, მუზეუმის ექსპონატებს დიდი ზიანი მიადგებოდა. ამიტომ ნიკა ახალბედაშვილისგან მაშინვე მოვითხოვე ევაკუაციის დეტალური გეგმა და მასში მონაწილე პირების ვინაობა. ამაზე პასუხი არ მიმიღია, სამაგიეროდ, მივიღე ბრძანება ჩემი ლაბორანტად გადაყვანის შესახებ... მუზეუმში 2008 წლიდან ვმუშაობ, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი ვარ - მონაწილე არაერთი სამეცნიერო კვლევის; ჩემი ავტორობით გამოცემულია რამდენიმე მონოგრაფია, ვარ მრავალი გამოფენის და საერთაშორისო პროექტის ავტორი... ვინ არის ნიკა ახალბედაშვილი? - ის პროფესიით სამართალმცოდნეა; იურისტია ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორიც, სხვებიც იურისტები და სასჯელაღსრულების სისტემის წარმომადგენლები არიან. სწორედ მათი ცოდნა და კომპეტენცია დგას კითხვის ნიშნის ქვეშ და ახლოსაც არ მივა იმასთან, რაც მუზეუმს სჭირდება. მიკვირს, რომ ეყოთ სითამამე ასეთ საპასუხისმგებლო საქმეს შესჭიდებოდნენ. კულტურული მემკვიდრეობის მოვლა უფაქიზესი პროცესია და თუ საფუძვლიან ცოდნაზე არ არის დაფუძნებული, ეს ძალზე საშიშია.

- კიდევ ვინ გაუშვეს სამსახურიდან?

- დავიწყოთ ხელოვნების მუზეუმით: დინარა ვაჩნაძე - ის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორია, ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ხელოვნების მუზეუმისა, რომელსაც წლების განმავლობაში კოლექციების დაცვა-აღრიცხვა ეკისრებოდა; ნინო ხუნდაძე - ასევე ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდის კურატორი; ნანა ბურდილაძე - ძალიან დიდი რეპუტაციის და გამოცდილების მქონე მეცნიერი. რამდენი ერთი ჩამოვთვალო? - როგორ არ ვახსენო ნინო ჯაყელი - ბრწყინვალე არქიტექტორი და ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალი თავის სფეროში ან დარეჯან გოგაშვილი - მაღალი კვალიფიკაციის მქონე რესტავრატორი?! ყველა, ვინც ამ "წმენდას" თუ "რეპრესიებს" შეეწირა, თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია და მათი საქმე გადაეცა ხალხს, რომელსაც ამ სფეროსთან შეხება საერთოდ არ ჰქონია. შუა საუკუნეების და თანამედროვე ქართული ხელოვნების ნიმუშების კოლექცია დღეს იმ ადამიანების ხელშია, რომლებიც ამ საქმეს არ იცნობენ და არ აქვთ შესწავლილი, ხოლო ავტორიტეტები მუზეუმს გარეთ დარჩნენ. ეს უდიდესი დარტყმაა ქართული კულტურისთვის.

- რას იტყოდით ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მეცნიერის - იულონ გაგოშიძის გათავისუფლებაზე?

- ალბათ თქვენც მოისმენდით წულუკიანის ცნობილ ინტერვიუს, რომელიც მან საზოგადოებრივ არხს მისცა: იქ მან თქვა, რომ იულონ გაგოშიძე არის საბჭოთა მეცნიერი, რომ მისი ოჯახის ყველა წევრი კულტურის სფეროშია დასაქმებული და ხელფასს აქედან იღებს... ამ ინტერვიუს მომავალში ალბათ, სახელმძღვანელოებში შეიტანენ იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორი არ უნდა იყოს სახელმწიფო პირი და რამდენად არასწორი შეიძლება იყოს თანამდებობის პირის აზროვნება. მართალია, გაგოშიძეების ოჯახის ყველა წევრი კულტურის სფეროში მუშაობდა. ჩვენთვის ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ არაბუნებრივია ის, რასაც დღეს კულტურის სამინისტრო აკეთებს. იულონ გაგოშიძეს და მის ახლობლებს თავიანთ სფეროში დიდი ავტორიტეტი აქვთ და ეს თავიანთი ცოდნით, საქმის სიყვარულით შეძლეს. თუ წულუკიანს არ მოსწონს, ეს კიდევ ერთი პლუსია გაგოშიძეების ოჯახისთვის. ეს ისეთი ხალხია, რომელსაც ნებისმიერი სახელმწიფო ხელისგულზე ატარებდა და ვინც ამ ადამიანებს ასე ექცევა, არც მომავალზე ფიქრობს და არც ამ ქვეყნის ბედზე.

ჩვენთან მუშაობდნენ უნიჭიერესი ახალგაზრდები, რომლებიც ძალიან საინტერესო პროექტში ჩავრთეთ. სამი წელი ვატარებდით ფუნდამენტურ კვლევას, მაგრამ სამწუხაროდ, ეს პროექტიც დაიბლოკა და ბევრი კარგი საქმე ჩაიშალა. მინისტრის "დამსახურებაა", რომ ბოლო ხანებში ქართულმა მეცნიერებამ მნიშვნელოვანი პროექტები დაკარგა. იქნებ გვითხრას, როგორ უნდა გააკეთოს იურისტმა რესტავრატორის, არქიტექტორის ან ხელოვნებათმცოდნის საქმე?! წულუკიანი ამ ქვეყანას ართმევს აწმყოს და მომავალს, ის ებრძვის მეცნიერებას, კულტურას, ეს კი ქვეყნის მომავალთან ბრძოლას ნიშნავს! მინისტრის მიერ მოყვანილი ადამიანები პროფესიონალიზმის მიხედვით კი არა, ერთგულების ნიშნით არიან შერჩეული.

aqciaze-1654500434.jpg

- როგორ აპირებთ თქვენი უფლებების დაცვას?

- მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩანაფიქრი წყალში ჩაგვეყარა, დანებებას მაინც არ ვაპირებთ. ჩვენ როგორმე ვიპოვით ადგილს, რადგან ინტერესების ფართო სფერო გვაქვს, მაგრამ აქ სულ სხვა რამეა მთავარი: რაც ჩვენს თავს დატრიალდა, ეს ადამიანის დევნა და მისი დისკრიმინაციაა. ამიტომაც მივმართეთ სასამართლოს და ყველაფერს ვიღონებთ, რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ. ჯერჯერობით, ველოდებით, რა მოხდება. ამ სიტუაციაში იმედს რა მაძლევს? - ზემოთ უკვე ვთქვი, რომ ხელოვნების მუზეუმში ახალგაზრდა ხელოვნებათმცოდნეების ბრწყინვალე ჯგუფი გვყავდა, ეს იყო პერსპექტიული, ნიჭიერი სპეციალისტების გუნდი. როცა ჩვენ გამოგვიშვეს და ის ამორალობა დაინახეს, რაც ახალი ადმინისტრაციის მიერ ხდებოდა, განცხადება დაწერეს და მუზეუმი დატოვეს. ჩემთვის ეს არის იმედი იმისა, რომ ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება: ის, რაც ახალგაზრდებისთვის მიუღებელია, დიდხანს ვერ გაძლებს - მას დიდი ხნის სიცოცხლე და არსებობა არ უწერია!

P.S. რასაკვირველია, ჩვენ არ გვინდოდა სტატია ცალმხრივი გამოსულიყო, ამიტომ დავუკავშირდით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს - რუსო უშიკიშვილს, რომელმაც არ გვიპასუხა. სამწუხაროდ, ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა ნიკა ახალბედაშვილმაც, თუმცა, მის პასუხს ახლაც ველოდებით...

ხათუნა ჩიგოგიძე