რამაზ ფალიანი - სვანებს შორის პირველი მსოფლიოს ჩემპიონი - გზაპრესი

რამაზ ფალიანი - სვანებს შორის პირველი მსოფლიოს ჩემპიონი

სპორტის ვარსკვლავები საკუთარი წარმატებებით გულშემატკივრებს დიდ სიხარულს გვანიჭებენ. გადის დრო და ეს სიხარულიც გვავიწყებდა და მისი "ავტორიც", არ ვკითხულობთ, როგორ ცხოვრობენ, რას საქმიანობენ წლების შემდეგ...

მსოფლიოს ჩემპიონ რამაზ ფალიანს დიდი ხანია, არ შევხვედრივარ. ბოლოს დაახლოებით ათი წლის წინ ვისაუბრეთ. რამაზი მაშინ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო და ერთობ წარმატებულიც. მისი თავკაცობისას, 2009 წლის მილანის მსოფლიოს ჩემპიონატზე კობა ფხაკაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ზაზა კვაჭატაძემ, ჯაბა ხოსიტაშვილმა და მიხეილ ბახტაძემ კი მოგვიანებით ანკარიდან იმავე სინჯის ჯილდოები ჩამოიტანეს. სამდურავი წესით, არავის ეთქმოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნაკრებიდან მაინც გაუშვეს.

მას შემდეგ რამაზ ფალიანის შესახებ აღარაფერი მსმენია. დროდადრო ვურეკავდი, მაგრამ ტელეფონი ერთთავად გამორთული ჰქონდა. ამ დღეებში კიდევ ვცადე დაკავშირება და მოულოდნელად ბავშვმა მიპასუხა. გამიხარდა, მივხვდი - რამაზის შვილი იყო. მოზრდილი კაცივით მელაპარაკა, თავისი სახელი მითხრა. გიორგისთან საუბარი ალბათ კიდევ გაგრძელდებოდა, მაგრამ რამაზმა "არ დაგვაცადა". ერთმანეთი მოვიკითხეთ. პირველ რიგში მაინტერესებდა, ეს წლები რას საქმიანობდა, მაგრამ ჯერ მისი პატარა ვაჟკაცით დავიწყე - როგორი ბავშვია, რამდენი წლისაა, მამის კვალზე დადგომას ხომ არ აპირებს?..

- გიორგი 9 წლისაა. ვატყობ, ჩემზე ჭკვიანი იზრდება... კარგად სწავლობს, მათემატიკა იცის ძალიან კარგად. კრივიც მოსწონს, მაგრამ ცოტა ჯიუტია. ერთი-ორჯერ ოდნავ მკაცრად რომ დაველაპარაკე, შევატყვე, ეწყინა. მივხვდი, გიორგის სხვანაირი მიდგომა სჭირდება, ამიტომ მირჩევნია, სხვასთან ივარჯიშოს; ისეთ მწვრთნელთან, ვისაც დაუჯერებს. საერთოდ, ამ ასაკში ბავშვს ჯერ სპორტი უნდა შეაყვარო, ვარჯიში მისთვის გართობა უნდა იყოს, დაძალება არ შეიძლება. სხვათა შორის, არც მამაჩემი გვაძალებდა არც მე და არც ჩემს ძმებს.

- სწორედ ძმებთან დაკავშირებით მინდოდა მეკითხა: სამი ძმა იყავით და სამივე კრივზე დადიოდით. ალბათ მთელი მესტია აკლებული გქონდათ...

- არა, ასე ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენ ისეთი მწვრთნელი გვყავდა, ალექსანდრე ჯაფარიძე, ქუჩაში ჩხუბს როგორ გავბედავდით?! ძალიან კარგი და წესიერი კაცი იყო. მესტიაში მას დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. ყველამ იცოდა - ბატონი ალექსანდრეს გაზრდილი ბიჭი არ შეიძლებოდა ცუდი პიროვნება დამდგარიყო. ამიტომ მშობლები ენდობოდნენ მას. ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ჩემი უფროსი ძმა, ზურაბი ეროვნული ნაკრების წევრი იყო, მოგვიანებით საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა; უმცროსი, შალვა ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია, ხოლო მე ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ-პრიზიორობას მივაღწიე. ვფიქრობ, არცთუ ურიგო ადამიანებად გავუზრდივართ ჩვენს მშობლებსა და მწვრთნელს.

- საქართველოს ნაკრებიდან, როგორც ვიცი, 2012 წელს დაგითხოვეს. მერე რას აკეთებდი?

- ბაქოში ერთ-ერთ კლუბში მიმიწვიეს. რამდენიმე წელი იქაურ მოკრივეებს ვავარჯიშებდი და მგონი, რაღაცას მივაღწიეთ კიდეც: აზერბაიჯანის გუნდი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გავიყვანე და საბოლოოდ მეორე ადგილი დავიკავეთ. ჩემპიონები კუბელები გახდნენ. ამის შემდეგ თურქეთის ჭაბუკებისა და ახალგაზრდულ ნაკრებს ვწვრთნიდი. თავიდან იქაური კრივის ფედერაციის პრეზიდენტი სერიოზულ თანადგომას დამპირდა, პერსპექტიული სამუშაო გრაფიკიც შევადგინე, მაგრამ სიტყვა არ შეასრულა და წამოვედი. მერე სვანებმა მთხოვეს დახმარება, ჩამოდი და გვერდში დაგიდგებითო. მეც ავდექი და ჩამოვედი, მაგრამ პანდემიის პერიოდს დაემთხვა და ვეღარ ვავარჯიშებდი ბიჭებს, ვერც შეჯიბრებებზე გავდიოდით. მიუხედავად ამისა, მაინც გამყავდა ისინი სუფთა ჰაერზე, ბუნებაში და იქ ვწვრთნიდი. მერე ისე მოხდა, რომ უკვე ჩვენმა გამგებელმა კრივის სწავლა დამიწყო და ვეღარ მოვითმინე...

- ე.ი. ამით დამთავრდა შენი კრივი?

- რა თქმა უნდა, არა. მე მაინც მყავს ბავშვები და იმათ ვავარჯიშებ.

- რამაზ, საქართველოში კრივი უძველესი დროიდანაა ცნობილი, რასაც ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი ტყავის ხელთათმანი ადასტურებს. XIX საუკუნეში კი თბილისში ქალაქური კრივი იყო გავრცელებული. პრაქტიკულად, ეს ქუჩური ჩხუბი იყო, მაგრამ მას შემდეგ ყველაფერი ძირფესვიანად შეიცვალა. კრივი "მუშტების ქნევა" არ არის, ახლა მთავარი სპორტსმენის აზროვნებაა, თანაც, ძალიან სწრაფი აზროვნება. ცხადია, ფიზიკური მომზადებაც მნიშვნელოვანია. შენ ბრძოლის რომელ სტილს ანიჭებდი უპირატესობას - უფრო ძალისმიერს თუ ტექნიკურს?

- მე ყველანაირი სტილით შემეძლო ბრძოლა. სხვანაირად დიდ შედეგებს ვერ მიაღწევ რინგზე. როგორი მეტოქეც შეგხვდება, იმის მიხედვით უნდა შეგეძლოს ტაქტიკის შერჩევა. კუბელებს რომ ფიზიკური მომზადება და ტექნიკა აქვთ, ისეთი ძლიერი მოკრივეები არავის ჰყავს, მაგრამ მათთვისაც მომიგია. 1994 წლის სანქტ-პეტერბურგის "კეთილი ნების თამაშების" ფინალში სწორედ კუბელი ჰოელ კასამაიორი დავამარცხე. სხვათა შორის, ის ბარსელონის ოლიმპიადის ჩემპიონი იყო, მერე პროფესიონალებში გადავიდა და იქაც მოიპოვა ტიტულები. სხვა საინტერესო შემთხვევაც მახსენდება. ერთ ფრანგთან მქონდა ბრძოლა. მაგარი ბიჭი აღმოჩნდა, ძლიერი "მოჩხუბარი". ვეღარ გავექეცი, მაგრამ ტაქტიკა შევცვალე, ტექნიკურ ბრძოლაზე გადავედი და საბოლოოდ მოვუგე. ასე რომ, ყველაფერი უნდა შეგეძლოს.

12687769-1692127697666147-2239710077167121416-n-1654502940.jpg

- ერთხელ ჩვენმა პირველმა ევროპის ჩემპიონმა, დავით კვაჭაძემ მითხრა, რომ ძლიერი დარტყმა არასდროს გაუშვია და ნოკდაუნშიც არასდროს აღმოჩენილა. შენ?

- საკმაოდ მაგარი მუშტი მეც მომხვედრია, მაგრამ რეფერის არც ჩემთვის არასდროს დაუთვლია. კრივი სპორტის ძალიან რთული სახეობაა. აქ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო და ძლიერ დარტყმებსაც გაუძლო. თუ ჩემპიონის ქამარი გინდა, მეტოქესაც უნდა აჯობო, მის მუშტსაც და ზოგჯერ - საკუთარ თავსაც.

- გეთანხმები, ყველაფერ ამის გადალახვა იოლი ნამდვილად არ არის, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი დაბრკოლება, რომელიც ალბათ შენც შეგხვედრია, - მსაჯები, უფრო სწორად, უსინდისო მსაჯები, რომლებიც სპორტის ყველა სახეობაში მომრავლდნენ.

- ეს განსაკუთრებული თემაა. ასეთები სამწუხაროდ, მეც არაერთხელ შემხვედრია. ბარსელონის ოლიმპიადის წინ "დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის" თასზე ირკუტსკელ ვიტალი კარგინს სამივე რაუნდი მოვუგე, მაგრამ მსაჯებმა ბრძოლა აშკარად წამართვეს. ყველამ იცოდა, რომ ეს ყოფილი საბჭოთა სპორტსმენებისთვის ერთად გამოსვლის ბოლო ოლიმპიადა იქნებოდა და ქართველებისათვის ნაკრებში მოხვედრა ჭირდა. მერე საკონტროლო შეხვედრები გაიმართა, სადაც ყველას ვაჯობე, ამიტომაც ოლიმპიადაზე მჩატე წონაში მე დამაყენეს, მაგრამ ბარსელონაში უარესი მოხდა: ოლიმპიადის ნახევარფინალში მასპინძელთა ბოლო იმედს, ფაუსტინო რეიესს შევხვდი. ესპანელებიდან ოქროს მედლის მოპოვების შანსი მხოლოდ მას ჰქონდა და სწორედ იმ დღეს პირველად მოვიდა დარბაზში ესპანეთის მეფე ხუან კარლოსიც, გასაგებია - რატომ... მე მაშინ 20 წლისაც არ ვიყავი და არ ვიცოდი, რა ხდებოდა კულისებს მიღმა. ბრძოლა, რა თქმა უნდა, რეიესს მოაგებინეს, მაგრამ შემდეგ ფინალში მსაჯებმა არც ის დაინდვეს და გერმანელ ანდრეას ტევსს, ასევე არაობიექტური გადაწყვეტილებით მისცეს გამარჯვება. ის ჩემპიონი გახდა, რეისი მეორე ადგილზე გავიდა, მე კი ბრინჯაოს მედალიღა მერგო.

დაახლოებით იგივე გამიკეთეს ჩემს ბოლო, სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზეც. ავსტრალიაში უკვე მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორისა და ევროპის სამგზის ჩემპიონის რანგში ჩავედი. გამოცდილება ნამდვილად არ მაკლდა. მსაჯების ხრიკებიც ვიცოდი, მაგრამ ზოგჯერ მათი "მაფიის" დაძლევა უფრო რთულია, ვიდრე მეტოქის დამარცხება. ოლიმპიადის მეოთხედფინალში ყაზახ ბეკზატ სატარხანოვს უნდა შევხვედროდი. მაშინ თურქეთის გუნდის სახელით გამოვდიოდი. ნაკრებში მათ ვიღაც ყაზახი ჰყავდათ, რომელმაც შუააზიელები გააფრთხილა, ფალიანს სატარხანოვი ვერ მოუგებს, თუ მსაჯებთან არ იმუშავებთო. ერთი სიტყვით, 11:12 წამაგებინეს და ბარსელონის შემდეგ იქაც დამაკარგვინეს ოქროს მედალი.

- ცნობილია - სოლიდური შედეგების მისაღწევად სპორტსმენს კარიერაში სჭირდება: ბუნებრივი ნიჭი, შრომისმოყვარეობა, კარგი მწვრთნელი და კიდევ - იღბალი. შენ თუ გწყალობდა ფორტუნა?

- აბა, რა გითხრათ?.. იღბალი სპორტსმენს ნამდვილად სჭირდება. ჩემი ბედისწერა ის იყო, რომ საკმაოდ ბევრი შეხვედრა წავაგე იმ მეტოქეებთან, რომლებიც მერე ჩემპიონები გახდნენ. ზოგ მათგანზე უკვე გითხარით, სხვებსაც გავიხსენებ. 1993 წლის ბურსას ევროპულ ჩემპიონატზე ფინალი ძალიან ძლიერ ბულგარელთან, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ სერაფიმ ტოდოროვთან დავთმე; ატლანტის ოლიმპიურ თამაშებზე ტაილანდელმა სომლუკ კამსინგმა მომიგო; ხოლო 1999 წელს, ჰიუსტონის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ამერიკელ რიკარდო ხუარესთან წავაგე. ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის მსაჯების ბრალი იყო ეს მარცხი, მეც მქონდა შეცდომები. მეორე მხრივ, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულებს ისე ვერ მოვიპოვებდი, ფორტუნას კეთილი თვალით რომ არ გადმოეხედა. სხვათა შორის, ტოდოროვს დანიურ ვაილეში ავუღე რევანში, როდესაც ევროპული ჩემპიონატის ფინალში დავამარცხე.

1229-1654502925.jpg

- უცნაური კარიერა გამოგივიდა: რამდენიმე ქვეყნის ჩემპიონი გახდი, საქართველოს გარდა, რუსეთის, საბერძნეთის და თურქეთის ჩემპიონი ხარ. ბოლოს ამერიკაში გადახვედი და იქაც, პროფესიონალებში დაეუფლე საჩემპიონო ქამარს. კარიერის დასრულების შემდეგაც მომთაბარე ცხოვრების გაგრძელებამ მოგიწია, ხან იმავე აშშ-ში და ხანაც ევროპაში წვრთნიდი სხვადასხვა ქვეყნის მოკრივეებს. ხომ არ მოგბეზრდა ცხოვრების ასეთი სტილი?

- რას იზამ?.. გადახედეთ მსოფლიოს წამყვან სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებს - ისინიც ასე მოგზაურობენ. ჩემი მეუღლე დამცინის ხოლმე: დილას რომ გაიღვიძებს და ჭერს უყურებს, ზოგჯერ ვერ ხვდება, სად არის, სასტუმროში თუ საკუთარ სახლშიო. ასეთი ყოფილა ჩემი ბედი და ნამდვილად არა ვარ უკმაყოფილო.

- თუ არ ვცდები, სვანებს შორის პირველი მსოფლიოს ჩემპიონი ხარ. მესტიაში თუ გცნობენ ახალგაზრდები?

- ძველი თაობა კი მცნობს, ახალგაზრდები - ნაკლებად. ბუნებრივიცაა: მე რომ წავედი საქართველოდან, ისინი ჯერ კიდევ პატარები იყვნენ, ზოგი არც იყო დაბადებული. მაგრამ ეგ არაფერია. მე სხვა რამეზე ვფიქრობ: რა გამოცდილებაც მაქვს კრივში, ასეთი სულ ერთი-ორი თუ გვყავს. ეს წლობით დაგროვებული ცოდნაა და ქვეყანა უნდა იყენებდეს. საქართველოში საკმაოდ არიან ნიჭიერი და პერსპექტიული ბიჭები და მათ შორისაც შეიძლება იყვნენ მომავალი ჩემპიონები. წარმატებები მინდა ვუსურვო ამ ბიჭებსაც და ქართულ კრივსაც.

გოგი ფრანგიშვილი