"ერთმა გოგონამ დედასთან წერილი გამატანა, ქალი დაბომბვას შეეწირა..." - გზაპრესი

"ერთმა გოგონამ დედასთან წერილი გამატანა, ქალი დაბომბვას შეეწირა..."

სამ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინა რუსეთის შეტევებს უმკლავდება. საერთაშორისო სპეციალისტების აზრით, ეს არის ომი გამოფიტვამდე, რომელიც კიდევ დიდხანს არ დამთავრდება... რას მიაღწია აგრესორმა ამ დროის განმავლობაში, რისი შენარჩუნება შეძლო და რა გზას ადგას უკრაინა უთანასწორო ბრძოლაში? - ამის გარშემო მსჯელობა არ წყდება, რადგან პოზიციები ხშირად იცვლება. არაერთ ქალაქსა და დასახლებას რუსეთი ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე დღით ინარჩუნებს; დონბასის ოლქში მათ უკვე თავდაცვით პოზიციებსა და ზღუდეებზე დაიწყეს მუშაობა, მაგრამ უკრაინელების თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ განზრახვაზე ხელის აღებას აპირებენ - "ბრძოლა გრძელდება უკრაინის ნებისმიერი მიმართულებით"...

უკრაინელი მოხალისის, სტეფან შამრაის თქმით, რუსული ავიაიერიშების ფონზე ქვეყანაში უსაფრთხო ადგილი თითქმის აღარ არსებობს. ოკუპანტები პერიოდულად, ქაოსურად ბომბავენ კიევის ოლქის სხვადასხვა ქალაქს, დასახლებულ პუნქტს, სამოქალაქო ობიექტს, ისვრიან სრულიად არაორგანიზებულად და შემდეგ რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში აცხადებენ, რომ იმ ადგილებში "ნეონაცისტები" იმალებიან, სინამდვილეში კი მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ. მისივე თქმით, ბოლო დღეებში რუსული არმიის ძირითადი სამიზნე ქალაქი სევეროდონეცკია, სადაც უკრაინულ არმიას გარკვეული წინსვლის შემდეგ, ისევ უკან დახევამ მოუწია.

- ჯერჯერობით, ვიდრე ომის მესამე ფაზა დაიწყება, ჩვენი ძალები დასავლეთის მიერ გადმოცემულ ახალ შეიარაღებასა და სამხედრო ტექნიკას სრულად დაეუფლებიან, ასეთი არასტაბილური ვითარება იქნება. ჩვენმა მცველებმა წინა დღეებში გარკვეული დროით კონტრშეტევის განხორციელება მოახერხეს, გაათავისუფლეს ქალაქის თითქმის ნახევარი, მაგრამ ახლა ვითარება შედარებით გაუარესდა და მათ დაკავებული პოზიციებიდან უკან დახევამ მოუწიათ.

- იმედია, დროებით.

- დარწმუნებული ვარ, დროებით. იქ ჩემი მეგობრები რჩებიან, ისინი სხვადასხვა პოზიციაზე არიან მიმოფანტული და მძიმე ბრძოლები გრძელდება. რამდენიმე დღის წინ ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე იმყოფებოდა სევეროდონეცკის მახლობლად მდებარე ქალაქ ლისიჩანსკში, სადაც ჩვენს მეომრებს, ასევე, საკუთარი სახლებიდან იძულებით წამოსულ ადამიანებს შეხვდა, ეს მათთვის ძალიან დიდი მოტივაციაა. ომამდე არც კი მეგონა, თუ ასეთი ერთიანობა შეგვეძლო, მაგრამ ამ დიდმა ბოროტებამ ერთმანეთი სხვაგვარად დაგვანახვა.

მალე უკრაინა ბრიტანეთისგან თავდაცვის გაძლიერებული მხარდაჭერის ახალ პაკეტს მიიღებს. ეს კიდევ უფრო გაგვაძლიერებს. ახლა ჩვენთვის მთავარია, უკრაინის ცა მაქსიმალურად დაცული იყოს, რადგან რუსეთის უპირატესობა ავიაცია და არტილერიაა, მიუხედავად იმისა, რომ პილოტებში იმხელა დანაკარგი აქვს, გენერლები და პენსიაზე გასული სამხედრო მფრინავები ჰყავთ გამოძახებული... გასულ კვირას რუსულმა ძალებმა კიევის სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე იერიში საკრუიზო რაკეტებით მიიტანეს, რათა შეეფერხებინათ ფრონტის ხაზზე უკრაინული შენაერთებისთვის დასავლური სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება. პუტინი და მისი გარემოცვა შეშინებული არიან, რადგან იციან, მთელი მსოფლიო დაუპირისპირდა. დიდი მსხვერპლის, ნგრევისა და სისხლის ფასად, მაგრამ როგორც იქნა, ყველამ დაინახა, რას წარმოადგენს რუსეთი სინამდვილეში. თითქოს 2008 წელს საქართველოზე თავდასხმა არ იყო საკმარისი, 2014 წელს უკრაინაზე მიტანილი იერიშები არ შეიმჩნიეს და ასე მივედით 2022 წლის 24 თებერვლამდე!.. იქიდან მოყოლებული, სიკვდილს და ცრემლს თესავენ. ჯერ ახლობლების ტრაგედიებზე ვლაპარაკობდით, შემდეგ უკვე სტატისტიკად გვექცა - იმ ქუჩაზე ამდენი დაიღუპა, ამ ქალაქზე იერიშს ამდენი ადამიანი შეეწირა... 21-ე საუკუნეში ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება რუსეთის ამბიციებს, რომელსაც სურს, უკრაინა როგორც სახელმწიფო, უკრაინელები როგორც ერი არ არსებობდნენ.

უცხოელი ჟურნალისტები გვეკითხებიან, რა გჭირდებათ ყველაზე მეტადო?.. ვპასუხობთ - გადარჩენა!.. უნდა გადავრჩეთ, ამისთვის კი ყველაფერი გვჭირდება - ჰუმანიტარული, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური მხარდაჭერა, რადგან მონსტრს ვებრძვით, რომელსაც საკუთარი მოქალაქის სიცოცხლეც არაფრად უღირს. ერთი მეტრით წინ წასაწევად ასობით სამხედროს სწირავს!.. ამიტომ უკრაინას ყველანაირი შეიარაღება სჭირდება. მრავალჯერადი გაშვების M270 ტიპის სარაკეტო სისტემებს ველოდებით, რომელთაც სამიზნემდე მიღწევა 80 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია, მაგრამ ამით არ უნდა ამოიწუროს... იმედია, დასავლეთს სრულად აქვს გააზრებული რუსეთისგან მომავალი საფრთხე, რომელიც გრძნობს, რომ დამარცხება ახლოსაა და მზადაა, რადაც უნდა დაუჯდეს, ის პოზიციები მაინც შეინარჩუნოს, რომელიც აიღო.

ukraineli-moxalise-1654767143.jpg

- ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ივნისის ბოლოს მიღებული დახმარება ომში გარდატეხას შეიტანს.

- ჩვენც ამის იმედი გვაქვს. ამერიკა 700 მილიონი დოლარის ღირებულების ახალ იარაღს გვპირდება, რომელიც საშუალო დისტანციის სარაკეტო სისტემებს, ვერტმფრენებს, "ჯაველინებს", რადარებს, სათადარიგო ნაწილებსა და სხვა აღჭურვილობას მოიცავს. მისი განლაგებისა და შემდეგ გამოყენებისთვის სამი კვირა დაგვჭირდება, რაც მართლაც, ივნისის ბოლომდე გადაიდება. არადა, ყოველდღე იხოცებიან უდანაშაულო ადამიანები... უკრაინელები ომის პირობებში - ბომბების, ნაღმების აფეთქებების, საჰაერო განგაშის პირობებში ცხოვრებას შევეჩვიეთ, მაგრამ სიკვდილს ვერასდროს შევეგუებით...

მოხალისეები ხანდახან ჰუმანიტარული დახმარების დარიგებაშიც ვმონაწილეობთ. ჩვენთან არიან სტუდენტებიც. მათი ნაწილი ონლაინლექციას სანგრიდან, ტყეში გამაგრებული დანაყოფიდან, ფრონტის ხაზიდან, ბომბსაფრიდან ერთვება. ზოგი საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლობს და ომის გამო ლექციებს ონლაინ ესწრება... მოხალისეებს შორის არიან აბიტურიენტებიც, რომლებიც დაბომბვის შემდეგ ჩვენთან ერთად ქუჩებს ასუფთავებენ. ყველანი ერთად ვდგავართ და ვცდილობთ, რუსულ ბოროტებას ჩვენებურად ვებრძოლოთ, ერთიანობით, გაუტეხლობით. "რაშისტებმა" უდიდესი ზიანი მოგვაყენეს, ახლობლები დაგვიხოცეს, ქალებსა და ბავშვებს არაადამიანურად უსწორდებიან, უდანაშაულო ადამიანების ხოცვას განაგრძობენ, მაგრამ ყველაზე მთავარი - ჩვენი გატეხა ვერ შეძლეს. ვერასდროს დაგვამარცხებენ.

- ახლა რა ხდება თქვენ გარშემო?

- გააჩნია, დღე-ღამის რომელ მონაკვეთზე მეკითხებით... დილით დანგრეული სახლებისა და დახოცილი ადამიანების დათვლა გვიწევს. ამას წინათ ბავშვებს სათამაშოები მივუტანეთ და არც ერთს არ გახარებია, გამოგვართვეს, მაგრამ მათ თვალებში სიხარულის ნატამალი ვერ აღმოვაჩინე: ბავშვებს ბავშვობა წაართვეს... რამდენიმემ მკითხა, ომში მისი მშობლები ხომ არ მინახავს? ვუთხარი, რომ ვნახე და თავს კარგად გრძნობენ, მაგრამ მათთან დარეკვის შესაძლებლობა არა აქვთ... 9 წლის გოგონამ მკითხა, კიდევ ვნახავდი თუ არა მის დედიკოს? როდესაც თავი დავუკარი, წერილი დაწერა და გადმომცა. არადა, დედამისი ერთ-ერთ დაბომბვას შეეწირა... ბავშვების ბუნება ჩემთვის უცხო არ არის - ომამდე სკოლაში ისტორიას ვასწავლიდი, ხანდახან ახლაც ვერთვები გაკვეთილში, რადგან ჩემი საქმე მენატრება ან ასე, ბომბსაფარში შეყუჟულ, უსახლკაროდ დარჩენილ ბავშვებს ვასწავლი ისტორიას. ამ სამი თვის განმავლობაში უამრავი სიკვდილი ვნახე, ახლობლები, მეგობრები დავკარგე, ბევრი მათგანი ეტლს მიჯაჭვული ან ცალი ფეხით გააგრძელებს ცხოვრებას, მაგრამ დაზიანებულ ბავშვებზე მძიმე სანახავი არაფერია. ვნახე გოგონა, რომელიც სათამაშოების დანახვაზე ჩვენკენ გამოიქცა, შემდეგ კი შუა ოთახში გაჩერდა და მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, რომ ორივე კიდური იდაყვთან მოწყვეტილი ჰქონდა. თოჯინა, რომლისთვისაც ჩვენკენ გამოიქცა, ხელში ვერ აიყვანა. დედამ ჩაისვა კალთაში და თოჯინასთან ერთად გულში ჩაიკრა. გვითხრა, რომ ეს მისი პირველი სათამაშო იყო მას შემდეგ, რაც ხელები დაკარგა. სიკვდილი მინდოდა...

ევროპაში მოლაპარაკებებზე, დიპლომატიაზე საუბრობენ. წარმოუდგენელია, რუსები და უკრაინელები მშვიდობიანი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. რუსეთმა ყველაფრისთვის პასუხი უნდა აგოს. ეს არ უნდა შერჩეს და არც შევარჩენთ. მხოლოდ პუტინი კი არა, მთელი ერის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. მხოლოდ კრემლში თავმოყრილი ბოროტმოქმედები ხომ არ გვებრძვიან - ყველა, ვინც პუტინის აგრესიას ამართლებს და მხარს უჭერს უკრაინის ომს, თანამონაწილეა. რუსი სამხედრო ტყვეები ამბობენ, რომ ყველა უკრაინელი, რომელსაც რუსეთი არ უნდა, გასანადგურებელია, რადგან დასავლეთის, ამერიკის მიერ არიან მართული და სხვებს "მოძმე რუსების" სიძულვილს უნერგავენ. ისინი მშვიდობიან მოსახლეობას ბომბებს უშენენ. საერთო საფლავების გაჭრას ვერ ვასწრებთ და თურმე ჩვენ ვთესავთ სიძულვილს!..

სამთვიანი ინტენსიური ბრძოლის შემდეგ, რუსეთის "უძლეველმა არმიამ" უკრაინის სამი ქალაქი - პოპასნაია, მარიუპოლი და ლიმანი აიღო. გააფთრებული იბრძოდა ხერსონის ოლქისთვის, მაგრამ უდიდესი ადამიანური და სამხედრო ტექნიკის დანაკარგის მიუხედავად, არაფერი გამოუვიდა. ბოლო რამდენიმე დღეა, მთელი ძალები სევეროდონეცკში აქვს მობილიზებული, სადაც ახლა ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს... ჩვენი პარტნიორების დახმარებით, ვიგერიებთ, რაღაც პოზიციებზე კონტრშეტევაზეც გადავდივართ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მეტი გვჭირდება რუსული ბოროტების დასამარცხებლად. ვრცელდება ცნობები, რომ სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობა ძალიან შეშინებულია. ამიტომ, დამხმარე ძალები ბელარუსიდანაც შემოჰყავთ. პუტინი ამ ომში მხოლოდ რუსების დახოცვას არ სჯერდება.

არც ერთ ქალაქსა და რაიონში, რომელიც აიღეს, მყარი კონტროლი არ აქვთ. ყველანაირად ცდილობენ, დარჩენილ მშვიდობიან მოსახლეობაზე ფსიქოლოგიურად იმუშაონ და "აუხსნან", რისთვის იღვრება უკრაინის მიწაზე მათი სისხლი.

ukraina-saxli-2-1654767178.jpg

- როგორ ცხოვრობენ იქ დარჩენილი ადამიანები?

- ეს ჯოჯოხეთია, რომელიც რუსებმა იქ შეიტანეს. ყველგან, სადაც ისინი არიან, წყლისა და სასიცოცხლოდ აუცილებელი სურსათის კრიზისია. წყალი შეზღუდულად, მესამე-მეოთხე დღეს მიეწოდებათ, ოღონდ არავინ იცის, სასმელად ვარგისია თუ არა, საიდან ტუმბავენ, რა დაავადებებს გააჩენს ისედაც ცხედრებით დაბინძურებულ გარემოში. დღეში ერთხელ, დილაობით აძლევენ პურს, რომელიც რამდენიმე ადამიანზე უნდა განაწილდეს, ზეთს, მაკარონსა და სხვა მიზერულ საკვებს. ომს გადარჩენილი მოხუცები წამლისა და ექიმის გარეშე იღუპებიან.

მარიუპოლის აღების შემდეგ ჩემი ნათესავების ოჯახი ომმა გაყო. ძმა ხარკოვშია, და - თავიდანვე, შვილებთან ერთად, მარიუპოლში, რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა. იქ დარჩენილი ადამიანებისთვის რუსული პროპაგანდისტული მედიის გარდა, სხვა წყარო არ არსებობს. რუსები დროს არ კარგავენ, პრიმიტიული იდეოლოგიით მათ გადაბირებას ცდილობენ - თითქოს ისინი, ვინც რუსებს სიცოცხლის ფასად უწევს წინააღმდეგობას, დასავლეთის, ამერიკის ბრძანებით მოქმედებენ, რადგან მათ, ამერიკელებს, ევროპელებს, ებრაელებსაც, თურმე უკრაინის ტერიტორია სჭირდებათ სხვადასხვაგვარი ექსპერიმენტის ჩასატარებლად, ლაბორატორიების ასაშენებლად; უჩვენებენ ვიდეოებს, თუ როგორ ბომბავდნენ "ბანდეროვცები" ეკლესიებს, ხოცავდნენ სასულიერო პირებს... ვფიქრობ, ეს მიდგომა უფროს თაობაზე გარკვეულ გავლენას მოახდენს. მათ ნაკლები ინფორმაცია ჰქონდათ ევროკავშირზე, ნატოსა და დასავლეთზე. ჩემი ნათესავები ერთმანეთს შუამავლის საშუალებით უკავშირდებიან და ამის წყალობით ვიცით, რომ ხალხს მცირე რაოდენობით საკვებს აძლევენ და ელექტროენერგიის აღდგენას ცდილობენ, რადგან ეს თავად სჭირდებათ. ჯანდაბას, აღადგინონ და ადამიანებს ტელეფონის დატენის შესაძლებლობა მაინც მიეცეთ, უამრავმა უკრაინელმა დედამ არ იცის, შვილები ან ოჯახის წევრები ცოცხალი ჰყავს თუ არა. მოხუცები ისე დაიხოცნენ და დამარხეს, შვილებმა და შვილიშვილებმა არაფერი იციან.

მშვიდობიანი მოსახლეობა ქუჩა-ქუჩა დადის, ცხედრებს აგროვებს და მარხავს. ამბობენ, დაღუპულები მიახლოებით დასახელებულ რაოდენობაზე ოთხჯერ-ხუთჯერ მეტია... მაინც გავუძლებთ და სულ მალე მარიუპოლიც, ლიმანიც, დონბასისა და ლუგანსკის რაიონებიც მთლიანად ჩვენი იქნება, მაგრამ იმ ადამიანების სიცოცხლეს არაფერი ეშველება. რუსეთს ეს არ უნდა შერჩეს, ყველას გამო პასუხი უნდა აგონ, თორემ თუ მსოფლიო დაუშვებს და ამ ომში ბოლომდე არ დაასუსტებს, მაშინ "რუსულ მადას" ვერავინ შეაჩერებს.

ლალი პაპასკირი