პირველები ევროპაში, ანუ - გზაპრესი

პირველები ევროპაში, ანუ

მაისის ბოლოს ტელევიზიით ყური მოვკარი, რომ ერევანში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი კრივში, რომელზეც საქართველოს სპორტსმენებმა სამი ოქროსა და ერთიც ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ყურებს არ დავუჯერე. აქამდე სულ დავით კვაჭაძისა და გიორგი კანდელაკის ორი ოქრო გვქონდა, ახლა კი ერთბაშად - სამი! ასეთი რამ ქართული კრივის ისტორიაში არ მომხდარა.

გიორგი ყუშიტაშვილისა და სომეხთა ჯილას, რაფაელ ოვანისიანის ფინალს ვუყურე. ფინალი მართლაც ღირსეული მეტოქეების ორთაბრძოლა გამოვიდა. ორივეს ბლომად მოხვდა. დაჯილდოების ცერემონიის დროს მათი გვარიანად დასივებული თვალები ჩანდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში დარბაზი ერთხმად გაიძახოდა - "რაფო, რაფო!" მაგრამ რაფოს საკუთარი გულშემატკივრების მხარდაჭერამაც ვერ უშველა. მეორე რაუნდში ნოკდაუნში აღმოჩნდა, ბრძოლის შემდეგ კი ფეხზე ვეღარ იდგა.

მასპინძელთა ფავორიტს როდესაც ხვდები, რეფერი აუცილებლად მას ემხრობა, მაგრამ აქ გიორგის უპირატესობა იმდენად სოლიდური იყო, რომ მსაჯებმა ყუშიტაშვილს ერთხმად მიანიჭეს გამარჯვება.

გიორგის გარდა, ევროპულ ჯილდოს, ოღონდ ვერცხლისას, დაეუფლა ლაშა გურული, ხოლო სახილ ალახვერდოვი და არტიუშ გომციანი ჩემპიონები გახდნენ. ყოჩაღ ბიჭებს, რომ ქართულ კრივს თავიანთი ოქროც შემატეს!

ვფიქრობ ეს გამარჯვებები, პირველ რიგში, მწვრთნელების დამსახურებაა. ბუნებრივია, ყველას ვერ დავუკავშირდებოდი, ამიტომ ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ბეჟან ჭიჭინავას შევეხმიანე.

- ასე როგორ მოამზადეთ გუნდი, რომ ერთბაშად ამდენი გამარჯვება იზეიმეთ?

- ამ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანეს ნაკრების სხვა მწვრთნელებმაც, ფედერაციის ხელმძღვანელობამ და რაღა თქმა უნდა, თავად მოკრივეებმა. ამ ბიჭებთან, თითქმის ყველასთან, უკვე რვა წელია ვმუშაობ და ამ ხნის განმავლობაში, მაგალითად, სახილ ალახვერდოვისათვის სხვადასხვა ტურნირის ეს უკვე მერვე ფინალი იყო და პრაქტიკულად ყველგან პირველი ან მეორე ადგილი აქვს დაკავებული. მხოლოდ მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე, ბელგრადში დაეუფლა ბრინჯაოს მედალს. ერევანში იგი უმჩატეს წონაში პირველ ნომრად იყო განთესილი და პირველობა მოიპოვა კიდეც. ასე რომ, ეს ოქრო ჩვენთვის შემთხვევითი არ ყოფილა. ამას ველოდით და ამისთვის ვემზადებოდით. დიდი შრომა გვაქვს ჩადებული ყველას.

ასევე, ჩემს ხელში იზრდებოდა არტიუშ გომციანიც. აქაც რვა წელი ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით ევროპულ კვარცხლბეკამდე. მანამდე სხვადასხვა ტურნირზე არაერთ მედალს დაეუფლა და ახლა თავისი პირველი ტიტულიც მოიპოვა.

კიდევ ერთი ჩვენი ჩემპიონი გიორგი ყუშიტაშვილი საქართველოშია დაბადებულ-გაზრდილი, პატარძეულიდანაა. კრივშიც აქ დაიწყო ვარჯიში. მერე ოჯახი რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად და იქ გააგრძელა კარიერა, საკმაო წარმატებითაც - ორჯერ გახდა რუსეთის ჩემპიონი, რამდენიმე საერთაშორისო ტურნირიც მოიგო. 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედფინალამდე მიაღწია, მაგრამ იქ ძალიან ძლიერ კუბელთან, ორგზის ოლიმპიურ და ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონ ხულიო ლა კრუზთან დამარცხდა. ყველაზე ცოტა ხანს სწორედ გიორგისთან ვიმუშავე, მაგრამ მიზანს მაინც მივაღწიეთ.

1653921319-saxil-alaxverdovi-1655105064.jpg

რაც შეეხება ლაშა გურულს, ის ჩვენი ნაკრების კაპიტანია. 2018 წელს ახალგაზრდებს შორის ევროპის პირველობაზე გაიმარჯვა. ძალიან ტექნიკურია და არაერთხელ აღიარეს კიდეც ტურნირის საუკეთესო მოკრივედ. მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე დიდებში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ამათ გარდა სხვა პერსპექტიული ბიჭებიც გვყავს.

- საქართველოში კრივს სახელმწიფო სტრუქტურები ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას. ამიტომაც მაინტერესებს, ახლა როგორ და სად ემზადებოდით კონტინენტის ამ ჩემპიონატისთვის?

- რისი საშუალებაც გვქონდა და როგორც გვაფინანსებს სახელმწიფო, ჩვენც იმის შესაბამისად ვემზადებოდით. რა თქმა უნდა, უკეთესი პირობებიც შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ მე მაინც კმაყოფილი ვარ. რა მოთხოვნებიც მქონდა, დააკმაყოფილეს. ძირითადად აქ, საქართველოში ვმუშაობდით. თუმცა გული მწყდება, რომ ჩვენს ფედერაციას საკუთარი ბაზა არა აქვს. რამდენადაც ვიცი, იმავე სიტუაციაში არიან სპორტის სხვა სახეობებშიც. მშვენიერი ბუნება და კლიმატი გვაქვს, რომ სადმე ერთი ოლიმპიური ბაზა აშენდეს, სადაც ყველას ექნება ვარჯიშის ნორმალური პირობები. ახლა მაგალითად, იძულებული გავხდით, დასკვნითი შეკრება ქუთაისში ჩაგვეტარებინა. როდესაც ევროპის ჩემპიონობაზე ფიქრობ, ევროპულ სტანდარტებს უნდა მიუახლოვო მზადების პერიოდიც. ამიტომაც ვეცადეთ, მაქსიმალურად კომფორტული სიტუაცია შეგვექმნა ბიჭებისთვის: სასტუმრო, კვება, სავარჯიშო დარბაზი. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. მოკრივეებმა უნდა იგრძნონ, რომ ქვეყანას სჭირდება მათი გამარჯვება. ვეცადეთ და გამოგვივიდა კიდეც. რა თქმა უნდა, მთავრობის თანადგომა და უფრო მეტი დახმარება ჩვენც გვჭირდება. თუნდაც ხელფასის ფონდს რომ თავად ჩახედონ, რა თანხას იღებენ მოკრივეები, და აქედან გამომდინარე იმსჯელონ. ხელფასებზე რომ მეკითხებიან, არ ვპასუხობ, მრცხვენია - ვიცი, არ დამიჯერებენ...

ამ ბიჭების ჯანმრთელობაზეც ვთქვათ. კრივში ისეთ მძიმე დარტყმებს იღებენ სპორტსმენები, რომ ზოგჯერ ეს მთელი ცხოვრება მიჰყვებათ. გაიხსენეთ, რა დაემართა მსოფლიოს აბსოლუტურ ჩემპიონს, ლეგენდარულ მუჰამედ ალის - პარკინსონის დაავადებით დაასრულა სიცოცხლე. ყველა მოკრივე დგას ასეთი და მსგავსი ტრავმების საშიშროების წინაშე. ჩვენი ბიჭებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად გამოდიან რინგზე. წლებია, სახილ ალახვერდოვი ორ ადგილზე მოტეხილი ხელით ასპარეზობს. ლაშა გურულს შუბლის ძვალი აქვს ჩატეხილი და ამ დაზიანებული წარბით სიცხიანმა აიღო ვერცხლის მედალი. კი, ახლა ამ გამარჯვებისთვის პრემიებს მიიღებენ, მაგრამ ეს არაფერია. ამ ბიჭებს უნდა უღირდეთ მძიმე მუშტებისა და დარტყმების გაძლება. კონტინენტის ჩემპიონატის წინ ჩემებს სულ ვეუბნებოდი, რომ თავს გაფრთხილებოდნენ, ტრავმები არ მიეღოთ, რომ ტურნირამდე როგორმე ჯანმრთელები მივსულიყავით. მომავალზეც უნდა ვიზრუნოთ. მათი შემდგომი მიღწევები სწორედ მათსავე ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული.

- ერთი არასტანდარტული კითხვაც უნდა დაგისვათ და იმასაც აგიხსნით, რატომ გეკითხებით. დღეს ქართველი სპორტული ჟურნალისტები ოთახიდან პრაქტიკულად არ გადიან. ტელევიზიები სხვადასხვა სააგენტოდან მიღებულ გამზადებულ მასალებს - "ბრძოლა წესების გარეშე" ან ვთქვათ, იაპონელების სუმოს რომელიღაც ბაშოს გვიჩვენებენ. მაგრამ მე ვერ ვიხსენებ, მაგალითად, ბოლოს როდის ვნახე ქართლში ან კახეთში გამართული შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში. ამიტომაც მაინტერესებს, თქვენთან, საქართველოს ნაკრების მოკრივეებთან, თუ შემოდიან დარბაზში? ან ახლა, ევროპის ამ ჩემპიონატის შემდეგ, ვინმემ თუ მოგილოცათ ან ინტერვიუ თუ ჩამოგართვათ?

- არავის მოვერიდები, არავისი ვალი არა მაქვს და ამიტომაც პირდაპირ გეტყვით - ჟურნალისტებიდან არავის მოულოცია და არც ინტერვიუსთვის მოსულა ვინმე თქვენ გარდა. წესით, ახლა ტელევიზიები ერთმანეთის უნდა ასწრებდნენ ამ ამბის გაშუქებას: სამი ევროპული ოქრო და გუნდური პირველი ადგილი ქართული კრივის ისტორიაში ადრე არასდროს მომხდარა. ელემენტარული ყურადღების ამბავია. ეს მე არ მჭირდება, ბიჭებისთვისაა სტიმული. მეკითხებიან, მართლა ვიყავით ერევანშიო? ამათ იბრძოლეს, იომეს და გაიმარჯვეს. შედით Yოუთუბე-ზე და ნახეთ გიორგი ყუშიტაშვილის ფინალი. არ გაინტერესებთ, როგორ გახდა ევროპის ჩემპიონი ქართველი კაცი? ეს უნდა უხაროდეს ჟურნალისტს, სამინისტროს, გულშემატკივარს, საერთოდ ყველას...

აქვე მინდა გითხრათ, რომ თბილად მიგვიღო და ეს გამარჯვებები მოგვილოცა ჩვენი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ბატონმა ლერი ხაბელოვმა. ის თავად იყო დიდი სპორტსმენი და კარგად იცის, რა შრომაა ჩადებული ტიტულების მოპოვებაში. ასევე დაგვაფასა და ბიჭებს საჩუქრებიც გადასცა საქართველოს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა, ბატონმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. მადლობა მათ ამ ყურადღებისათვის!

kushitashvili3-1655105051.jpg

კარგად მახსოვს, 1977 წელს დავით კვაჭაძე ევროპის ჩემპიონი რომ გახდა, იმ პერიოდში მას უფროსი ძმა - როლანდი ფიზკულტურის ინსტიტუტის პატარა დარბაზში ავარჯიშებდა. მას შემდეგ დიდად არაფერი შეცვლილა. ამიტომაც კრივის ფედერაციის პრეზიდენტს, დავით წიკლაურს, მილოცვის შემდეგ, ჩვენი მოკრივეების სამომავლო პერსპექტივების შესახებ ვთხოვე ესაუბრა.

- ქართულ კრივს, რა თქმა უნდა, თანადგომა სჭირდება. რასაც ახლა მივაღწიეთ, ეს ყველას დამსახურებაა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტს, მწვრთნელებს, თავად მოკრივეებს, ფედერაციის თანამშრომლებს! მაგრამ ემოციები მალე ჩაცხრება და უკვე სამომავლო შეჯიბრებებისთვის ვიწყებთ მზადებას. თავიდანვე, როდესაც ფედერაციას ჩავუდექი სათავეში, ჩვენი მიზანი კრივის განვითარება იყო. გახსოვთ ალბათ, თავის დროზე თურქებმა რამხელა ფული ჩადეს კრივში. ქართველებიც ჰყავდათ ნაკრებში. ჩვენ ამხელა ბიუჯეტი ნამდვილად არ გვაქვს. თუმცა ჩვენც გვქონდა შემოთავაზებები, უცხოეთიდან მოგვეწვია მწვრთნელები, მაგრამ ჩვენი, ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტები ვამჯობინეთ და სწორადაც მოვიქეცით. მათთან ერთობლივი მუშაობით რაღაცებს მივაღწიეთ. ცხადია, მეტიც შეგვიძლია, თუ სათანადო ხელშეწყობაც გვექნება. საკუთარი ბაზა ჩვენთვის დღემდე გადაუჭრელი პრობლემაა, ამიტომ იძულებული ვართ, იჯარით ავიღოთ კერძო დარბაზები სავარჯიშოთ და სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად. ძალიან გვეხმარებიან ბორჯომის, ბაკურიანის და დუნდუების კრივის დარბაზის მფლობელები.

წინ მსოფლიოსა და ოლიმპიური ტურნირები გველის. იქაც გვინდა კვარცხლბეკზე ჩვენი ბიჭები ავიდნენ! კარგი თაობა გვეზრდება. ახლახან მოსწავლეებში ჩავატარეთ საქართველოს პირველობა. 200-მდე ბავშვი მონაწილეობდა. ფოთში არიან პერსპექტიული მოზარდები. მარტო ახალქალაქში 400-მდე ბავშვი ვარჯიშობს. კრივი იქ უკვე ძალიან პოპულარულია. ევროპისა და მსოფლიოს მედალოსნებიც ჰყავთ. მალე შავი ზღვისპირეთში "ბათუმის თასის" გათამაშებას ჩავატარებთ, სადაც დაახლოებით ათი ქვეყნის მოკრივეებს ველით. ასევე დაგეგმილი გვაქვს ქუთაისში აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ასპარეზობის ჩატარება. ოქტომბერში კი უკვე თბილისში მოეწყობა დავით კვაჭაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი, რომელიც ყველაზე მასშტაბური იქნება.

გოგი ფრანგიშვილი