"გგონია მორჩა, დამთავრდა ყველაფერი, მაგრამ არასწორია, ასე იფიქრო" - გზაპრესი

"გგონია მორჩა, დამთავრდა ყველაფერი, მაგრამ არასწორია, ასე იფიქრო"

საქართველოს არაერთგზის ჩემპიონია სპორტის ამ სახეობაში, ასევე, აბაშის შშმ პირთა ორგანიზაციის "სიკეთის მაძიებელი" თანადამფუძნებელიც.

- 1968 წელს დავიბადე აბაშაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ფოთში, ჰიდრომელიორაციულ ტექნიკუმში გავაგრძელე სწავლა. სწორედ მაშინ დავინტერესდი ნიჩბოსნობით. 1983-დან 1990 წლამდე აქტიურად ვვარჯიშობდი და საკავშირო ჩემპიონატებშიც ვმონაწილეობდი. რთული სახეობაა, ფიზიკურადაც ძლიერი უნდა იყო და გონებრივადაც.

- ცოტა რამ გვითხარით ნიჩბოსნობის და მისი წესების შესახებ.

- რაკი საქართველო წყალუხვი ქვეყანაა, ხალხურ ნიჩბოსნობას ადრევე მისდევდნენ, აკადემიური ნიჩბოსნობა კი 1950-იან წლებში გავრცელდა, როდესაც თბილისსა და მცხეთაში პირველი სანიჩბოსნო ბაზები მოეწყო და სასწავლო ჯგუფები გაიხსნა. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტსმენები პირველად 1958 წელს გამოვიდნენ და 4 ეკიპაჟი საუკეთესოთა ათეულშიც კი მოხვდა. 70-იან წლებში უფრო მეტი წარმატება მოიპოვეს ჩვენმა სპორტსმენებმა, მარტო გივი ნიკურაძე სამჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.

რაც შეეხება წესებს, მოკლედ გეტყვით - შეჯიბრება იმართება დამდგარ წყალში, მდინარის ან ტბის მონაკვეთებზე, სანაპირო წყლებში ან ხელოვნურ წყალსატევებზე. რეგულირდება ეკიპაჟის წევრთა საშუალო წონა, ისევე, როგორც ბილიკის სიგრძე, სიგანე და სიღრმე. ნავი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფორმისა და ზომის, ოღონდ მისი წონა წესებით დადგენილ ზღვარს არ უნდა აღემატებოდეს. ფინალში 6 ეკიპაჟი გადის. რბოლა წყდება, თუ პირველი 150 მეტრის ფარგლებში ნავი მექანიკურად დაზიანდება ან მესაჭე გადავარდება.

280222278-1946021408916223-7991919818457610554-n-1655105214.jpg

- რამდენი ხანია, რაც ბავშვებს ავარჯიშებთ?

- 1994 წლიდან მე და ჩემმა მეგობარმა ფოთში მწვრთნელად დავიწყეთ მუშაობა. 2007 წელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შემექნა და სამწვრთნელო კარიერას თავი დავანებე.

12 წელია ეტლით მოსარგებლე ვარ, მაგრამ წლების განმავლობაში ვერ შევძელი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვა. "სიკეთის მაძიებლის" დაფუძნების შემდეგ კი მალევე დავუბრუნდი აქტიურ ცხოვრებას და ჩემს საყვარელ საქმიანობას. ფედერაციის ხელმძღვანელის დახმარებით რაიონში მოინახა მინისამწვრთნელო ბაზა, ასევე ჩამოვაყალიბეთ კლუბი "კოლხა". აბაშაში სპორტის განვითარების ცენტრის თანამშრომელი ვარ და მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, ახალგაზრდა თაობას ვასწავლო და შევაყვარო ნიჩბოსნობა. ორი ახალგაზრდა ნიჩბოსანი საქართველოს ნაკრებშიც აიყვანეს, ერთ-ერთი გიორგი გაბელაიაა. შარშან, 20-21 მარტს ქალაქ ფოთში, სანიჩბოსნო ბაზის სატრენაჟორო დარბაზში გაიმართა საქართველოს ზამთრის ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა მოსწავლე სპორტსმენებმაც და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწიეს: სამმა მათგანმა პირველი ადგილი დაიკავა, ერთმა - მე-2 და ერთმაც - მე-3. საერთაშორისო ჩემპიონატზეც ვიყავით შარშან და გიორგი გაბელაია ფინალში მე-7 ადგილზე გავიდა, 12 ქვეყანა მონაწილეობდა. ეს იყო ლიეტუვაში, ბალტიის ზღვის ღია ჩემპიონატზე. ივნისის ბოლოს საქართველოს ჩემიონატია, ახლა ამისთვის ვემზადებით.

ამჟამად 11 ბავშვს ვავარჯიშებ. ყველაზე უფროსი 17 წლისაა, უმცროსი - 12-ის. გოგონაც მყავდა, მაგრამ თავი დაანება. უმეტესობამ ცურვა არ იცის და ჩვენ ვასწავლით. კარგი იქნება, თუ ვინმე დაინტერესდება და დაგვეხმარება ინვენტარით, რომელიც უკვე 40 წლისაა და ათასჯერ გარემონტებულია. მეშინია, რომ შეჯიბრების დროს არ დაზიანდეს. თანამედროვე ნავები 15 კილოგრამს იწონის, ჩვენი კი - 25-ს, ამიტომ ერთი ბავშვი ვერ ერევა და ორს მიაქვს ხოლმე, თუ ორადგილიანია - ოთხს.

280277463-1946021335582897-2320970820297318255-n-1655105203.jpg

- საუბრის დასასრულს მინდა გკითხოთ, თქვენს შემთხვევაში რამ მოგცათ ძალა პრობლემების დასაძლევად?

- ბევრისთვის ეს რთულად გადასალახი პერიოდია. დიდი ძალაა საჭირო, კვლავ ფეხზე მყარად დადგომა რომ შეძლო. მეც გამიჭირდა, წევხარ მთელი დღე და უყურებ ჭერს, გგონია, მორჩა, დამთავრდა ყველაფერი, მაგრამ არასწორია, ასე იფიქრო. სპორტმა გადამწყვეტი როლი შეასრულა იმაში, რომ ცხოვრება გამეგრძელებინა. ჩემი წვლილი შემაქვს სპორტის ამ სახეობის განვითარებაში, საქართველოს წინსვლაში და ეს მახარებს, თუმცა, მეტი მხარდაჭერა რომ გვქონდეს, უფრო მეტს მივაღწევდით.

ნინო ჯავახიშვილი