თექის ფიგურები, რომლებსაც გულით ატარებ... - გზაპრესი

თექის ფიგურები, რომლებსაც გულით ატარებ...

რუსკა მაღლაკელიძე დაახლოებით 3 წელია, რაც მშრალი თელვის მეთოდით ჯიბის ბროშებსა და აქსესუარს ქმნის. აქ შეხვდებით ყველანაირ ცხოველს სხვადასხვა კონტინენტიდან. ოსტატისთვის ახალ-ახალ პერსონაჟებზე მუშაობა და ფოტოების მიხედვით შინაური ცხოველების ფიგურების შექმნა ძალზე საინტერესოა. ხშირად ძაღლის, კატის, ზაზუნას ან სხვა ცხოველის მფლობელს, სურს, ის თექის ბროშის სახით გულით ატაროს.

"განსაკუთრებით გულისამაჩუყებელია, როცა ცისარტყელაზე გაფრენილი ცხოველების ფიგურებს ვაკეთებ. ასეთი საჩუქარი რამდენჯერმე მეგობრებმა იმ ადამიანებს გაუკეთეს, ვინც ცხოველის სიკვდილი მძიმედ განიცადა. მერე მწერენ ხოლმე, როგორ მოსწონთ ადრესატებს ნამუშევრები და ეს ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია. პირადად მე, ჯიბით ენოტს ვატარებ, რომელიც ჩემი ერთ-ერთი პირველი ნამუშევარია", - აღნიშნა საუბრისას რუსკამ, რომელსაც ცხოველები ძალიან უყვარს და შინ სამი კატაც ჰყავს.

4-1655105336.jpg

- აღმოსავლეთმცოდნე ვარ, მაგრამ ამ პროფესიით არ მიმუშავია. ყოველთვის ხელოვნებით დაინტერესებული ვიყავი და ყველა მიმართულებით გამოვცადე თავი: ქსოვა, კერვა, ხატვა. დედაჩემი და ჩემი დაც ხელოვანები არიან და ყოველთვის უფრო ახლოს იყო ეს სფერო ჩემთან. ერთხელაც ინტერნეტში თექის ფანტასტიკური ნაკეთობა ვნახე, როგორიც საქართველოში მანამდე არ მინახავს. რუსი ოსტატის ნამუშევარი, 5 ათასს რუბლად იყო შეფასებული. დავინტერესდი, ასეთი დიდი ფასი რატომ ჰქონდა და რა ტექნიკით იყო შესრულებული. ჩემი და მხატვარ-დიზაინერია, სველი თექის მეთოდითაც მუშაობს. ნამუშევრის ფოტოები მას რომ ვუჩვენე, მითხრა, რომ ეს მშრალი თელვაა, რომელიც მატყლზე ნემსით ხდება და სასურველი შედეგის მისაღწევად საათობით უნდა თელო. დავიწყე ინტერნეტში მასალის მოძიება და რამდენიმეს გაკეთებაც ვცადე. პირველად გავაკეთე გულის ფორმა. რასაკვირველია, თავდაპირველად ისეთი ნამუშევრები არ გამომდიოდა, როგორიც საჭიროა, მაგრამ უკან დახევა არ მჩვევია... ძალიან მიყვარს ცხოველები, მათ შორის ისეთებიც, რომელთა შინ ყოლა წარმოუდგენელია. მინდოდა, სწორედ ასეთი ეგზოტიკური ცხოველების ფიგურები შემექმნა და დავიწყე მათი კეთება ჯიბის ბროშების სახით. თითქოს ჯიბეში გიზის ფისო, ცუგა და სხვა ცხოველები და ისინი დღემდე ჩემი მთავარი სიყვარულია. მთლიანი ფიგურები კი შემდეგ, მომხმარებელთა თხოვნით შევქმენი. მათი მადლიერი ვარ, რომ საშუალება მომცეს, სხვადასხვა ფიგურაზე მემუშავა. მათ შორის იყო ალბომის ყდა, რომელიც პატრიარქისთვის დავამზადე. პანოზე მყინვარწვერია. ძალიან საპასუხისმგებლო იყო, მაგრამ საბედნიეროდ, გამომივიდა. მას შემდეგ კიდევ მსგავსი და უფრო განსხვავებული სტილის არაერთი ნამუშევარი შეიქმნა. ჩემი ნაკეთობები ინტერნეტში სხვადასხვა ჯგუფსა და გვერდზე რომ განვათავსე, დიდი მოწონება ხვდა. ალბათ ასეთი დაინტერესება და მოთხოვნა რომ არ ყოფილიყო, მოტივაცია არც მექნებოდა. ჩემი უპირველესი ქომაგი კი ჩემი დაა.

2-1655105349.jpg

ინტერნეტით რეალიზების გარდა, ჩემი ნამუშევრები ყაზბეგსა და მცხეთის მაღაზიებშიც არის. ტურისტები ინტერესდებიან და ხშირად "მიჰყავთ" განსაკუთრებით ცხვრების ფიგურები. ერთ პატარა ფიგურას რამდენიმესაათიანი დამუშავება სჭირდება, ხოლო დიდებს - 2-3 დღეც. ორი შვილი მყავს, მათ აღზრდას, სახლის საქმეებსა და მუშაობას ერთმანეთს ვუთავსებ. დედით მოხევე ვარ და ალბათ გენეტიკაც განმსაზღვრელი აღმოჩნდა. საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა, მაგრამ მომწონს, ვმშვიდდები, არასოდეს ვიღლები. ეს ის საქმეა, სადაც თავი ვიპოვე.

ანა კალანდაძე