შეთქმულების თეორიები, კონსპირაციები და პროპაგანდა რუსულად - გზაპრესი

შეთქმულების თეორიები, კონსპირაციები და პროპაგანდა რუსულად

მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოში გავრცელებულ დეზინფორმაციებსა და კონსპირაციებს შორის საზოგადოებას ყველაზე მეტად, ვირუსებთან და ეპიდემიებთან დაკავშირებული შეთქმულების თეორიების სჯერა. კვლევის ფარგლებში, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, ოთხი ქალაქის: ქუთაისის, ზუგდიდის, ოზურგეთისა და მარნეულის მოსახლეობა გამოიკითხა და დადასტურდა, რომ რესპონდენტთა 70%-ისთვის ყველაზე დამაჯერებელი ჯანმრთელობასთან, კონკრეტულად კი ვირუსებთან და ვაქცინებთან დაკავშირებული კონსპირაციები აღმოჩნდა. რესპონდენტებმა 5 ანეკდოტური მტკიცებულება დაასახელეს:

ვირუსები ლაბორატორიებში გამოჰყავთ; ვაქცინები ჯანმრთელობისთვის საშიშია და ბევრი გვერდითი ეფექტი აქვს, კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი ვირუსია/ბიოლოგიური იარაღია; კორონავირუსი არ არსებობს/გაზვიადებულია/ჩვეულებრივი გრიპია; ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა საეჭვოა, მას გარე აქტორები მართავენ.

რა გახდა შეთქმულების თეორიების საფუძველი, რა არის ჭორი, შეთქმულება და რა არის სიმართლე? - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრება.

- როდესაც ადამიანს განათლების შესაბამისი დონე არა აქვს და ვერ ხსნის, თუ რა ან რატომ ხდება მის თავს, ის ეძებს დამნაშავეს, გადადის მისტიკაში... შუა საუკუნეებში, ექიმებს, რომლებიც ადამიანებს დაავადებების დამარცხებაში ეხმარებოდნენ, ეშმაკებად მიიჩნევდნენ. როგორც კი საზოგადოებაში განათლების დონე დაბლა იწევს, მაშინვე იწყება შეთქმულების თეორიების გავრცელება და ყველაფრის მისტიკასთან დაკავშირება. ე.ი. შეთქმულების თეორია შიშსა და გაუნათლებლობაზეა დაფუძნებული.

- ყველას სამედიცინო განათლება ხომ ვერ ექნება?! როგორ აუხსნით ვირუსების მომრავლების ტენდენციას იმ ხალხს, ვისაც სამედიცინო განათლება არა აქვს?

- ვერ დაგეთანხმებით, რომ ვირუსები ბოლო დროს მომრავლდა. ნახეთ, დღეს საქართველოში, ოფიციალური ინფორმაციით, "კოვიდი" არ არის. რატომ? იმიტომ, რომ სახელმწიფომ ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ 9 ათასი კოვიდტესტი ჩაატარა. აბა, მილიონი ტესტი გაეკეთებინათ! თუ საერთოდ არ გააკეთებენ ტესტს, ერთი დადასტურებული შემთხვევაც კი არ იქნება. ე.ი. თუ რაიმეს ეძებ, ყოველთვის იპოვი და თუ არ ეძებ, ვერაფერს ნახავ. სულ რამდენიმე წლის წინ, მედიცინა არ იყო ასე განვითარებული, არც შესაბამისი ლაბორატორიები არსებობდა. მოკვდებოდა ადამიანი და მიზეზს რომ იკითხავდი, გეტყოდნენ, - გული გაუსკდაო. თქვენ გგონიათ, გული უმიზეზოდ სკდება?! ხალხი მარსზე მიდის, მედიცინაში ნანოტექნოლოგიებს იყენებს და საქართველოში ელემენტარული ტესტირებაც კი არ კეთდება ადეკვატურად. შესაბამისად, არ იციან, რით კვდება ადამიანი სინამდვილეში. ვირუსები ყოველთვის იყო, არის და იქნება! ნუ დაგავიწყდებათ, რომ დღეს დედამიწაზე 8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, ასი წლის წინ კი ერთი მილიარდიც არ ცხოვრობდა. ადამიანების რაოდენობის ასეთი ზრდა სწორედ ლაბორატორიების და ვაქცინების დამსახურებაა. გამოდიან ფილოლოგები და მეკამათებიან. ეს ხომ მარაზმია?! მე ვეკამათები მათ ფილოლოგიურ საკითხებში?! არა! იმიტომ, რომ არ ვარ ამ საქმის პროფესიონალი. სხვათა შორის, საქართველოში ადამიანებს ასტროლოგების და უფოლოგების უფრო სჯერათ, ვიდრე მეცნიერების. მათი გავლენით ჰგონიათ, რომ ბოლო დროს სასწაულები ხდება, ქვეყანა მალე დაიქცევა. არაფერიც არ დაიქცევა. პირიქით, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის, მედიცინა ვითარდება და ახალი ვაქცინები იქმნება. რომ არა ვაქცინები, საქართველოში სამი მილიონი კი არა, შეიძლება ერთი მილიონიც აღარ ვყოფილიყავით; ასევე, მსოფლიოში ისევ არ იქნებოდა ერთ მილიარდზე მეტი ადამიანი.

- ფაქტია, ანტივაქსერები და შეთქმულების თეორიის ავტორები ორგანიზებულად მოქმედებენ. როგორ წარმოგიდგენიათ, ვინ დგას მათ უკან და ვის აძლევს ხელს საზოგადოებაში შიშისა და პანიკის გაჩენა?

- რამდენიმე ხნის წინ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩატარდა კვლევა ანტივაქსერებთან დაკავშირებით. დადგინდა, რომ კონსპირაციები, შეთქმულების თეორიები ძირითადად, რუსეთიდან და ჩინეთიდან მოდიოდა. ასევე დადასტურდა, რომ ანტივაქსერების 80 პროცენტი რუსულენოვანი მოსახლეობაა. ნახეთ, რა ხდება საქართველოში: ანტივაქსერების ძირითადი ნაწილი პრორუსული განწყობის ადამიანები არიან. სახელებითა და გვარებით შემიძლია მათი ჩამოთვლა. შეთქმულების თეორიები რუსეთის უშიშროების საქმიანობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ნახეთ, როგორ გადაეკიდნენ ლუგარის ლაბორატორიას. სამწუხაროდ, რუსეთი თავისი პროპაგანდის იარაღად ასევე აქტიურად იყენებს რელიგიას. რუსული ეკლესია რუსეთის უშიშროების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. კრემლი სწორედ ეკლესიის მეშვეობით ცდილობს მორწმუნეებზე გავლენის მოხდენას და მათ დარწმუნებას, რომ თითქოს, ყოველგვარი გარყვნილება დასავლეთიდან მოდის. წლებია, დასავლეთში ვცხოვრობ და ვერასდროს დაიკვეხნიან რუსები იმდენი ტაძრით და ტრადიციებით, რაც სხვაგან მაქვს ნანახი. ცუდი და კარგი ყველგან არის, მაგრამ ევროპულ ქვეყნებში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მორწმუნეა და ტრადიციებსაც ძველებურად იცავს. საქართველოში შეთქმულების თეორიები, კონსპირაციები და მსგავსი ზღაპრები იმისთვისაა გამიზნული, რომ საზოგადოებაში გაჩნდეს შიში, ნიჰილიზმი და განცდა იმის, რომ მაინც არაფერი გვეშველება, რუსეთს მაინც ვერ მოვერევით, რუსეთის საპირწონედ გარყვნილი დასავლეთია და ა.შ. სხვათა შორის, კოვიდპანდემიამ საოცარი ლუსტრაცია მოახდინა. გამოჩნდა, ვინ გამყიდველია, ვინ აგენტი და ვინ უბრალოდ უტვინო.

- პანდემიის დასაწყისში ამერიკამ ღიად დაადანაშაულა ჩინეთი "კოვიდის" ხელოვნურად შექმნასა და გავრცელებაში. დღევანდელი გადასახედიდან რისი თქმა შეგიძლიათ, რა მოხდა სამი წლის წინ ქალაქ უხანში?

- ასი პროცენტით შემიძლია გითხრათ, რომ ამ საქმეში გარეულია ღამურები და უხანის ლაბორატორია. "კოვიდის" ეპიდემია რომ ჩინეთიდან წამოვიდა, ამას აღარავინ მალავს. მეორე საკითხია, რა იყო რეალური მიზეზი: ეს გახლდათ ჩვეულებრივი შეცდომა. უბრალოდ, ჩინეთი არის დიქტატორული, კომუნისტური ქვეყანა, რომელიც ყველაფერს მალავს. არადა, ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი შეცდომა არ დამალო, დროულად მიიღო შესაბამისი ზომები და სხვებიც გააფრთხილო.

publika-1655713178.ge--1-27-1024x576.jpg

- რისი თქმა შეგიძლიათ, საბოლოოდ დასრულდა კორონავირუსი?

- საქართველოს ხელისუფლება იღებდა და დღესაც იღებს არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს, კორონა არსად წასულა. ახლა არის "აფეთქება" კორეაში, ევროპასა და ამერიკაში, თვე-ნახევრის წინ იყო სამხრეთ ამერიკაში, ერთი თვის წინ - ჩინეთში. მე ახლა საფრანგეთში ვარ, აქ დღეში 30 ათასი ადამიანი ინფიცირდება, გერმანიაში 50 ათასი, მაგრამ ჩაკეტვები და შეზღუდვები არ არის. იცით რატომ?! იმიტომ, რომ 90% აცრილია. ეს ნიშნავს, რომ "კოვიდი" აცრილ საზოგადოებაში ჩვეულებრივი გრიპის ტოლფასია, მაგრამ არააცრილ საზოგადოებაში სასიკვდილო განაჩენი, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. ალბათ, თქვენ გარშემო ხშირად გსმენიათ, რომ ახლა სეზონური გრიპია. დარწმუნებული ვარ, ეს გრიპი შეეხო ყველა თქვენს ახლობელს, მეგობარს, ნათესავს. ეს არ არის სეზონური გრიპი, ეს არის ომიკრონის ბიე 4 ან ბიე 5 ვარიანტი. საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ სიტყვა "კოვიდი" არ გამოიყენოს. მე ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ ვამბობდი, რომ ივნისსა და ივლისში იქნებოდა "კოვიდის" მორიგი ტალღა. ასეც არის, მაგრამ ახლა საზოგადოება თავს იტყუებს.

- ახლა ჩვენთან მაიმუნის ყვავილის უფრო ეშინიათ.

- არადა, სულაც არ არის საშიში. "კოვიდი" გაცილებით საშიშია და მეტ ადამიანს კლავს. მაიმუნის ყვავილი, სწორედ მეცნიერების განვითარების, ლაბორატორიებში მუშაობის შედეგად აღმოაჩინეს ჯერ კონგოში, შემდეგ ნიგერიაში 60-იან წლების ბოლოს. კონგოსა და ნიგერიაში ამ დაავადებით, წელიწადში ექვსიდან ცხრა ათასი ადამიანი ინფიცირდება. ვირუსი ამერიკისა და ევროპისთვის არ არის დამახასიათებელი, მაგრამ ყოველწლიურად გადადის აფრიკიდან, მაგრამ ადამიანიდან ადამიანზე - რთულად. ძალიან ახლო ურთიერთობაში უნდა იყო ვინმესთან, რომ გადაგედოს, უმთავრესად ცხოველიდან გადადის ადამიანზე. დღეის მდგომარეობით, სულ 300 ადამიანია ინფიცირებული. თანამედროვე მედიცინითა და დიაგნოსტიკით ყველაფრის დადგენა ხდება. წამოვიდა ვირუსი?! - ვაკონტროლებთ, ვმკურნალობთ და მორჩა! რა საჭიროა პანიკა?!

ხათუნა ბახტურიძე