"3 წელიც არ არის, რაც პირველი მანქანა გავაკეთე" - გზაპრესი

"3 წელიც არ არის, რაც პირველი მანქანა გავაკეთე"

33 წლის რუსთაველი ვასილ ასპანიძე ბავშვობიდან ხეზე მუშაობს, თუმცა მანქანების კეთება დისშვილის, დემეტრეს დაბადების შემდეგ დაიწყო. მის კოლექციაში შეგიძლიათ ნახოთ "ფერარი", "ჰამერი", "ლამბორგინი ავენტადორი", "ბელაზი". გარდა ამისა, ვასილი კვეთს ხატებს, ჯვრებს, საყოფაცხოვრებო ნივთებსაც ამზადებს.

- სკოლის დამთავრების შემდეგ ტურიზმისა და მენეჯმენტის მართვის ფაკულტეტზე ჩავაბარე, თუმცა პროფესიით აქამდე არ მიმუშავია. 10 წლის განმავლობაში, 2018 წლამდე შეიარაღებულ ძალებში ვიმსახურე. 3 წელიც არ არის, რაც პირველი მანქანა "როლს როისი" გავაკეთე. დისშვილი შემეძინა და მინდოდა, ორიგინალური ყოფილიყო ჩემი საჩუქარი. ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა მიმეტანა და იდეაც მაშინ გაჩნდა. ეს არ იყო ჩემი პირველი შეხება ხესთან, ჩხირკედელაობა ბავშვობიდან მიყვარდა, ყველაფერი მაინტერესებდა, ყველაფრის გაკეთებას ვცდილობდი. ბიძაჩემი განთქმული დურგალია ასპინძის რაიონში, ასპანიძეები იქიდან ვართ წარმოშობით. როდესაც თავისუფალი დრო მქონდა, ხშირად მივყავდი თავის სახელოსნოში, რამე რომ ესწავლებინა. ახლაც დიდ ყურადღებას იჩენს ჩემ მიმართ, რამე ახალ ხელსაწყოს თუ შეიძენს, ისევ მე მჩუქნის ხოლმე. ძალიან უხარია, რომ თავისი საქმის გამგრძელებელი ვყავარ.

9 წლისამ ავაწყვე პირველი ურემი, დაახლოებით 30-35 სანტიმეტრი იქნებოდა. რაც გინდა, გააკეთეო, - მითხრა ბიძაჩემმა და 2 დღეში რომ ნახა ჩემი ნაკეთობა, შემაქო, შენგან კარგი დურგალი დადგებაო. მერე ვსწავლობდი, ვმუშაობდი და ამის დრო აღარ მქონდა, ვიდრე ჩემმა დისშვილმა არ დამიბრუნა ინტერესი. პირველი მოდელი რომ გავუგზავნე დემეტრეს საჩუქრად, ყველას მოეწონა. არავინ იჯერებდა, რომ ნამდვილად ჩემი გაკეთებული იყო, ძალიან გაუკვირდათ. მას შემდეგ აღარ გავჩერებულვარ. როდესაც თავისუფალი დრო მაქვს, სახელოსნოში გავრბივარ, რაც უნდა დაღლილი მოვიდე სახლში, მაინც. ძირითადად ღამე ვმუშაობ, პირველ-ორ საათამდეც კი. სხვათა შორის, ახლა სასტუმროს ვაშენებ და იქაც ყველაფერი სულ ჩემი ხელითაა ნაკეთები: ჩუქურთმები, აივნები, ფიგურები, ყველაფერი ხისგან არის.

274467947-308556517975212-5251346532141178064-n-1655713401.jpg

- ალბათ რთულია და დიდ სიზუსტესაც მოითხოვს უამრავი პატარ-პატარა დეტალის კეთება...

- ეს საქმე სიამოვნებას მანიჭებს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთულია. დაკვირვებას და სიზუსტეს მოითხოვს, ერთ შეცდომას არ გაპატიებს ხე, მით უფრო, მანქანებზე მუშაობისას ყველა დეტალი უნდა გათვალო. არასწორად გაჭრილი ხე ნიშნავს იმას, რომ სასურველ ფორმასა და სახეს ვერ მისცემ ვერაფერს. პატარაობისას ძალიან მიყვარდა მანქანების ხატვა. პირველი მანქანის მოდელის ჩანახატი ისე გავაკეთე, სახლში არავინ იცოდა. ინტერნეტში შემთხვევით ვნახე, რომ ვიღაც უცხოელი მანქანებს აწყობდა და ვიფიქრე, მე რატომ ვერ შევძლებ-მეთქი? ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია იმის შესახებაც, საქართველოში თუ აკეთებდა ვინმე ჩემ გარდა. ვიფიქრე, ერთმანეთს გამოცდილებას გავუზიარებდით, მაგრამ არავინ აღმოჩნდა.

- რამდენი მოდელი გაქვთ?

- დღესდღეობით 13 მოდელი მაქვს შექმნილი: "ფერარი", "ჰამერი", "ლამბორგინი ავენტადორი", "ბელაზი", "ბუგატი", "მერსედესი", რომლითაც ჰიტლერი გადაადგილდებოდა. 30-მდე ნახაზი მაქვს და პარალელურად ჭრის პროცესი მიდის. 26 მაისს თბილისში გამოფენა-გაყიდვაზე ვიყავი, ახლა კიდევ ერთი გამოფენისთვის ვემზადები და მოდელებს ვაგროვებ. ვცდილობ, მაქსიმალურად დახვეწილად და სუფთად ვიმუშაო. გავაკეთე "ფეისბუკ"-გვერდიც და რაკი ბევრი დაინტერესდა, როგორია მუშაობის პროცესი, ვფიქრობ, ვიდეოებიც გადავიღო და ავტვირთო. თუ ვინმეს სურვილი ექნება, ვასწავლი კიდეც.

ახლა პირველ ქართულ ბაგს ავაწყობ, ნახატები უკვე მზადაა. ადრე რეტრო მანქანები მომწონდა, ახლა თანამედროვეზე გადავედი. უპირატესობას "ტოიოტას" ვანიჭებ და უახლოეს დღეებში ეს მანქანაც მზად მექნება. დაახლოებით 15 დღე მჭირდება ერთი მოდელის შესაქმნელად. თუ ხე ვერ დაიმორჩილე, ვერ იმუშავებ. ამისთვის დამყოლი მასალა უნდა შეარჩიო, ყველა ხე არ იჭრება კარგად. მხოლოდ წიფელს და კაკალს ვიყენებ, დეტალებისთვის - ე.წ. ფანერას.

269817374-273225061508358-5582098354981327690-n-1655713389.jpg

- თქვენს მანქანებს დეკორატიული დანიშნულება აქვს თუ თამაშიც შეუძლიათ პატარებს?

- 10-12 სანტიმეტრიდან დაახლოებით 28-30-მდეა მოცულობით, ტრაილერები უფრო დიდია, 45 სანტიმეტრამდე, გააჩნია მოდელს. ჩემი მანქანები ჩვეულებრივ მოძრაობს, კარები იღება, საჭეც აქვს, პედლებიც. მაგალითად, "მერსედესს" მონიტორი და სპიდომეტრიც კი აქვს, საბარგულიც ეხდება.

წარმოების გაფართოების მიზნით, "აწარმოე საქართველოში" ვცადე ბედი, მაგრამ უარი მივიღე. პატარა საწარმოს შექმნაზე ვფიქრობ, სადაც მანქანების გარდა, ბევრ ლამაზ-ლამაზ სათამაშოს გავაკეთებ. იმედი მაქვს, ამ ჩანაფიქრს ავისრულებ...

ნინო ჯავახიშვილი