"როცა საქმე ხელნაკეთს ეხება, რამე რომ არ გამომივიდეს, თავს არ ვპატიობ..." - გზაპრესი

"როცა საქმე ხელნაკეთს ეხება, რამე რომ არ გამომივიდეს, თავს არ ვპატიობ..."

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ცხოვრობს გოგონა, რომელიც შინ რამდენიმე ტექნიკით ქმნის ნივთებს, რომელთა ყურადღების გარეშე დატოვება შეუძლებელია. მუშაობდა მინანქარზე, დღემდე არაერთი პორტრეტი და ბევრი ცხოველის ფიგურა აქვს მშრალი თელვის ტექნიკით შესრულებული, მაგრამ ახლა მის ნივთებს შორის სიახლეა: ერთი შეხედვით ბუს ფიტული რომ მეგონა, თიხის, თექის, ხისა და ბუმბულის კომბინაციით შექმნილი ფიგურა აღმოჩნდა; პოპის მეფე მაიკლ ჯექსონი კი თიხით შექმნილი ნამუშევარია; ასევე თიხისგან დაიბადა "მარტო სახლის" პერსონაჟი კევინი. რამდენჯერმე თელავის მუზეუმში გამართულ გამოფენაზეც წარუდგენია თავისი ნაკეთობები და სამომავლოდაც აპირებს თავისი საუკეთესო ნამუშევრების გამოფენას, თუმცა ასეთი "გასვლების" დიდი მოყვარული არ არის, ურჩევნია შინ "ჩუმად" იმუშაოს.

4-1655727434.jpeg

ნელი ბაჩიაშვილი (28 წლის):

- ბავშვობაში სათამაშოები არ მიყვარდა. პლასტილინით ძერწვა მერჩივნა. ფიგურებს ვშლიდი და შემდეგ ხელახლა ვძერწავდი. ზოგჯერ ისეც ყოფილა, რომ შინ არანაირი მასალა არ მქონია, გირჩებს, კენჭებს ვაგროვებდი და მაკეტებს ვაწყობდი. როცა წამოვიზარდე, არ მინდოდა ზაფხულში პლასტილინი დამდნარიყო და თიხაზე გადავინაცვლე. სხვადასხვა კატეგორიის თიხაზე ვმუშაობ, ასევე თაბაშირში ვკვეთ ნივთებს. თექაზე მუშაობა დაახლოებით 6 წლის წინ მოვსინჯე. დედაჩემმა თექის წრეზე სიარული დაიწყო. რამდენჯერმე მივყევი და სველი თელვის მეთოდი ვიხილე. მერე მასწავლებელმა მოსწავლეებს ნემსები აჩვენა, რომელიც მშრალი თელვის ტექნიკისთვის იყო განკუთვნილი. მომეწონა და დავინტერესდი. ინტერნეტში ვიდეოების ყურებაც დავიწყე და გადავწყვიტე ცხოველების რეალისტური ფიგურები გამეკეთებინა. როცა საქმე რამე ხელნაკეთს ეხება, რამე რომ არ გამომივიდეს, თავს არ ვპატიობ. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, დავიწყე მუშაობა, არ გავჩერებულვარ და დღემდე ბევრი ასეთი ნივთი მაქვს შექმნილი. ერთსა და იმავე თემაზე მუშაობა მბეზრდება, ამიტომ სულ ვცდილობ ახალ-ახალი ტექნიკა ავითვისო. დღეს რასაც ვქმნი, უმრავლესობა რამდენიმე მასალის ერთობლიობაა. თავდაპირველად თექისგან მხოლოდ ცხოველების ფიგურებს ვაკეთებდი, შემდეგ 3დ ეფექტის ნამუშევრებზეც გადავედი. ახლაც ვამზადებ თექის ტილოებს, მინდა რამდენიმე ჩემთვისაც მქონდეს. საერთო ჯამში კი შეიძლება ითქვას, სხვადასხვა ფაქტურისა და მასალისგან შექმნილი, რეალისტურთან მიახლოებული ფიგურები მომწონს, რადგან ვფიქრობ, ისინი ძალზე ეფექტურია. თექისგან შექმნილი ცხოველების ასლებზე ყველაზე მეტი მოთხოვნაა. ფოტოებს, ვიდეოებს მიგზავნიან და ვცდილობ, ცხოველს ყველანაირად დავაკვირდე, მაქსიმალურად მივამსგავსო.

დილიდან-საღამომდე რამდენიმე სხვადასხვა ნივთზე ვმუშაობ. როცა ერთი შრება, მეორეს მივხედავ, მერე სხვა საქმეზე გადავინაცვლებ ხოლმე, მოგვიანებით კი ისევ პირველს ვუბრუნდები. ეს ყველაფერი საკმაოდ შრომატევადია და ზოგჯერ, თავს საერთოდ არ ვზოგავ. ხშირად ბევრი შეკვეთა მაქვს, ძირითადად თბილისიდან, ასევე ნამუშევრები გაგზავნილი მაქვს საზღვარგარეთაც.

3-1655727423.jpeg

- დამხმარე ან მოსწავლე გყავთ? მუშაობისას თუ გეხმარებათ ვინმე?

- არა. ბევრს უკითხავს, შევასწავლიდი თუ არა თექაზე მუშაობას, მაგრამ ამ ეტაპზე ინტენსიურ მუშაობას ვამჯობინებ. სამომავლოდ შეიძლება ამაზე ვიფიქრო. ხელნაკეთი ნივთები ჩემი შემოსავლის წყაროა. სულ გაყიდვა მიწევს, ამიტომ მინდა რამდენიმე ნამუშევარი შევქმნა, ჩემთვის დავიტოვო, თავი ერთ ოთახში მოვუყარო და პატარა მუზეუმი მოვაწყო.

ანა კალანდაძე