კაფკას გმირებივით ჩავლილი ცხოვრება-მეტამორფოზა - გზაპრესი

კაფკას გმირებივით ჩავლილი ცხოვრება-მეტამორფოზა

ყველა ადამიანის ცხოვრება განუმეორებელია. რასაკვირველია, ეს მათაც შეეხება, ვინც გერმანული დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე რეგისტრაცია (ასეთი კი 100 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქეა) გაიარა და საოცნებო ზარს დღემდე "იობის მოთმინებით" ელოდება. კიაზომ (გვარს არ ვასახელებთ) ორი წელი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში იმსახურა საბჭოთა არმიის რიგებში. გეგმურად გაიწვიეს, როგორც "ზედმეტად შავგვრემანი", - შენ ადგილობრივი "დუშმანებისგან" ბევრი არაფრით განსხვავდებიო (საბჭოეთში ასე ხშირად ხდებოდა, რაც უამრავი ფაქტით დასტურდება). კიაზო, ყანდაჰარელი "ბასმაჩების" გარდა, ფრანკ ერიკ კანტონასაც ჩამოჰგავს, თავის დროზე მას გულშემატკივრობდა კიდეც პარიზის "სტად დე ფრანსზე"...

ახლა ერთ-ერთ დაცვის სამსახურში მუშაობს. თავის ავღანურ თავგადასავალზე ბევრს არაფერს ჰყვება. ერთადერთხელ უფროსს მორიგი კამათისას უთხრა თურმე, - იორამ, იცი, მე ცოტა მომერიდე, მაინც "ავღანელი" ვარ, ესე იგი, სიკვდილს თქვენგან ცოტა განსხვავებული თვალით ვუყურებო... - მერე, ასეთი რა თვალია ეგ? - ვერ მოითმინა თურმე უფროსმა. - აბა, რა გითხრა?.. იქ, ბრძოლის ველზე, მტრის პოზიციები ჰაერიდან რომ დაიბომბებოდა და ბოლომდე გასწორდებოდა, მერე დამატებით ქვეითები გავივლიდით და ვინც კი სულ მცირედით ინძრეოდა, თავში "კანტროლკას" ვახლიდით ისე, რომ დუშმანის ბუნდღაც არ დარჩენილიყოო. უფროსმა შეგონება კარგად დაიმახსოვრა და ხშირად იმეორებდა, - კიაზოს ცოტა მოერიდეთ, ბიჭებო, მაინც, ყოველი შემთხვევისთვისო.

ახლა თავად კიაზოს ნაამბობს გავეცნოთ:

- ავღანეთიდან დაბრუნებულმა, 90-იანების დასაწყისში ეროვნულ მილიციას მივაშურე, უბნის ინსპექტორად. ფორმა ისეთი მეცვა, ქვას გახვრეტდა. აი, ცოტა ადრინდელ თაობას ეხსომება - ლურჯ-მოცისფრო კოსტიუმებში დავდიოდით, გამოკვეთილი "პაგონებით". როგორ არასტანდარტულსაც უნდა ჩაგეცვა, ამ კოსტიუმში მაინც, ასე თუ ისე, კაცად გამოიყურებოდი.

ნაძალადევის განყოფილებიდან გადასასვლელ ხიდზე გამამწესეს გარე მოვაჭრეთაგან "ხარკის" ამკრეფად. მეც შევუდექი და რას შევუდექი!.. მთელი დღე დავძრწოდი წინ და უკან, თითოეულისგან მანეთ-მანეთს ვიღებდი. აბა, ვინმე კაი ბიჭი თუ გოგო იყო, დაკისრებული ბეგარა არ გადაეხადა!.. თანხა მეც მრჩებოდა, კუთვნილი წილი უფროსთანაც მიმქონდა. მოვაჭრეებში "გეგმური პურისჭამაც" არ გვაკლდა.

მერე, ცოდვა გამხელილი სჯობს, ავდექი და, ცოტა არ იყოს, ვიღორე, როგორც ხდება ხოლმე ასეთ დროს. ახალ მოვაჭრეს გამოყოფილ ადგილში ასი დოლარი გამოვართვი, რაც მაშინ საკმაოდ დიდ ფულად ითვლებოდა. ეს გამორთმევა კიდევ რა, საქმე ისაა, რომ ეს უკვე უფროსს მოვუტეხე და აქედან კაპიკიც არ მივუტანე; ყოველდღიური წილი მიმაქვს, უსაქმურს ესეც ეყოფა-მეთქი, ჩემთვის ავად გავიფიქრე.

მაგრამ სანამ მე ხუთ გახუნებულ ოც-ოცდოლარიანს კოსტიუმის გულის ჯიბეში ვეფერებოდი, ამ დროს რაიონული მილიციის უფროსი თურმე ბრაზისგან კაბინეტს ლეწავდა. დღემდე ვერ დავადგინე, ვინ მიაწვდინა ხმა. ასეა თუ ისე, დილის თათბირის შემდეგ გამძვინვარებულმა უფროსმა კაბინეტში ეულად დამიტოვა.

- რაო, რა მინდაო?

- ბიჭო, მოხვედი, ქუჩის ძაღლივით მშიერმა სამუშაო მთხოვე, დაგასაქმე, ბოლომდე გვერდშიც გიდგავარ, ასე მოტეხა და ღორობა როდისღა დაიწყე, შე უნამუსო, შენა, ჰა? - ჯერ წყნარად მეკითხება.

- რა უპასუხეთ?

- რა მოვტეხე, უფროსო, რას მეუბნებით?! - ვცდილობდი, დიდ გულზე კი გამოვჩენილიყავი, მაგრამ ნელ-ნელა ეს გული ფეხის თითებიდან მძვრებოდა. - ახლა აქედან დაახვიე და თვალით აღარ დამენახვო, თორემ ხელიც არ ამიკანკალდება, ისე დაგიჭერ-ჩაგაყუდებ, მართლაცდა მე შენიო!.. - უფროსის დუჟმორეულ გინება-მუქარას კიდევ კაი ხანს კოშმარულ სიზმრებში ვათვალიერებდი ოფლით გათანგული, სანამ ცოლი მუჯლუგუნებით არ გამომაფხიზლებდა. მით უფრო მაშინ, როცა ეს მილიციის უფროსი ზღვარგადასული სიგიჟეებით იყო ცნობილი მთელ "ემვედეს" სისტემაში. არყისგან გამოთვრებოდა თუ არა, მაშინვე კაბინეტში სროლაში ვარჯიშს იწყებდა. აბა, ვინმეს გაებედა და მის დასაშოშმინებლად შესულიყო, მილიციის შენობაში სულის გაფრთხობა ვის მოუნდებოდა?!. მერე გმირად კი გამოაცხადებდნენ, მაგრამ ვის რაღაში სჭირდებოდა?!

მოკლედ, თავქუდმოგლეჯილი გამოვასწარი ამ უფროსს და მის განყოფილებას.

- ცხოვრება როგორ გააგრძელეთ?

- ურთულესი აღმოჩნდა მილიციელის კოსტიუმის გარეშე 90-იანებში ცხოვრება, მით უმეტეს - ოჯახით. "ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი, თუ ძმა გყავს მილიციელი", - მაშინდელი ეს სიტყვები ჩემთვის ცარიელ სიტყვებად დარჩა.

ბევრი ვიხეტიალე თუ ცოტა, ათასი მანქანებით ავსტრიაში ჩავაღწიე და იქაურ უცხოელთა თავშესაფარში ლტოლვილად ჩავბარდი. იქნებ ამ გზით მაინც რამე სტატუსს მივაღწიო, სამსახური ვნახო და ოჯახს დავეხმარო-მეთქი.

ერთხელაც, ავსტრიელი პოლიციელების დაძახებისას (ხომ წარმოგიდგენიათ ეს პროცესი) ჩემი აქაური ვინაობა დამავიწყდა.

- ასეთი რა მოხდა?

- "ცვაიბა გამოძახებაზე", - დაიყვირეს და თავშესაფარში ყველამ ერთმანეთს გადახედა, მათ შორის მეც. მთლად "კავკაზსკაია პლენიცას" მშიშარასავით "ჩეი ტუფლია" (ფეხსაცმელი ვისია) არ მომსვლია, წამში გამოვერკვიე და ისევ ქართველებისგან ჩაგრული ვინმე აფხაზი ცვეიბას როლი მოვირგე, მაგრამ - უშედეგოდ: თავშესაფარში ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ სხვა "ჩაგრულებთან" ერთად ჩამსვეს თვითმფრინავში და უფასოდ სახლში გამომიშვეს.

მერე "ვარდების რევოლუციამ" მომისწრო და, როგორც უკვე ძველი ხელისუფლებისგან ჩაგრული, თანაც "ავღანელი", ახალ პოლიციაში მიმიღეს როგორც "საჭირო კაცი". მოგეხსენებათ, "ისპალნიწელთა" ასეთი კატეგორია ნებისმიერ სისტემაში სჭირდებათ, გამონაკლისი არც "ვარდების პოლიცია" ყოფილა.

- სად წახვედით?

- მორიგი "მეტამორფოზა" ერთ-ერთი განყოფილებიდან დავიწყე და გავაგრძელე. მართლა არ ველოდი, სამყარო ასე თუ გადაბრუნდებოდა, აწი ხელფასით უნდა მეცხოვრა - ამისთვის მზადაც ვიყავი; ან სხვა რა გზა მქონდა? ავღანეთიც დროზე უნდა დამევიწყებინა. სხვა საქმე იყო აუცილებლობისას მორიგი უფროსისთვის "რაღაცების" შეხსენება, ისევ საერთო საქმისთვის. რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ ისევ ძველმა სულმა წამძლია და "კლიენტს" როგორღაც დაწყევლილი ასი დოლარი გამოვართვი. ამბავი ისევ გახმაურდა და უფროსთან დამიბარეს. - აი, ხომ გეხვეწებოდით ლამის ყოველ დილის თათბირზე, - ბიჭებო, რევოლუცია მოხდა, ქვეყანა შეიცვალა და არც გაბედოთ, რამე არ მიქაროთ, მეც ვერ დაგიცავთო; ახლა შენივე ნებით დაწერე განცხადება და წადიო. მოკლედ, ყველაფერი იმგვარად გამიფორმეს, თითქოს წასვლაზე განცხადება საკუთარი ნებით მქონდა დაწერილი და ხატოვნად ხელმოწერილი. ეს მაშინ, როცა საპენსიო ასაკამდე სადღაც ორ წელზე ნაკლები მქონდა დარჩენილი.

- მერე რატომ დათანხმდით ასე გამოშვებას?

- არ დავემორჩილებოდი და ბნელი 90-იანებიდან მოყოლებული, იმდენ ცოდვას ამომიყრიდნენ, იქით შევეხვეწებოდი, დროზე ფურცელ-კალამი მომიტანეთ-მეთქი... ან როგორ უნდა გეცხოვრა ეს ბოლო 30 წელი ჩვენს დაქცეულ ქვეყანაში და უმწიკვლო დარჩენილიყავი, თანაც, "სამამულო" ჯერ მილიციაში, მერე - პოლიციაში? მე კიდევ, დამატებით, ყოველთვის "ისპალნიწელი ავღანელის" უფრო ბნელ კატეგორიაში გავდიოდი, აქ ხომ გამოგდების ღირსება-უღირსობაზე საუბარი ზედმეტია.

dasaqmeba-1655727582.jpg

- კიდევ კარგი, მთლად ქუჩაში არ დარჩი და სამსახური იშოვე...

- ჰო, დაცვაში კი ვარ, მაგრამ ვაი ამ სამსახურს! აქ ხომ ყველას იღებენ; ოფისში რომ მიხვალ, ლამის ყვავილების თაიგულით დაგხვდნენ, იმდენად დაბალი ხელფასი და არანორმირებული სამუშაო რეჟიმია. ოჯახს რჩენა ხომ უნდა, თან, არ შემიძლია, მთელი დღე ტელევიზორის წინ უსაქმურად გორაობა. მგონი, ამ გერმანიაში დასაქმებამ სულზე მომისწრო. ღმერთს შევთხოვ, იქნებ დამირეკონ და ცოტა მაინც ამოვისუნთქო. მეც ვალები დამიგროვდა ბოლო წლებში, მრცხვენია უკვე უბანში გავლა. კი არაფერს მეტყვიან, მე ხომ ჩემი ანგარიში მაქვს, თან, იმ სხვებსაც ნაღდად არ ულხინთ. სამი თვე ვირივით პატიოსნად ვიმუშავებდი, გეფიცებით, ისეთ შედეგებს ვაჩვენებდი მასპინძელ ფერმერსაც, მერე შეიძლება თვითონვე დავეპატიჟებინე სამუშაოზე, იქაური წესების დაცვით, რა თქმა უნდა! თორემ ავსტრიულ თავშესაფარში პოლიციელის "ცვაიბა" დაძახება ახლაც კი ყურში მიწუის და კიდევ, ჩემი დაბნეულობა, ჩემივე ცრუ, "მოპარული" გვარი რომ გადამავიწყდა. თურმე ნამდვილი ბედნიერება ვალების გარეშე ცხოვრება ყოფილა, ბოლო დროს სულ უფრო ვრწმუნდები ამაში. ჰოდა, ღვთის წყალობით, ბიჭებს დავუბრუნებ თავიანთ სიმწრის თანხებს და მერე ქვეყანაშიც, იმედია, რამე შეიცვლება; როგორმე დავბრუნდები ისევ გასამხედროებულ სისტემაში და იმ ორ საპენსიო წელსაც შევასრულებ, ოჯახისთვის საარსებო ფულიც მექნება ჯიბეში. ცოტაა საკმარისი ჩვენნაირი ადამიანებისთვის.

- მახსოვს, ხელოვნების, ლიტერატურის ტრფიალი იყავი ერთ დროს, გერმანულენოვანიდან რა გახსენდება, ბარემ ესეც მითხარი...

- მაგას როგორღა დაგზარდებით?! კაფკა სულ სხვა პლანეტაა, მისი შემოქმედება ჩემს ბედკრულ ცხოვრებას რომ ესადაგება!.. "პროცესი", "გარდასახვა", იგივე "მეტამორფოზა" და ა.შ. მგონია, იოზეფ კ-მ უფრო იცოდა, რა დააშავა, ვიდრე მე (ყველა ხომ ჩემნაირი იყო). რაღაც უხილავი ძალა, ავღანეთიდან მოყოლებული, ცხოვრების ყველაზე ბნელ კუნჭულებში მაგდებდა და ისე "მასამართლებდა", რომ მე დიდად არაფერს მეკითხებოდა. მერე მილიცია-პოლიციიდან ორჯერ ისე გამომაგდეს... სხვებისგან განსხვავებით, პატრონი არ მყავდა. მაგრად დამღალა ამ აბსურდმა, როცა ყველა ქვას მესროდა, ვისაც კი არ დაეზარებოდა. ასე მეც "პროცესის" გმირივით, ძაღლივით მკლავდნენ და ვერ დამკლეს; ეტყობა, ავღანეთმა კისერი მეტისმეტად გამისქელა ამისთვის. ჰოდა, ოღონდ "მეტამორფოზის" საზარელი ფინალი შემეცვალა, მეტი ცხოვრებაში აღარაფერი მინდოდა...

გიორგი მეფარიძე