"უკვე დაფიქსირდა დიზენტერია და სხვა, შედარებით მსუბუქი ინფექციები..." - გზაპრესი

"უკვე დაფიქსირდა დიზენტერია და სხვა, შედარებით მსუბუქი ინფექციები..."

უკრაინის ქალაქ მარიუპოლის ოკუპირებას რუსეთი სამი თვე ცდილობდა, ამჯერად კი მის რუსეთთან მიერთებასა და პარალელურად, საცხოვრებელი პირობების აღდგენას ან განახლებას ცდილობენ... მარიუპოლიდან იძულებით წასულ ანა ვილხოვიკს, რუსების მიერ კონტროლირებად ქალაქში დარჩენილი და დაუკავშირდა და მის სახლზე, მარიუპოლელების ბედსა და რუსული ავიაცია/არტილერიის მიერ მიწასთან გასწორებულ ქალაქში არსებულ ვითარებაზეც უამბო... იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახის წევრი ისევ უკრაინაშია, "გზის" რესპონდენტი დის ვინაობის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.

- სამი თვეა ჩემი დისგან არანაირი შეტყობინება არ მიმიღია. თბილისსა და მის გარშემო თუ რაიმე ტაძარი, სალოცავი იყო, ყველა მოვილოცე, ღმერთსა და ყველა წმინდანს ჩემი ოჯახის წევრების გადარჩენას ვთხოვდი... მცხეთაში, სვეტიცხოველსა და ჯვარში, სასულიერო პირები უკვე მცნობენ. მამა გაბრიელის და გავიცანი, ჩემი ოჯახის ტრაგედია რომ მოისმინა, ისე შეწუხდა, ცრემლები ვერ შეიკავა. ყველანი ლოცულობდნენ ჩვენთვის, გულწრფელად, მხურვალედ. როდესაც ჩემს ტელეფონზე უკრაინული ნომრიდან ზარი შემოვიდა და ჩემი დის ხმა გავიგონე, მთელი გულით ვირწმუნე, რომ უფალმა ჩვენი ლოცვა შეისმინა... ჩემმა დიამ მიამბო, რომ ქალაქი ქოლერiს ეპიდემიის აფეთქების გამო, ერთი თვით ჩაკეტეს, დარჩენილი მოსახლეობა კი მხოლოდ რუსული, ე.წ. ჰუმანიტარული დახმარების იმედად არის.

ქალაქში ჯერ კიდევ მიმოქცევაშია უკრაინული გრივნა. რუსები არაყში ცვლიან ან ყიდიან ნაძარცვს, სურსათს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, ანუ ჩვენივე ქონებას მათგან ჩვენები ყიდულობენ, რომ გადარჩნენ. ფქვილს, შაქარს, ზეთს, ბურღულეულს - ჰუმანიტარული მისიით შემოტანილსაც ყიდიან, ბელარუსიდან შემოაქვთ რაღაც სურსათიც. სრული განუკითხაობაა. რადგან ყველაფერი განადგურებულია, ქუჩებში გარევაჭრობებია დაწყებული. რამდენიმე კვირაა ლაპარაკობენ, რომ ელექტროენერგიას აღადგენენ, მაგრამ ჯერ არაფერი დაუწყიათ, ბოძებიც კი არ ჩაუმაგრებიათ, ამიტომ ხალხი ნავთსა და პარაფინის სანთლებს ყიდულობს. რუსული დროშის ფერებში გადაღებეს გარკვეული წარწერები, კედლები. ასევე, სახელები შეუცვალეს ქუჩებს, უფრო სწორად, რაც მათგან დარჩა, თორემ სადღაა ქუჩა, რაიონი, კორპუსები, მაღაზიები, ცივილიზაციის ყველანაირი კვალი წაშლილია...

- ქალაქში ეპიდემიამ იფეთქაო და, ამ მხრივ როგორი მდგომარეობაა?

- დიახ, ამიტომ ქალაქი ერთი თვით ჩაკეტეს, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, რუსული მედია და ოფიციალური სამსახურები არ საუბრობენ. თუმცა, როგორც ირკვევა, საჭიროების შემთხვევაში, თავიანთი სამხედროებისთვის როსტოვის ინფექციურ საავადმყოფოში თადარიგს იჭერენ, უკრაინელები კი, როგორც მოსალოდნელია, უპატრონოდ დაიხოცებიან, რადგან ინფექციური სამედიცინო დაწესებულება ქალაქში აღარ არსებობს. მაგრამ დიზენტერია და სხვა, შედარებით მსუბუქი ინფექციები უკვე დაფიქსირდა...

mariupoli-4-1655728790.jpg

წყალიც პრობლემაა. ოკუპანტებს პრიმორსკის რაიონში წყლის მილის შეკეთება უცდიათ, მაგრამ ბევრგან ჟონავს და ქალაქამდე ვერ აღწევს - ამიტომ ადგილობრივები წყლის ჭურჭლით დახუნძლული დადიან იმ ადგილას და წყალს ეზიდებიან. ვინც ვერ ახერხებს, მათთვის საიდანღაც შემოაქვთ რუსებს, ზოგან ყიდიან ან არიგებენ, ვითომ ჰუმანიტარული დახმარებაა... წყალი გადადუღების გარეშე სასმელად არ ვარგა, გადადუღების შემდეგაც ლიმონს ან ღვინოს ურევენ... სახლები დაგვიბომბეს, ქუჩაში დაგვტოვეს, ადამიანები ორმეტრიან ორმოებს თხრიან, მიცვალებულები მიწას რომ მიაბარონ, ჩვენგან მოპარულ თუ წართმეულ პურსა და წყალს კი "ჰუმანიტარულ დახმარებად" გვასაღებენ და თურმე, მადლიერები უნდა ვიყოთ.

ამ პირობებში ჰიგიენაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ქალაქში საშინელი სუნია: ნაგვის, დაღუპული ადამიანებისა და ცხოველების... ჩემს დას სახლი გარეუბანში აქვს. არ წამოვიდა, შვილის საფლავი და ავადმყოფი მეუღლე არ დატოვა. ჩემი ერთი შვილი ფრონტის ხაზზეა, მეორე მოხალისე გახლავთ. ჩემი და ფიქრობდა, რომ თუ იქ დარჩებოდა, მათ შესახებ მეტი ეცოდინებოდა, თუმცა სამი თვე ისე გავიდა, ერთმანეთი არც კი უნახავთ. ვიღაც საერთო ნაცნობის დახმარებით ერთმანეთს ატყობინებდნენ, რომ ცოცხლები იყვნენ. ამ ხნის განმავლობაში და და სიძე სახლის სარდაფს აფარებდნენ თავს. მითხრა, რომ ახლა მხოლოდ სარდაფი შემორჩათ... როდესაც ქალაქში გავდივართ, სახეზე შარფს ვიკეთებთ, რადგან ჩამონგრეული შენობებიდან ცხედრების სუნი ამოდის. თითქმის ყოველდღე ვაგროვებთ გვამებს, ვჭრით საერთო საფლავებს, მაგრამ ჯერ კიდევ უამრავი დარჩაო...

- სამედიცინო დაწესებულებები ფუნქციონირებს?

- დიახ, რაც დაბომბვისგან გადარჩა, იქ მოაწყვეს ჰოსპიტალი. ოღონდ თითქმის არაფერი აქვთ, წყალიც კი, მედიკამენტებზე რომ არაფერი ვთქვათ, მეორად სახვევებს ხმარობენ... ჩემმა დამ, მიწაზე წოლისგან ყველაფერი გვტკივა, სუნთქვის დროს, მკერდი საშინლად მეწვის, სავარაუდოდ, ფილტვები მაწუხებს, მაგრამ ექიმი არ არსებობსო. ამიტომ სახლის პირობებში ცდილობენ გადარჩენას... 500 გრივნამდე მქონდა შენახული და როგორც კი შესაძლებლობა მომეცა, ტელეფონი დამეტენა, თანხა ჩავრიცხე და დაგირეკეო. დარეკვა 5-6-ჯერ გაძვირდა, ვიდრე ომამდე ღირდა. ანგარიშზეც ვერ ვურიცხავ თანხას, ყველაფერი დაბლოკილია... არ ვიცი, როგორ ახერხებს თუნდაც იმ მიზერული თანხის შოვნას. სამი თვეა ფაქტობრივად, ტყვეთა ბანაკში ცხოვრობენ...

ომამდე ერთად მოვამზადეთ ზამთრისთვის უამრავი რამ: მურაბები, mწნილები, მზა კერძები. როდესაც ერთად ვიყავით და ბომბებს სარდაფში ვემალებოდით, რაღაცები გავზიდეთ. მერე ერთ დღესაც, მორიგი საარტილერიო შეტევისას, სახლებიდან შეშლილებივით გამოვიქეცით, ცეცხლსა და კვამლში ერთმანეთი დავკარგეთ. მას შემდეგ არ მინახავს არც და, აღარც შვილები... ვიდრე მარიუპოლს ბოლომდე აიღებდნენ, ჩემი ერთ-ერთი შვილი ჩვენს დაბომბილ კორპუსში შევიდა, ძლივს იპოვა ჩვენი ბინა დანგრეულ შენობაში. ვიდეო გადაუღო და მასში ჩანს კედელზე დაკიდებული დედაჩემის ფოტო, კიდევ რამდენიმე ნივთი. ჩაშენებული სათავსი მთელი იყო და მასში ჩალაგებული ქილებიც გადაურჩა დაბომბვას... ამდენი უბედურება გამოვიარეთ და ის საკვები რა მოსატანია, მაგრამ მაინც ვიტირე; ჩემი სახლის კედლების, მტვრისgაn გადათეთრებული, დაფშვნილი ნივთების დანახვაზე ნერვებმა მიმტყუნა და შუა ქუჩაში გიჟივით ავტირდი... ახლა, როდესაც ჩემმა დამ შემომჩივლა, რომ მართლა ტყვეების ულუფაზე იყვნენ, ვუთხარი, იქ ხომ უამრავი რამ დაგვრჩა, გამოიყენეთ-მეთქი. რას ამბობ, დაბომბილ კორპუსს კიბე მიადგეს და ისე გაზიდეს ყველაფერიო. თოკებით უშვებდნენ სავსე ჩანთებს და ტომრებს, საკვები, ავეჯი, სამზარეულოს ნივთები, ჭურჭელი, ყველაფერი გაზიდეს, სატვირთო მანქანების ძარაზე შეალაგეს და რუსეთის გზას გაუყენესო...

პირველ ჯერზე, მხოლოდ რამდენიმე წუთი გვქონდა სასაუბროდ და ძირითადად, ვტიროდით. ჩვენი ცხოვრება, ტანჯვით დაღუპული, ნანგრევებში მოყოლილი, უგზო-უკვლოდ დაკარგული ნათესავები, ახლობლები, მეზობლები, მეგობრები, დაკარგული მშვიდობა გამოვიტირეთ, რომელიც არასდროს დაგვიბრუნდება ან არასდროს იქნება ძველებური...

mariupol5-1655728777.jpg

- შვილებზე რა გითხრათ?

- ერთი შვილი, რომელიც უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, დაჭრილა და ჰოსპიტალში წევს. როდესაც მასზე დეტალურად ვთხოვე მოეყოლა, გამაწყვეტინა: შეიძლება ისმინებოდესო... შემდეგ ის თავად დამიკავშირდა, - ნორმალურად ვარო. მეორე შვილიც იქ არის, ასევე ცხელ წერტილში. თუ ვინმე იტყვის, რახან გადავრჩით, რა გვიჭირს, ვეტყვი, რომ ამას ცხოვრება არ ჰქვია; არც ჩემი, არც შვილების, არც დის ყოფა არ არის ცხოვრება, ეს უბრალოდ არსებობაა იმ იმედით, რომ ერთხელ იქნებ რამე შეიცვალოს... ქალაქში დარჩენილი მოსახლეობისთვის უთქვამთ: თქვენი გარდაცვლილები დამარხეთ, თორემ უარეს დღეში ჩავცვივდებითო. უარესი რა უნდა მოხდეს, არ ვიცი... მათი შიშით კი არა, საცოდავად დაღუპული ხალხის სიბრალულით, ეს მშიერი, რამდენიმე თვე სარდაფში ჯდომისა და მიწაზე წოლისგან დაავადებული ადამიანები დავდივართ და ცხედრებს ვპოულობთ, შემდეგ კი წინასწარ გამზადებულ საერთო საფლავში ვმარხავთო. ვინმეს ამოცნობა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ბედის ირონიაა, რომ შეიძლება მკვლელი და მსხვერპლი ერთ საფლავში აღმოჩნდნენ.

არ უთქვამს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არა აქვთ შესაბამისი ეკიპირება დაღუპულებთან სამუშაოდ, რაც ქალაქში, სადაც ეპიდემია მძვინვარებს, უარეს რისკს ქმნის. ვკითხე, შესაბამისი პირბადეები მაინც თუ გაქვთ-მეთქი? ნაჭრებს ვიფარებთ სახეზე და უხელთათმანოდ ვმუშაობთ, უამრავი ადამიანი მოიწამლაო... რამდენიმე ქუჩის გაწმენდა დაუწყიათ, მაგრამ რესურსი არ ეყოთ და შეჩერდნენ.

ე.წ. დროებითი ადმინისტრაცია თუ ქალაქის მმართველობა ამბობს, რომ იმ მარიუპოლელს, ვისაც დაბრუნება უნდა და იქაური მიწერა აქვს, შეუძლია გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ დაბრუნდეს. არ ვიცი, ვინ გარისკავს დაბრუნებას ქალაქში, რომელიც აღარ არსებობს და რაც დარჩა, ისიც ნაღმებით არის სავსე... ახლა ერთადერთი რამ მინდა - ვისურვებდი, რუსებმა გამოცადონ ის, რაც ჩვენ გამოვიარეთ. ჩემს რუს ნაცნობებს, რომელთაც ადრე მეგობრებად მივიჩნევდი, ვეუბნებოდი: ამდენი მილიონი ადამიანი ხართ, იცით, რაც ჩვენს თავს ხდება, თქვენთვის სამზარეულოში წუხილსა და გაპროტესტებას რა აზრი აქვს? საქართველოსა და სხვა ქვეყნებში კი ნუ გამორბიხართ, ქუჩაში გამოდით, ყველას ერთად ვერ დაგიჭერენ-მეთქი და, მხრებს იჩეჩდნენ, - ვერაფერს ვცვლით. შენ არ იცი, ჩვენთან რა ხდებაო...

სამ თვეზე მეტია ჩემს ქვეყანაში სროლები არ წყდება, უსაფრთხო ადგილი არ არსებობს; თუ ტყვიით არა, ქოლერით, ეპიდემიით, გახრწნილი ცხედრების შეგროვებისას მიღებული მოწამვლით იხოცებიან, მაგრამ მაინც იბრძვიან. ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს და ფრონტის ხაზზე მყოფ შვილებს ტვირთად ვერ ვექცევი, თორემ აუცილებლად დავბრუნდებოდი ჩემს მიწაზე...

ლალი პაპასკირი