გოაზე წარმოებული ქართული ყველი და ინდური კინოინდუსტრიის ქართველი მონაწილე - გზაპრესი

გოაზე წარმოებული ქართული ყველი და ინდური კინოინდუსტრიის ქართველი მონაწილე

გოა - ეს ულამაზესი შტატი ინდოეთში, ოქროსფერი პლაჟებით, ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. გიგა ამაშუკელი მესამე წელია ინდოეთში იმყოფება, სადაც ახალი, საქართველოსგან განსხვავებული ცხოვრება დაიწყო. ამბობს, რომ იქ ბევრ ისეთ რამეს მოჰკიდა ხელი, რაც მანამდე არასდროს უკეთებია, მათ შორის არის ხატვაც. ამავდროულად, ფილმებშიც იღებენ და გადაღებების გამო ინდოეთის სხვადასხვა ქალაქში უწევს ჩასვლა, თუმცა სჯობს, ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ...

- 1987 წელს დავამთავრე უნივერსიტეტი, გეოლოგი ვარ, პროფესიით მუშაობამ ცოტა ხანს მომიწია. 90-იანებში ქვეყანაში სიტუაცია ისე აირია, გეოლოგია ვის ახსოვდა, ხალხი თავის გადარჩენაზე ფიქრობდა. შემდეგ კარგა ხანს ვიმუშავე ტელევიზიებში, 5 წელი განათლების სამინისტროშიც, მაგრამ 2003 წელს სააკაშვილის ბანდა რომ „მობრძანდა“, ამ თავის ვითომ რევოლუციით, სამინისტროდან სხვებთან ერთად მეც დამითხოვეს. თუ პატარ-პატარა საქმეებს არ ჩავთვლით, 2004 წლის შემდეგ სტაბილურად არც მიმუშავია...

- გოაზე პირველად როდის მოხვდით?

- 4 წლის წინ გავემგზავრე. ამის სურვილი უცბად გამიჩნდა, თითქოს ვიღაც ძალით მაგდებდა და მეუბნებოდა: „წადი გოაზე, წადი“! მერე გამახსენდა ჩემი ჯგუფელი, რომელიც გოაზე ხშირად დადიოდა, დავუკავშირდი და როგორც კი დაველაპარაკე, უკვე ვიცოდი, რომ იქ უნდა ჩავსულიყავი. გარემოებებმაც ხელი შემიწყო, პირველ და მეორე ჯერზეც. მეორედ რომ მივდიოდი, მანქანა საიტზე გასაყიდად დავდე, იმავე ღამეს გაიყიდა და მეორე დილას ბილეთი შევიძინე. გოაში მხოლოდ სეზონზე დარჩენას ვგეგმავდი, მაგრამ პანდემია დაიწყო და ყველაფერი შეიცვალა. აქ ძირითადი სეზონი ნოემბრიდან-აპრილამდეა, მერე ამინდი იცვლება. ახლა წვიმებია, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდება და ამ დროს დამსვენებელი თითქმის არაა. დღეში რამდენჯერმე შეიძლება იწვიმოს და სხვათა შორის, ეს საკმაოდ უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიაზე. როგორც გითხარით, გოაში აპრილამდე დარჩენას ვგეგმავდი და შემდეგ ნეპალში გადასვლა მინდოდა. ტიბეტში ჩასვლაც მსურდა და მერე საქართველოში დაბრუნება, მაგრამ არ გამოვიდა. როგორც გახსოვთ, პანდემია მარტში დაიწყო, ჩაიკეტა ყველაფერი და ყოველმხრივ რთული ვითარება შეიქმნა.

- მათ შორის მოსახლეობის დიდი რაოდენობით ინფიცირების მხრივაც, ალბათ...

- რა თქმა უნდა, ინფიცირება იყო, მაგრამ არა ისე, როგორც ყველას ეგონა. აქ ბევრი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ბევრ ქალაქში ვიმოგზაურე, სადაც არის კვარტალები, სადაც ინდოელები "ერთმანეთზე ცხოვრობენ" და ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, იქ ვირუსი მასობრივად უნდა გავრცელებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. შეიძლება იმიტომაც, რომ იმუნური სისტემა უფრო ძლიერი აქვთ. კორონავირუსი ორჯერ გადავიტანე. სხვათა შორის, პირველ ეტაპზე ყველა ძალიან დაიბნა და შეშინდა. მინდა ვისარგებლო მომენტით და დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს საელჩოს ინდოეთში და კერძოდ, ბატონ არჩილ ძულიაშვილს, რომლის დახმარებით ქართველებს არაჩვეულებრივად მოგვხედეს, დაგვაბინავეს, საჭიროების შემთხვევაში ყველას მკურნალობასაც უზრუნველყოფდნენ და ეს ხდებოდა დაახლოებით თვე-ნახევარი, საქართველოში პირველი რეისის დანიშვნამდე. გადმომყვან რეისს არ წამოვყევი და დავრჩი. ვერ მივატოვებდი მეგობარს, რომლის გაყვანა ჯერ არ იგეგმებოდა. ჩვენს მერე, სამ დღეში მისი რეისიც დაინიშნა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მეც და ის გოგონაც ინდოეთში ჩავრჩით. მერე ყველაფერი საბოლოოდ ჩაიკეტა. ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და გოა ჩემთვის სახლივით გახდა. პანდემიამ ყველაფერი რადიკალურად შეცვალა და მეც - 180 გრადუსით. „საგულაოდ“ კურორტზე ჩამოვედი და თავი ამოვყავი ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში. ახლა რაღაცებს ვსაქმიანობ (იღიმის).

- ანუ შეიძლება ითქვას, გასართობად წასული, აღმოჩნდით ყოველდღიურ რეალობაში, რასაც გარკვეულწილად გაექეცით აქედან, ასეა?

- ფაქტობრივად, კი, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ აქ შენი არავინაა და მარტო ხარ. საქართველოში ნახევარ თბილისს ვიცნობ და უამრავი მეგობარი, ნათესავი, მეზობელი მყავს, აქ კი მხოლოდ რამდენიმე კაცს ვიცნობდი. ფაქტობრივად, ნულიდან იწყებ ცხოვრებას. ფულიც აღარ მქონდა, შიგადაშიგ ოჯახი და მეგობრები მიგზავნიდნენ. პანდემიის პერიოდშივე დავიწყე ყველის გაკეთება, იმერული ყველის შემდეგ კი სულგუნის. ისეთი გამომდის, თბილისში რომ ვერსად შეჭამ. ფერმიდან ცხელი რძე მომაქვს და მაშინვე ვიწყებ მომზადებას. ალბათ ვინც მიცნობს, ეს ძალიან გაუკვირდება, რადგან ცხოვრებაში ყველი არ ამომიყვანია, მაგრამ როცა თავის გადარჩენაზეა ლაპარაკი და მით უმეტეს, მარტო არ ხარ, კაცს პასუხისმგებლობა გაქვს იმ ქალის მიმართ, ვისთან ერთადაც ცხოვრობ, რაღაც უნდა გააკეთო და იმ დროს ტვინი სულ სხვანაირად ამიმუშავდა. ინდოეთში, სადაც უამრავი თხა, ძროხა ჰყავთ და მრავალფეროვანი სამზარეულოა, ამ პროდუქტის დამზადება-მირთმევის ტრადიცია არ არის. არ იციან, რა არის ყველი, შესაბამისად, ადგილობრივები არ ყიდულობენ, უფრო მეტად რუსები, უკრაინისა და ბელორუსიის წარმომადგენლები ინტერესდებიან. ასე თუ ისე, საქმე დავძარი და ისე „გაბაზრდა“, მთელმა გოამ გაიგო.

6shorpi-da-bachani-copy-1655729065.jpg

- და ფილმების გადაღებებზე, როგორც მსახიობი, როგორ მოხვდით?

- საქართველოში უმრავლესობამ „ბოლივუდი“ იცის, მაგრამ ინდოეთში უამრავი კინოსტუდიაა. უმრავლესობა თავმოყრილია სამ ქალაქში: ბომბეი, ჰაიდარაბადი და ჩენაი. ყველა სტუდია მაგრად მუშაობს. მათთვის კინო ეროვნული საგანძურივითაა. მსახიობებს ღმერთებივით უყურებენ. ინდოელებს სჭირდებათ „თეთრებთან“ მუშაობა, მათთვის ეს პრესტიჟულადაც ითვლება. ასეთები ძირითადად არიან რუსები, უკრაინელები და ბელორუსები. ცხადდება ხოლმე კასტინგები, სადაც მიდიხარ, ეწერები და შემდეგ უკვე გადაღებებზე გიხმობენ - ძირითადად, მასობრივ სცენებში. ზოგჯერ შეიძლება ვინმეს „წინა პლანზეც“ დასჭირდე და ისე მოხდა, რომ მე რატომღაც სულ „პირველ ხაზზე“ ვხვდები.

- საქართველოში ყოფნისას სამსახიობი კარიერაზე გიფიქრიათ?

- არასოდეს. მსახიობი მეგობრები მყავს, თენგიზ არჩვაძე ბიძად მეკუთვნის, გიზო ჟორდანია ჩვენი ოჯახის უახლოესი ადამიანი იყო და ყველანაირად შემეძლო ამ სფეროში მოხვედრა, მაგრამ მაშინ ინტერესი არ მქონდა. მხოლოდ ის იყო, რომ მეორე არხზე მუშაობის პერიოდში, 12 დოკუმენტური ფილმი გადავიღე საქართველოს ფაუნაზე. აქ, ინდოეთში გამიჩნდა კინოში გადაღების სურვილი და თან იმ მომენტმა, რომ წინა პლანზე გწევენ, თავდაჯერებულობა შემმატა. ვიფიქრე, რომ ეტყობა, ამ თვალსაზრისით რაღაც შემიძლია. ერთხელ, პირდაპირ მაჯახეს პარიზის მერის როლი ფილმში „კობრა“. წვეულებაზე ხალხი უნდა მიმეღო, მათთან მესაუბრა და ბოლოს მოვმკვდარიყავი. ეს წინადადება ცოტა ჩინურივით ჩამესმა, თან გადასაღებ მოედანზე მომზადების გარეშე უნდა შევსულიყავი. დავდექი, ასი კაცის ყურადღება ჩემკენ იყო მომართული. კიდევ კარგი, ტელევიზიამ კამერასთან მუშაობის გამოცდილება შემძინა, თუმცა, დაბნეულობის გამო პირველი დუბლი მაინც ჩავაგდე. მერე რეჟისორი დამელაპარაკა, საკუთარ თავში ძალა მოვძებნე და ყველა შემდეგი ეპიზოდი არაჩვეულებრივად გამომივიდა. თავს არ ვიქებ, უბრალოდ, რასაც მეუბნებოდნენ, ვაკეთებდი. მთელი დღე მიღებდნენ, ძალიან კმაყოფილები იყვნენ. ბოლოს მოვიდნენ რეჟისორი და ფილმის მთავარი გმირი და კარგი თამაშისთვის, მადლობის ნიშნად გადამეხვივნენ. არ ვიცი, ზოგადად ასეთი წესია, თუ რა იყო, მაგრამ ასე მოხდა... ამის შემდეგ, საკუთარ ძალაში დავრწმუნდი და უფრო მარტივად მივდიოდი კასტინგზე. ახლა რამდენიმე ფილმზე ვარ მიწვეული.

- ახლახან ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მსახიობ ამიტაბჰ ბაჩანთან ერთად მოგიწიათ ფილმზე მუშაობამ. ეს როგორ მოხდა?

- ამ ფილმს დიდი ხანია იღებენ და მთელი ინდოეთი ინტერესით ელოდება მის ეკრანებზე გამოსვლას, რადგან საუკეთესო მსახიობებიც თამაშობენ. მათ შორის თაიგერ შორფი, რომელიც დღეს ინდოეთში მაღალანაზღაურებად და ერთ-ერთ საუკეთესო მოცეკვავედ ითვლება. მამაც მსახიობი ჰყავდა და თავადაც სიმპათიური, დაკუნთული, კარგად ნავარჯიშები ტიპია. ფილმის „განაპადი“ გამო გადაღებებზე უკვე მესამედ ვიყავი ბომბეიში. ფანტასტიკაა, რომელშიც მოვლენები კატასტროფის შემდეგ ვითარდება. გაუბედურებული პერსონაჟი ვარ და სახეზე იარები მაქვს, რომელიც რეჟისორს საუბრისას მე შევთავაზე. დამეთანხმა, გამიკეთეს გრიმი და მოეწონათ. რაც შეეხება ბაჩანს, ეს კაცი ინდოეთში ლეგენდაა, მასთან მიახლოებას ვერავინ ბედავს. მსახიობს ფილმის სცენარის შეცვლის უფლება არ აქვს, ამ კაცს კი ერთგან სცენარის რაღაც ეპიზოდი არ მოეწონა და ეს რომ თქვა, მაშინვე შეცვალეს ისე, როგორც ეს მსახიობს სურდა. ბაჩანი 79 წლისაა. ძალიან კარგი კაცია, არაჩვეულებრივი აურა აქვს. რომ დავინახე, ჩემი ბავშვობა გამახსენდა, როცა ჩვენთან კინოთეატრებში სულ ინდური ფილმები გადიოდა და ის მათში მონაწილეობდა. მინდოდა ეს მეთქვა, მაგრამ ახლოს ვერ მივედი. მასთან ლაპარაკი არ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ იმდენად კარგად არ ვიცი ინგლისური, რომ რასაც განვიცდიდი, ის ზუსტად გამომეხატა და ამან შემაფერხა.

- ხატვაც პანდემიის დროს დაიწყეთ?

- ხატვა შარშან სექტემბერში დავიწყე. ინტერნეტში თვალს ვადევნებდი ვიდეოებს, სადაც ეპოქსიდის ფისით კულონებს, მაგიდებს და სხვადასხვა ნივთს ამზადებენ. შემდეგ ვნახე ფლუიდ-არტში შესრულებული ნახატებიც. ეს ახალი, ამერიკიდან წამოსული მიმდინარეობაა, რომლის დროსაც ხატვისას ფუნჯს არ ვიყენებთ. ფიგურა ტილოზე აკრილის საღებავით იხატება. ერთი შეხედვით, ეს მარტივია, მაგრამ ასე არ არის. უკან დახევა არ მჩვევია და მეც, რადგან დავიწყე, არ შევეშვი. ნახატები თავიდანვე "ფეისბუკზე" დავდე, რომ მეგობრებს შეეფასებინათ. მოწონება დაიმსახურა. მირჩიეს, არ გავჩერებულიყავი... ნამუშევრები ნელ-ნელა დაიხვეწა, მომწონს ეს ტექნიკა და რაც მთავარია, ხატვისას უდიდეს სიამოვნებას ვიღებ.

9-copy-1655729049.jpg

- ხუთი წლის წინ ალბათ ვერც წარმოიდგენდით, რომ ყველს აწარმოებდით, ფილმებში გადაგიღებდნენ, დახატავდით. რას ფიქრობთ, უახლოეს მომავალში კიდევ სად ცდით თავს?

- ეს საკმარისი არ არის (იღიმის)?! ხუთი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ინდოეთში მოვხვდებოდი, ყველის გაკეთებას დავიწყებდი, ბაჩანთან ერთად ფილმში ვითამაშებდი, დავხატავდი, სიცილით მოვკვდებოდი და ვიფიქრებდი, - ეს გიჟია-მეთქი, მაგრამ ესაა ცხოვრება, საინტერესო მოვლენებით სავსე.

შემოდგომაზე თბილისში დავბრუნდები. მომენატრა საქართველო, თბილისი, მომენატრნენ მეგობრები, შვილები. ორი შვილი მყავს, ნიკოლოზ ამაშუკელი მსოფლიო დონის მსაჯია და უკვე ბევრი წარმატება აქვს, რაც ძალიან მახარებს; მეორე შვილი ქეთევან ამაშუკელი კი უნიჭიერესი გოგოა, ხატავს, არაჩვეულებრივ ლექსებს წერს და იმედი მაქვს, მომავალში საზოგადოება მას უკეთ გაიცნობს. მინდა ორივე მოვიკითხო და ვუთხრა, რომ ძალიან მომენატრნენ, მაგრამ ყველაზე მეტად მომენატრა ჩემი შვილიშვილი ნიცა ამაშუკელი, რომელიც საოცარი გოგოა. ასე რომ, უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოვალ და რა იქნება მერე, ვნახოთ.

ანა კალანდაძე