"ჩვენ, ახალგაზრდებს გვაქვს გადამწყვეტი ძალა..." - გზაპრესი

"ჩვენ, ახალგაზრდებს გვაქვს გადამწყვეტი ძალა..."

სანამ სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია" ორგანიზებულ აქციაზე "შინ ევროპისკენ" პარლამენტის წინ მივიდოდი, წერეთლის გამზირზე პატარა წრეში მოვხვდი. ერთ-ერთი მეუბნება, - საით გაგიწევია, აი, ნახავ, მორიგ "ქოც-ნაცურ თამაშებზე" მაქსიმუმ 7-8 ათასი ადამიანი გამოვაო. - ცდები, მეგობარო, ევროინტეგრაცია ისეთი გამაერთიანებელი მოთხოვნაა, რუსთაველის გამზირი გაივსება, ასე რომ, ერთადერთი შანსია იქ მეტროთი მივასწრო-მეთქი.

...მატარებელი გადატენილია და ძლივს ვახერხებ მორიგ ვაგონში შეღწევას. მიმოვიხედე და ყველას ეღიმება - მათაც ამ გზით შეძლეს ადგილის დაკავება. ვაგზლის მეორე ხაზზე გადასვლას ერთმანეთს ვასწრებთ, მიწის ქვეშ ასეთი აქტივობა დიდი ხანია არ მინახავს. ძირითადი ხაზის ვესტიბიულიც გადავსებულია, ხალხი რიგში დგას. მესამე მატარებელს ხელიდან აღარ ვუშვებ, როგორღაც ვეტენები. ზურგს უკან ისევ უზარმაზარ რიგს ვტოვებ.

თავისუფლების მოედნის ასასვლელშიც ნემსი არ ჩავარდება. თანაც აქ უკვე სამიტინგო განწყობაა - "საქართველოს გაუმარჯოს!", "სლავა უკრაინი!" და ასე შემდეგ. თვალს ვავლებ, და ყველა ასაკის ხალხია, საერთო-ევროპული იდეით გაერთიანებული. უამრავი პოსტერი და დროშა აქვთ წამოღებული, ყოველი მეორე აქვე ფოტო-ვიდეოს იღებს. დიდი ერთიანობა ვესტიბიულში და ესკალატორებზეც ძალუმად უკვე იგრძნობა.

მიტინგი ჯერ არ დაწყებულა და გამზირი თავისუფლების მოედნამდე უკვე სავსეა. გზად პარლამენტის შენობისკენ პენსიონერ დარეჯან მუნჯიშვილს ვესაუბრები, ხელში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები რომ უჭირავს. დღეს აქ რამ მოგიყვანათ-მეთქი?

- მარტო მე კი არა, ქვეყანა დაიღალა ამათი ტყუილებითა და გაცრუებული იმედებით. მარტოხელა პენსიონერი ვარ, სხვა რაღა გავაკეთო, არ ვიცი, ავდექი და წამოვედი. ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს წესიერი მომავალი ხომ უნდათ. იმიტომ შევწუხდით ამდენი ხალხი, რომ ევროკავშირმა უარი არ გვითხრას. მინდა კარგი მომავალი გვქონდეს და არა უბადრუკი დღევანდელობა.

აქციას მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ხსნის და ყველას გათითოკაცების დასრულებისკენ მოუწოდებს: "ერთადერთი მოთხოვნა გვაერთიანებს - საქართველოს მოსახლეობის 84%-ს ევროკავშირში ინტეგრაცია სურს. ბინძური პროპაგანდის მცდელობის მიუხედავად, ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ, ვერ მოგვერევიან. დღეს ამ სცენაზე უცხო არავინ არ უნდა ამოვიდეს, აქციის ორგანიზატორის გარდა. დავამტკიცოთ, რომ საერთო მიზნებისთვის ერთად დგომა შეგვიძლია. აქამდე თუ რამე მოგვიპოვებია, ბრძოლისა და სისხლის ფასადაა გაკეთებული. არ შეიძლება, თაობების ბრძოლა ახლა ისევ ნულიდან იწყებოდეს. ახლა მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ".

შემდეგი გამომსვლელი, მწერალი ლაშა ბუღაძე ამბობს, რომ ეს გადამწყვეტი ბრძოლის დასაწყისია, როდესაც საქართველო უნდა დარჩეს ევროპულ და არა რუსულ სივრცეში:

"ასეთი მნიშვნელოვანი მიტინგი იყო 80-იან წლებში, როცა ეროვნული მოძრაობა დაიწყო და თუ წინა თაობებმა მოგვიტანეს დამოუკიდებლობა, ამ თვალსაზრისით ეს გადამწყვეტი ბრძოლის დასაწყისია. ასეთი დიდი მიტინგი არ ყოფილა. ამ თაობამ უნდა განამტკიცოს ჩვენი თავისუფლება. ოლიგარქ ივანიშვილს ფეხი აქვს გაჩხირული იმ კარში, რომლითაც უნდა შევიდეთ ევროკავშირში. ველოდებით ვერდიქტს. ის ტრიო უკრაინისა და მოლდოვისა, საქართველოსთვის შეიქმნა და ოლიგარქიამ ჩამოგვაშორა და აღარ ვართ მოწინავე რიგებში. მომავალი 6 თვე ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რათა ხელისუფლებამ აღასრულოს ის რეკომენდაციები, რაც გვაქვს გაწერილი... ეს მძიმე პროცესია, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველომ მოიპოვოს კუთვნილი ადგილი".

ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ გველოდება ძალიან რთული 6 თვე - ან დავაკაკუნებთ ევროკავშირის კარზე, ან გადავეშვებით რუსულ ჭაობში:

"ჩვენ გველოდება 6 თვე, როდესაც უნდა გადავაგდოთ ოლიგარქია, შევცვალოთ ხელისუფლება, ჩავატაროთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, ავირჩიოთ კოალიციური მთავრობა და მივუბრუნდეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და ვუთხრათ მათ, რომ საქართველო არის ღირსი, იყოს ევროპული ოჯახის წევრი, რომ საქართველომ შეასრულა მათი მთავარი გზავნილი - საქართველო ოლიგარქის გარეშე. როდესაც ხელისუფლებას არ ესმის ხალხის ხმა, როდესაც ის დგას კონსტიტუციაზე მაღლა, ის კარგავს ლეგიტიმაციას და ლეგიტიმაცია გადადის საპროტესტო აქციებში, ხალხში და დღეს ლეგიტიმაცია არის აქ. დღეს უპრეცედენტო ერთიანობის დროა. დღეს უნდა გავერთიანდეთ ადამიანები, რომელთაც გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული წარმოდგენები პოლიტიკურ პარტიებზე, პრეფერენციებზე ამა თუ იმ საკითხებში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ფრუსტრაცია..."

ამის შემდეგ აქციის მონაწილეებს თსუ-ის, კავკასიის უნივერსიტეტის, ჯიპა-ს, საქართველოს უნივერსიტეტის, ილიაუნისა და აგრარული (თავისუფალი) უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიმართეს მგზნებარე სიტყვებით, რასაც ლაიტმოტივად გასდევდა: "ჩვენ, ახალგაზრდებს გვაქვს გადამწყვეტი ძალა და გვსურს, ერთხელ და სამუდამოდ უარი ვუთხრათ რუსეთს, იმ ადამიანებს, ვინც ამ ჯოჯოხეთში მიგვაქანებენ. ყველამ გავითავისოთ, რომ ევროპა ჩვენი ხვალინდელი დღეა და არავის მივცეთ უფლება, ქვეყანას ეს მომავალი წაართვას. ამ ბრძოლით ძალიან მალე დიდი ევროპული ოჯახის წევრები გავხდებით".

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, რომ დღეს ქვეყნის ხელისუფლება არ ზრუნავს ხალხსა და ქვეყნის მომავალზე:

"ქართველი ხალხის ხელშია ქვეყნის მომავალი! ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრები... შეიძლება ვიღაცამ გითხრათ: კიდევ ერთხელ დაგვშალეს და შემდეგ კიდევ ერთხელ შეგვკრებენ და ამას აზრი არ აქვს. არა, მეგობრებო, ამას ძალიან დიდი აზრი აქვს - მთავრობას ეშინია ხალხის. მთავრობა ზუსტად ამიტომ ცდილობს, რომ დაგვანაწევროს, ერთმანეთი შეგვაძულოს, რომ არ გავერთიანდეთ და არ ვთხოვოთ, რომ ჩვენ უნდა დავუახლოვდეთ 6 თვეში ევროპას... უნდა ვანახვოთ ყველას, მათ შორის რუსეთს, რომ საქართველოში მზე ჩრდილოეთიდან არასოდეს ამოვა".

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ლიდერი შოთა დიღმელაშვილი პარლამენტის წინ შეკრებილებს შეახსენებს საქართველოს კონსტიტუციით ნაკისრ ვალდებულებას ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. მან განმარტა, რას ითვალისწინებს კონსტიტუციის შესაბამის მუხლი:

"საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ უზრუნველყოს საქართველოს დაახლოება ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან. ის, რაც გააფუჭა საქართველოს ხელისუფლებამ, გამოასწორა საქართველოს ხალხმა... იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება დაარღვევს კონსტიტუციას და ჩვენ ამის ნიშნებს ვიხილავთ, ამ შემთხვევაში საქართველოს ხალხს ყველა უფლება აქვს, ხელისუფლებას უთხრას, რომ არალეგიტიმურია. ძირს ოლიგარქიული დიქტატურა!"

შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებმა, ევროპარლამენტარებმა მიმართეს.

1-1656314400.jpg

რასა იუკნევიჩიენე:

"ბოლო დროს საქართველოს დემოკრატიულ პროცესებზე მხოლოდ ცუდი ამბები აღწევს ჩვენამდე. ყოფილი პრეზიდენტი და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური მედიის მფლობელი ციხეში იმყოფებიან, ხორციელდება თავდასხმები სხვა ჟურნალისტებზე, საქართველოს მეგობრებზეც კი ევროპასა და აშშ-ში. როგორც ჩანს, თქვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის სასურველი არ ყოფილიყო. გასაკვირი არაა, რომ კომისია ძალიან კრიტიკულია თავის რეკომენდაციაში იმ პრობლემების მიმართ, რაზეც პასუხისმგებლობა დღევანდელ მთავრობას ეკისრება. კომისია გარკვევით ამბობს, რომ ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია. ყველამ კარგად იცის, რომელ ოლიგარქზეა საუბარი".

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი:

"ძვირფასო ქართველებო, დღეს ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. ვიცი, რომ იმედგაცრუებულები ხართ, მაგრამ ეს არ არის გზის დასასრული, ეს მისი დასაწყისია. გახსოვთ, რომ 2007 წელს ევროკომისიამ არ გასცა რეკომენდაცია ლიეტუვასა და ლატვიასთან მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს ორი წლის შემდეგ გავაკეთეთ - გავატარეთ რეფორმები და ყველაფერი ის, რასაც ბრიუსელი მოითხოვდა. თქვენ გაქვთ საგზაო რუკა, 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც მიღწეული იქნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით. დაუბრუნდით ბრიუსელთან შეთანხმებულ მოლაპარაკებებს, მოახდინეთ თქვენი საზოგადოების კონსოლიდაცია და აუცილებლად გაიმარჯვებთ. ჩვენ თქვენთან ვართ".

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ ქართველ ერს უნდა ჰყავდეს პროევროპული მთავრობა, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს:

"ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ცხოვრებას. საქართველოს მომავალი უნდა იყოს ევროკავშირის ნაწილი, ევროკავშირის მომავალი კი, საქართველოს როგორც კავშირის წევრი ქვეყნის ყოლაა. ქართველი ერი პროევროპული ერია და მას უნდა ჰყავდეს პროევროპული მთავრობა, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველოს ფასადური დემოკრატია კი არ სჭირდება, არამედ - ნამდვილი დემოკრატია, სადაც პატივს სცემენ ოპოზიციას, სხვადასხვა აზრს, სიტყვის თავისუფლებას და სადაც არ იქნება პოლიტიზებული მართლმსაჯულება... ევროკომისიამ გარკვევით უთხრა საქართველოს მთავრობას, რომ ვერ გახდება კანდიდატი ქვეყანა, თუ მთავრობა პატივს არ სცემს ნამდვილი დემოკრატიის წესებს. საქართველოს მთავრობამ უნდა მოუსმინოს საკუთარ ხალხს და ევროკომისიის რჩევებს. ვუსურვებ ქართველებს ისეთ მთავრობას, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლება კი არა, არამედ ხალხის ლიდერი იქნება".

რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მოქალაქეებმა და აქტივისტებმა ევროპულ საბჭოს მიმართეს და იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს მეგობარ ქვეყნებთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად: "ქართველმა ხალხმა მოიპოვა ევროპული პერსპექტივა დიდი ხნის წინ და ახლა იმსახურებს, რომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ჩვენ, ყველას გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი", - ნათქვამია მიმართვაში.

ასევე, სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია" მანიფესტს ავრცელებს, სადაც წერია:

"ქართველი ხალხი სრულად ვაცნობიერებთ და უკვე ევროკავშირიც ადასტურებს, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე ერთი მთავარი პრობლემა ეღობება. ჩვენ ვიცით მისი ფორმა, სახელი და გვარი - ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. შევქმნათ სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო თანაბარი, ერთხმიანი პარიტეტით, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ხმათა უმრავლესობით, რომელიც გაგვაერთიანებს ყველას: სამოქალაქო მოძრაობებსა და ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა და მედიაგაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე, ახალი სახალხო მოძრაობა წამოაყენებს მოთხოვნებს ხელისუფლების წინაშე. ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობა განაპირობებს მასობრივ დაუმორჩილებლობას. ფეხზე დადგება საქართველოს ყველა რეგიონი და ქალაქი, რათა არაძალადობრივი წინააღმდეგობის ტალღამ წალეკოს ყველა, ვინც ჩვენს ქვეყანას შინ, ევროპისკენ მიმავალ გზაზე გადაეღობება. მომავალი თაობები სწორედ იმით განგვსჯიან, თუ რა გავაკეთეთ - თუ რა გააკეთე შენ, როცა ქვეყნის ბედი წყდებოდა. მხოლოდ იმ ხალხს დაუმკვიდრებია თავისუფალი და სამართლიანი ქვეყანა, რომელიც უამრავი განსხვავების და უთანხმოების მიუხედავად, ერთიანი ყოფილა იმაში, რომ სწორედ ასეთი ქვეყანა ეკუთვნის და ნაკლებს ვერ დასჯერდება".

მოძრაობის ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, მოქალაქეები პარლამენტის წინ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე უნდა შეიკრიბონ 24 ივნისსაც, როცა ცნობილი გახდება ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

8-1656314419.jpg

დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ გაემართნენ და დროშებზე სამახსოვრო წარწერები დატოვეს. რუსთაველის გამზირზე ფეხით ამოსვლისას გარმონზე დაკრული "ჩემო კარგო ქვეყანა..." ჩამესმის. მოხუც კაცს გვერდით გაშლილ ძველებურ ყავისფერ ჩანთაში მონეტები არ აკლია. ყველა ღიმილით უყურებს - დღეს მისი შემოქმედება ძალიან სიმბოლურია.

უფრო ზემოთ, მელიქიშვილის გამზირზე, ისტორიის ინსტიტუტის წინ ხანში შესული ქალბატონი ამ სიტყვებით ითხოვს მოწყალებას - "შვილებო, ბებოსაც დაეხმარეთ, როგორც ძაღლებსა და კატებს ეხმარებითო". თსუ-ის პირველ კორპუსთან გადავსებულ ავტობუსში ავდივარ. ასაკოვანი მგზავრი ვინმე მალხაზს ეძებს - 40 წელი არ მენახა ეს კაცი და ამ აქციაზე ვნახე, ვიცი, ამ ავტობუსში ამოვიდა და ვეღარ ვპოულობო. გვერდით ქალი ხმამაღლა გაიძახის - მალხაზ, მალხაზ!

სალონის ბოლოდან ჩნდება პირბადიანი მალხაზი, - ყველას გვეცინება. ასეთი მხიარული ატმოსფერო ჩვენებურ ტრანსპორტშიც დიდი ხანია არ მინახავს. აქვე ჩემი კორპუსელი დავითი მხვდება. - სხვებთან ერთად ზუსტად ვიცი, კიდევ გულივერი იყო აქციაზე წამოსული, აფხაზეთიდან დევნილი, ბოლო ოცდაათ წელიწადში მიტინგზე პირველად რომ მოვიდა; მგონი, გვეშველებაო, - მეუბნება.

გიორგი მეფარიძე