უზენაესი სასამართლოდან საგამოფენო დარბაზამდე - გზაპრესი

უზენაესი სასამართლოდან საგამოფენო დარბაზამდე

პროფესიით იურისტი ქეთევან ბექაური ათეული წლები ადვოკატად მუშაობდა. იყო ტელეჟურნალისტიც. რამდენიმე წლის წინ უზენაეს სასამართლოში ვადის ამოწურვის შემდეგ სამსახური დატოვა. თავისუფალმა დრომ საშუალება მისცა, მხატვრობის შესახებ თეორიული ცოდნა გაეღრმავებინა. მოგვიანებით კი ხატვა თავადაც სცადა და დღეს დამთვალიერებელს უკვე მისი ნახატები რამდენიმე პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენაზე აქვს ნანახი. ამჯერად მხატვრის ნამუშევრებს ნათელა იანქოშვილის სახლ-მუზეუმმა უმასპინძლა.

dscn3616-1656314608.jpg

- ქალბატონო ქეთევან, ერთმანეთთან ძალზე უცნაური დასაკავშირებელია საადვოკატო საქმიანობა და მხატვრობა...

- დიახ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში ვადის ამოწურვის შემდეგ მოულოდნელად სამსახურის გარეშე დავრჩი. იყო დიდი შინაგანი ბრძოლები, დეპრესიაც კი. ვცადე საზღვარგარეთ წავსულიყავი, მაგრამ ვერაფრით ვძლებდი საქართველოს გარეშე. დროებით მომიხდა გამგზავრება ვენეციასა და ფლორენციაში, სადაც ხელოვნებით კიდევ უფრო მოვინუსხე. ვიყავი მადრიდში, პრადოს მუზეუმში. შემეძლო საათობით ვმდგარიყავი და ნახატებისთვის მეცქირა. საზღვარგარეთიდან ჩამოსვლის შემდეგ ჩემს უმუშევრობასა და დეპრესიულ ფონს პანდემია დაერთო. ვიგრძენი, რომ თუ ამ "შავი ხვრელიდან" როგორმე თავს არ დავაღწევდი, ალბათ დავიღუპებოდი.

პირველად გრაფიკული ნამუშევარი შევქმენი. მალე ჩემს მხატვარ მეგობარს დავუკავშირდი და ვთხოვე, თუ რამე ძველი საღებავები და ფუნჯები ჰქონდა, ჩემთვის გადმოეცა. ნახევარ საათში ჩემთან გაჩნდა და ნივთები მომიტანა. გამხმარ გუაშებს ცხელ წყალს ერთად ვასხამდით და ვალღობდით. მოგვიანებით, ჩემმა ესპანელმა მეზობლებმა აკრილის საღებავები მაჩუქეს და მითხრეს: "შენ უნდა ხატო!"

ბევრი ჩემი ბავშვობის მეგობარი მხატვარია. ხშირად დავდიოდი მათ გამოფენებზე. რამდენიმე წლის წინ აქტიურად დავინტერესდი მხატვრობით. არქაიკიდან დაწყებული, იმპრესიონიზმამდე ყველაფერი შევისწავლე. ზოგჯერ გავიფიქრებდი ხოლმე, რამეს დახატვა თავადაც მეცადა, მაგრამ საკუთარ თავს, თითქოს, ამაზე ფიქრს ვუკრძალავდი.

dscn3618-1656314595.jpg

- თქვენი ნახატები რამდენიმე ჯგუფურ ექსპოზიციასა და პერსონალურ გამოფენაზე იყო გამოფენილი. ხომ არ გიცდიათ, ნამუშევრები საზღვრებს გარეთ გატანაც?

- 2021 წელს ნიუ-იორკში ყოფნისას, მანჰეტენზე მსოფლიოში ცნობილი გალერეისგან მივიღე შემოთავაზება, ჩემი ნამუშევრები გამომეფინა, მაგრამ სიმპოზიუმზე, რომელსაც ნახევარი მილიონი დამთვალიერებელი ჰყავს, უსახსრობის გამო ჩასვლა და მონაწილეობის მიღება ვერ შევძელი. მიზნად მაქვს დასახული, 2023 წელს აუცილებლად ვიყო ნიუ-იორკში და საზოგადოებას ჩემი ნამუშევრები წარვუდგინო.

- გამოფენაზე წარმოდგენილი რამდენიმე სურათი თქვენ მიერ დაწერილი ლექსის ხილული გააზრებაა. ლექსები და ნახატები ერთსა და იმავე თემაზე ერთდროულად იქმნება?

- ხატვისგან განსხვავებით, ლექსებს ბავშვობიდან ვწერ. გამოფენაზე წარმოდგენილი რამდენიმე ნამუშევრის ინსპირაცია სწორედ მანამდე დაწერილი ლექსები იყო. მაგალითად, "მოცარტის დაკრძალვა". შემოგთავაზებთ ამონარიდს ლექსიდან: "რა სიჩუმეა. ალბათ, ითოვებს,/ სადღაც შორს შავი ჩრდილები მოჩანს./ თითქოს რეკვიემს უკრავს სამყარო,/ სადღაც შორს კრძალვით კრძალავენ მოცარტს".

შორენა ლაბაძე