5 შვილი, საყვარელი საქმე და ქართული ორნამენტის მრავალფეროვნება - გზაპრესი

5 შვილი, საყვარელი საქმე და ქართული ორნამენტის მრავალფეროვნება

მრავალშვილიანი დედაა და, როგორც ამბობს, მისთვის ხელსაქმე შვილების სიყვარულს უტოლდება. ალბათ ბევრისთვის რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება, დიდ ოჯახს გაუძღვე და თან უაღრესად შრომატევადი საქმეც აკეთო, მაგრამ ფაქტია, ახერხებს და თან - საკმაოდ პროდუქტიულიცაა. მისი დამზადებული ნივთების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია: ყაბალახები, ჟილეტები, ქოქლოები, ქუდები, ზურგჩანთები, ჩანთები, ტელეფონისა და სათვალის ბუდეები, თექისა და ტილოს თოჯინები, ბაფთები, "აბადოკები", სამაჯურები, საყელოები, შარფები, ფარდაგები... ამ და სხვა ათეულობით ნამუშევარს ეკა მაღლაკელიძე-გუგუშვილი ქმნის, რომელსაც ხელით ნაქარგი, ყაისნაღით ნაქსოვი თუ აპლიკაციებით მორთული უამრავი აქსესუარი თუ დეკორატიული ნივთი აქვს შექმნილი.

- ბებიაჩემი პედაგოგი იყო, კარგად ქარგავდა, მაგრამ ეს საქმე მისგან არ მისწავლია. ყველა ტექნიკას სასულიერო აკადემიაში სწავლისას დავეუფლე. თავდაპირველად იურიდიულზე ჩაბარებას ვგეგმავდი, ამის სურვილი მთელი ბავშვობა მქონდა, მაგრამ ტაძარში სიარულისას გავიცანი გოგონები, რომლებიც ქარგავდნენ, ხატწერაზე დადიოდნენ, გალობდნენ და ამ ყველაფერმა დამაინტერესა. ხელოვნებათმცოდნე ვარ, სასულიერო აკადემიაში ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტი დავამთავრე. შევისწავლე საერო და სასულიერო ხელოვნების ყველა მიმართულება. სწავლა რომ დავამთავრე, გავთხოვდი. ხუთი შვილი მყავს: თაკო, თეკლა, ეფემია, ქეთევანი და გაბრიელი. ჩემი მეუღლე, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი სასულიერო აკადემიაში ბიბლიისტიკის კათედრის გამგეა, ისტორიისა და ღვთისმეტყველების პროფესორი. ლურჯ მონასტერში მსახურობს.

3-1656314832.jpg

- როგორც ჩანს, თქვენში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ძველი ქართული ორნამენტები...

- მე-20 საუკუნის დასასრულს, ჩემი სტუდენტობის დროს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან მოგვეცა ლოცვა-კურთხევა, ქართული ორნამენტი გადმოგვეტანა თანამედროვე შესამოსელში. ძალიან დამაინტერესა ხევსურულმა ორნამენტმა და დავიწყე როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული შესწავლა. ჩემი პედაგოგები იყვნენ ხევსური და თუში ქალბატონები, რომლებიც დიდი სიყვარულით გვიზიარებდნენ თავიანთ ცოდნას. იმ დროს ინტერნეტი არ იყო, მასალებს მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში ვიძიებდი, ასევე, მიწის ქვეშ გახსნილ გალერეებში, მაღაზიებში და ასე ვიხაზავდი ორნამენტებს. მხიბლავდა მთის წესები და ამიტომ ვცდილობდი, მეტი გამეგო წინაპრების ტრადიციებზე. ხევსურეთში საქმე თვეების მიხედვით ჰქონდათ განაწილებული: ზაფხულში რეცხავდნენ მატყლს, შემოდგომაზე ღებავდნენ, აშრობდნენ, ხოლო ზამთარში ქარგავდნენ. ორნამენტში ცივი და თბილი ფერები ერთმანეთს ენაცვლებოდა და მათი განლაგება მკაცრად იყო დაცული. ყოველთვის ვცდილობ, ეს წესები დავიცვა, რადგან დღესდღეობით უკვე ბევრ ნამუშევარს ნახავთ, სადაც ჭყეტელა ფერები ჭარბობს და არავითარი ყურადღება აღარ ექცევა უწინდელ ქარგვის მეთოდსა და ტრადიციას. დიდი ძალისხმევის შედეგად ვარჩევ და ვიყენებ იმ ფერებს, რომლებითაც ჩვენი წინაპრები ქარგავდნენ.

5-1656314848.jpg

- მას შემდეგ, რაც ვინმე თქვენს სახლში შემოვა, თქვენს ოჯახსა და უამრავ ნამუშევარს ნახავს, გაუჩნდება კითხვა - როგორ ათავსებთ ბავშვების აღზრდასა და ხელსაქმეს? დამხმარე თუ გყავდათ?

- არა, ჩვენ ხუთივე შვილი მარტო გავზარდეთ. უფროსი გოგონები უკვე სტუდენტები არიან და უმცროსი და-ძმის გაზრდაში ისინი მეხმარებოდნენ. 10 წელი სასულიერო აკადემიაში ვასწავლიდი. ვიყავი საპატრიარქოს ხალხური რეწვის განყოფილების თანამშრომელი. ასევე ბავშვებთან ვმუშაობდი - რამდენიმე კერძო და საჯარო სკოლაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც მეხუთე შვილი შემეძინა, გადავწყვიტე, ჩემი ენერგია მთლიანად ოჯახისთვის დამეთმო. მიუხედავად ამისა, ხელსაქმის დათმობა გამიჭირდა. რაც უნდა დაღლილი ვყოფილიყავი, საღამოს მივუჯდებოდი ნაქარგს და ორნამენტის შევსებით უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი. დღემდე ასეა და ამ საქმის გარეშე არ შემიძლია. ძალიან რომ გშია და ერთი სული გაქვს, საჭმელთან მიხვიდე, ყოველთვის ისეთი განცდა მაქვს, როცა საქმის კეთებას ვიწყებ. ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო პროცესია, როცა ტილოზე დეტალები გამოგყავს. ჩემი ხელსაქმე შვილებივით მიყვარს. ახლა, როცა ბავშვები უკვე წამოიზარდნენ, ხელსაქმეს მეტ დროსა და ენერგიას ვუთმობ. ვითვალისწინებ თანამედროვე მოთხოვნებს და კვლავ ქართულ ორნამენტს ვაცოცხლებ. აქსესუარების წარმოჩენაში დღეს უკვე შვილები მეხმარებიან. პრაქტიკაში კარგად ჩანს, რა ნივთებია აქტუალური. თან, ერთი და იმავეს კეთება არ მიყვარს, მწყინდება და ამიტომ სულ ვცდილობ, ახალ-ახალი ნივთები დავამზადო.

- პანდემიის დასაწყისში რაჭაში ვიმყოფებოდითო, მითხარით. იმ პერიოდში თუ ახერხებდით მუშაობას და თუ იყო ნივთების შეძენაზე მოთხოვნა?

- რაჭაში ყოველთვის ყველანაირად "შეიარაღებული" მივდივარ, რადგან ხელსაქმის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. მიმაქვს სამუშაო მასალებით სავსე ორი დიდი ჩანთა და საკერავი მანქანა. პანდემია რომ დაიწყო, იქ ჩავრჩით. მაშინ ფარდაგები მოვქარგე. ერთ ფარდაგს 1 თვე მოვუნდი. პანდემიის დასაწყისში ჩემს ნამუშევრებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა. ადამიანები ერთმანეთს საჩუქრად სხვადასხვა ნივთს უგზავნიდნენ: ყაბალახებს, საყელოებს; შვილები და შვილიშვილები დედებს, ბებიებს სათვალისა და ტელეფონის ჩასადებებს ჩუქნიდნენ. ყაბალახები განსაკუთრებით მოთხოვნადია სადღესასწაულო დღეებში, თუმცა ამ ხნის განმავლობაშიც მათზე დიდი ინტერესი იყო. მიხარია და მეამაყება, რომ ჩემი ნივთების უმრავლესობას ქართველი მომხმარებელი ჰყავს, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ემიგრანტებს უგზავნიან, ერთმანეთს უძღვნიან. ახლახან ქართველმა ემიგრანტმა ქალბატონმა თავის იტალიელ დიასახლისს ყაბალახი აჩუქა და მერე ფოტოც გამომიგზავნა, როგორ ჰქონდა მას მოხვეული და სადღაც მიდიოდა.

1-1656314817.jpg

- თქვენი ხელით შექმნილი რომელი ნივთია თქვენთვის გამორჩეულად ძვირფასი?

- რამდენიმე ნივთი მაქვს, რომლებსაც არასდროს გავყიდი. 90-იან წლებში, რთული პერიოდი რომ იყო და ხალხს სახლებიდან გასაყიდად გამოჰქონდა სხვადასხვა ნივთი, აქლემის ბეწვისგან ნაქსოვი ყაბალახი შევიძინე. მასზე ყაბალახის ორნამენტი დავქარგე და დღემდე ჩემთვის ძალიან ძვირფასია. საერთოდ, აქსესუარებიდან განსაკუთრებით მიყვარს ყაბალახი და შემიძლია ყოველდღიურად ვატარო. შინ 20 ყაბალახი რომ გაქვს, ხან რომელს ვირჩევ და ხან - რომელს, გააჩნია განწყობასა და იმას, თუ სად მივდივარ. თავდაპირველად ყაბალახის თარგი მუზეუმიდან ავიღე, მას მერე ვჭრი, ვქარგავ და საბოლოო სახეს ვაძლევ. სხვათა შორის, ყაბალახს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ვატარებ. ხევსურული ორნამენტით ნაქარგი ჟილეტიც მქონდა, კაბაც ქართული ორნამენტით მორთული, და მათი ტარება ძალიან მსიამოვნებდა. დღესდღეობით საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის წევრი ვარ, ვთანამშრომლობ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრთან. სოციალური მაღაზია "ეთნოდიზაინის" დახმარებით, ინტერნეტში ხელნაკეთი ნივთების ამერიკულ ონლაინპლატფორმაზე განთავსებული მაქვს სხვადასხვა ნამუშევარი, სოციალურ ქსელში მაქვს გვერდიც, მაგრამ ყველაზე დიდი სიამოვნება ჩემთვის საჩუქრების გაცემა და იმის ნახვაა, თუ როგორ მოხდენილად ატარებენ ჩემს ნახელავს ადამიანები.

ანა კალანდაძე