"ჩემი ქვეყნის სუნი მენატრება..." - გზაპრესი

"ჩემი ქვეყნის სუნი მენატრება..."

ფიქრია რობაქიძემ, ჩვენმა სპეციალურმა კორესპონდენტმა ესპანეთიდან, ამჯერად ჩვენს კითხვებს გასცა პასუხი - რამდენად რთული აღმოჩნდა მისთვის უცხო ქვეყანაში ცხოვრება და აპირებს თუ არა სამშობლოში დაბრუნებას?

"ემიგრანტობა ჭაობს ჰგავს"

- ჩემი ემიგრაციის მიზეზი გახდა დიაგნოზი - თავის ტვინის ანევრიზმა. იძულებული გავხდი სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში წავსულიყავი, რადგან საქართველოში მკურნალობა და ოპერაცია დიდ ხარჯებთან გახლდათ დაკავშირებული. ოპერაციის შემდეგ იმის საფრთხეც იყო, რომ პარალიზებული დავრჩებოდი. რაკი ესპანეთში მკურნალობა უფასო გახლდათ, აქ წამოვედი. მაშინ ვფიქრობდი, რომ მხოლოდ 3 თვით მოვდიოდი.

ყოველდღე მახსენდება, როგორ გამომაცალეს ხელიდან ჩემი ერთი წლისა და ხუთი თვის შვილი, მთელი ძალით რომ მიჭერდა თავის პაწაწინა ხელებს. მე ხელი ჩავჭიდე ჩემს უფროს შვილს და წამოვედი. მახსოვს დედაჩემისა და ჩემი შვილის ტირილის ხმა ერთმანეთში როგორ ირეოდა, მე კი უკან მიხედვის მეშინოდა, შემობრუნების ძალაც არ მქონდა. ჩემი ძმა, ჩემი სულის ნაწილი, არც კი დამემშვიდობა: წადი და უკან არ მოიხედოო... "დედა, არ იტირო!" - ასე მითხრა ჩემმა უფროსმა შვილმა, 4 წლის ლუკამ. მან ცრემლები მომწმინდა, მაკოცა და მხრებში გამართულმა გააგრძელა ჩემთან ერთად გზა, რომელიც სად მიგვიყვანდა, არ ვიცოდით. მას შემდეგ ბევრი ტკივილით, ცრემლითა და მონატრებით სავსე დღე გავიდა. შვილის პროტესტის გაძლება - რომ არ მოსწონდა უცხო ქვეყანა და სახლში დაბრუნება უნდოდა, არც ერთი დედისთვის მარტივი არ არის. მერე კი ლუკა ნამდვილი ვაჟკაცივით დამიდგა გვერდში და ხელს არ მიშვებდა, არ ნებდებოდა და დანებების უფლებას არც მე მაძლევდა.

ემიგრანტობა ჭაობს ჰგავს. რაც უფრო ცდილობ თავი დააღწიო მას, მით უფრო გითრევს. ამ ჭაობს ერთ წელიწადში ჩემი პატარა შვილიც შემოუერთდა. მასაც ემიგრანტი დაერქვა და ცხოვრების გზა ახლა უფრო მეტი პასუხისმგებლობით გავაგრძელეთ ჩვენ სამმა...

ყველაზე რთული ოჯახისგან შორს ყოფნაა, მით უმეტეს, საწყის ეტაპზე, როდესაც ფეხზე მყარად დგომას სწავლობ, ამ დროს უცხო მიწაზე ხარ, უცხო ადამიანების გარემოცვაში. რთულია იმ კულტურას და ზოგადად, გარემოს შეეწყო, რომელიც შენთვის სრულიად ახალია. ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და რთული გახლდათ აქაური რიტმისთვის ფეხის აწყობაც - ბევრი რამ მიუღებელი აღმოჩნდა ჩემთვის.

საბედნიეროდ, ესპანელები ძალიან თბილი ხალხია. თუ მიგიღეს, სრულიად უანგაროდ გამოგიწვდიან დახმარების ხელს. მათგან ბევრი სიკეთე მახსოვს, მაგრამ ისეთებიც იყვნენ, რომლებმაც გული მატკინეს. ემიგრაციაში განსაკუთრებით გჭირდება შენი თანამემამულის დახმარება. ამაში მართლაც ძალიან გამიმართლა, ქართველები ერთმანეთს მხარში უდგანან და ცდილობენ, გასაჭირში მყოფს დაეხმარონ.

პროფესია და ოჯახი

- ემიგრაციაში წამოსვლამდე ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაციაში "მულტიმედია" ვმუშაობდი, სადაც ნოდარ ტაბიძემ მიმიყვანა (მე მისი სტუდენტი ვიყავი) და ჰამლეტ გეგიას მიმაბარა. ჩემი გვარის გამო ნოდარ ტაბიძე განსაკუთრებულ ყურადღებას მაქცევდა. ყოველთვის მიმეორებდა: ისეთი გვარი გაქვს, 24 საათში 30 უნდა იმუშაო, რომ შენი თავი გამოძერწო. ვალდებული ხარ, იყო კარგი ჟურნალისტი და რაც მთავარია, კარგი ადამიანიო. არც ერთ შეცდომას არ მპატიობდა, ხშირად მესაუბრებოდა ჟურნალისტურ ეთიკაზე. ის არ ყოფილა ჩემთვის უბრალოდ ლექტორი...

ჩემი ჟურნალისტობა ოჯახისთვის მოულოდნელი იყო. დედის მოთხოვნით დავამთავრე სტომატოლოგიური, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე კი ჩუმად ჩავაბარე და ბავშვობის ოცნება ავიხდინე. დღემდე ჩემი საყვარელი საქმეა წერა. ვფიქრობ, ჩემგან არასოდეს გამოვიდოდა კარგი ექიმი. ამიტომაც არის, რომ მშობელი შვილის პროფესიის შერჩევაში არ უნდა ჩაერიოს. დღემდე ვიზრდები ჩემს პროფესიაში, ყველაზე დიდი მხარდამჭერი და გულშემატკივარი კი ამჟამად ჩემი მეუღლეა. ყოველთვის, როდესაც ვმუშაობ, სახლში სრული ჰარმონიაა. ცდილობს, კომფორტი შემიქმნას.

იმისთვის, რომ იყო ბედნიერი, მთავარია გვერდით გყავდეს ადამიანი, რომელსაც უყვარხარ და ყოველთვის მზად არის, დაგეხმაროს პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში. შეიძლება ითქვას, ჩემმა მეუღლემ ახალი სიცოცხლე მაჩუქა. ის სწორედ მაშინ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა.

ჩემი მესამე შვილის დაბადებამ კი ორივეს ცხოვრება სრულიად შეცვალა. გაბრიელი 3 თვის არის და ვერც კი წარმოგვიდგენია, მის გარეშე როგორ ვცხოვრობდით. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ექიმმა მითხრა, რომ ჩემს ადგილზე არ გარისკავდა. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლისთვის არც მითქვამს, რადგან მისი ოცნება იყო, ბავშვი გვყოლოდა და მე ეს შევძელი! ბევრი დაბრკოლება შეგვხვდა ორსულობის დროს, ბევრჯერ დადგა გაბრიელის დაბადება კითხვის ნიშნის ქვეშ, თუმცა არასდროს შემშინებია.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კარგი მეუღლეობა და დედობაა, შემდეგ - კარიერა. ვცდილობ, ეს სამივე ერთმანეთს შევუთავსო. ახლახან შემომთავაზეს მიგრაციის საკითხთა კომისიის წევრობა. მინდა, ემიგრანტებისთვის ბევრი კარგი საქმე გავაკეთო. უახლოეს მომავალში ვგეგმავ გამოვუშვა წიგნი, რომელიც წარმატებული ემიგრანტების ცხოვრებაზე იქნება. უზომოდ მახარებს ყველა ემიგრანტის წინსვლა და ვცდილობ, საქართველომდე ჩავიტანო ამბავი მათი წარმატების შესახებ.

განსაკუთრებით მტკივა უცხო მიწაზე დაბადებული ბავშვები. ვხედავ, როგორ ვკარგავთ ჩვენს ტრადიციებსა და კულტურას. ბევრ აქ დაბადებულ ბავშვს უჭირს ქართულად საუბარი. იმისთვის, რომ პატარებმა ისწავლონ მშობლიური ენა და ეზიარონ ქართულ კულტურას, ბევრს აკეთებს ბარსელონაში ქართულ ეკლესიასთან არსებული წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის სკოლა და არქიმანდრიტი ლუკა ფალავანდიშვილი. არ შეიძლება მის უდიდეს შრომასა და წვლილზე არ ისაუბრო. მისთვის ყველა ემიგრანტი ბავშვი განსაკუთრებულია, უდიდეს სიყვარულს დებს მათ აღზრდაში არაჩვეულებრივ პედაგოგებთან ერთად.

სამშობლო

- ხშირად ვხედავ სიზმარს, როგორ ვბრუნდები საქართველოში და ეს სიზმარი ყოველთვის ერთნაირია. ჩვენს ქვეყანაში ამოსული მზეც კი მენატრება, ჩვენი მზე ხომ სულ სხვანაირად ანათებს; ჩემს ენაზე "გამარჯობისა" და "დილა მშვიდობის" თქმა მენატრება; დედაჩემის სახლში გაღვიძება მენატრება და დედის კალთაზე დაძინება; განსაკუთრებით კი ჩემი ძმა მენატრება, რომელიც ხუთი წელია არ მინახავს. მასთან შეხვედრას ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე...

288791802-3310373949199610-127924060157789072-n-1656316152.jpg

ნურავის ჰგონია, აქ მყოფი დედები, დები, ბებოები ბედნიერად ცხოვრობენ. ეს ადამიანები თვიდან თვემდე ელოდებიან შრომის საფასურს, რომ ოჯახებში გაგზავნონ; ყველაფერს იკლებენ და იტანენ გაუსაძლის შრომას, დამცირებას, უძილობას და რაც ყველაზე მთავარია, ღირსეულად იტანენ მათთვის მინიჭებულ მოსამსახურის სტატუსს.

"იქ, სადაც მიდიხარ, რა დაგხვდება?!

- უცხო ქვეყანა დედინაცვალს ჰგავს, შენი გრძნობებით რომ თამაშობს და მწარე რეალობას გაპირისპირებს. ხან წამოგაყენებს და თავზე ხელს გადაგისვამს, შენ კი გულაჩუყებული შესცქერი თვალებში და ელოდები, გულში როდის ჩაგიკრავს. ამ ლოდინში დღეები დღეებს, წლები კი წლებს მისდევს. ის კი არა და არ ფიქრობს, გულში ჩაგიკრას, შვილად მაინც არ მიგიღებს.

რა მენატრება? - ჩემი ჭაღარა, ბრძოლისგან დაღლილი საქართველო მენატრება; მის მიწაზე გათენებული ყველა დღე მენატრება; ჩემი ქვეყნის სუნი მენატრება... ადამიანი მაშინ კვდება, თვითმფრინავის ტრაპზე რომ ადის იმ იმედით, მალე ამ ტრაპზე ისევ დავდგები, ახლა უკვე სამშობლოში დასაბრუნებლადო, მაგრამ ეს მალე, როგორც წესი, წლებად იქცევა. და ის კითხვა, რომელიც საქართველოდან წასვლისას გაწუხებდა, დაბრუნების დროსაც გაწუხებს: იქ, სადაც მიდიხარ, რა დაგხვდება?!

ნინო ჯავახიშვილი