“დიდი ადამიანივით გვითხრა: ჩემი ანგელოზები ხართო” - გზაპრესი

“დიდი ადამიანივით გვითხრა: ჩემი ანგელოზები ხართო”

ევროკავშირის კანდიდატის წევრობის მინიჭების, ახალი შეიარაღებისა და ე.წ. კოლექტიური დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის გამოხატული მტკიცე მხარდაჭერის, დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის მიწვევის ფონზე, ოკუპანტმა რუსეთმა საჰაერო შეტევა უფრო აქტიური გახადა. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, მაშინ, როდესაც რუსეთის ძალისხმევა თითქმის სრულად ქვეყნის აღმოსავლეთზე იყო გადატანილი, დაიბომბა კიევი, ლვოვი, ცენტრალური უკრაინის ქალაქი კრემენჩუკი, სადაც რუსეთის საჰაერო ძალების რაკეტა მოხვდა სავაჭრო ცენტრს, რასაც პირველადი მონაცემებით, 18 ადამიანი ემსხვერპლა და 40-ზე მეტი დაიჭრა.

უმძიმესი სანახავი იყო 27 ივნისს, შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეოჩანაწერი, სადაც ცეცხლის ალში გახვეული სავაჭრო ცენტრი იყო ასახული. ადგილზე რამდენიმე ათეული მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, სავაჭრო ცენტრი რუსეთის არმიისთვის არანაირ სტრატეგიულ ღირებულებას არ წარმოადგენდა, თუმცა, დიდი შვიდეულის სამიტის წინ, რუსეთი ცდილობს, ქვეყნის მოხალისეობის დემორალიზება მოახდინოს და “ხელისუფლებას თავისი ძალა კიდევ უფრო მძიმედ დაანახვოს...”

ოთხ თვეზე მეტია უკრაინა აგრესორ რუსეთის მასშტაბურ შეტევებს უდიდესი შრომისა და ადამიანური დანაკარგის ფასად იგერიებს. რუსეთის “ძლევამოსილი არმია” უკვე სისტემატურად ბომბავს სამოქალაქო თუ სამხედრო ობიექტებს, უკრაინის დიდ ქალაქებში მუდმივად იწვის საცხოვრებელი კორპუსები, ეკლესიები, კერძო სახლები, სავაჭრო ცენტრები, სკოლები, საბავშვო ბაღები... უკრაინელი მეხანძრე მაშველები 24-საათიან რეჟიმში, საკუთარი სიცოცხლის რიკის ფასად ცდილობენ, ცეცხლმოდებული შენობებიდან უდანაშაულო ადამიანები გამოიყვანონ...

“გზასთან” საუბარში უკრაინელი მეხანძრე იგორ რომანოვი ამბობს, რომ მეხანძრე-მაშველობა მშვიდობიან პერიოდშიც ძალიან სარისკო პროფესიაა, მაგრამ ახლა, როდესაც ქვეყანაში უსაფრთხო ადგილი არ არსებობს, ამ პროფესიის ადამიანების სამუშაო კიდევ უფრო სახიფათო გახდა. ის გასულ თვეებში გავლილ და მის თავს გადახდენილ მძიმე შემთხვევებსა და ეპიზოდებზე გვიყვება.

- 10 წელზე მეტია მეხანძრედ ვმუშაობ. ეს ჩვენი ოჯახის პროფესიაა. მამაჩემი საბჭოთა კავშირის ჯარში მსახურებისას მეხანძრე იყო. ქართველი მეგობრები ჰყავდა, რომლებთანაც ურთიერთობა ჯარის შემდეგაც გააგრძელა. საქართველოში ხშირად ჩადიოდნენ. ზღვის სეზონზე დასვენებას ერთად გეგმავდნენ და აფხაზეთში მიდიოდნენ. მათი ერთ-ერთი მეგობარი იქაურ გოგონაზე დაქორწინდა. ასე რომ, ქართველი რძალი გვყავს. მამაჩემი რამდენიმე წლის წინ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა და ჩვენ მისი ქართველი მეგობრის ოჯახთან ურთიერთობა არ გაგვიწყვეტია...

ჩემი ძმები მეხანძრეები არიან. დედაც სახანძრო სამსახურში მუშაობდა. ასე რომ, პროფესიის არჩევაზე არც მიფიქრია... ამას წინათ ჩემი ძმა დაზიანდა. საბედნიეროდ, მსუბუქად, თუმცა სამსახურში ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა... ჩემ გარშემო, მეგობრები და ახლობლები სულ ამბობდნენ, თქვენი პროფესია ბეწვის ხიდზე სიარულია, შეეშვით ამ საქმეს, სხვა რამეს მოჰკიდეთ ხელი, საოჯახო ბიზნესი წამოიწყეთ და რამე უსაფრთხო საქმეზე იფიქრეთო. ცეცხლის პირისპირ მუშაობა უამრავ რამეს გასწავლის, გაათმაგებული სიფრთხილით ეკიდები ყველაფერს; იცი, რომ ყველგან შესვლა არ შეიძლება, მაგრამ მეხანძრე შედის იქ, საიდანაც შეშინებული ადამიანები გამორბიან, ეს ერთგვარი ადრენალინია. ამ დროს ამაზე არ ფიქრობ, მთავარია, იქ არ დარჩეს ადამიანი, ვისაც შენი დახმარება სჭირდება და გელოდება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჭერი ჩამოიქცეს ან იატაკი ჩაინგრეს...

თუ აქამდე გარეთ, ქუჩაში გამოვაღწევდით, ვიცოდით, რომ საფრთხე უკვე აღარ გვემურებოდა, ახლა კი, ომის დროს, ყველგან საშიშია. უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი. ყველა შენობა კიდევ უფრო ძვირფასია, თუნდაც იმიტომ, რომ ბომბსაფრებისთვის გამოვიყენოთ. საომარი მოქმედებების ფონზე, საშინელ რეალობაში გვიწევს მუშაობა, ადამიანების გადარჩენა სარაკეტო დაბომბვის პარალელურ რეჟიმში, როდესაც დროის უმცირეს მონაკვეთში, მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენის გარდა, ყველაფერი მეორეხარისხოვანია...

- ალბათ ისეთი შემთხვევებიც არის, როდესაც ვერ გამოგყავთ ადამიანი.

- კონსტრუქციას გააჩნია. ხანდახან ცოცხალი ვერ გამოგვყავს, მაგრამ ცხედრების გამოსატანად მუშაობას ვაგრძელებთ... გააჩნია, საჰაერო იერიშის დროს სად, რომელ კონკრეტულ ადგილას იყვნენ შენობაში მყოფი ადამიანები... მათი გამოყვანის კვალდაკვალ არ წყდება სროლები. დაბომბვის შემდეგ, ოკუპანტები თავშესაფრისკენ გაქცეულ ადამიანებს ცეცხლს უხსნიან. ცვლის რეჟიმით უკვე აღარ ვმუშაობთ. ახლა მთელი ქვეყანა სამხედრო, საომარ რეჟიმზეა გადასული. თუ ადრე ჩემს ცვლაში ვმუშაობდი და გამოძახებისას გავდიოდი ხანძრის ჩასაქრობად, ახლა დღე და ღამე ხანძრის ჩაქრობას ვცდილობთ, უმეტესად, სამოქალაქო ობიექტებზე... ფაქტობრივად, სახანძრო მანქანაში ვცხოვრობთ და გვძინავს. რამდენიმე წუთით ვახერხებთ თვალის მოხუჭვას, ძალები რომ აღვიდგინოთ. მშვიდობიანი მოსახლეობაც გვეხმარება. ამ ომში გავერთიანდით და გავწვრთენით. მათ სიმამაცესა და გმირობაზე ამბები ნამდვილად არ არის გადაჭარბებული. ჩამოქცეულ შენობებთან დგანან და გვეუბნებიან, - აგვიხსენით, როგორ დაგეხმაროთ, რა გავაკეთოთ და ისე მოვიქცევითო. შედარებით უსაფრთხო ადგილებში თავად ეზიდებიან შენობის ნანგრევებს, ადამიანები რომ გამოიყვანონ. ზოგიერთ კორპუსში გარშემო წყლით სავსე ბიდონები აქვთ შემოლაგებული, რომ საჭიროების დროს რაღაც კონკრეტული ადგილები მაინც ჩააქრონ. ვისწავლეთ ომის კვალდაკვალ ცხოვრება და ბრძოლა გადარჩენისთვის. საფრთხეში იგდებენ თავს, მაგრამ საკუთარი თავი ვის ახსოვს, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადაარჩინონ... გამოძახებიდან რამდენიმე წუთში ადგილზე ვართ, მაგრამ ამასობაში ადგილობრივები მუშაობენ, მთელი ძალისხმევით.

როდესაც ომი ახალი დაწყებული იყო, განგაშის სიგნალზე, ყინვასა და თოვლში, შემორჩენილ ერთადერთ თბილ ქურთუკსაც ასველებდნენ და იმით ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას, დამწვარი ადამიანების გამოყვანას. არადა, იცოდნენ, რომ მათი უმეტესობა სახლში ვერც დაბრუნდებოდა, ყველაფერი დაკარგული ჰქონდა, მაგრამ ამაზე არ ფიქრობდნენ. ალბათ ამან გადაგვარჩინა, თანადგომამ და თავგანწირვამ ძალა მოგვცა, გამძვინვარებულ ურჩხულს არ შევუშინდით.

ცეცხლმოკიდებული შენობის გარშემო შეკრებილ ადამიანებს სულ ვეუბნებით, - შიგნით ნუ შედიხართ, შეიძლება, უეცრად რომელიმე კედელი ჩამოინგრეს, ჩაგიყოლოთ და ვერ გამოხვიდეთ-მეთქი. საცოდავი სახით მპასუხობენ, - იქ ჩემი ოჯახის წევრია ან კარის მეზობელია, ან ახლობელს ვეძებ, ან ძაღლს, ან კატას ვერ ვპოულობო... ბავშვებს გაიყვანენ თუ არა, უკან ბრუნდებიან, ქალებიც კაცებივით მამაცურად იბრძვიან და მუშაობენ შეძლებისდაგვარად.

საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, მუშაობა ბევრად მარტივია, თუ შენობიდან ადამიანები გამოყვანილია, მაგრამ ომი ხომ არც ერთ საერთაშორისო კანონს არ აღიარებს. აქ უბრალო ადამიანები, დიდი და პატარა საკუთარი ძალით ებრძვის სარაკეტო იერიშების შედეგად გაჩენილ ხანძარს; ეძებენ ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს, ცოცხლებს ან დაღუპულებს...

როდესაც საარტილერიო დარტყმაა, საცხოვრებელ კორპუსებში ხანძარი შედარებით დაბალ სართულზე ჩნდება და ხალხის გამოყვანაც შედარებით იოლია. თუმცა, სარაკეტო დარტყმებისას, უმეტესად მაღალი სართულები იბომბება. ასეთ დროს, ფაქტობრივად ცეცხლის ჩაქრობის პარალელურად, შენობას მაღალი კიბე უნდა მივადგათ ხალხის გამოსაყვანად. უმწეო მოხუცები და ბავშვები ხელით, უსაფრთხოდ გამოგვყავს, მაგრამ ზოგჯერ ამის გაკეთება ოკუპანტების ღია ცეცხლის პირისპირ გვიწევს. აი, ეს არის ნამდვილი ჯოჯოხეთი! დაბომბვისგან ისტერიკაში ჩავარდნილ, შიშისგან გალურჯებულ ბავშვებს ვერ ვამშვიდებთ, რომ კიბემდე მივიყვანოთ ან ვკითხოთ, შიგნით დარჩა თუ არა ვინმე და ამასობაში დრო იკარგება... უამრავმა ბავშვმა ნახა დაღუპული მშობელი, შოკისგან ვერც ტიროდნენ.

ukraina-akh1-1656919332.jpg

მახსოვს 8 წლის გოგონა, რომელიც დაბომბილი კორპუსიდან გამოვიყვანეთ. კიბის ქვეშ იყო შეყუჟული და ტელეფონის ფარანი შემოგვანათა. კიდევ კარგი, ტელეფონის ელემენტი არ დაუჯდა, შუქით მივაგენით... ორსაათნახევრიანი წვალების შემდეგ გამოვიყვანეთ, დიდი ადამიანივით გვითხრა: ჩემი ანგელოზები ხართო. ტანზე თბილი შარფი ჰქონდა შემოხვეული. აღმოჩნდა, რომ დედამისმა დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე კვირის შემდეგ, მე და ჩემი მეგობრები მასთან მივედით, ბავშვის ამბავი გვაინტერესებდა. ამ ქალს ფეხი დაკარგული ჰქონდა, მაგრამ ამაზე სულ არ დარდობდა, მთავარია, გადავრჩი და შვილიც ცოცხალი მყავსო.

ამ ადამიანებს ერთდროულად აქვთ სარაკეტო დარტყმისგან მიღებული სხეულის დაზიანებები და შიშის, დაბომბვისგან გაჩენილი ხანძრის შოკი, იმავდროულად ახლობლების პოვნას ცდილობენ... ამიტომ, ასეთ დროს, ყველაზე ძნელი შენობიდან მათი გამოყვანაა. ამდენი დრო არ გვაქვს. ადამიანები ემოციებს ვერ იკავებენ და იმპულსურად, ცეცხლმოკიდებულ შენობებში ბრუნდებიან. არადა, დიდი რისკია, კედელი ან ფასადი წყლის ძლიერი ჭავლის შედეგად ჩამოიქცეს და სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევებიც ყოფილა.

მქონდა შემთხვევა, როცა შენობიდან ყველა გამოვიყვანეთ და შედარებით თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა მოგვეცა, საქმე თითქმის ბოლომდე მივიყვანეთ, ხანძარი ლოკალიზებული იყო, ადამიანები გამოყვანილი, სასწრაფო დახმარებისა და მოხალისეების მანქანებს დაშვებულები საავადმყოფოებში უნდა გადაგეყვანათ, ჩვენც ვეხმარებოდით, ამ დროს კი რუსმა ოკუპანტებმა ხელახლა დაიწყეს ქაოსური სარაკეტო იერიში... პარალელურ ქუჩაზე მდებარე შენობას ზემძლავრი ჭურვი მოხვდა, ფასადის ნანგრევები და კედლის ცეცლხმოკიდებული ფრაგმენტები საევაკუაციოდ ავტობუსში ჩამსხდარ ადამიანებს დაეცა, ზოგი ადგილზე გარდაიცვალა... ასეთ დროს სწრაფი გადაადგილება უჭირთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებსაც. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ტყვიების წვიმასა და არტილერიის ძლიერი დაბომბვის ქვეშ, ჩამქრალი შუქებით გვივლია ერთი ხანძრიდან მეორემდე...

ბოლო დღეებში გამძვინვარებული რუსეთის სამიზნე მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო კორპუსები, სკოლები, ბაღები, საავადმყოფოები, თეატრები, ადმინისტრაციული შენობებია. იციან, რომ იქ მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებს თავს, ძირითადად, ქალები და ბავშვები, მაგრამ არავის ზოგავენ. ვიცი, რაც გააკეთეს საქართველოში 2008 წელს და უფრო ადრეც, 90-იანებში. 2014 წელს ჩვენც შემოგვიტიეს, სისხლი ღვარეს სირიასა და სხვა ქვეყნებშიც, უკვე ბევრი ცოდვა დაუგროვდათ, ამიტომ რუსეთის დამარცხება გარდაუვალია.

ლალი პაპასკირი