“ოცნების” ხელისუფლება ევროპელი პოლიტიკოსების ნდობას არ იმსახურებს” - გზაპრესი

“ოცნების” ხელისუფლება ევროპელი პოლიტიკოსების ნდობას არ იმსახურებს”

ევროპის კავშირის საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი მხოლოდ ევროპული პერსპექტივის სტატუსი ერგო. ამასთან, ევროსაბჭომ ხაზი გაუსვა ბრიუსელის მზადყოფნას, კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მიანიჭოს, როგორც კი თბილისი დასახულ პრიორიტეტებსა და რეფორმებს განახორციელებს.

რატომ ვიქეცით ევროკავშირის სამეზობლო ტრიოს ლიდერი ქვეყნიდან აუტსაიდერად? - ამ თემაზე “საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” (GშAჩ) ექსპერტ ვანო მაჭავარიანს ვესაუბრეთ.

- მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ტრიო ერთიან პაკეტში მოიაზრებოდა და სურვილი ჰქონდა, ევროკავშირის წევრი გამხდარიყო (პირველი ნაბიჯი კანდიდატის სტატუსის მიღებაა), უკრაინასა და მოლდოვას მისცეს კანდიდატის სტატუსი პირობებით, საქართველოს - პირობები პერსპექტივით: თუ პირობებს შეასრულებს, შემდგომში საბჭო ჩვენთვის სტატუსის მინიჭებას განიხილავსო.

ამ ერთი წლის განმავლობაში მოლაპარაკებისას ევროპულმა საბჭომ, შემავალი ქვეყნების ხელმძღვანელებმა, ევროკომისიამ, ევროპარლამენტმა ჩათვალეს, რომ უკრაინასა და მოლდოვაში არიან ევროპული მთავრობები, ხოლო საქართველოს მთავრობამ ვერ ან არ დაარწმუნა ევროკომისია იმაში, რომ რაიმე ფორმით მაინც აპირებდა პირობების შესრულებას; აქ საუბარია ევროკომისიის და არა “ქართული ოცნების” პირობებზე. საქართველოსთან ეს პირობითობა შემოვიდა “ოცნების” ხელისუფლების მოქმედებიდან და არა ე.წ. გეოპოლიტიკური მოსაზრებიდან, და არა იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინა და მოლდოვა ომში არიან, საქართველო კი - არა. ამ არასწორ ინფორმაციას საზოგადოებას იმიტომ აწვდიან, რომ გადაფარონ 12 პუნქტში ჩაწერილი ის პირობები, რომლებიც შარლ მიშელის ცნობილ დოკუმენტში ხუთ პუნქტად იყო ასახული (ახლები დაემატა). ამაზე “ქართულმა ოცნებამ” ორი წლის წინ უარი თქვა და გაანულა. შესაბამისად, ევროკომისიასთან ასეთი კომუნიკაცია ჰქონდა, რომ საჭირო არ იყო, საქართველოსთვის მსგავსი პირობები წაეყენებინათ, რადგან, მათი მტკიცებით, ეს ყველაფერი შეასრულეს. ევროკომისიამ, ევროპარლამენტმა საპირისპიროდ ჩათვალეს და ეს პირობები მოლაპარაკების ფორმატში წინა პირობად დააბრუნეს იმისთვის, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზა ამის შემდეგ გაიხსნას.

- “ქართულმა ოცნებამ” დღეს რატომ არ (ან ვერ) დაარწმუნა ევროპული მხარე კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაში?

- მარტივად რომ ვთქვათ, დღევანდელი ხელისუფლება ევროპელი პოლიტიკოსების (ევროპის კომისიის) ნდობას არ იმსახურებს, რადგან უბრალოდ გაანულეს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივა; უნიკალური შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ საქართველო რიგში პირველი ყოფილიყო და არა - ბოლო. თუ უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერი ღარიბაშვილი გაიძახის, რომ სტატუსის მინიჭება ომმა განაპირობა (მოლდოვაზე ასევე ამბობს, რომ სტატუსი ომთან სიახლოვემ განაპირობა), საქართველოსთვის შარლ მიშელის დოკუმენტის სწორად იმპლემენტაცია, ევროკომისიასთან, ევროკავშირის საბჭოსთან (თავმჯდომარესთან) კოორდინაცია და პოლიტიკური პარტნიორობის გაგრძელება წინა პირობა იქნებოდა იმისა, რომ უპირობოდ, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა ვყოფილიყავით. ვიწრო შიდაპოლიტიკურ თემებს გადააყოლეს ეს საკითხი; ოპოზიციასთან კინკლაობას გადააყოლეს, მუდმივად ცხრაწლიან რეჟიმთან ბრძოლას - წინ ვერაფრით გაიხედეს.

შეცდომის აღიარებაც არ ყოფილა, რომ შარლ მიშელის 19 აპრილის ხელშეკრულება იქნებოდა საქართველოსთვის ხიდი, რათა რიგში პირველი ყოფილიყო. ამ ფონზე, პრემიერი პარლამენტში ხმაურიანად ამბობდა, რომ საქართველომ ყველა პირობა შეასრულა. მაგრამ ევროკომისიამ ასე არ ჩათვალა, კითხვებზე მიღებული პასუხები არადამაკმაყოფილებლად ცნო. ამ ხელისუფლების სანდოობა, რომ ხელშეკრულების პირობებს შეასრულებდა, ჩანს, ასევე ძალიან დაბალ დონეზეა.

- ამ ყველაფერთან ერთად, ხელისუფლების მხრიდან საგარეო ორიენტირების ცვლილებებსაც ხომ არ ხედავთ?

- გეოპოლიტიკური ალტერნატივა უბრალოდ არ გვაქვს, გარდა ევროპული, ევროატლანტიკური სივრცისა და მეორე მხრივ, რუსეთისა, რომელიც ე.წ. სამ პლუს სამს გთავაზობს, სადაც საქართველო შავი ზღვის აღმოსავლეთევროპული ქვეყნის სტატუსის ნაცვლად, მხოლოდ სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკაში რჩება; ალტერნატივა რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი და საუკეთესო შემთხვევაში, თურქეთია. რასაკვირველია, ეს ყველაფერი ისტორიულ ეტაპზე არჩევანია. ქვეყანამ თუ ევროპული პერსპექტივის ალტერნატივა დაკარგა, მხოლოდ ამ ვიწრო გეოგრაფიული პერსპექტივის ამარა ვრჩებით. სწორედ ამიტომ ევროკავშირმა საქართველოს მოსახლეობის (ზოგადად, პოლიტიკური პროცესიდან გამომდინარე) ე.წ. ევროპული პერსპექტივა დაუტოვა, მაგრამ მოუწოდა, რომ მის გასამყარებლად ქვეყნის პოლიტიკა უფრო ევროპული უნდა იყოს. ეს მოწოდება, როგორც მმართველ პარტიას, ასევე ოპოზიციას შეეხება. ერთ-ერთი მოთხოვნა რადიკალიზაციის შემცირება და მისი ნულამდე დაყვანაა. დანარჩენი თერთმეტი პუნქტია, სადაც ასევე უმნიშვნელოვანესია, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი. რუსული ტიპის ოლიგარქიული მმართველობის რაიმე ნიშანი და ევროპული დემოკრატია შეუსაბამობაშია და ევროპული პერსპექტივისთვის მიუღებელია. ეს ყველაფერი პრაქტიკამ აჩვენა. ამიტომ მთავრობამ იცის, რა უნდა გააკეთოს, რომ ეს ევროპული ალტერნატივა არ დაკარგოს. იმისგან განსხვავებით, რასაც რუსეთი სთავაზობს - სამს პლუს სამი, ვიწრო სამხრეთკავკასიურ პოლიტიკაში ჩაკეტვა; იმ რკინის ფარდის უკან ჩაკეტოს, რომელიც რუსეთს სურს და ჩვენი ქვეყანა თავისი პრივილეგირებული ვიწრო გავლენის სფეროში მოიქციოს.

- მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში რამდენად მოსალოდნელია მთავრობის მხრიდან აღნიშნული პუნქტების შესრულება?

- ჯერჯერობით ამის ნიშანწყალი არ ჩანს. ერთადერთი პრემიერის განცხადება იყო იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც ხელისუფლებამ 20 ივნისის აქციაზე იხილა. ამან მათ მოლოდინს გადააჭარბა: კარგად ხვდებიან, რომ შემდეგი აქციებიც არანაკლებ მრავალრიცხოვანი და მნიშვნელოვანი იქნება. ასევე, კარგი სიგნალები მიიღეს ევროპიდან. ბევრი ხელშეწყობა ჰქონდა ხელისუფლებას ევროპული გზის მიმართულებით. შესაბამისად, ამ პირობების შესრულების გზას თუ არ აირჩევს, საქართველო უკვე სხვა ტიპის, ნაკლებად დემოკრატიული რეჟიმების ჯგუფში გადაინაცვლებს, ევროპული პერსპექტივის ძალიან შორეული შესაძლებლობით; სადაც, რა თქმა უნდა, ყველა ის ფინანსური, ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა მხარდაჭერა შემცირდება. ხელისუფლებას პრობლემები შეექმნება, როგორც მაკრო, ისე მიკროეკონომიკური თვალსაზრისით - უსაფრთხოების და საერთაშორისო არენაზე ეფექტიანი პოლიტიკის წარმოებისთვის. ამიტომ პრემიერმა განცხადება გააკეთა, რომ ხელისუფლება ამ პირობების შესრულებას აპირებს.

ვფიქრობ, ძალიან ვიწრო ვადები უნდა იყოს დაწესებული. 6 თვე არ ნიშნავს, რომ ზუსტად ამ ვადაში უნდა გაკეთდეს, - შეუძლიათ, ეს ყველაფერი რამდენიმე თვეში განახორციელონ. ერთ-ერთ პირველ ნაბიჯად (მით უმეტეს, პირველი პუნქტის გადასალახად) მიმაჩნია, რომ შესაძლებელია ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი დაინიშნოს საპარლამენტო ინტერჯგუფის ხელმძღვანელად, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს იმას, თუ რა იგულისხმება ამ 12 პუნქტში. ყველა პუნქტთან დაკავშირებით შეთანხმება უნდა მოხდეს მთავრობასა და ოპოზიციას შორის - სამართლებრივ, საკანონმდებლო და პოლიტიკურ დონეზე გადაწყვეტილებებში შეთანხმება. უკვე წლის ბოლოს ბრიუსელთან ერთობლივად წარდგეს პოლიტიკური ელიტა, სამოქალაქო საზოგადოება ვალდებულებების შესრულების ნუსხითა და მექანიზმებით, რომლებიც ევროკომისიასა და ევროპის საბჭოს დაარწმუნებს, რომ არა მარტო ერთი პოლიტიკური ძალა, არამედ მთლიანად პოლიტიკური კლასი, სამოქალაქო საზოგადოება, მოქალაქეები ამ ვალდებულებების შესრულებისთვის მზად არიან.

aqcia-20-ivnisiaaaaaa-1656919502.jpg

- დღევანდელ რეალობაში დეოლიგარქიზაციის პროცესი კონკრეტულად როგორ წარმოგიდგენიათ?

- ძნელი წარმოსადგენია, რადგან ყველას ესმის - საუბარი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის მეთოდებზეა, რომლითაც “ოცნება” ამაყობს, როცა ეს სჭირდება და მალავს, როცა გარე სამყარო, ჩვენი პარტნიორები ამის არადემოკრატიულობაზე მიუთითებენ. ისრების სხვაგან გადატანის ნებისმიერი მცდელობა, საერთო ჯამში, ევროკავშირთან შედეგის მომცემი არ იქნება. თავისთავად, ბიძინა ივანიშვილმაც უნდა გადაწყვიტოს - ამ ისტორიულ მომენტში მას სურს ისტორიაში შევიდეს როგორც ადამიანი, ვინც საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შეაყოვნა ან პერსპექტივა საერთოდ მოუკლა?..

- რა სტატუსი რჩება საზოგადოებას, ოპოზიციას, ხელისუფლება აიძულოს იმ აუცილებელი ნაბიჯების გადასადგმელად, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ?

- ვფიქრობ, 20-მა ივნისმა დაგვანახვა, რომ არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არანაირი რესურსი არ დარჩა და ორივე პრობლემაა, რაც ევროკავშირის უარშია ასახული. ამიტომ 20-24 ივნისის აქციებმა ყვითელი თუ წითელი ბარათი მთელ პოლიტიკურ სპექტრს უჩვენა. საქართველოს ჯერ კიდევ ძალიან აქტიური და ეფექტური სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს - აქტიური, მოვლენებში ჩახედული მოქალაქეები. ოპოზიციამაც და მმართველმა წრეებმაც კარგად იციან, რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ საერთოდ არ დაკარგონ მოქალაქეების მხარდაჭერა.

12 პუნქტი გასაგებადაა ჩამოყალიბებული ევროკავშირის მიერ. 20 ივნისს საზოგადოებამ მოითხოვა, რომ გაიწეროს სტანდარტები და განმარტებები, თუ რას ნიშნავს ამ პუნქტების შესრულება. შეთანხმდნენ აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით და წლის ბოლომდე წარდგნენ ევროკავშირის წინაშე იმისთვის, რომ ძალიან მოკლე პერიოდში მიღებულ იქნას გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ეს ძალიან მარტივი ფორმულაა. მთავარია პოლიტიკური ნება და სტრატეგიული ხედვა; რადგან ეს საქართველოს სახელმწიფოს მისიაა, რომ დაუბრუნდეს ევროპულ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ სივრცეს. დღევანდელმა პოლიტიკურმა წრეებმა ყველაფერი უნდა გადადონ და ამაზე იმუშაონ.

გელა მამულაშვილი