“ვფიქრობ, ჩემს ქვეყანაში უფრო მეტსაც მივაღწევდი” - გზაპრესი

“ვფიქრობ, ჩემს ქვეყანაში უფრო მეტსაც მივაღწევდი”

რა უნდა იყოს იმაზე მნიშვნელოვანი და საამაყო, როდესაც შენი თანამოქალაქის სახელი უცხო ქვეყანაში გესმის, როგორც წარმატებული ადამიანის. კონდიტერ-დიზაინერი თინა ზივზივაძე ემიგრაციაში 18 წლის წინ წავიდა. პატარა ასაკში დაოჯახდა და ორივემ ერთად ესპანეთში წამოსვლა გადაწყვიტა. მათი მშობლებიც ემიგრანტები ყოფილან... თავიდან გაუჭირდათ უცხო მიწაზე ფეხის მყარად მოკიდება, თუმცა უკან დაბრუნებაზე არასოდეს უფიქრიათ. თინამ თავისი ჰობი პროფესიად აქცია და ბევრ ესპანელს გააცნო ჩვენი კულტურა, სამზარეულო. ქადებითა და ფახლავით დაწყებული ბიზნესი მისთვის საინტერესო და მომგებიანი აღმოჩნდა. “მიხაროდა, როდესაც ვხედავდი, როგორ მოსწონდათ ესპანელებს ჩემი ფახლავა, ქადები და კიდევ უფრო დიდი სიხარულით, სიყვარულით ვამზადებდიო”, - გვითხრა.

- მე და ჩემმა მეუღლემ სამედიცინო ფაკულტეტი დავამთავრეთ, თუმცა საქართველოში ჩვენი პროფესიით მუშაობა ვერ შევძელით. ბევრი რამ ვცადეთ, არაფერი გამოგვივიდა, არადა, გვინდოდა ფინანსურად დამოუკიდებლები ვყოფილიყავით. ამიტომ გადავწყვიტეთ ესპანეთში წამოსვლა, აქ ჩვენი მშობლები ცხოვრობდნენ და ვიფიქრეთ, აქ ყოფნა გაგვიადვილდებოდა.

- პირველი ნაბიჯების გადადგმისას რა იყო ყველაზე რთული, როცა ახალ ცხოვრებას იწყებდით?

- ჩვენთვის ყველაზე რთული მუშაობის დაწყება აღმოჩნდა, გამიჭირდა ისეთი სამსახურის შოვნა, რომ პატარისთვისაც მიმეხედა. საქართველოდან უფროს შვილთან, გიგისთან ერთად ჩამოვედით. 5 წელი დამჭირდა მე და თითქმის 8 წელი ჩემს მეუღლეს, რომ რეზიდენტები გავმხდარიყავით. ბევრი ტყუილი, გულისტკენა და იმედგაცრუება გამოვიარე. მართალია, აქ ცხოვრობდნენ ჩვენი ოჯახის წევრები და სახლი, საჭმელი გვქონდა, მაგრამ ყველაფერი ეს ხომ არ არის? ვცდილობდით, ფინანსურად დამოუკიდებლები გავმხდარიყავით. მახსოვს, სამსახური ვიყიდე ქართველი ქალისგან, რომელმაც მომატყუა და სამ თვეში სამსახურიდან გამომიშვეს. ყველაზე მწარედ ეს ამბავი მახსოვს, მოვდიოდი და ხმამაღლა ვტიროდი. ვფიქრობდი, დაწყევლილი ვიყავი, არაფერი გამომდიოდა, რადგან ბევრჯერ უკვე სამსახურისკენ მიმავალს გზაში მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, რომ სხვა აიყვანეს. ახალი ცხოვრების დაწყება მართლაც ძალიან რთული აღმოჩნდა.

- ვინ გედგათ იმ დროს მხარში და რამდენად მნიშვნელოვანია ახალი ჩამოსულისთვის თანადგომა?

- ჩემი მეუღლე ყოველთვის მეხმარებოდა და ჩემი დიდი გულშემატკივარი იყო, დღემდე ასეა. ასევე, დედამთილ-მამამთილი და ჩემი მშობლებიც. ჩვენ დღემდე ერთ სახლში ვცხოვრობთ. ყველა ადამიანისთვის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია და მით უფრო ემიგრანტისთვის, რომელმაც ენა არ იცის, საბუთი არ აქვს და არც ის, სად ეძებოს სამსახური.

- ორი შვილი გყავთ, პატარა ესპანეთში დაიბადა, გვიამბეთ მათზე...

- დიახ, ორი შვილი მყავს, გიგი და ნია ტყავაძეები. გიგი პატარა ჩამოვიყვანეთ, 6 წლის, ნია აქ დაიბადა. ორივე საუბრობს ქართულად. რა თქმა უნდა, ცოტა უჭირთ, მაგრამ ვფიქრობ, ეს ნორმალურია. გიგი ბარსელონის წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქართულ საკვირაო სკოლაში დადიოდა 15 წლამდე. ნიაც მასთან ერთად დამყავდა ქართულ ცეკვაზე, მაშინ სკოლაში ჯერ არ დადიოდა, შემდეგ კი დროის უქონლობის გამო ვეღარ ვატარე. ნიას მსახიობობა უნდა, არაერთ კასტინგში მიიღო მონაწილეობა წარმატებით, ასევე ჰქონდა სპექტაკლი ლიცეუს თეატრში. ყველანაირად ვცდილობთ, ქართული არ დაივიწყონ, სახლში ყოველთვის მშობლიურ ენაზე ვლაპარაკობთ და ტელეფონზე ტექსტურ შეტყობინებებსაც ქართული შრიფტით ვუგზავნით.

- თუ იყვნენ ბავშვები საქართველოში და როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ?

- ნია რამდენჯერმე იყო. თავიდან ძალიან მოსწონდა, მაგრამ ბოლოს გვითხრა, რომ აღარ წავა ჩვენ გარეშე, რადგან საუბრის დროს თანატოლები ხშირად დასცინოდნენ. ვერ შეძლო მათთან საერთო ენის გამოძებნა. როგორც ამბობს, იქ მისი ასაკის გოგონები ძალიან იპრანჭებიან და ისეთ რაღაცებზე ფიქრობენ, რაც მათი ასაკისთვის ნაადრევია.

- თქვენ თუ იყავით საქართველოში და წლების შემდეგ დაბრუნებულს, როგორი ემოცია გქონდათ?

- 14 წლის შემდეგ შევძელი ორი კვირით დაბრუნება. თვითმფრინავიდან რომ ჩამოვედი და ჩვენს მიწაზე ფეხი დავდგი, სუნთქვა შემეკრა, გული სხვანაირად ამიძგერდა, მიჭირს იმ ემოციის სიტყვებით გადმოცემა. სამწუხაროდ, ის ორი კვირა სწრაფად გავიდა და მას შემდეგ ვეღარ შევძელი საქართველოში ჩავსულიყავი.

- თქვენი ჰობის შესახებაც მოგვიყევით. ბევრ ესპანელს გააცანით და შეაყვარეთ ქართული კულტურა და სამზარეულო.

- საქართველოშიც ვაცხობდი ტორტებსა და ნამცხვრებს, ყველას ძალიან მოსწონდა, მაგრამ იქ არასდროს მიფიქრია მათ გაყიდვაზე. ბევრი მცდელობის შემდეგ, ესპანეთში სამსახური რომ ვერ ვიშოვე, დავიწყე ქადებისა და ფახლავას ცხობა-ჩაბარება. ძალიან მოსწონდათ, მერე სხვა ნამცხვრების გამოცხობა ვცადე, შემდეგ ტორტებისაც, ბოლოს სხვადასხვა დიზაინის გაკეთება დავიწყე. გავიარე ონლაინკურსები, სამუშაო ლიცენზია რომ ამეღო (ტორტების ცხობის უფლება) და გავხსენით საკონდიტრო, სადაც მთელი ოჯახი დავსაქმდით. მანქანების, ვერტმფრენებისა და მსგავსი ტორტების მომზადებაში მეუღლე მეხმარებოდა. რაკი ხატვა ორივეს კარგად გამოგვდის, ეს არ გაგვჭირვებია.

- რამდენად საპასუხისმგებლოა თქვენი საქმე?

- დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები საქმეს, რადგან ეს ადამიანის ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული, ყოველთვის ჯანსაღ პროდუქტს ვიყენებ. ესპანელებისთვის ვმუშაობ და ეს ორმაგი პასუხისმგებლობაა, რადგან მათ ჩემი ქვეყნის სამზარეულოსაც ვაცნობ. მინდა ამით წარმოდგენა შეექმნათ ჩვენს ქვეყანაზე, კულტურაზე. ჩემთან მოსული ესპანელი, მას შემდეგ, რაც ჩვენს ტორტებს და სამზარეულოს აგემოვნებს, აღარსად მიდის და კიდევ ბევრი მეგობარი მოჰყავს.

- ყველაზე მეტად, რა მოსწონთ?

- მიუხედავად იმისა, რომ ცომეულის მოყვარულები არ არიან, ძალიან მოსწონთ აჩმა და ხაჭაპური, ასევე ფახლავა.

- როგორ ფიქრობთ, საქართველოში რომ ყოფილიყავით, ასეთი წარმატებული თუ იქნებოდით, როგორიც დღეს ხართ? ან იმ ფაქტმა, რომ თქვენ არ ხართ ესპანელი, ხელი თუ შეგიშალათ წარმატების მიღწევაში?

- ვფიქრობ, ჩემს ქვეყანაში უფრო მეტსაც მივაღწევდი. აქაც მთელ გულსა და სულს ვდებ საქმეში, რომ ჩემი ქვეყანა წარმოვაჩინო, მაგრამ რადგან ქართველი ვარ, საქართველოში ალბათ კიდევ უფრო დიდი სტიმულით ვიმუშავებდი. იმას, რომ არ ვარ ესპანელი, ხელი არაფერში შეუშლია, თუ არ ჩავთვლით ფინანსურ მდგომარეობას. მატერიალურად რომ უფრო ძლიერი ვყოფილიყავი, ალბათ კიდევ ბევრს მივაღწევდი.

- თუ გეგმავთ უკან დაბრუნებას?

- სამწუხაროდ, ამ ეტაპზე დაბრუნება არ განიხილება, ჩემი შვილები აქ სწავლობენ, უკვე აქაურ ცხოვრებას შეეჩვივნენ და ახლა საქართველოში ცხოვრება გაუჭირდებათ; უკვე ჩვენც გაგვიჭირდება ყველაფრის თავიდან დაწყება, მიუხედავად იმისა, რომ ემიგრანტობა ძალიან დიდი ტკივილი და მონატრებაა.

ფიქრია რობაქიძე

“გზის” სპეციალური კორესპონდენტი ბარსელონიდან