სოსო არჩვაძე: “ჯერ დაკარგული არაფერია” - გზაპრესი

სოსო არჩვაძე: “ჯერ დაკარგული არაფერია”

“თუ გონივრულ პოლიტიკას გავატარებთ, ჩვენს სამშობლოს შეუძლია რეგიონში იგივე როლი შეასრულოს, რასაც ევროპაში შვეიცარია ასრულებს”, - ამბობს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სოსო არჩვაძე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკაში არსებულ პრობლემებსა და პერსპექტივებზე ვესაუბრეთ.

- საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს რეგიონში - ის სამხრეთ კავკასიის ცენტრალური სახელმწიფოა და მნიშვნელოვან სატრანზიტო ფუნქციას ასრულებს. აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და ჩრდილოეთისკენ მიმავალი ტვირთი სწორედ საქართველოზე გადის და ეს ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს. შეგახსენებთ, ეს ფუნქცია საქართველომ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს შეიძინა, რომელიც “აბრეშუმის გზის” აღდგენაზე ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ლაპარაკობდა. ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დიდი მნიშვნელობის მქონე ნავთობსადენი და გაზსადენი გადიოდა, საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი გახდა 2008 წლის აგვისტოში, თორემ შეიძლება ყველაფერი გაცილებით მძიმე შედეგებით დასრულებულიყო. მკითხველს შევახსენებ 1999 წლის 29 აგვისტოს, როცა შევარდნაძეზე ტერაქტი განხორციელდა. მეორე დღეს ის დედაქალაქს გაერიდა და სვანეთში წავიდა, სადაც მას დაურეკა რუსეთის პრეზიდენტმა - ბორის ელცინმა და იმის ნაცვლად, რომ ჯანმრთელობის ამბავი ეკითხა, ასეთი რამ უთხრა: თავი დაანებეთ ნავთობსადენს, ეგ თქვენი საქმე არ არისო. ფაქტობრივად აგრძნობინა, რომ ამ თავდასხმაში რუსეთის ხელი ერია.

- ხშირად ამბობენ, რომ საქართველო სანახევროდაც ვერ იყენებს ახალ სატრანზიტო პერსპექტივებს, რომელიც ბოლო ხანებში გაუჩნდა.

- ამას ბევრი მიზეზი აქვს. სამწუხაროდ, გამოუყენებელია როკი-გორის მიმართულება, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციით არის გამოწვეული. ამიტომ, მთავარი დატვირთვა საქართველოს სამხედრო გზაზე მოდის. საქართველომ წარმატებით რომ გაართვას თავი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ფუნქციას, აუცილებელია სულ ცოტა, 3 ძირითადი პირობა: სამხედრო სტაბილურობა, რადგან ბიზნესის წარმომადგენლები დაულაგებელი პოლიტიკური სიტუაციის ქვეყნებს ყოველთვის ერიდებიან; შემდეგი ფაქტორია ლოჯისტიკა და მესამე - ტარიფები, რომელიც ეკონომიკურად სასარგებლო და სარფიანი უნდა იყოს. თუ ჩვენს ტერიტორიას და გზების სიგრძესაც შევხედავთ, სხვა ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით. მთელ მსოფლიოში იყენებენ მაჩვენებელს, თუ როგორია საავტომობილო გზების სიგრძე ყოველ კვადრატულ კილომეტრზე. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ჩვენ მოწინავე პოზიციები სულაც არ გვიკავია: ბევრად გვისწრებს თურქეთი, საბერძნეთი და ჩინეთი, ისრაელზე რომ არაფერი ვთქვათ, სადაც ეს მაჩვენებელი 313%-ია, შვეიცარიაში - 700%, ხოლო იაპონიაში - 1200%, ანუ იაპონიაში ყოველ კვ კმ-ზე 12-ჯერ მეტი გზაა დაგებული, ვიდრე საქართველოში. ჩვენი ინფრასტრუქტურა ერთი-ორად უნდა განვითარდეს და გზების გამტარუნარიანობაც გაიზარდოს, თუ გვინდა, რომ განვითარებულ ქვეყნებს კონკურენცია გავუწიოთ. ჩვენი ტერიტორია თანამედროვე გზებით უნდა დაიქსელოს, ამისთვის კი, საშუალოდ, 10-12 მილიონი დოლარი მაინც დაგვჭირდება. იგივე უნდა ითქვას ნავთობსადენებსა და გაზსადენებზეც, რომ საქართველო ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა გახდეს.

- ჩინეთიდან გამოგზავნილი ტვირთის დიდი ნაწილიც შესაძლოა ჩვენკენ წამოვიდეს. ესეც სერიოზული გამოწვევაა ჩვენი ინფრასტრუქტურისთვის.

- ომამდე, ჩინეთიდან დაძრული ტვირთი რუსეთის გავლით მიდიოდა მთელი ევროპის მიმართულებით. დღესდღეობით, ჩინეთი იმ სანქციებს შეუერთდა, რომელიც მსოფლიომ რუსეთს დაუწესა. ჩინეთიდან დაახლოებით 240 ტონა ტვირთი უნდა წამოვიდეს. მთელი ეს ტვირთი, ცხადია, საქართველოში ვერ მოხვდება, მაგრამ მისი დიდი ნაწილი შეიძლება საქართველოს გავლით მოხვდეს ევროპაში. ამით ჩვენი ქვეყანა სოლიდურ მოგებას მიიღებს, გაიზრდება სამუშაო ადგილები, რასაც ჩვენი ეკონომიკის ზრდა მოჰყვება. სწორედ ამიტომ, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მატულობს და ამას ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდიც ადასტურებენ. თუ ყველაფერი ნორმალურად წარიმართება, წლის ბოლომდე მხოლოდ ამ ფაქტორის წყალობით, ჩვენი ეკონომიკა 2-2,5%ით გაიზრდება.

- ისიც ხომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მეზობელ სომხეთს და აზერბაიჯანსაც არა აქვთ სათანადო ინფრასტრუქტურა?

- რა თქმა უნდა, ჩინეთს და საქართველოს საერთო საზღვარი არა აქვთ და ჩინური საქონელი საქართველოში რომ მოხვდეს, რამდენიმე ქვეყნის ტერიტორია უნდა გადმოკვეთოს - ყაზახეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის და ა.შ. ამიტომ, მუშაობა ჩვენს მეზობლებთანაც დაგვჭირდება, მაგრამ ჩვენც რამდენიმე ავტომაგისტრალი უნდა გვქონდეს და რკინიგზის გამტარუნარიანობაც უნდა გაიზარდოს. საქართველომ მეორე აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობაზეც უნდა იფიქროს, რომელიც წითელი ხიდიდან ფოთის მიმართულებით გაივლის. ამ პროექტზე 2000-იანი წლების დასაწყისში ბევრს საუბრობდნენ, მაგრამ მერე პროცესი შეჩერდა. ამავე დროს, მეტი დატვირთვა უნდა მივცეთ ჩვენს საზღვაო პორტებს. უნდა დავიწყოთ მუშაობა იმაზეც, რომ ქართული საზღვაო ფლოტის რეანიმაცია, მისი გაცოცხლება შევძლოთ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ქართველი მეზღვაურები ახლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გემებს ემსახურებიან.

- ჩვენს მთავრობას ბევრი აკრიტიკებს ანაკლიის პორტის გამო...

- ძველ ბერძნებს ჰქონდათ ასეთი გამონათქვამი: რაც მოხდა, იმის შეცვლა ღმერთებსაც არ ძალუძთო. ჩვენ არ გვქონდა გარანტია, რომ ანაკლიის პორტის აშენების შემთხვევაში რუსეთი ჩვენკენ აგრესიულ ნაბიჯებს არ გადმოდგამდა. ამიტომ, ახლა იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რა შესაძლებლობები დავკარგეთ, არამედ იმაზე, თუ რის გაკეთება შეიძლება ახლო მომავალში. გეოპოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა და ჩვენც უნდა ვიმუშაოთ, რომ საქართველომ სატრანზიტო ფუნქცია სრულყოფილად გამოიყენოს. როდესაც შავი ზღვის პორტების “გაცოცხლებაზე” ლაპარაკობენ, პირველ რიგში, ამ პორტების გამტარუნარიანობას გულისხმობენ, რომელიც ოთხჯერ მაინც გაიზრდება, თუ მათ ინტენსიურ რეჟიმში მოუწევთ მუშაობა. ცხადია, ტვირთების ნაწილი ხმელეთითაც უნდა გადავზიდოთ. ალბათ, უფრო მეტი დატვირთვით ამუშავდება ბაქო-თბილისი-კასპის რკინიგზაც, რომლის ასაგებად თავის დროზე 900 მილიონ დოლარამდე სესხი ავიღეთ. თუ ეს ხაზი სრული დატვირთვით იმუშავებს, აღებული ვალის გასტუმრებასაც შევძლებთ და სახელმწიფო ბიუჯეტიც მეტ სარგებელს მიიღებს. ოღონდ, ბიზნესს ისეთი გამართული ინფრასტრუქტურა და ტარიფები უნდა შევთავაზოთ, რომ დავაინტერესოთ და ტვირთი უმეტესობამ საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაზიდოს.

236443785-11-0-2048-1152-600x0-80-0-0-62e5f4269464edc37483554697c39877-copy-1656920362.jpg

- სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსზე უარი უთხრეს. რა წააგო ამით საქართველოს ეკონომიკამ?

- მესმის, რომ ჩვენი საზოგადოება აჟიტირებულია ამ საკითხის გამო, მაგრამ ჩემი სურვილია, ყველაფერს ოპტიმისტურ ჭრილში შევხედოთ: ჯერ დაკარგული არაფერია. თურქეთის მაგალითი ავიღოთ, რომელიც კანდიდატად 1987 წელს აღიარეს, მაგრამ წევრი ახლაც არ არის. დიახ, უკვე 35 წელია, რაც თურქეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, არადა, ამ ქვეყნის მშპ-ი (მთლიანი შიდა პროდუქტი) ორჯერ აღემატება საქართველოს მშპ-ს მოსახლეობის ერთ სულზე და კიდევ ბევრი მაჩვენებლით გვისწრებს. დემოკრატია, სამართლიანობა, გამჭვირვალობა, კორუფციის არარსებობა, ნეპოტიზმის უარყოფა - ეს ის ორიენტირებია, რომლის გატარება ყველა ქვეყანას საინტერესოს, მიმზიდველს და ამავე დროს, ევროპულს ხდის. თუ ამ ყველაფერს შევასრულებთ და ჩვენს ეკონომიკასაც მივხედავთ, აღიარება თავისთავად მოვა. გულში მჯიღის ცემით კი არ უნდა ვამტკიცოთ, რომ უძველესი ევროპელები ვართ, რომ ზეზვას და მზიას ქვეყნიდან ვართ. თანამედროვე მსოფლიო ნებისმიერ ქვეყანას თავისი ისტორიით და წარსულით კი არ აფასებს, არამედ ახლანდელი მდგომარეობით. ბევრი ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრობას წლობით ელოდება, რადგან ეს ცხოვრების მაღალ დონესაც გულისხმობს. მაგალითად: ბულგარეთში მშპ-ი მოსახლეობის ერთ სულზე 2-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე საქართველოში და ეს მაშინ, როცა ბულგარეთი ვეროკავშირის ყველაზე სუსტი რგოლია. ჩვენ ამ ტემპებით თუ ვივლით, ბულგარეთის დონემდე 7-8 წელიწადში მივალთ. ამიტომაც გვჭირდება ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი. თუ ჩემ მიერ ჩამოთვლილ პრინციპებს შევასრულებთ, საქართველო თავად გახდება საინტერესო და მიმზიდველი ევროპელებისთვის.

- თუმცა, კანდიდატის სტატუსი ვისაც აქვს, ევროკავშირი სერიოზულ ფინანსურ დახმარებას უწევს...

- თუ ქვეყანას სწორი ეკონომიკური პოლიტიკა აქვს, მისი ეკონომიკა იმაზე უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ეს ევროკავშირის დახმარებით შეიძლებოდა მომხდარიყო. ამიტომ უნდა ვიზრუნოთ, რომ საქართველო სატრანზიტო-საკომუნიკაციო ჰაბად ვაქციოთ და მაშინ ეს ქვეყანა გაცილებით მეტ შემოსავალს მიიღებს. ადამიანების მაგალითს მოვიშველიებ: ზოგიერთი ცდილობს თავისი ცხოვრება სხვის ხარჯზე მოიწყოს - ანგარებიანი ქორწინებით, მემკვიდრეობის მიღებით და ა.შ. ამავე დროს, არიან ადამიანები, რომლებიც კეთილდღეობას თავიანთი ნიჭითa და უნარით აღწევენ. ცხადია, უკეთესია, როცა სხვის იმედად არ ხარ და ცდილობ, წარმატებას შენი შრომით, მონდომებით მიაღწიო.

- ამბობთ, რომ იმედიანად ხართ განწყობილი. ამ ოპტიმიზმის საფუძველს რა გაძლევთ?

- დიახ, იმედიანად ვარ, რადგან კარგად მახსოვს 1990-იანი წლები, როცა პურის მანქანებს “კალაშნიკოვის” ავტომატებით შეიარაღებული ხალხი აცილებდა. დღეს ჩვენს სამშობლოში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე 20 ან 30 წლის წინ იყო და რაც მთავარია, განვითარების რესურსიც გვაქვს. ავიღოთ თუნდაც ჩვენი მთავარი სიმდიდრე - წყალი: მსოფლიოში შეიძლება ნავთობზე მოთხოვნა შემცირდეს, მაგრამ წყალზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა, რომ მარტო მინერალური წყლებით კი არ შევიდეთ მსოფლიო ბაზარზე, არამედ სასმელი წყლითაც. მართალია, ამ სფეროშიც სერიოზული კონკურენციაა, მაგრამ ჩვენ ეს უნდა შევძლოთ. მთავარია, მიზანი დავისახოთ და საქართველოს ნამდვილად აქვს პოტენციალი, რომ საკმაოდ სწრაფი, დამაჯერებელი ნაბიჯებით წავიდეს წინ.

ხათუნა ჩიგოგიძე