ლენტით ნაქარგი ფლორა - გზაპრესი

ლენტით ნაქარგი ფლორა

ალბათ შორიდან ჭირს კიდეც გარჩევა, ნატიურმორტები ლენტებითაა მოქარგული თუ ფერწერული ტილოა. მათი ავტორი ფილოლოგი, საქართველოს მქარგველებისა და ხელმარჯვეების ასოციაციის წევრი ნინო მოლაშვილია.

00-1656921746.jpg

ხელოვანები ხშირად მეუბნებიან, რომ პანდემიის საწყის ეტაპზე მათი ნამუშევრებისადმი ინტერესი განსაკუთრებით დიდი იყო ან მაშინ გახდნენ საზოგადოების აღმოჩენის ობიექტი. ნინო მოლაშვილი სწორედ იმ დროს გაიცნო ფართო აუდიტორიამ, ნამუშევრების რეალიზება დაიწყო, ინტერესი ნელ-ნელა გაიზარდა და ერთ დროს მისი ჰობი, შემოსვლის წყაროდ იქცა. ქალბატონი ნინოს ნამუშევრები საშუალებას იძლევა ნებისმიერში “შეიტანო” გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონი. ყიდულობენ როგორც საკუთარი სახლისთვის, ისე სასაჩუქრედ. ერთ კაცს გარკვეული პერიოდის ინტერვალით, მისგან 15-ზე მეტი ნამუშევარი წაუღია შვილის თხოვნით, ხოლო მეორეს ლენტებით ნაქარგი ნამუშევრებით საოჯახო სასტუმრო გაუფორმებია.

3-1656921771.jpg

- 7 წლიდან ვქსოვდი, უმეტესად ტანსაცმელს, ქუდებს, შარფებს და წინდებს. დეიდაჩემს მეზობელი ასწავლიდა და მათ ყურებაში მეც შევისწავლე როგორც ყაისნაღით, ისე ორი ჩხირით ქსოვა. შემდეგ ვნახე ერთი მეზობლის ნამუშევრები, რომელიც ჯვარედინი ქარგვით იყო გატაცებული. 18 წლისამ ეს საქმე მეც დავიწყე და ასეთ ნამუშევრებს ვასრულებდი. გობელენისა და სველი თექის თელვის ტექნიკასაც დავეუფლე. რაც შეეხება ლენტებით ქარგვას, 5 წლის წინ დავიწყე. ბოლო ხანს ძალიან მოთხოვნადი გახდა და ბევრი შეკვეთა მაქვს. ამ ტექნიკას სოციალურ ქსელში გავეცანი. ერთ-ერთის ავტორი ნანა გელაშვილი გახლდათ. სამი ნიმუში გამოვიწერე და დამოუკიდებლად დავიწყე ცდა ამ მიმართულებით, მერე ყველაფერი ნელ-ნელა და პრაქტიკაში დაიხვეწა. დღემდე ყველა ყვავილი არ მაქვს გაკეთებული, რადგან უმთავრესად სხვების თხოვნას ვითვალისწინებ და დრო ამაზე მეხარჯება. ძალიან მოთხოვნადია ყვავილების თემა, გაკეთებული მაქვს გვირილები, იები, კესანები, ყაყაჩოები... დიდი დაინტერესებაა ბალერინის ფიგურების მიმართაც. 1 წლის განმავლობაში 60-ზე მეტი ასეთი ნამუშევარი მაქვს გაკეთებული. პირადად მე, გამორჩეულად მიყვარს ყაყაჩოები და გვირილები ერთად. შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ გვირილა მარტივად გასაკეთებელია, ვიდრე სხვა ყვავილი, მაგრამ ასე არ არის, საკმაოდ შრომატევადია.

4-1656921793.jpg

უწინ და ახლაც პრინტებზე ვმუშაობ, ანუ მხატვრის ნამუშევარს ვპრინტავ და ლენტებით ვაფორმებ. თუ ნებართვა მექნება, ქართველი ავტორების ნამუშევრებსაც სიამოვნებით გავაფორმებ. სამომავლოდ კი მინდა, ჩემი საავტორო ნახატები შევქმნა და კომპოზიციაც ლენტებით ამის მიხედვით ავაწყო.

2-1656921761.jpg

- ყველაზე ბევრი, რამდენი ყვავილი მოგიქცევიათ ერთ ნამუშევარში?

- არის თაიგულები, რომელზეც 4-5 სხვადასხვა ყვავილია მოქცეული. მაგალითად, ლარნაკში აწყვია: ტიტები, ნარცისები, ენძელები, თავთავები, თუმცა ზოგს მხოლოდ ერთი ყვავილისგან შედგენილი თაიგულები მოსწონს. განსაკუთრებით მიყვარს კრემისფერი, მელნისფერი, ჭაობისფერი, იისფრის სხვადასხვა ტონალობა და ალბათ, ჩემს ნამუშევრებში ეს გამოკვეთილად ჩანს. სამომავლოდ ჩანაფიქრი მაქვს ერთი ისეთი ნამუშევარი მოვქარგო, რომელზეც რაც დაეტევა, ყველა ყვავილი მოექცევა.

ანა კალანდაძე