2-წლიანი ბრძოლის შემდეგ, ძაღლი სასამართლოს ძალით დავიბრუნეთ - გზაპრესი

2-წლიანი ბრძოლის შემდეგ, ძაღლი სასამართლოს ძალით დავიბრუნეთ

ცხოველთა უფლებების დასაცავად, ადვოკატ ია სირანაშვილის 2-წლიანი ბრძოლა გამარჯვებით დასრულდა: მოსამართლე მერი გულუაშვილმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ძაღლის მოკვლა აეკრძალა და პატრონისთვის დაბრუნება დაევალა...

ია სირანაშვილი:

- სასამართლოს ისტორიაში დაფიქსირდა პირველი პრეცედენტი, როცა ცხოველთა უფლებები სასამართლომ განიხილა და საქმე გამარჯვებით დავასრულეთ. ეს ძალიან კარგია. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, სურსათის ეროვნული სააგენტოს და მერიის წარმომადგენლები უამრავ ძაღლს, პატრონიანს თუ უპატრონოს, იმ მიზეზით ხოცავდნენ, თითქოს ცხოველებს ცოფთან შეხება ჰქონდათ. როცა საქმეში ჩავერთე, 3 ძაღლი - ბექა, ბაჯუ და რიჟა - ევთანაზიისთვის ჰყავდათ “გადადებული”. პოლიციას, პროკურატურას დავუკავშირდი... მათ უმოქმედობას ვხედავდი, ამიტომ სასამართლოს სარჩელით მივმართე და ასევე, დროებითი განჩინება მოვითხოვე, რითაც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ამ 3 ძაღლის მოკვლა აეკრძალებოდა, შემდეგ კი - პატრონებს დაუბრუნებდნენ. 2 წლის წინ, სასამართლომ თხოვნა დააკმაყოფილა და დროებითი განჩინება გამოსცა, რითაც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს აღნიშნული ძაღლების ევთანაზია აეკრძალა და მათი მოვლა დაევალა. მიუხედავად ამისა, ერთი ძაღლი - ბექა მაინც მოკლეს. მონიტორინგის სამსახურში კარგად იცოდნენ, რომ ამ 3 ძაღლთან დაკავშირებული დავა გვქონდა, მაგრამ ჯანმრთელი ძაღლის მოკვლა განჩინების გამოცემამდე 3 დღით ადრე მოასწრეს... შემდეგ პანდემიის პერიოდი დაემთხვა. ფაქტობრივად, 2 წლის განმავლობაში, პროცესი ვერ ჩაინიშნა. მიუხედავად ამისა, დროებითი განჩინება, რითაც ძაღლების დახოცვა აეკრძალათ, გაგვისაჩივრეს. მიზეზად იმას ასახელებდნენ, თითქოს ძაღლებისთვის პურის ფული არ ჰქონდათ და ითხოვდნენ, მათი დახოცვის უფლება მიეცათ. პატრონებსაც არ უბრუნებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ძაღლებზე ზრუნვის პასუხისმგებლობას ჩვენ ვიღებდით. ძაღლების პატრონი პატრულს იძახებდა, რომ თავისი ოთხფეხა მეგობრების ფოტო მაინც ენახა და დარწმუნებულიყო, რომ ცოცხლები იყვნენ... თავშესაფარი დიდ ციხესიმაგრედაა ქცეული, სადაც თუ საქმეს არ “ჩააწყობ”, კაციშვილი ვერ შევა. ეს ცალკე თემაა... აპელაციის სასამართლომ დროებითი განჩინების გაუქმების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. საქმე პირველ ინსტანციაში დაბრუნდა. ბოლო პროცესი 15 ივნისს გაიმართა, როცა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ იმ 3 ძაღლიდან ერთადერთი გადარჩენილი - რიჟა ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს პატრონისთვის უნდა დაებრუნებინა.

- ბაჯუს რა ბედი ეწია?

- როგორც გვიმტკიცებენ, თვე-ნახევრის წინ, ჩაურევლად მოკვდა, მაგრამ ჩვენთვის ეს არც კი უცნობებიათ. მათმა იურისტმა პირდაპირ სასამართლო პროცესზე გვითხრა, - მოკვდა, მეც ახლა გავიგეო... იმედია, ძაღლების დახოცვას აღარ გაბედავენ და აღარ მომიწევს ბრძოლა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს და სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ მიუსაფარი თუ პატრონიანი ცხოველები არ დახოცონ. რეალურად, თუ ცოფის საფრთხე არსებობს, გარშემო ტერიტორიაზე მყოფი ძაღლები კი არ უნდა დახოცონ, ყველა მათგანი უნდა აცრან (348-ე დადგენილება არსებობს, რომელშიც რამდენიმე მუხლია), იმუნიტეტის ვადის განურჩევლად, შემდეგ კი ამ ცხოველებს დააკვირდნენ. ჩემი აზრით, ძაღლებს ფულის დაზოგვის, თანხის საკუთარ ჯიბეში ჩადების მიზნით ხოცავენ.

ფაქტობრივად, მათმა იურისტმა მოსამართლეს შუა პროცესზე უთხრა, - ეს პრეცედენტი არ დაუშვა, თორემ ვოლიერები ძაღლებით გაგვევსებაო. რას ნიშნავს ეს? უნდათ, რომ ყველა ცხოველი დახოცონ. სასამართლომ იურისტს კარგად განუმარტა - გადაწყვეტილება კონკრეტულ ძაღლთან დაკავშირებით გამომაქვსო. შემდეგ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ კანონის ფარგლებში იმოქმედოს... ძაღლს ლაპარაკი არ შეუძლია. ზოგს პატრონიც არ ჰყავს, რომ მოიკითხოს და როგორმე დაიცვას. მონიტორინგის სააგენტოში დასამარხი ორმოები ძაღლებითაა გადავსებული. ახლახან, მე და თამარ ლომიშვილმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მივმართეთ, რომ ცხოველთა ომბუდსმენი შეიქმნას, რომელიც ცხოველების უფლებების დარღვევას გააკონტროლებს - აღრიცხავს, სააგენტოს რამდენი ძაღლი მიჰყავს... ამ ქვეყანაში კონტროლი აუცილებელია, როგორც სახელმწიფო ორგანოების, ასევე - კერძო პირების, რომლებიც ქუჩაში უამრავ ძაღლს ყრიან... ჩემი ინფორმაციით, მიუსაფარი ცხოველებისთვის 4 მილიონი ლარია გამოყოფილი, მონიტორინგის სააგენტოს უფროსობას ხელფასი 5 ათასი ლარი აქვს. სოციალურ ქსელში, “ფლანგვის დეტექტორმა” გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ გამოყოფილი თანხის მხოლოდ 10% ხმარდება ცხოველებს. დანარჩენი სად მიდის, კაცმა არ იცის. წარმოიდგინეთ, 4 მილიონი ლარი მართლა ცხოველებს რომ ხმარდებოდეს, პრობლემა საერთოდ არ გვექნებოდა...

ia-da-rija-1656922714.jpg

- რიჟა როგორ დაგხვდათ?

- მოუვლელი, დაკოჟრილ-დასივებული ფეხებით დაგვიბრუნეს მაშინ, როცა მასზე ზრუნვა ევალდებოდათ... არ მეგონა, ასეთი ემოციური ძაღლი თუ იყო: როცა გავიმარჯვეთ, მონიტორინგმა კეთილი ინება და რიჟა იმ დღესვე გადმოგვცა. ძაღლის გამოსაყვანად რომ მივედით, ძალიან გაუხარდა!..

- დავაზუსტოთ: რეალურად, რის გამოც რიჟა, ბაჯუ და ბექა მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებმა წაიყვანეს, ანუ თითქოს ძაღლები ცოფის საფრთხის შემცველები იყვნენ, 2 წლის განმავლობაში, ეს საფრთხე აღარ იარსებებდა, ხომ ასეა?

- რა თქმა უნდა. არსებობს მსოფლიო სახმელეთო კოდექსი, რომელიც საქართველოს იურისდიქციაში უნდა გაითვალისწინონ, სადაც ცოფის ინკუბაციის ვადა გარკვევით წერია (მაქსიმუმი 6 თვეა, ზოგ ქვეყანაში კი - 28 დღე). კოდექსი რომ თარგმნონ და გამოიყენონ, ძაღლებს ვეღარ დახოცავენ. წარმოიდგინეთ, როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ: რეალურად, კოდექსი არსებობს, მაგრამ ინგლისურიდან ქართულად გადათარგმნა არ უნდათ, არ აწყობთ. - საჭირო თანხა არ გვაქვსო, - ყოველთვის ასეთი პასუხი აქვთ მზად... აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ამ საქმეში თამაზ ელიზბარაშვილის რეკომენდაციით ჩავერთე, რომელიც ბევრს იბრძოდა. კახა კალაძესაც მიმართა, მაგრამ - ამაოდ: ყველა დუმდა, სანამ სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიიღო.Aმინდოდა, საქმე მორიგებით დამესრულებინა, რადგან დრო გადიოდა, მაგრამ მონიტორინგმა მოტყუება-მოტყუებით, რომ ძაღლს ხვალ-ზეგ გადმოგვცემდნენ, 2-3 თვე უაზრო ტყუილებში გამატარებინა. წარმოიდგინეთ, სურსათის ეროვნულ სააგენტოში მუშაობს ქალბატონი, რომელმაც სასამართლო განჩინების მიუხედავად, იკითხა, თუ რატომ არ დახოცეს ძაღლები. ჩვენს ქვეყანაში მიუსაფარ ცხოველებთან ისეთი ადამიანები მუშაობენ, რომლებსაც რეალურად, ცხოველები ეზიზღებათ. თუნდაც, კახა კალაძემ, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი საჯაროდ შეიფარა და ძაღლთან ერთად ფოტოები გადაიღო, ჩემი მიმართვა დააიგნორა, როცა სოციალური ქსელი “ავუჭრელე”...

ცხოველთა მოყვარულები და დამცველები იმაზე მეტ საქმეს აკეთებენ, ვიდრე სახელმწიფო.აუდიტის სამსახურს, ფინანსურ პოლიციას, პროკურატურას მოვუწოდებ, რომ შევიდნენ, ნახონ, დაათვალიერონ, შეისწავლონ სად მიდის ცხოველებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი - ხომ არ იფლანგება? რატომ არ ინტერესდებიან?!. კურიოზული სიტუაცია იყო, როცა 2 წლის წინ, სასამართლომდე პროკურატურას მივმართე. დიდხანს დუმდნენ, 1 თვის წინ კი პროკურატურიდან წინასწარი დასკვნა მივიღე, რომელშიც პროკურორი მწერს, თითქოს ამ 3 ძაღლს ლაბორატორიულად ცოფი დაუდგინდა, შემდეგ კი მათი ევთანაზია მოხდა. რეალურად, იცით, ცოფის ლაბორატორიულად შემოწმება როგორ ხდება? ძაღლს თავს აჭრიან... არადა, ძაღლები ცოცხლები იყვნენ. ხვდებით, როგორ “აპრავებდა” მონიტორინგის სააგენტოს საქციელს? პროკურორისგან ამ დასკვნის მიღების მერე, ვუპასუხე: - თუ რამე ახალი მეთოდი ან დანადგარი გაქვთ, იქნებ ცხოველთა მოყვარულებსაც გაგვაგებინოთ-მეთქი... სავარაუდოდ, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, როდესაც მან 2020 წელს წაიყვანა როგორც პატრონიანი, ასევე უპატრონო ძაღლები, რომლებსაც ადამიანებთან შეხება ჰქონდათ და თავშესაფარში მიყვანისთანავე დახოცა. თუ ცოფის საფრთხე რეალური იყო, შეიძლებოდა, ვირუსი ადამიანებს გადასდებოდათ, მონიტორინგის სააგენტომ კი ცოფის საფრთხის ქვეშ მყოფი ცხოველები დაკვირვების გარეშე, მაშინვე დახოცა. პროკურატურამ ეს საქმე უნდა შეისწავლოს... იმედია, სასამართლოსთვის მიმართვის გზით, ცხოველის დაცვის პრაქტიკა დაინერგება. მადლობას ვუხდი მოსამართლე მერი გულუაშვილს, ვინც ფაქტობრივად, რიჟა გაათავისუფლა... რაკი რიჟა 2022 წლის 15 ივნისს გავათავისუფლეთ, გვინდა, სიმბოლურად, 15 ივნისი აღინიშნებოდეს, როგორც ცხოველთა მოყვარულებისა და დამცველების დღე...

ეთო ყორღანაშვილი