ეკა ბესელია: “ხელისუფლებაში უფრო მეტი იდეალისტი უნდა გვყავდეს” - გზაპრესი

ეკა ბესელია: “ხელისუფლებაში უფრო მეტი იდეალისტი უნდა გვყავდეს”

თანამედროვე საქართველო ურთულესი პრობლემების წინაშე დგას: დანაწევრებული, დაქსაქსული საზოგადოება, მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონი, ურთულესი დემოგრაფიული მდგომარეობა და ახალგაზრდა შრომისუნარიანი ადამიანების ქვეყნიდან გადინება - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს.

საქართველოს საგარეო თუ საშინაო პრობლემებზე პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერს, უფლებადამცველ ეკა ბესელიას ვესაუბრეთ.

- ქალბატონო ეკა, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე ჯერჯერობით უარი გვითხრეს. ამ უსიამოვნო მოვლენას ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს აბრალებს. თქვენი აზრით, ვისი “დამსახურებაა” ეს?

- პირდაპირ გეტყვით: ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, რა თქმა უნდა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ნებისმიერ ქვეყანაში ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, როდესაც ამა თუ იმ შესაძლებლობას იყენებს ან ვერ იყენებს. ცხადია, მიზეზების გააზრებაა საჭირო იმისთვის, რომ მარცხისგან თავი მომავალში მაინც დავიზღვიოთ. იმაში, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მოგვანიჭეს, მმართველი პარტია ოპოზიციას ადანაშაულებს, მაგრამ ოპოზიცია რა საზიანოდაც უნდა მოქმედებდეს, ამ დონის გადაწყვეტილების მიღება მასზე არ არის დამოკიდებული.

- როგორ ფიქრობთ, რა მოხდა?

- მოხდა ის, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდებოდა საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს, მის ნაბიჯებს - არა იმას, თუ რა დაწერეს, არამედ რეალურად რას აკეთებდნენ. როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოვიდა საქართველოში, მოლაპარაკება 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს მოლაპარაკება დასრულდა დოკუმენტის ხელმოწერით, რომელიც მმართველმა პარტიამ უკუაგდო. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ ევროკავშირი ნდობით ვეღარ შეხედავდა ამ ხელისუფლებას. სამწუხაროდ, ფაქტია: ეს უნიკალური შანსი მმართველმა პარტიამ ხელიდან გაუშვა! კანდიდატის სტატუსის შემდეგ, ევროკავშირში სწრაფ მიღებაზეა საუბარი და ეს შანსი საქართველომ ვერ გამოიყენა - ეს ნამდვილად არის ამჟამინდელი ხელისუფლების ტვირთი და უპატიებელი ზიანი, რომელიც ჩვენს ქვეყანას მიადგა.

- როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება შეძლებს, იანვრამდე შეასრულოს ის 12 პუნქტი, რომლის შესრულებაც დაგვავალეს?

- რაც შეეხება ამ 12 პუნქტს, სამწუხაროდ, ხელისუფლება აჩვენებს, რომ მზად არ არის, ეს პუნქტები შეასრულოს. ამის პირველი ნიშანი იყო მართლმსაჯულების რეფორმა: ის კი არ გვაჩვენეს, რომ რეფორმის გაგრძელება შეუძლიათ, პირიქით, აშკარა გახდა, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემას ისევ კლანი მართავს. სასამართლოს თავმჯდომარედ ჩინჩალაძის მეორე ვადით არჩევა იყო პირდაპირი გზავნილი, რომ “ქართული ოცნება” არაფრის შეცვლას არ აპირებს და, რაც ყველაზე მთავარია: არ აპირებს დემოკრატიულ რელსებზე გადასვლას. ჩვენი ევროპელი მეგობრები ყველა ასეთ გზავნილს ყურადღებით აკვირდებიან და ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა ამ ექვსთვიან მონაკვეთზე. აშკარაა, რომ “ქართულ ოცნებას” არა აქვს მზაობა, რეალობას თვალი გაუსწოროს და ის მოთხოვნები შეასრულოს, რომლებიც აუცილებელია, რათა საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს.

- რა დაკარგა საქართველომ იმით, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს?

- სამწუხაროდ, საქართველომ ამ გადაწყვეტილებით დიდი შანსი დაკარგა: პირველ რიგში, ევროკავშირში სწრაფად გაწევრების შესაძლებლობა. ახლა უკვე სასწორზეა ჩვენი უსაფრთხოება, ეკონომიკური სიძლიერე, ადამიანის უფლებები, ძლიერი პარტნიორები, ახალი შესაძლებლობები, ევროპული ბაზარი, დემოკრატიული ინსტიტუტები - მოკლედ, ძალიან დიდი შესაძლებლობები დავკარგეთ. რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძის ლოგიკას თუ მივყვებით, კანდიდატობა ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ეს სრული სიბეცე და ანტიდასავლური რიტორიკაა. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა დიდ შესაძლებლობას უშვებს ხელიდან და თუ ამას დროულად არ გავიაზრებთ, მერე შეიძლება გვიანი იყოს.

- თქვენი აზრით, აუცილებელია თუ არა ვადამდელი არჩევნების ჩატარება? ზოგი იმასაც ამტკიცებს, რომ ვადამდელი არჩევნები დღევანდელ რეჟიმს არსებობას გაუხანგრძლივებს.

- ვადამდელი არჩევნები საჭიროა იმისათვის, რომ ამ ტრანზიტულ პერიოდში დროებითი მთავრობა შეიქმნას, რათა ის ვალდებულებები შევასრულოთ, რომლებიც ევროკავშირმა “საგზაო რუკასავით” წინ დაგვიდო. მე ვფიქრობ, ვადამდელი არჩევნების გარეშე ჩვენი ქვეყანა ამ მოთხოვნებს ვერ უპასუხებს. საერთოდ, ახალი არჩევნები მაშინ ინიშნება, როდესაც მთავრობას და პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე წამოყენებულ კანდიდატს ნდობის მანდატი არა აქვს. ეს არჩევნები რეალურად გამოსავალიც იქნება პოლიტიკური კრიზისის და 20/20-ის გაყალბებული არჩევნების შემდეგ. ეს იქნება ახალი ფანჯარა, სრულიად ახალი რეალობა და ახალი შესაძლებლობა ჩვენი სამშობლოსთვის.

- თქვენი აზრით, რამდენად გამართლებული იქნება ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნა და რა ფუნქციები ექნება მას?

- რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას, ეს არის არაორდინარული ვითარების შედეგი, როცა ახალი არჩევნები სწრაფად ვერ ტარდება. დროებითი მთავრობის შექმნა ნიშნავს, რომ პრემიერი უნდა გადადგეს, პრემიერის გადადგომა კი მთელი მთავრობის გადადგომას ნიშნავს. ეს ყველაფერი ტექნიკური პროცესია: დროებითი მთავრობის შექმნა გარდამავალ პერიოდში ნიშნავს, რომ ის ქვეყანას არჩევნებისთვის ამზადებს. ამავდროულად, ის მოამზადებს რეფორმებს და აჩვენებს ევროპულ თანამეგობრობას, რომ საქართველო დემოკრატიულ გზას ადგას. ეს ნიშნავს, რომ რელსებიდან გადავარდნილი მატარებელი თავის რელსებს დაუბრუნდეს და სწორ გზას დაადგეს. ამიტომაც მიიჩნევენ დროებითი მთავრობის შექმნას ახლანდელი სიტუაციიდან ერთ-ერთ გამოსავლად.

- ბევრს აინტერესებს: როგორ უნდა მოიქცეს ბიძინა ივანიშვილი ახლა, რომ საქართველოს ისტორიაში დადებით პერსონაჟად შევიდეს?

- ეს რთული საკითხია: ივანიშვილს მნიშვნელოვანი ფუნქცია ერგო 2012 წელს, როცა ძალიან ძლიერ საპოტესტო მუხტს ჩაუდგა სათავეში. ჩვენ ეს ბრძოლა 2006-2007 წლებიდან დავიწყეთ და 2007 წელს ქვეყანაში უკვე დიდი პოლიტიკური გამოსვლები, საპროტესტო აქციები იმართებოდა. ეს პროცესი სწორედ ივანიშვილმა დააგვირგვინა, მაგრამ მერე და მერე მოვლენები ცუდად განვითარდა. ცუდად იმიტომ, რომ მართვის დროს ცვლილებები აუცილებელია და როცა ხედავ, ხალხს რაღაც სიახლე სჭირდება, ხელისუფლებას უნდა შეეშვა. ისტორიაში რომ დადებით პიროვნებად დარჩე, უნდა იგრძნო, რა სჭირდება ქვეყანას ახლა, ამ წუთებში და შენ რა შეგიძლია გააკეთო. არ შეიძლება ბიძინა ივანიშვილს დაუკარგო ბევრი სიკეთე, რომელიც გაკეთებული აქვს, მაგრამ მეორე მხრივ, სასწორის მეორე პინაზე ქვეყნის ხვალინდელი დღე დგას. თუ ამ სიკეთეს პერსონალური ინტერესები გადაწონის, ცხადია, ეს ისტორიას ცუდად დაამახსოვრდება.

- რას უსურვებდით მას ახლა?

- ალბათ ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, სწორ დროს, სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს... ჩემი სურვილია, მან დაინახოს და გაიაზროს, რომ ამ ქვეყნის მართვა ოხანაშვილის და მათიკაშვილის ხელით არ შეიძლება. არ შეიძლება, ძალაუფლება ამ ადამიანების ხელში იყოს. მსგავსი გადაწყვეტილებები სახიფათოა და ისტორია ძალიან ცუდად შეაფასებს. საერთოდ, ისტორია რას აფასებს დადებითად და რას - არა, მაშინ ჩანს, როდესაც დრო გადის, მოვლენებს ცოტა შორიდან შეხედავ და მიხვდები, რა შეცდომები იქნა დაშვებული, მაგრამ ერთი რამ უკვე ცხადია: როცა ქვეყნის მართვის სადავეები ერთი ადამიანის ხელში ექცევა, ეს ადამიანი ბალანსს ვერასდროს ინარჩუნებს. ისტორიაში რჩება არა კონკრეტული შემთხვევები, არამედ დიდი ისტორიული მოვლენები. ისტორიული მოვლენაა ახლა, როდესაც საქართველოს შეუძლია ევროპულ ოჯახში შევიდეს და ამ შესაძლებლობას ვერ იყენებს. ამიტომ, ისტორია შეინახავს განსაკუთრებული თავგანწირვის მაგალითებს 2012 წელს, მაგრამ ასევე შეინახავს ამჟამინდელ რეალობას - იმას, თუ როგორ კარგავს საქართველო შანსს, რომ თავისუფალი სამყაროს ნაწილი გახდეს. ამას მართლა გულისტკივილით ვამბობ და არა ნიშნის მოგებით. ისტორიას დარჩებოდა მართლმსაჯულების რეფორმა, თუ მას ბოლომდე მივიყვანდით, მაგრამ სამწუხაროდ, ეს შესაძლებლობა ხელიდანაა გაშვებული და ღმერთმა ნუ ქნას, უფრო დიდი შესაძლებლობაც ხელიდან გავუშვათ.

- დაბოლოს, როგორ ხართ განწყობილი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ?

- ახლა რთული პერიოდია და პროგნოზის გაკეთებაც ძნელია, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი უალტერნატივო გზაა. თანაც, საქართველო ყოველთვის იყო ევროპული სივრცის ნაწილი, ამიტომ, მე მაინც მგონია, რომ ეს ჩვენი გზაა, რომ აუცილებლად უნდა დავაღწიოთ თავი წარსულს და წარსულის გადმონაშთებს, რომლებიც ამ გზაზე გვეღობება. არჩევანის გაკეთება ადვილია, როდესაც ერთ მხარეს რუსეთი გიდგას, რომლისგანაც ყოველ წუთს საფრთხეა მოსალოდნელი, ხოლო მეორე მხარეს - განვითარებული, ცივილიზებული ევროპა. რუსეთისადმი ბატონყმური მორჩილება არასდროს ყოფილა გარანტია, რომ საქართველოს მშვიდობა ექნებოდა, ამიტომ დღეს ძალზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ფრთხილი და გააზრებული სვლა ევროპული ოჯახის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ჩემთვის გაუგებარია, როცა ხელისუფლება რუსეთის მიმართ დიდ სიფრთხილეს იჩენს, მაგრამ აბსოლუტურად ღიად, გამომწვევად იქცევა ევროპული თანამეგობრობის მიმართ. ყველაფრის მიუხედავად, მაინც პოზიტიურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ შევძლებთ, ეს პატარა, ლამაზი ქვეყანა მოწინავე, ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოდ ვაქციოთ. უბრალოდ, ამის მიღწევას სჭირდება მეტი იდეალისტი ხელისუფლებაში, მეტი ამ ქვეყნის მსახური უნდა გვყავდეს და არა საკუთარი თავის, თავისი სკამის მსახური... დიახ, ყველაფრის მიუხედავად, მაინც იმედიანად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი - ნებისმიერ დაღმართს აღმართი მოჰყვება, ნებისმიერ სირთულეს - ახალი შესაძლებლობა და ახალი სიმაღლეები.

ხათუნა ჩიგოგიძე