“ბიუჯეტი ხდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სერვისების ბიუჯეტი” - გზაპრესი

“ბიუჯეტი ხდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სერვისების ბიუჯეტი”

წალენჯიხა ერთადერთი რაიონია, სადაც მერის თანამდებობას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი გიორგი ხარჩილავა იკავებს. აქტიურადაა ის ჩაბმული პოლიტიკურ პროცესებში და თბილისში გამართულ აქციაზეც ხშირად ვხედავთ. ხშირად იხსენებს 2003 წელს, “ვარდების რევოლუციას” და ამბობს, ადამიანებმა გამარჯვების ისტორია წალენჯიხიდან დაწერესო...

როცა ის წალენჯიხის მერად აირჩიეს, მაშინ თქვა, მთელი ცხოვრება ვცდილობდი, წალენჯიხის სახელი შორს გამეტანაო. მაშინ ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და ბიზნესმენმა აღუთქვა დახმარება. რამდენად შეძლო ოპოზიციონერმა მერმა გეგმების განხორციელება და როგორია მისი თანამშრომლობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გიორგი ხარჩილავა გვესაუბრება.

- ბატონო გიორგი, ერთადერთი ოპოზიციონერი მერი ხართ, რომელიც ბევრ რამეს ჰპირდებოდა მოსახლეობას, რა გაკეთდა ამ ხნის მანძილზე?

- დემოკრატიულმა პროცესებმა, რომლებიც წალენჯიხაში თვითმმართველობის მიმართებით წარიმართა, გამოაჩინა, რომ არსებული კონსტიტუციისა და თვითმმართველობის კანონის ფარგლებში შესაძლებელია, ადგილობრივი მოსახლეობა პროცესების მართვის თანამონაწილე გახდეს. უნიკალური პროექტი გავაკეთეთ, სათემო ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა ძალიან დემოკრატიულად, არაპარტიულად, და ის მოქალაქეები, რომლებმაც მომცეს ძალაუფლება როგორც მერს, ჩემთან ერთად სრულად არიან თანამონაწილეები მუნიციპალიტეტის პრობლემების გადაჭრისას. ჩვენთან გამჭვირვალე მმართველობაა. საბიუჯეტო პროცესებშიც მონაწილეობენ და გადაწყვეტილების მიღებაშიც. თავიდან ადმინისტრაციულ ერთეულებს, სოფლებს გადავეცით 20-20 ათასი ლარი, თავიანთი შეხედულებისამებრ რომ განკარგონ თანხები, ესეც პირველი ნაბიჯია. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ყველაფრის თანამმართველი და თანამონაწილეა, დეცენტრალიზაცია კი გადამწყვეტია ქვეყნის მომავლისთვის. აღმოჩნდა, რომ ადამიანები მზად ყოფილან ამ პროცესებისთვის. გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ეს პროცესი მუნიციპალური დარბაზის შექმნით განვითარდა, ის გადაწყვეტილების მიღებისას მერთან ერთად ერთ-ერთი თანამმართველი, კოლექტიური ორგანო იქნება. ვიარეთ რეფორმების, რეორგანიზაციის გზით და აღმოჩნდა, რომ დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი მერიაში და ასევე, მერიის “აიპებში”. ადმინისტრაციის მმართველობის ხარჯები მინიმალური უნდა იყოს. ეს უკვე განვახორციელეთ მერიაში და გამოთავისუფლებული თანხა 120. 000 ლარია. შედგა მოწვეული სპეციალისტების მუშა-ჯგუფიც, აღმოჩნდა, რომ საშტატო განრიგი დასაბუთების გარეშე მუდმივად იზრდებოდა, თუმცა ამის ფონზე არ იყო ისეთი საკითხები ჩასმული, როგორიც ტურიზმია. გამოთავისუფლებული თანხა მნიშვნელოვანია. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, სპორტის “აიპიში” 51 საშტატო ერთეული იყო. გამოვაცხადეთ, რომ საქმის შესრულება გაკონტროლდებოდა, დაიწყო სამსახურში აღრიცხვიანობა და ამის შემდეგ, ბუნებრივი სელექციით, შტატები 40 ერთეულამდე შესრულდა. დანარჩენები საკუთარი სურვილით წავიდნენ. სასამართლო დავა იქ არ ყოფილა. ადამიანებს არ უღირდათ სამსახურში მისვლა იმ ხელფასზე, რომელიც ჰქონდათ. დასკვნები თქვენთვის მომინდვია. 11 შტატის შემცირებამ იმის შესაძლებლობა მოგვცა, რომ 4 სექცია შექმნილიყო და დარბაზში 100 ახალგაზრდა ვარჯიშობს. ეს თაობები იზრდება და ბიუჯეტი ხმარდება არა პარტიულ მიწერებსა და გაბერილ შტატებს, არამედ რეალურ საქმეს.

flaierebi-1657524764.jpg

- ნუთუ ის 11 ადამიანი სამსახურიდან წასვლას არ აპროტესტებს?

- როგორც გითხარით, სამსახურიდან მე არავინ გამიშვია. ეს გახლდათ შტატები, რომლებზეც პარტიული ნიშნით დასაქმებული ხალხი იყო და თვითონ წავიდნენ. იმავენაირად უნდა შემოწმდეს “აიპებიც”. პარტიული აქტივისტებით დაკომპლექტება საერთოდ, პრობლემაა მთელ საქართველოში. არადა, არის საბავშვო ბაღები, სადაც ბავშვებს არ აქვთ საწოლები, სათამაშო, წიგნი. ამ ყველაფრის შეძენა კი ნულის დონეზე იყო... სხვადასხვა “აიპიში” გამოთავისუფლებით, ვფიქრობ, მინიმუმ 600.000 ლარი დაიზოგება. ეს თანხა დაიხარჯება სპორტში, განათლებაში, კულტურაში, ბაღებში, ბავშვების სწორ კვებაში. წალენჯიხის ბიუჯეტი ხდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სერვისების ბიუჯეტი და ეს მნიშვნელოვანია.

- როცა ერთადერთი ოპოზიციონერი მერი აგირჩიეს, ბევრი ბიზნესმენი აცხადებდა, რომ დიდ ინვესტიციას ჩადებდა წალენჯიხაში. ამ კუთხით რამე განხორციელდა?

- მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის აუცილებელია ცოდნაზე დაფუძნებული პროექტები. მართლაც, არჩევნების პირველი დღიდანვე ბევრი ბიზნესსუბიექტი, არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურნენ ამ შედეგს. იყო ამაღელვებელი განწყობები და ზოგიერთი ფიქრობდა, რომ ეს იყო დროებითი, “აჟიტირებული” თემა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ არის. შეიქმნა ძალიან მყარი “წალენჯიხის მეგობართა კლუბი” და შედეგიანი ნაბიჯებიც გადაიდგა. კლუბმა გააერთიანა ბიზნესის, ინტელექტის მქონე წარმატებული ადამიანები და ძალზე ნაყოფიერი აღმოჩნდა ეს ამბავი: არასაბიუჯეტო პროექტების ღირებულება უკვე 1 მილიონ 600.000 ლარზე მეტია და ეს ძალზე მნიშვნელოვანი თანხაა მწირე ბიუჯეტის მქონე წალენჯიხისთვის.

- კონკრეტულად რა პროექტები განხორციელდა?

- მამუკა ხაზარაძე ძალიან გვიდგას გვერდში. ბიბლიოთეკა გვქონდა, რომელიც წიგნების ფონდის შევსების გარეშე იყო. მოხდა სრული რეინვენტარიზაცია, თანამედროვე წიგნებით, და დღეს თანამედროვე ბიბლიოთეკა გვაქვს. გვქონდა სამხატვრო სალონი, სადაც ნახატები გვჭირდებოდა და წალენჯიხაში თანამედროვე ავტორების სამხატვრო სალონი გაიხსნა, 15 ივლისს კი ბიენალე ჩატარდება. გაიხსნა “აიტის” სკოლა, ძალიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით და ტექნიკით დაკომპლექტებული, სადაც 90 ახალგაზრდა ეუფლება ინტერნეტტექნოლოგიებს. მოსწავლეების შერჩევაც მოხდა კონკურსის წესით და მათ უფასოდ ასწავლიან მნიშვნელოვან პროფესიას. ინვესტიციის მთავარი მიმართულება განათლებაა. ერთ-ერთმა ბიზნესჯგუფმა ძალიან მაღალი ხარისხის, ძვირად ღირებული სპორტული მოედანი გააკეთა ჯვარში. ახლა ჭადრაკის სახლი კეთდება და იქ ახალგაზრდებს ინტერნეტთან და თანამედროვე ტექნიკასთანაც ექნებათ წვდომა. ცნობილია, რომ ტერენტი გრანელი ხატავდა. დიდი ხანია, თანამოაზრეებთან ერთად ამაზე ვმუშაობთ და მომზადდება პოეტის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის მაღალპოლიგრაფიული გამოცემა. გარდა ამ პროექტებისა, საქართველოს უნივერსიტეტმა სტატუსი აღუდგინა წალენჯიხელ სტუდენტებს, რომლებიც სწავლის გადასახადს ვერ იხდიდნენ. ახლა გადავდივართ თვისებრივად ახალ ეტაპზე. “წალენჯიხის მეგობართა კლუბის”, მამუკა ხაზარაძისა და აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიის ინსტიტუტის მხარდაჭერით, ბატონ ლევან ცუცქირიძესთან ერთად იწყება საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება. მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც კეთდება წალენჯიხის სინამდვილეში, ეს არის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც გეოგრაფიული გარემოს, კლიმატის, მიწის ანალიზის კვლევებსა და საექსპერტო დასკვნებზე დაყრდნობით მუშავდება. ეს ძალიან ძვირად ღირებული პროექტია. ჩამოგვყავს ყველაზე მაღალი კლასის სპეციალისტები ჰოლანდიიდან და შემდეგ გადავალთ უკვე ბიზნესპროექტებზე.

20-ivnisi-1657524776.jpg

- ანუ ამ გეგმის შემუშავების შემდეგ ბიზნესმენებს უკვე კონკრეტულ საქმეებს შესთავაზებთ?

- დიახ, ვუჩვენებთ როგორც მომავალ პარტნიორს, და ვეტყვით: ნახეთ, კვლევები ჩატარებულია, პროექტები დადებულია და თქვენი საქმე დაზღვეულია ყველაზე მაღალი კვალიფიკაციით-თქო. ამას წესით, სახელმწიფო უნდა აკეთებდეს, მუნიციპალიტეტებს ამის ფუფუნება არა აქვთ. ამით დიდ ბიძგს ვაძლევთ ბიზნესის განვითარებას. საერთოდ, განვითარება ხომ ასე ხდება - ექსპერტულად, ცოდნაზე, ინფორმაციაზე დაყრდნობით. ჩვენ ჩავატარეთ რეგიონული კვლევა, რომლითაც გამოიკვეთა ტურიზმი და სოფლის მეურნეობა როგორც პერსპექტიული დარგები, სადაც ბიზნესი დაზღვეული იქნება, დაინახავს პასუხისმგებლიან მიდგომას. მჯერა, წალენჯიხა, ეს მცირე ბიუჯეტის მქონე მუნიციპალიტეტი, აუცილებლად მიაღწევს სოლიდურ შედეგებს. ასევე მოვუწოდებთ წალენჯიხელებს, დაბრუნდნენ რაიონში და აქ აკეთონ ბიზნესი.

გვაქვს ტრადიციად ქცეული, გაჩერებული ბიზნესი, “დაძინებული” პროექტები, ფაქტობრივად სრული სტაგნაციაა, და ეს უნდა შემოვატრიალოთ. თუ ბიზნესი დაინახავს, რომ ასეთი მიდგომა აქვს მუნიციპალიტეტს და მზა პროექტებით დავხვდებით, რაზეც თვითონ უნდა დახარჯოს დრო, ენერგია და ფული, დარწმუნდება, რომ სწორ გზაზე ვართ, ამიტომ ბიზნესთან ურთიერთობა შედეგიანი იქნება. კიდევ მინდა აღვნიშნო: ერთადერთი რაიონია წალენჯიხა, რომელიც ომის პირობებში დაუმეგობრდა უკრაინის ქალაქს - ეს არის დასავლეთ უკრაინისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი იავოროვი, რომელიც უკვე ორჯერ დაიბომბა. 24 თებერვალს დავუმეგობრდით. ამ ქალაქს უჭირდა ტექნიკური დანადგარები, დიზელ-გენერატორები, რადგან შუქს თიშავენ დაბომბვების გამო. ზურგის ქალაქია, იქ ჰოსპიტალური სექტორი მუშაობს. დიდი იყო ჩვენი რაიონის მოქალაქეთა ჩართულობა ამ პროცესში და წალენჯიხის სოლიდარობისა და განვითარების ფონდი ჩამოვაყალიბეთ. მნიშვნელოვან შენატანებთან ერთად იყო 5-10-ლარიანი შენატანები. 17. 000 ლარი დაჯდა დიზელ-გენერატორი და სხვა რაღაცებთან ერთად იქ ჩავიტანეთ. იქ ნანახით მივხვდი, რატომაა ასეთი მტკიცე უკრაინა: ინსტიტუციურად სახელმწიფო შემდგარია, თვითმმართველობა მუშაობს, დეცენტრალიზაცია განხორციელებულია. ადამიანები პირადად მონაწილეობენ თავიანთი რეგიონის ყველა საქმეში. წარმოიდგინეთ, 49 ავტოშემკეთებელი შეიკრიბა, მათ ფართობი მერიამ მისცა, სადაც ძველ უვარგის ტექნიკას არემონტებენ და ჰუმანიტარული დახმარების გასაგზავნად იყენებენ! 24 საათი მუშაობენ ქალები, კერავენ შვილებისთვის, მეუღლეებისთვის ფორმებს და ა.შ. ვიყავი კიევშიც, ფრონტისპირა ხაზებზეც, და შევხვდი ქართველ მებრძოლებსაც, და ამ დროს გზაში წამომეწია ცნობა აქ ჩატარებული გამოკითხვის შესახებ - თავისუფლება თუ მშვიდობაო?.. უკრაინელები თვალყურს ადევნებენ ქართულ პოლიტიკას და მათთვის ეს კითხვა გაუგებარია. მათთვის თავისუფლების გარეშე მშვიდობა წარმოუდგენელია. უნდა ნახოთ, სამოქალაქო თავდაცვა რა დონეზეა: შვილიშვილები და ბებია-ბაბუები ერთად დგანან და ყველა თავის საქმეს აკეთებს. შემდგარი სახელმწიფოა.

- ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე რას გვეტყვით, თუ გხვდებათ წინააღმდეგობები?

- პროცესს უნდა არეგულირებდეს კანონი და კონსტიტუცია. კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან. რაიონებში ყოფილი კოლმეურნეობების შენობებში იყო საკონცერტო დარბაზები, სააქტო დარბაზები. ასეთი შენობა წალენჯიხაშიც არის და შესაძლებელია, იქ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის შექმნა “მეგობართა კლუბის” დახმარებით. წალენჯიხაში 11 ცნობილი ადამიანი დაიბადა და გაიზარდა, ინტელექტუალთა ქალაქია. ჩავთვალეთ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია წალენჯიხაში ასეთი ცენტრის არსებობა, სადაც სხვა ქალაქებიდანაც ჩამოვლენ ბავშვები. წარმოიდგინეთ, აქ რომ იქნება “თეატრალური სარდაფი”, მანანა დოიჯაშვილის მუსიკალური სკოლა - ხომ ხვდებით, რა დონეზეა საუბარი?!. ჰოდა, მივწერეთ ეკონომიკის სამინისტროს, რომ აუქციონის წესით, და არა ერთ ლარად, იმ მიზნით, რომ გაიხსნას კულტურულ-საგანმანათლებლო ჰაბი (თან ამასვე მიებას ტურიზმიც), შენობა გაეყიდათ აუქციონზე. ამაზე კარგი საქმე რა იქნება?.. აბა, ნავთობს წალენჯიხაში ვერ მოიპოვებთ... მივწერეთ ეკონომიკის სამინისტროს და მოგვწერეს მშრალი უარი; ერთ-ერთ მიზეზად მოყვანილი იყო დევნილების სამი ოჯახის საკითხი, რომლებიც იქ ცხოვრობენ, მაგრამ ეს არ იყო რეალური მიზეზი. მსგავსი რამ უნდა განისაზღვროს საინვესტიციო პირობებით და ჩვენი ინვესტორი მზად არის, ეს საკითხიც მოაგვაროს. დიალოგიც არ შემდგარა. გავგზავნეთ განმეორებითი წერილი და ვთქვით, რომ ეს იქნებოდა აუქციონის წესით და კიდევ ერთხელ აღვწერეთ ის სიკეთეები, რომლებიც ამას მოჰყვება... მაინც ველოდები, რომ ეს თანამშრომლობა შედგება. ოპოზიციური თვითმმართველობა გამოწვევაა სახელმწიფოს დემოკრატიის ხარისხის შესაფასებლად და მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ ეს გაიაზროს. თუ ეს თანამშრომლობა შედგება, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ძალიან სწრაფად წავა წინ და სწორი მიდგომა მოსახლეობაზე აისახება. მოვუწოდებ კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ და ქვეყანაც ასე განვითარდება. ეს ქვეყანა ყველასია და ეს მუნიციპალიტეტი წალენჯიხის მოსახლეობას უნდა ემსახურებოდეს.

- ალბათ გუბერნატორთანაც გაქვთ შეხვედრები. მასთან როგორი კომუნიკაცია გაქვთ?

- უამრავი საკითხია, რომელიც ჩვეულებრივად წყდება. ბიუჯეტი მიბმულია ცენტრალურ ბიუჯეტზე. ხშირად გვაქვს ისეთი სიტუაცია, როდესაც მაღალი თანამდებობის პირები, მინისტრები, მათი მოადგილეები ჩამოდიან და არა აქვთ მერთან კომუნიკაცია. მოვუწოდებ მათ, ეს არ გააკეთონ. ყველაზე მეტი ზრუნვა იმ მუნიციპალიტეტისკენ უნდა მიმართონ, სადაც აღმოჩნდა, რომ მოსახლეობა არ არის კმაყოფილი მათი მუშაობით და ყურადღების მიღმა იყო დარჩენილი. იგრძნონ პასუხისმგებლობა და გამოიჩინონ მაღალი პოლიტიკური კულტურა. გვაქვს პროექტები და დაინტერესებული ვართ, მეტი განათლება დავნერგოთ. მაგალითად, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა კოკა თოფურიამ შემოგვთავაზა განათლების ამაღლების მიზნით დახმარება. თუნდაც კანონი სპორტის შესახებ ითხოვს, რომ სკოლაში სპორტის მასწავლებლები იყვნენ სერტიფიცირებულები, ამიტომ მივმართეთ რესურს-ცენტრს, რომ ჩართულიყო ამ პროცესში. დარბაზი შეავსეს ახალგაზრდებმა და არც ერთი პედაგოგი ამ ღონისძიებას არ დაესწრო. რესურს-ცენტრი უზღუდავს საკუთარ პედაგოგებს სერვისებთან წვდომას. მაგალითად, მამუკა ხაზარაძის თანადგომით, 3-დღიანი წიგნის ფესტივალი გაიმართა. შესანიშნავი დღეები იყო, როდესაც მკითხველები, გამომცემლები, ავტორები ერთმანეთს ხვდებოდნენ. მართლა დღესასწაული იყო, აფხაზეთის თემატიკის ჩათვლით, და ტრადიციად დამკვიდრდება ეს დღესასწაული, ყოველ წელს ჩავატარებთ. ჰოდა, წარმოიდგინეთ, არც ერთი პედაგოგი არ დაესწრო წიგნის დღესასწაულს! ამის შემდეგ რაზე უნდა ვისაუბროთ?.. ავტორიტარიზმია განათლებაში, სკოლაში - ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია. ამიტომ ვაპირებ, განათლების მინისტრს წერილით მივმართო და შევხვდე კიდეც. საინტერესოა, ეს რაიონის რესურს-ცენტრის პოლიტიკა თუ “ცენტრალური” მიდგომაა.

- როგორც ვიცი, საპროტესტო აქციებისთვისაც იცლით. მოკლედ მოგვიყევით, როგორია თქვენი ჩვეულებრივი დღე.

- დღე და ღამე გზაში ვარ. დღე წალენჯიხაში, არასამუშაო დროს შეხვედრები. მაგალითად, გუშინ შევხვდი თემურ ჭყონიას, რომელმაც ახალი წლის დღეებში დიდი დღესასწაული მოუწყო წალენჯიხელებს, და მისგან ერთი პროექტით წამოვედი. მამუკა ხაზარაძეს, ლევან ცუცქირიძეს, თემურ ჭყონიას - ასეთ ადამიანებს საქმეში უნდა ხედავდე, რომ დაინახო, როგორ უყვართ ქვეყანა და როგორი თავდადებულები არიან დიდი მოქალაქეები. ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ბევრი ფიქრობდა, რომ ჩაცხრებოდა ეს ენთუზიაზმი, მაგრამ წალენჯიხის მერი და მისი მეგობრები სულ ვმუშაობთ. რაც შეეხება აქციებს - ჩემი ერის შვილი ვარ. ახალგაზრდობიდან ჩართული ვარ ამ პროცესებში, ასევე - 9 აპრილის მონაწილე. ჩემი ამომრჩევლის აზრი და ჩემი მკაფიო პოზიციაა, ევროპა არის სამართლიანი მიზანი - “შინ ევროპისკენ!” ეს არის ის არჩევანი, რომელიც უნდა გავაკეთოთ, თუ გვინდა, რომ წინ წავიდეთ.

თეა ხურცილავა