ვინ იყო კოტე მარჯანიშვილის შვილი - გზაპრესი

ვინ იყო კოტე მარჯანიშვილის შვილი

რეჟისორ კოტე მარჯანიშვილსა და მოსკოვის მცირე თეატრის მსახიობ ნადეჟდა ჟივოკინას ერთადერთი შვილი კონსტანტინე (კოსტია) ჰყავდათ, რომელმაც თავისი საქმიანობა თეატრალურ სამყაროს არ დაუკავშირა. ის მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი გახლდათ. მართალია, მამა-შვილს საერთო პროფესია არ ჰქონდა, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ ორივეს თითქმის ერთნაირი "ხვედრი" ეწია...

კონსტანტინე მარჯანიშვილმა 1924 წელს სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და ერთ წელიწადში საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატმა გერმანიაში საპროფესორო მოღვაწეობისთვის მოსამზადებლად გაგზავნა. საქართველოში დაბრუნებული კონსტანტინე მარჯანიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიკო მუსხელიშვილმა ასისტენტად აიყვანა. პარალელურად ის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (დღეს ტექნიკური უნივერსიტეტი) უმაღლესი მათემატიკისა და თეორიული მექანიკის კურსებს კითხულობდა. კონსტანტინე მარჯანიშვილი აქტიურად მონაწილეობდა მათემატიკის ინსტიტუტის დაარსების იდეასა და შემდგომ მის საქმიანობაში. 1933 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, კოსტია დედასთან ერთად საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა და სიცოცხლის ბოლომდე იქ, მათემატიკის ინსტიტუტში მუშაობდა.

"წარსული მომავლისთვის" - რუსთაველის ეროვნული თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლის, აკაკი კუჭუხიძის პროექტია, რომლის მიზანი მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში რუსთაველის თეატრში ნამოღვაწარი ვარსკვლავებისა და დღეს უკვე მივიწყებული სახელების გახსენებაა. ბოლო რამდენიმე თვეა, აკაკი კუჭუხიძე ფოტო და დოკუმენტურ მასალას ამუშავებს, რომელიც უახლოეს მომავალში ორ ტომად გამოიცემა. პირველი ნაწილი დაეთმობა მარჯანიშვილის, ხოლო მეორე - რუსთაველის თეატრს. წლების განმავლობაში ის თავად იყო და არის ქართულ თეატრში მიმდინარე პროცესების მომსწრე და მემატიანეც. პროექტში მისი მონათხრობი ასევე ეყრდნობა სხვადასხვა რეჟისორისა და მსახიობის ნაამბობს. სწორედ ასე "აიგო" ჩვენი დიალოგიც კოტე მარჯანიშვილის ცოლ-შვილის გარშემოც.

აკაკი კუჭუხიძე:

- კონსტანტინე კონსტანტინეს ძე მარჯანიშვილი რეჟისორის ერთადერთი შვილი იყო, რომელიც მას ახალგაზრდობაში შეეძინა მცირე თეატრის, ჟივოკინების დინასტიის წარმომადგენელ არაჩვეულებრივ, ულამაზეს მსახიობ ნადეჟდა ჟივოკინასთან. წყვილი მოსკოვში ცხოვრობდა. მარჯანიშვილი მთელ რუსეთში დადიოდა, სპექტაკლები რომ დაედგა, ცოლ-შვილი რომ ერჩინა და ამის გამო მას თავის შვილთან ხშირი და ახლო ურთიერთობა არ ჰქონია. შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. 1921 წელს მარჯანიშვილი საქართველოში რომ ჩამოვიდა, ცოლად შეირთო ელენე დონაური. მიუხედავად ამისა, ნადეჟდა ბოლომდე აღმერთებდა მარჯანიშვილს, ამ უნიჭიერეს, უნიკალურ რეჟისორს და კარგად იცოდა მისი ფასი...

კონსტანტინე-უმცროსს მათემატიკური მეცნიერებისადმი განსაკუთრებული ნიჭი ადრეული ასაკიდანვე აღმოაჩნდა. მეცნიერებაში მთლიანად იყო ჩაძირული. დედა-შვილი მოსკოვში ცხოვრობდა. კონსტანტინე იქვე გარდაიცვალა. მისი მეუღლეც მეცნიერი იყო, მოსკოველი ელენა ბურლაკოვა. ისინი ერთად არ ცხოვრობდნენ, მაგრამ ეს იყო დიდი, "პლატონური სიყვარული". კონსტანტინეს შთამომავლობა არ დარჩენია.

- როგორც ჩანს, კონსტანტინე თეატრით დაინტერესებული არ ყოფილა...

- ასე ვერ ვიტყვით, თეატრი ყოველთვის იყო მის ცხოვრებაში, ოღონდ ის მაყურებლის ამპლუაში რჩებოდა. მოსკოვის თეატრებში ხშირად დადიოდა, პირადად მე ორჯერ შევხვდი, ერთხელ საქართველოში, მეორედ - მოსკოვში. კონსტანტინე შვებულების დროს ყვარელში, მამისეულ სახლში ჩამოდიოდა. ნათესავები ავტობუსს ქირაობდნენ და მთელი კვირით იქ ერთად მიდიოდნენ. ორსართულიან სახლში თაღოვანი სარკმლებია და რამდენჯერაც იქ ჩავსულვარ, სკამზე დავმჯდარვარ და მიყურებია, როგორ ჩანს სარკმლიდან დათოვლილი კავკასიონი. ეს მართლაც საოცარი სილამაზეა!.. როცა კონსტანტინე საქართველოში ჩამოდიოდა, სთხოვდნენ, ესა თუ ის სპექტაკლი ენახა, მაგრამ მამისეულ სახლს ვერ სცილდებოდა და თავისი შვებულების დიდ ნაწილს ყვარელში ატარებდა. იქ თავისი მაგიდაც ჰქონდა და მუშაობდა. მშვიდი, თბილი ადამიანი იყო და მამამისზე ლაპარაკს რომ იწყებდა, თვალზე სულ ცრემლი ადგებოდა.

1-1657635032.jpg

მეორედ მას 1977 წელს მოსკოვში შევხვდი, სადაც მარჯანიშვილის თეატრს დიდი გასტროლი ჰქონდა. მოსკოვის საბჭოს სახელობის თეატრში, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო საღამო გაიმართა, სადაც მარჯანიშვილის თეატრის წარმომადგენლები მიიწვიეს. ჩვენი კლასიკოსი მწერლები პრეზიდიუმში იყვნენ წარმოდგენილი, კოსტია მარჯანიშვილი ჩემ გვერდით იჯდა და ვკითხე, რატომ არ იმყოფებოდა ისიც მათ გვერდით? პრეზიდიუმში ჯდომა არ მიყვარსო, - მორიდებით მიპასუხა. მაღალი დონის მეცნიერი, უბრალო და თავმდაბალი კაცი იყო, იმდენად, რომ ფეხზე "სანდალი", ხოლო ტანზე მოკლე შარვალი ეცვა, კოჭის ზევით... მერე მარჯანიშვილის თეატრის ამბებით დაინტერესდა, ვერიკო ანჯაფარიძე, აკაკი ვასაძე მოიკითხა. წლები რომ მოემატა და დაუძლურდა, ელენა ბურლაკოვა კი აკითხავდა, მაგრამ მაინც სიმარტოვეში გარდაიცვალა. სახლმმართველმა მილიცია გამოიძახა, კარი შეანგრიეს და ისე შევიდნენ გარდაცვლილის ბინაში. ჩვენ ეს ამბავი ბურლაკოვამ გვაცნობა. ბედად ისე მოხდა, რომ ორივე მარჯანიშვილის ფერფლი ჩამოასვენეს, როგორც მამის, ისე მისი შვილის. ორივე დაწვეს და ორივე მარჯანიშვილი ასე "დაბრუნდა" თავის ქვეყანაში... მოსკოვში, კოტე მარჯანიშვილის პანაშვიდი მცირე თეატრის ფოიეში გაიმართა. მარჯანიშვილის თეატრიდან გაგზავნეს დეპეშა, ჩვენ მოვდივართ, გვამი არ დაწვათო, მაგრამ ვერ ჩაასწრეს, დელეგაცია რომ ჩავიდა, მისი ნეშტი უკვე ფერფლად იყო ქცეული... კოტე მარჯანიშვილი მატარებლით რომ ჩამოასვენეს, უამრავი ადამიანი დახვდა თბილისის სადგურში და ფეხით გაუყვნენ გზას მარჯანიშვილის თეატრისკენ. ადმინისტრატორმა ლორის-მელიქოვმა მიამბო, სანდრო ახმეტელი დარბაზში პირველ რიგში, შუაში თავჩაღუნული იდგა და მთელი საათი არ განძრეულაო. ახმეტელი წუხდა, თავის მასწავლებელთან ურთიერთობაში მას ბევრი რომ შეეშალა...

რეჟისორის ნეშტის ურნა ოპერის ბაღში, მარჯვენა მხარეს, ფანჩატურში შედგეს. რამდენიმე წელი ეს თეთრი მარმარილოს ურნა, ხუფით, ქართული წარწერით "კოტე მარჯანიშვილი" და დაბადება-გარდაცვალების თარიღით იქვე იდგა, მაგრამ შემდეგ დადგა მთაწმინდაზე მისი გადასვენების საკითხი. სანდრო მრევლიშვილს არაჩვეულებრივი ნარკვევი აქვს ამ თემაზე. ის საუცხოოდ წერდა და ეს ნოველა "ნიავწანწალაც" შესანიშნავია. სრულიად პატარა სანდრო მამამისმა მარჯანიშვილის გადასვენებაზე წაიყვანა. ფერფლიან ურნას მთაწმინდაზე ქართული თეატრის მოღვაწეები მიაცილებდნენ. ერთ-ერთმა, რომლის ვინაობას სანდრო არ ასახელებს, "ფეხი წამოჰკრა", დაეცა და ურნა ხელიდან გაუვარდა. ბედად, არ გატყდა, მაგრამ მარჯანიშვილის ფერფლი ოპერის ბაღში დაიფანტა, ნიავმა კი ის მთელ რუსთაველზე მიმოაბნია. სწორედ ამიტომ ჰქვია ნარკვევს "ნიავწანწალა" და ის სანდროს გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე გურამ ბათიაშვილმა თავის ჟურნალში დაბეჭდა. რაც შეეხება კოსტია მარჯანიშვილს, ვიცოდით, ის რა დღესა და საათზე უნდა დაეწვათ მოსკოვში. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები ფოიეში შევიკრიბეთ და მერაბ ბერძენიშვილის არაჩვეულებრივ ძეგლთან გავატარეთ ის რამდენიმე წუთი, როცა მის ცხედარს მოსკოვში ფერფლად აქცევდნენ.

konstantine-qvarelis-skolis-moscavleebtan-stumrad-1657635002.jpg

- როგორ წარიმართა თბილისში რეჟისორის შვილის ჩამოსვენებისა და ფერფლის დაკრძალვის ეს პროცესი?

- მეცნიერები დახვდნენ. ფერფლი მათემატიკის ინსტიტუტის ფოიეში დაასვენეს. პანაშვიდზე მარჯანიშვილის თეატრი დიდი გვირგვინით მივიდა, იქვე იყო მთელი თეატრალური საზოგადოება. მერე მათემატიკის ინსტიტუტიდან დიდი პატივით გაასვენეს და დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. საფლავზე მაღალ კვარცხლბეკზე მისი ბიუსტი დგას... აი, ასე, ქართული კულტურის ამ ორი უდიდესი წარმომადგენლის ნეშტი დამწვარია და ერთის ფერფლი მთაწმინდაზე, მეორის კი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია.

ანა კალანდაძე