"საზოგადოება არ არის მზად რადიკალური ცვლილებებისთვის" - გზაპრესი

"საზოგადოება არ არის მზად რადიკალური ცვლილებებისთვის"

პოეტი ტარიელ ხარხელაური ცდილობს, რომ ოპტიმისტი იყოს, მაგრამ სიტუაცია ამის საფუძველს არ აძლევს. მისი თქმით, ერთადერთი იმედი ახალი თაობაა, რომელიც როგორმე უნდა დისტანცირდეს პოლიტიკური სივრცისგან...

- ეს დღეები თვალს ვადევნებ, თუ როგორ გადადის ქვეყნის მომავალი თაობა ცხოვრების ახალ ეტაპზე. ასეა ყოველ წელს, ახალი იმედი იბადება მათი სახით, მაგრამ შემდეგ ჩვენ, უფროსი თაობა, პოლიტიკოსები თუ უბრალოდ ადამიანები მათ სილაღეს ვაცლით, ფრთებს ვაჭრით, ამ ცხოვრების შავბნელ მორევში ვითრევთ და მხოლოდ იმ ემოციებს ვუტოვებთ, რაც გამოცდების ციებ-ცხელებას თან სდევს ხოლმე. წლების განმავლობაში დამკვიდრებული, ჩვენს ცნობიერებაში ღრმად ჩაკირული თვისებების გამოა, რომ ეს ნიჭიერი, მოტივირებული, ნაშრომ-ნაწვალები ბავშვები თავმოყვარეობის შემლახველ ანაზღაურების ფასად მუშაობენ... ასეთი დამოკიდებულება ენთუზიაზმს, მოტივაციას, შემართებას უკლავს თაობებს, რაც ჩვენს საზოგადოებაში ისევ გროვდება. არ იფიქროთ, რომ სადმე მიდის... მერე ისევ იმედგაცრუებული, უშედეგო ბრძოლისგან გადაღლილი ბავშვები ცდილობენ, დროულად გაეცალონ აქაურობას. სამშობლოსგან გადახვეწილები სხვა, ნორმალურ ქვეყანაში იწყობენ ცხოვრებას; იქ, სადაც პერსპექტიული მომავალი ელოდებათ. იქაც მუშაობენ დღე და ღამე, ზოგჯერ მხოლოდ 3-4 საათი სძინავთ, მაგრამ არაფერს უშინდებიან, რადგან იციან, შრომა, სწავლა, ნიჭიერება, მონდომება დაუფასდებათ და ფეხზე მყარად დადგომას შეძლებენ... ამას ხედავენ სხვები და ცდილობენ უკანმოუხედავად წავიდნენ და ასე, ოცდაათ წელზე მეტია, ერთ წრეზე ვტრიალებთ და ვერაფერს ვცვლით... ასე რომ, ემოცია მხოლოდ ბავშვებისგან კი არა, მთელი ქვეყნიდან უნდა მოდიოდეს, ყველას იმედის თვალი მათკენ უნდა იყოს მიპყრობილი, რადგან მათზე ბევრია დამოკიდებული. მათ შესაბამისი კი არა, საკმარისზე მეტი განათლება უნდა მიიღონ, ისეთი, როგორიც დღევანდელობას სჭირდება, რათა რამე შეცვალონ, ეს წრე გაარღვიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ ამ მღვრიე მდინარეში ვიქნებით მოქცეული, ისევ სინანულსა და ვაი-ვიშში, რომ ვერაფერს ვცვლით. საშველი მხოლოდ განათლებაშია. ახალი თაობა გულისხმიერებით უნდა მოეკიდოს ცოდნას, სწავლას. ამ მძიმე რეალობაში მხოლოდ სკოლის ან უნივერსიტეტის მიერ მიცემული განათლება არ არის საკმარისი, მეტი გვჭირდება, რათა ქვეყანა, ხალხი, გარემო, რომელშიც ცხოვრობენ, სხვაგვარად დაინახონ...

- თქვენი აზრით, ვინ უნდა მისცეს უფრო მეტი?

- ჩვენ რომ ვერ მივცემთ, ეს აშკარაა. საზოგადოება არ არის მზად რადიკალური ცვლილებებისთვის, რეფორმებისთვის. ამიტომ თავად უნდა მოინდომონ. ჩვენი, მამების, პაპების შეცდომებით და კარგი მაგალითებით უნდა იხელმძღვანელონ. ცუდის კვალდაკვალ, რაღაც კარგიც ხომ გვიკეთებია?! თუმცა, ისიც აშკარაა, რომ ცოდნითა და ინტელექტით ქვეყანას ისე ვერ ვემსახურეთ, როგორც საჭირო იყო. საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომ ვამბობ, ამ თაობას ისეთი მემკვიდრეობა დავუტოვეთ, რომ მხოლოდ სტანდარტული საგნები არ არის საკმარისი ფონს გასასვლელად.

- "შინ ევროპისკენ" დაწყებულ აქციებში ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩაბმული. საზოგადოების ნაწილი მოელის, რომ ისინი პოლიტიკოსებისგან დისტანცირებას შეძლებენ და ეს რაღაც ახლის დასაწყისი იქნება. გჯერათ ამის?

- ძალიან მეეჭვება, რომ მათ პოლიტიკოსებისგან დისტანცირება შეძლონ, რადგან ისინი ადამიანების გამოყენებაში გამოწვრთნილები არიან... თუ მათ გულწრფელად სჯერათ და სწამთ, რომ ჩვენი ხსნა და მომავალი ევროკავშირშია, მაშინ ერთადერთი, რაც უნდა გააკეთონ - პოლიტიკური ველი გაათავისუფლონ, რათა სხვას, უფრო ობიექტურ, ქვეყანაზე მზრუნველ ადამიანებს დაუთმონ გზა. ამ პოლიტიკურ სივრცეში, ვერც მე და ვერც სხვა ვერ ხედავს ქვეყნის გზას. საჭიროა ახალი ძალა. ეს არ არის ხალხი, ის გუნდი, ვინც ამ ახალგაზრდებს წინ წარუძღვება, რადგან ეს ის პოლიტიკოსები არიან, ვინც ხალხისა და ქვეყნის ღალატს მიეჩვივნენ, ამით გაიკვალეს გზა და ამაში გაწაფავენ იმ ახალგაზრდებსაც, რომელთა ნდობის მოპოვებასაც ახლა ცდილობენ. თავიანთი გზის სიმართლესა და ჭეშმარიტებაში დააჯერებენ მათაც, ეს ნამდვილად შეუძლიათ... ამიტომ, ახალგაზრდებს ახლა სიფხიზლე სჭირდებათ, ეროვნულად მოაზროვნე კაცი, რომელიც მათ სათავისო გეგმის კი არა, ქვეყნის გადარჩენის გზას შესთავაზებს; ამ ბავშვებს დაუგდებს ყურს, თუ რა გზას ხედავენ გადარჩენისთვის, რა მიაჩნიათ გამოსავლად... მათ თვალყურის მადევნებელი კაცი სჭირდებათ, თორემ ვინმეს ჩარევა კი არა. თუმცა, სწორედ ისაა ჩვენი პრობლემა, რომ ასეთი კაცი არ გვყავს.

ფუტკრებს ბევრ რამესთან ერთად, საუკეთესო მეთოდი აქვთ - დედა თავად გამოჰყავთ, რომელიც სკაში მთავარ როლს განსაზღვრავს. ხანდახან ვფიქრობ, ეს მეცნიერებისთვისაც ამოუხსნელი ფენომენი, ფუტკარი, თავის უმცირეს დეტალებში გათვლილი სწორი ცხოვრების წესით, კაცობრიობის მაგალითია, მაგრამ ჩვენ მწერს კი არა, კლასიკოსებს არ ვიზიარებთ ბოლომდე... არადა, რომ მოვინდომოთ, ქართველ საზოგადოებაში, თუნდაც იმ ახალგაზრდებს თავიანთ წიაღში, ნამდვილად არ გაუჭირდებათ ისეთი ადამიანის პოვნა, ვინც აგრესიით, რევანშითა და შურისძიებით კი არა, სიყვარულითა და სიმშვიდით იმოქმედებს. "დაგამთავრებთ", "მოგსპობთ", "გადაგაგდებთ" - უკვე საკმარისად ვისმინეთ და ვნახეთ. ახლა ისეთი ვინმე გვჭირდება, ვინც ყველაზე მაღლა იდგება, მისთვის ყველაფერზე მთავარი სამშობლოს მზე უნდა იყოს. ეს არ არის პათეტიკა, გამოსავალია ჩვენი უიმედო აწმყოდან, რომელსაც მომავალი არა აქვს... დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში ისეთი ბურუსი და ნისლია, რომ გამოუცდელ ახალგაზრდას კი არა, ჭკუადამჯდარ კაცსაც გაუჭირდება ვითარების აღქმა და უფრო ცუდის თავიდან აცილება.

- ამ ახალგაზრდებს ბრძოლის ჟინი აქვთ...

- დიახ, და ის არ უნდა დაიკარგოს, ამისთვის კი საჭიროა, იმ "მრავლისმნახველ" პოლიტიკოსებს გაემიჯნონ... დღეს ვინც ხმაურობს და აქტიურობს, მის იმედად თუ ვიქნებით, მომავალი ახლა კი არა, გრძელვადიან პერსპექტივაშიც არ გვექნება. ამიტომ, ლოდინის დრო არ არის...

შიგნით თუ გარეთ, ათასი განსაცდელია, ესენი ერთმანეთს ერთ ნაბიჯსაც არ უთმობენ, თითქოს მხოლოდ საკუთარ თავზე აგებდნენ პასუხს და არა - ქვეყანაზე, მის მომავალზე. ევროპელი პარტნიორები თავიანთი დიპლომატიით გვეუბნებიან, - დაფიქრდით, ერთმანეთს ნუ ჭამთ, ამით ქვეყანას აზიანებთო. ეს იმათ კი არ უნდა გვითხრან და გვასწავლონ, თავად, მათი კარნახის გარეშე უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ერთმანეთთან საუბარს ვერ ვისწავლით, საშველიც არ გამოჩნდება. ეს განა არ იციან, მაგრამ მათი ყოფისთვის ასე უფრო ხელსაყრელია და ამითაც კმაყოფილი არიან... ევროპა გვეუბნება: ერთმანეთთან კამათის კულტურა არ გაქვთ, ამდენი წელია, ჩხუბსა და აყალმაყალში ხარჯავთ ენერგიასო. ასე არაა?!. შეიძლება ვცდები, მაგრამ ამას ევროპისგან არ უნდა ვსწავლობდეთ, პირიქით, ევროპამ უნდა ისწავლოს ჩვენგან ბევრი რამ. ვაჟა-ფშაველას მთელი შემოქმედება კაცის სიყვარული, არაა?.. ბუნების ენის მოსმენა, მტერშიც კი ღირსების დანახვა, მიტევება, პატიება, ჰუმანიზმი, განსხვავებული აზრის პატივისცემაა არაა?!. რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი", ქართველი კაცის კი არა, კაცობრიობის კოდექსია. ამ ერს თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, ვიღაცის დარიგება არ უნდა სჭირდებოდეს იმისთვის, რომ გაიაზროს: განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, მტრად არ უნდა მოეკიდო მას, რადგან ამით საზოგადოებასაც აზიანებ. რომელ დეპოლარიზაციაზე ვსაუბრობთ, როდესაც "პოზიცია"-ოპოზიციამ თავის მომხრეებს ისე შეაძულა ერთმანეთი, რომ ლამის შთამომავლობას გადაეცეს ეს მტრობა... კიდევაც რომ მოეცათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ჩვენ მზად ვიყავით იმ კარის შესაღებად?.. ხომ ვხედავთ, რამხელა განსხვავებაა. მაგრამ - არა, მოგვწონს, რომ გვამასხარავებენ. ერთი გვეუბნება, - ჯერ მზად არ ხართო, მეორე საწინააღმდეგოს ამბობს, - როგორ არა, საკმარისად კარგები ხართ, რომ ჩვენს ოჯახში მიგიღოთო. საზოგადოება დაბნეულია, არ იცის, რომელს დაუჯეროს. ამ დაბნეულობამ, გაურკვევლობამ, ერთ ადგილას ყოფნამ დაგვღალა, იმედი და ოპტიმიზმი წაგვართვა...

იმდენი რამ ვნახეთ, გამოვიარეთ, რომ უკვე დროა, რაღაცებს არ შევეგუოთ. ამ ახალგაზრდებმა, როდესაც თავიანთ სტუდენტურ მაგიდებს მიუსხდებიან, უკვე უნდა იფიქრონ იმაზე, რომ სხვას, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე მზრუნველ ამ პოლიტიკოსებს აღარ მისცენ უფლება, მათი მომავალი გადაწყვიტონ. აქედანვე უნდა დაიწყონ ფიქრი ხვალინდელ დღეზე... როცა ადამიანს საკუთარი ძალის რწმენა არა აქვს, ადვილი სამართავი ხდება, იმიტომ, რომ მხოლოდ გადარჩენაზე ფიქრობს. ჩვენი თაობა უკვე შეგუებულია იმას, რომ ამ რეალობაში კარგა ხანს მოუწევს ცხოვრება...

122428713-3425741397512538-3196246719883763821-n-1657635647.jpg

- თქვენ შოთა რუსთაველსა და ვაჟაზე ისაუბრეთ, რომელთა შემოქმედება თავისი მორალით კაცობრიობის კოდექსი შეიძლება იყოს, მაგრამ საქმე ის არის, რომ ჩვენს ყოველდღიურობაში ვერ დავნერგეთ. რატომ?

- ამას წინათ ნიკოლოზ წულუკიძე მყავდა სტუმრად, მისი ტრაგედია ყველამ ვიცით ისე, როგორც ჩემი... მე, როგორც შემეძლო, ისე ჩავიხუტე ეს უსაყვარლესი ადამიანი... ყველაფერი შეიძლება მოხდეს ცხოვრებაში, ისეა ეს სამყარო მოწყობილი, მაგრამ მთავარია, ტრაგედიის, დიდი განსაცდელის შემდეგ როგორ შეხედავ ამ ყველაფერს, შენს თავს, გარშემო მყოფებს, საით წახვალ, რა გზას აირჩევ... მე ტკივილი დღემდე არ გამნელებია და იმ ქვეყნად ამ დარდთან ერთად წავალ, მაგრამ მანამდე მახსოვს, რომ დავით გურამიშვილი და ვაჟა-ფშაველა იყვნენ ჩემი მასწავლებლები, განსხვავებული პედაგოგები მყავდნენ. ქართველი კაცის ბუნება შურისძიებაზე აგებული არასდროს ყოფილა... პატიება და დათმობა სხვისგან სასწავლებელი არასდროს გვქონია, მაგრამ დავკარგეთ. დავივიწყეთ. ამიტომაც ვდგავართ ახლა ქუჩაში, რუსთაველის მოედანზე. არადა, ის საჯილდაო ადგილი სულაც არ არის, იქ "ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად" კიდევ უფრო მძაფრად რომ გააცნობიერო, ამისთვის უნდა ჩაიარო, "ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია" კიდევ ერთხელ უნდა გაიხსენო, სხვანაირი კაცი უნდა გახდე, იმაზე უკეთესი, ვიდრე მანამდე იყავი და არა იმისთვის, რომ შენიანს, რომელიც სხვა პოლიტიკურ ბანაკშია, გამუდმებით უმტკიცო, შენზე ძლიერი ვარ და მოგერევიო... მთაწმინდას რომ გახედავ, მათ წინაშე ქედი უნდა მოიდრიკო, რადგან ჩვენი ნაუბარი ესმით, ბოლოს და ბოლოს, დიდი ილია წევს იქ, ვაჟა, გალაკტიონი... ჩვენს ისტორიას გადავხედოთ - მაშინ გვქონდა პრობლემები, როდესაც ერთად არ ვიყავით. გარე მტერი სულ გვყავდა და კიდევ გვეყოლება, ასეთია საქართველოს ბედი, მისი გეოგრაფიული მდებარეობისა და სხვა ფაქტორების გამო, მაგრამ ისიც ხომ ვიცით, რომ დავით აღმაშენებელმა მხოლოდ ერთიანობით შეძლო ქვეყნის გაერთიანება... ქართველი კაცი ყოველთვის განსხვავებულად მღეროდა, ცეკვავდა, ლოცულობდა, ღმერთების ცეკვას უწოდებენ მას, კახური მრავალჟამიერი იმედს გვაძლევს. არადა, მშვიდობაში არ არის დაწერილი, მაგრამ კახელი მას გულგატეხილი არ მღეროდა. მრავალი მაგალითის "მოგროვება" შეგვიძლია, რომ ერთი იდეის გარშემო შევიკრათ, მაგრამ - არა, პოლიტიკოსების დღის წესრიგში ეს არ დგას. ჩვენ ვერაფერმა შეგვაჯანჯღარა...

- თუმცა, დაღმართს ყოველთვის მოჰყვება აღმართი, არა?

- კი, მაგრამ ძალიან ნელა მივდივართ ამ აღმართზე. ერთ ნაბიჯს წინ თუ გადავდგამთ, ორით უკან არ უნდა დავიხიოთ. ჩვენ კი ოცდაათი წელია, ასე ვაკეთებთ. ხანდახან უკან დახევა საჭიროა, მაგრამ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, ღირდა უკან დახევა თუ არა, თორემ ასე ვერასდროს ავივლით იმ აღმართს, რომელსაც გამარჯვება ჰქვია. არადა, უნდა მივიდეთ იქამდე, სხვა გზა არ გვაქვს... ამ თაობამ თავის თავში უნდა იპოვოს ის ეროვნული მუხტი, რომელიც აღმართს აგვატარებს. მე ხშირად ვხვდები ახალგაზრდებს და ვგრძნობ, მათ ნამდვილად უყვართ ქვეყანა. როდესაც სკოლაში შევდივართ, მათ თვალებში ვკითხულობ ამას. მთავარია, მათაც არ გაუხუნონ ეს განცდები, როგორც ეს არაერთხელ გავაკეთეთ... ის, რაც ქართველ კაცს დასაბამიდან დღემდე მოჰყვა, უნდა შევინარჩუნოთ. მიტევებით, მოყვასისადმი სიყვარულით, ბრძოლის შეშლილი ჟინით რომ არ ვყოფილიყავით გამორჩეული, ვერც ტატოს "მერანი" დაიწერებოდა, ვერც ილიას "რა გითხრათ, რით გაგახაროთ", ვერც აკაკის "გამზრდელი" გვექნებოდა. "ვეფხისა და მოყმის" ბალადაში, "ინება ვეფხის დედაი, ჩემზე მწარედა ტირისა, წავიდე, მეც იქი მივიდე, სამძიმარ ვუთხრა ჭირისა" - ამგვარი ნაწარმოებები ცვლიდა ადამიანებს, მაგრამ იმავდროულად, ჩვენი, ქართველი კაცის ბუნების ცხოვრების ნაწილი იყო, ჰაერიდან, ცარიელი ადგილიდან არ გამოუგონიათ. ამას მსოფლიო ლიტერატურაში ანალოგი არა აქვს, ასეთი წარსულიდან მოვდივართ და მაინც უღირსად ვიქცევით. ბავშვებივით ჭკუას გვარიგებენ, გვტუქსავენ, თუმცა დამსახურებულად, ჩვენ კი ცუდი აღსაზრდელებივით ვიქცევით და გამოსწორებასაც არ ვცდილობთ. ეს ყველაფერი მტკივა და გულზე ლოდად მაწევს. გამოსავალი მომავალ თაობაშია, რომელიც იმედია, მხოლოდ კი არ ისაუბრებს, არამედ სიტუაციის გამოსწორებაზეც იფიქრებს.

ლალი პაპასკირი