"სცენა ტაფით" და "ბაქარის" რეალური კოპი
"ჩემი ცოლის დაქალების" მაყურებლებისთვის სერიალის სეზონის ფინალურმა სცენამ, რომელშიც ბიზნესმენის - ბაქარ ორჯონიკიძის ცოლი ქმრისგან ჩაგვრას ვეღარ ეგუება და მოძალადე ქმარს ტაფას ურტყამს თავში, ფურორი მოახდინა. რეალურ სამყაროში, ქალებზე ფიზიკური ძალადობის გამო გაბრაზებულმა ადამიანებმა სერიალის სიუჟეტის ამგვარი განვითარებით გული მოიოხეს. ბაქარის ცოლის - ლელას პერსონაჟმა პოპულარობის პიკს მიაღწია. ამიტომ ლელას როლის შემსრულებელს - მსახიობ ნანცო ცხვირაშვილს დავუკავშირდით...
- სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალები" სეზონის ფინალურ სცენაში, თქვენი პერსონაჟი ქმრისგან ჩაგვრას ტაფის ჩარტყმით პასუხობს. სიუჟეტის ასეთ განვითარებას ელოდით?
- კონკრეტულად, ასეთ განვითარებას, რა თქმა უნდა, არ ველოდი, მაგრამ სცენარში "ხასიათის გამოვლენის" ინსპირაცია ბევრჯერ ვიგრძენი. არ ვიცოდი, როგორი მოქმედების გმირი გავხდებოდი, თუმცა ფაქტია, ჩემს პერსონაჟს - ლელას ქმართან ურთიერთობა ეძაბებოდა და მეუღლეს ან უნდა დამორჩილებოდა, ან - არა.
- მაყურებლებს ერთი სული ჰქონდათ, როდის იფეთქებდა ლელას მეამბოხე სული მჩაგვრელი ქმრის წინააღმდეგ. შესაბამისად, ბოლო ეპიზოდს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საინტერესოა, რეალურ ცხოვრებაში, გარშემო მყოფები რას გეუბნებიან? როგორ გაფასებენ?
- ჩემი აზრით, ამ ფინალურმა სცენამ ფემინისტური ხასიათი მიიღო. თითქმის ყველა, ვინც შემეხმიანა და ქუჩაში შემთხვევით შემხვდა, უცნობი ან ნაცნობი, ლელას მოქმედებით კმაყოფილია. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი. თუ ეს ზოგადი კმაყოფილება მჩაგვრელი ქმრების მიმართ ქალებში დაგროვებულ აგრესიას რეალურად ასახავს, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის. გამოდის, ბევრი ქალისთვის სასურველი საქციელი ჩავიდინე.
- ლელას როლის მოსარგებად ბევრი შრომა დაგჭირდათ?
- შრომა დამჭირდა და ბევრჯერ აღვნიშნე, რომ ეკრანზე ეს ჩემი დებიუტი იყო. პროფესიონალთა გუნდი და ჩემი ძირითადი პარტნიორები - ბუბა მირცხულავა და ქეთი ჩხეიძე (რომელიც საბედნიეროდ, სერიალის გადასაღებ მოედანზე დამხვდა) რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ, ასეთი შედეგის მიღწევა გამიჭირდებოდა. მადლობა ყველას, ვინც ეს გზა გამიიოლა.
- სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ქალზე ძალადობის შემთხვევები ხშირია. თქვენი აზრით, რა არის ქალზე ძალადობის უმთავრესი მიზეზი, რატომ ხდება ამ ტიპის დანაშაული ასე ხშირად?
- ქალების მიმართ ძალადობის თემაზე ხშირად მიფიქრია. ამიტომ, ქუთაისში, ქალთა ფონდ "სოხუმის" აქტივობებშიც ხშირად ვმონაწილეობ, ვწერ შემეცნებით და საინფორმაციო ვიდეოებს, ვხსნი და მეც უკეთ ვერკვევი, რა სახის შეიძლება იყოს ქალზე ძალადობა, რა არის ამის მიზეზი და როგორ უნდა მოვახდინოთ პრევენცია. ამაზე ყველამ ხშირად და ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ, პროფესიის და ასაკის მიუხედავად. მით უმეტეს, ამის გააზრებაში დამეხმარა "ჩემი ცოლის დაქალებში" მონაწილეობა და კონკრეტულად, ჩემი გმირის სიტუაცია. "სცენა ტაფით" - ალბათ, პოპულარული დიდხანს იქნება. იქნებ, ყველამ ერთად - ფილმით, სპექტაკლით, პერფორმანსით თუ საკუთარი ნებისმიერი პროფესიული წრის შესაძლებლობით, ძალადობის პრევენციის სწორი პროპაგანდა მოვახდინოთ, როგორც მამაკაცის, ასევე ქალის მხრიდან.
- საინტერესოა გადაღების პროცესი: რეალურად, ტაფით ხომ არავინ დაშავდა?
- სცენის საბოლოო სახის ეფექტურად მონტაჟისთვის, რამდენიმე დუბლი დაგვჭირდა. ბუბა დაშავდა - კოპი გავუჩინე (იღიმის), თუმცა ორივე ვცდილობდით, ნაკლები ფიზიკური შეხება გვქონოდა, მით უმეტეს - ტრავმა, მაგრამ ტაფა ნამდვილი იყო და არა - ბუტაფორიული. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, დუბლიც - არაერთი... ყველა დუბლისთვის ბოდიში, ბუბა (იცინის)!..
- პოპულარობას გრძნობთ?
- რა თქმა უნდა, ვგრძნობ და ეს სასიამოვნოა. ჩემს პერსონაჟს აქებენ. მეუბნებიან, რომ ტექსტის სიმცირის მიუხედავად, ჩემი პერსონაჟის განცდებს ყოველთვის სწორად გრძნობენ და გულშემატკივრობენ, მაგრამ "ტაფის სცენას", როგორც ქმრისგან შეურაცხყოფილი და დამცირებული ქალის ქმედებების ლოგიკურ დასასრულს, სრული ფურორი მოჰყვა (იღიმის).
- კმაყოფილი ხართ, რომ ეკრანზე პირველად სწორედ ამ ტიპის პერსონაჟით გამოჩნდით?
- ძალიან კმაყოფილი ვარ. სერიალი ყველაზე რეიტინგული იყო და არის. ჩემი პერსონაჟის ტიპს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო იყო: ქალის თემა, ფსიქოლოგიური ძალადობის მაგალითები, ქალის წინააღმდეგობის ძალა და სათქმელი, რომელიც ფინალში გამოჩნდა, ყოველთვის საინტერესო და გამორჩეული "ქეისია".
- ხშირად "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობებს მათ მიერ განსახიერებულ პერსონაჟებთან აიგივებენ. მსგავსი შემთხვევები თქვენც ხომ არ გქონიათ?
- ვინც მიცნობს, ვისთან ურთიერთობაც მქონია, მათ იციან, ლელასგან რადიკალურად განსხვავებული ხასიათი მაქვს, თუმცა სერიალის "ფეისბუკ"-გვერდზე, უცნობი ადამიანების კომენტარებში ხანდახან მსგავსი შინაარსის ტექსტი მინახავს: "ტელეფონს რომ დახამდები, მიიღებ იმას, რაც მიიღე", "უთავმოყვარეო გოგო" (იღიმის)... თუმცა ამ შემთხვევაშიც, გულშემატკივარი უფრო მეტი მყავდა.
- თქვენს პერსონაჟთან რა საერთო და მისგან მკვეთრად განმასხვავებელი თვისებები გახასიათებთ?
- ალბათ, საერთო ის არის, რომ ლელაც რომანტიკულია. ადვილად სჯერა სიკეთის, პატივისცემის. მაგრამ პირადად მე, ხანგრძლივ ურთიერთობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება ასე სწრაფად არ შემიძლია (იღიმის). შეიძლება, ჩვენი საერთო თვისებაა დედაზე მუდმივი ზრუნვაც, ოჯახის სიყვარულიც, უფროსებთან დათმობაც, მაგრამ ჩემთვის მისი მიზნები სრულიად განსხვავებული და უცხოა. ჩემს ხასიათს არც ამდენი ხნით მორჩილება და შეურაცხყოფის ატანა შეესაბამება.
- ამჟამად, რას საქმიანობთ? რამე ახალი შემოთავაზება ხომ არ მიგიღიათ?
- ჩემს მშობლიურ თეატრში, "მესხიშვილში", პიესაზე - "მედეა" ვმუშაობ, რომელსაც ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი - გოგა თავაძე დგამს. მაქვს კოლხი ქალის როლი. სამაგიდო რეპეტიციები საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. პრემიერისთვის მზადება სამ თვეს გაგრძელდება. მყავს შემოქმედებითი გუნდი, რომელთან მუშაობაც ჩემთვის ახალი არ არის. მიხარია, რომ სერიოზული განაცხადისთვის ერთმანეთს ვაძლიერებთ. სამხატვრო ხელმძღვანელისთვის ეს სპექტაკლი ჩვენს თეატრში პირველია და შესაბამისად, ქუთაისელი (და არა მხოლოდ) თეატრალებისგან მოლოდინი დიდია... ასევე, ვაგრძელებ იმ სპექტაკლებში თამაშს, რომელიც "მესხიშვილის" რეპერტუარში იყო და არის... კინოს რაც შეეხება, ჯერჯერობით, რაიმე ახალი ინიციატივა არ მიმიღია, თუმცა ამ გამოცდილების მიღებას სიამოვნებით გავაგრძელებდი.
- მსახიობობის გარდა, კიდევ რას საქმიანობთ?
- ქუთაისში, დაბადების დღის ცენტრში, წამყვანობა შემომთავაზეს. სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან მიყვარს პატარებთან ურთიერთობა, ცეკვა, სიმღერა, მხიარულება და სილაღე, მით უმეტეს, რომ გუნდიც არაჩვეულებრივი და კომფორტული დამხვდა. ბავშვები მჩუქნიან ახალ განწყობებს, ემოციებს და იმ გულწრფელობას, რომელიც დღევანდელ საზოგადოებაში ასეთი დეფიციტურია. მათაც იციან სერიალის შესახებ და უხარიათ, რომ "ნამდვილი" ვყოფილვარ.
- თქვენი მთავარი გულშემატკივარი ვინ არის?
- ოჯახი და მეგობრები. ერთი და მთავარი გულშემატკივარი არ არსებობს (იღიმის).
- თქვენი პროფესიული გზა როგორ გესახებათ? რა მიზნები, გეგმები გაქვთ?
- ჩვენი - მსახიობების პროფესია, ხშირ შემთხვევაში, სხვების (რეჟისორების) გადაწყვეტილებებით და არჩევანით ისაზღვრება. პირადად მე, მზად ვარ ახალი პროექტებისთვის, თვითრეალიზებისთვის, წინსვლისა პროფესიული განვითარებისთვის... მინდა, ჩემს ქალაქში, საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენო, რაც შეიძლება მეტი ვაკეთო და ქალთა უფლებების შესახებ ნებისმიერ ღონისძიებაში ან დისკუსიაში მონაწილეობის მხრივ კიდევ უფრო აქტიური გავხდე.
ეთო ყორღანაშვილი