7 წლის საბა სეფიაშვილი 2021-2022 წლის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს - გზაპრესი

7 წლის საბა სეფიაშვილი 2021-2022 წლის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტულ თაობას "დაკარგულ თაობას" ვეძახი. ბევრი მათგანი წარმატებულია ამა თუ იმ სფეროში, რაც ძალიან მახარებს. სამწუხაროდ, ამ ბავშვებს არ მიეცათ შესაძლებლობა, ნიჭიერება თავიანთ ქვეყანაში გამოემჟღავნებინათ და შესაძლებლობების მაქსიმუმს სხვა ქვეყნების აღიარებისა და წარმოჩენისთვის იყენებენ. უმრავლესობას საქართველოში დაბრუნება აღარ სურს, ზოგმა ისიც არ იცის, როგორია მისი სამშობლო, რადგან ან ძალიან პატარებს მოუწიათ იქაურობის დატოვებამ, ან საზღვარგარეთ დაიბადნენ.

ჩვენი რესპონდენტი, საბა სეფიაშვილი, ერთი წლის იყო, ესპანეთში რომ ჩამოვიდა. ოჯახის დიდი ძალისხმევით, მშობლიურ ენაზე ლაპარაკობს, მაგრამ საქართველოზე მოგონებები მის მეხსიერებას არ შემორჩენია. სამომავლოდ გეგმავს საქართველოში მოგზაურობას. საბა 7 წლისაა და უკვე წარმატებული. ამბობს, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. 2021-2022 წლის ჩემპიონთა ლიგის (ცხადია, მის ასაკობრივ კატეგორიაში) საუკეთესო მეკარედ დაასახელეს. როგორც თავად ამბობს, ყველა გამარჯვებას მამას უძღვნის და ყოველთვის, როდესაც თამაშობს, მამაზე ფიქრობს.

- საქართველო ძალიან პატარამ დავტოვე, ერთი წლის ვიყავი და არაფერი მახსოვს. 8 წლის ვხდები და ჯერ საქართველოში არ წავსულვარ, საბუთების არქონის გამო. არ ვიცი, იქ რას გავაკეთებ, მაგრამ წასვლა ძალიან მინდა. მე ხომ იქ აღარ მყავს მეგობრები, არავის ვიცნობ.

- რა იცი საქართველოს შესახებ?

- ვიცი, რომ ძალიან ლამაზია. ქართველი ფეხბურთელების შესახებ გამიგონია და ბევრს ვფიქრობ იმაზე, საქართველოს ნაკრებთან თამაშმა რომ მომიწიოს, რას ვიზამ. საქართველოც და ესპანეთიც - ორივე ჩემი ქვეყანაა და არ ვიცი, რომლის გამარჯვება უფრო გამახარებს. ქართული სამზარეულო ძალიან მომწონს, ბებო ხშირად გვიმზადებს ქართულ კერძებს, ყველაზე მეტად ხინკალი მიყვარს.

- საბა, რატომ აირჩიე სპორტის ეს სახეობა?

- ძალიან მომწონდა მეც და ბებოსაც. სხვათა შორის, სწორედ მან მოიძია კლუბი, რომელშიც 5 წლისა შევედი, „მარტინენც“ - ასე ჰქვია ამ კლუბს. ძალიან მომწონს და არ მინდა, მისი დატოვება მომიხდეს.

- შენს მწვრთნელზეც გვიამბე, თუ იცის, ქართველი რომ ხარ?

- ჩემი მწვრთნელი, დავითი, ძალიან მკაცრია და ბავშვებს მისი გვეშინია. როდესაც ვთამაშობ, ვფიქრობ, ისე მოვიქცე, რომ არ გავანაწყენო. ხშირად გვიბრაზდება, მაგრამ მერე ყოველთვის გვეხუტება და გვეფერება. ყოველთვის ისეთ რჩევებს გვაძლევს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რომ არა ის, დღეს ასეთი წარმატებულები ვერ ვიქნებოდით. ყველამ იცის, რომ ქართველი ვარ, მაგრამ ბარსელონის სახელით ვთამაშობ.

- შენს გუნდზეც გვიამბე, როგორი ბავშვები არიან?

- თავიდან ენის ბარიერი მქონდა, მაგრამ ამის გამო არასდროს არავის დაუცინია. ყველა მეხმარებოდა, თუ რამეს ვერ გავიგებდი, ცდილობდნენ, აეხსნათ. ახლა ძალიან კარგი მეგობრები ვართ, ყველა მათგანი ძალიან მიყვარს და, რაც მთავარია, ვიცით, რომ ერთი გუნდი ვართ და ერთმანეთის გარეშე ვერაფერს შევძლებთ.

- 2021-22 წლის საუკეთესო მეკარედ დაგასახელეს, ალბათ ძალიან ემოციური იყო?

- ყველაზე ბედნიერი ვიყავი, როდესაც თასი გადმომცეს... ამ ემოციების გადმოცემა სიტყვებით გამიჭირდება.

- ვინ არის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?

- როდესაც თამაშზე მივდივარ, ვფიქრობ, ვინ იქნება ჩემს გულშემატკივრებში, შეძლებს თუ არა მამა, რომ ჩემ გვერდით იყოს. ჩემს ყველა გამარჯვებას ყოველთვის მამას ვუძღვნი. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ჩემი ოჯახია, განსაკუთრებით კი - ბებო და პაპა. ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა ასეთი ოჯახი მაჩუქა, მათ გარეშე ამ წარმატებას ვერ მივაღწევდი.

- საბა, ძალიან კარგად ლაპარაკობ ქართულად, ეს ვისი დამსახურებაა? ქართულ სკოლაში დადიხარ?

- ქართულ სკოლაში სიარულს დროის სიმცირის გამო ვერ ვახერხებ, მაგრამ სახლში ქართულად მელაპარაკებიან. მამიდა ყოველთვის ცდილობს, ჩვენში საქართველოსა და ქართული ენის სიყვარული ჩადოს. ხშირად მასწავლის ქართულ ლექსებს, ასოებიც მან მასწავლა. უნდა, ქართულად წერა-კითხვა შევძლო. მოკლედ, მასწავლებლის ფუნქცია ჩვენს ოჯახში მამიდამ შეითავსა.

- თუ აპირებ მომავალში საქართველოში დაბრუნებას და თამაშის იქ გაგრძელებას?

- ალბათ არა, მე აქ ვიზრდები, ჩემი ცხოვრება აქ არის... ხომ გითხარით, ხშირად ვფიქრობ, როგორ მოვიქცევი, თუ საქართველოს ნაკრებთან მომიწევს თამაში. მათი წაგება ყოველთვის მწყინს. მინდა, საქართველოს ნაკრებიც ისეთივე წარმატებული იყოს, როგორიც ბარსელონის გუნდია. ბევრ წარმატებას ვუსურვებ მათ!

ფიქრია რობაქიძე