უნდა ველოდოთ თუ არა “კოვიდის” კიდევ ერთ ტალღას?.. - გზაპრესი

უნდა ველოდოთ თუ არა “კოვიდის” კიდევ ერთ ტალღას?..

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ შესაძლოა “კოვიდის” მეშვიდე ტალღა იწყებოდეს. ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გაორმაგდა... 2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 666 257 შემთხვევა. ჩOVID-19-ით გარდაცვლილია 16 847 ადამიანი.

“ტალღას ვეძახით პერიოდს, როცა აღმავალი მრუდია, ანუ ინფიცირების შემთხვევა სტაბილურად მატულობს. შეიძლება ითქვას, რომ დასაწყისია, შეიძლება დავარქვათ მეშვიდე ტალღის დასაწყისი. ახლა არ გვაქვს ის უნიკალური ვაქცინა, რომელიც ვირუსისგან დაგვიცავს ან ვაქცინაციას შერჩა ძალა, დაიცვას ადამიანი სიკვდილისგან და მძიმე მდგომარეობისგან: “ბუსტერის” დოზა სამიზნე ჯგუფებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუ გვინდა, რომ ნაკლებად დაინფიცირდნენ, ადამიანებს უნდა მოვუწოდოთ, ატარონ პირბადე, განსაკუთრებით - დახურულ სივრცეში”, - ამბობს კულუმბეგოვი გამოსავალზე საუბრისას.

მისივე თქმით, ახალი რეპროდუქციული ინდექსის მაჩვენებელი 18-ია, ანუ ერთი კოვიდინფიცირებული ადამიანი 18-ს აინფიცირებს.

ქრონიკული დაავადებები და ასაკია ის რისკი, რომლითაც ადამიანი შეიძლება ჰოსპიტალში მოხვდეს. “კოვიდის” ახალ გავრცელებულ ვარიანტს განსხვავებული კლინიკური ნიშნები არა აქვს, მიმდინარეობს სტანდარტულად, როგორც რესპირაციული დაავადება. ამიტომ ასაკიანმა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა სიმპტომების გამოვლენის პირველსავე დღეებში უნდა ჩაიტარონ ტესტირება, - ამბობს კულუმბეგოვი და მოსახლეობას მოუწოდებს, გაიკეთოს “კოვიდის” საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზა.

თამთა კაკაურიძე, ჟურნალისტი:

- მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევებმა მოიკლო, ყურადღება არ მომიდუნებია და დღემდე სისტემატურად ვიყენებ სადეზინფექციო საშუალებებს. არაერთხელ ვიყავი კორონავირუსის მატარებელ პირებთან კონტაქტში, მაგრამ საბედნიეროდ, ვირუსი არ შემხვედრია. 22 ივლისს ერთი წელი ხდება, რაც პირველი აცრა გავიკეთე “ფაიზერის” ვაქცინით. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დამეხმარა საკუთარი იმუნიტეტის გაძლიერებაში. ვაქცინაციამ, დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში წესების დაცვით პირბადის გამოყენებამ, ჩემს შემთხვევაში, ვირუსის წინააღმდეგ კარგად იმუშავა. ვფიქრობ, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს. სახელმწიფოს როლიც უდიდესია და უფრო აქტიური საინფორმაციო კამპანია უნდა ჩატარდეს საზოგადოების ინფორმირებისა და ვაქცინაციის პროცესის გასაუმჯობესებლად.

მარინა ხაბაზი:

- სიმართლე გითხრათ, ვნანობ კიდეც, რომ ავიცერი, რადგან აუცრელმა პირებმა ბევრად იოლად გადაიტანეს ვირუსი, ვიდრე მე, ადამიანმა, რომელიც ორჯერ ვიყავი აცრილი. ამიტომ, ცოტა ეჭვი მეპარება ვაქცინის ეფექტურობაში და მირჩევნია, თუ “კოვიდი” ისევ დამემართება, ჩვეულებრივად, ისე გადავიტანო, როგორც სხვებმა. ასაკი არ მაქვს და არც ქრონიკული დაავადებები მაწუხებს, თან, როგორც სპეციალისტები ამბობენ, საკმაოდ მსუბუქი შტამია და როგორც რესპირატორული ვირუსი, ისე მიმდინარეობს.

აცრის შემდეგ თითქმის ორი კვირა ძილად ვიყავი მიგდებული, გონებრივი შესაძლებლობები შემისუსტდა, საქმეზე კონცენტრირება მიჭირდა, სიცოცხლის ხალისი დამეკარგა... ანტივაქსერი არა ვარ. რაც თავს გადამხდა, იმას გიყვებით. პირიქით, სხვასაც ვურჩევდი აცრილიყო, თუმცა, იმის შემდეგ, რაც გადავიტანე, ვინმეს როგორ ვეტყვი, აიცერი-მეთქი?!. სუსტი შტამია და იმედია, გადაიტანენ.

ნანული აფხაზავა:

- კლასიკური “კოვიდ-19”-იც მოხდილი მაქვს და “ომიკრონის” შტამიც. პირველ ჯერზე რომ დამემართა, აცრილი არ ვიყავი, ვაქცინა შემოსულიც კი არ იყო. ჩემი შვილი სანადიროდ წავიდა, ღამისთევით მეგობრებთან ერთად, და იმან “მოგვიტანა” მთელ ოჯახს... გემო და ყნოსვა დავკარგეთ. ახალი წლის დღეები იყო და, რაც კი მოვამზადეთ - კერძი, ნამცხვარი, ხაჭაპური, - ყველაფერი დაგვეწვა: სუნი არ გვცემდა... მთელ ოჯახს ორი დღე გვქონდა მაღალი სიცხე, ახალგაზრდებმა იოლად გადაიტანეს, მაგრამ მე ძალიან ემოციური ვარ და გამიჭირდა. ამას ისიც დაემთხვა, რომ იმ დღეებში მეზობლად მცხოვრები 70 წელს გადაცილებული ქალი “კოვიდით” გარდაიცვალა. ვცდილობდი, არ მეფიქრა, მაგრამ მაინც ვფიქრობდი, რადგან მეც თითქმის 70 წლის ვიყავი კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებით და ხანდახან მაღალი წნევით. შიშს ვებრძოდი, მაგრამ ვერ მოვერიე და გულის აჩქარება დამეწყო, წარმოუდგენლად მიფრიალებდა გული. მეგონა, მისი ბაგაბუგი მთელ სახლში ესმოდათ... წნევაც ნორმალური მქონდა და სატურაციაც, მაგრამ ცუდად ვგრძნობდი თავს. ვერ ვჭამდი, არ მეძინა. შვილებმა ორჯერ გამოიძახეს “სასწრაფო”. სანამ ექიმები ჩვენთან რჩებოდნენ, იმედიანად ვიყავი, მაგრამ როგორც კი წავიდოდნენ, შიში ისევ მაცოცდებოდა და ვერაფერს ვუხერხებდი. მორიგი “სასწრაფოს” მოსვლაზე ვთხოვე, გამოგყვებით-მეთქი... შობა შემოდიოდა და შვილებს არ უნდოდათ, დედა საავადმყოფოში ყოფილიყო, მაგრამ ბიჭმა არ დაიჯერა - ცუდად არის დედაჩემი და “კოვიდით” მოუვა რამე თუ ნერვიულობის ნიადაგზე, რა მნიშვნელობა აქვსო?! წამიყვანეს. ყველაფერი სუფთა მქონდა, მაგრამ ერთი კვირა მაინც დამტოვეს. ის დღეები ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფებოდი და არც შემშინებია... ეზოდან “კოვიდით” გარდაცვლილი ადამიანების ჭირისუფლების კივილი მესმოდა და ძარღვებში სისხლი მეყინებოდა. ჩემს თავს ვეუბნებოდი, როგორც კი ვაქცინას შემოიტანენ, რამდენიც და რამდენჯერაც იქნება საჭირო, ავიცრები-მეთქი. მართლაც, “ფაიზერის” ორი დოზა და “ბუსტერიც” გავიკეთე... ამ ზამთარს “ომიკრონიც” გვესტუმრა. ჩემს შვილს უფრო რთულად ჰქონდა, ვიდრე მე. მხოლოდ ყელი მტკიოდა ოდნავ და მახველებდა. ვაქცინას ვუმადლი. ჯერ ერთი, ფსიქოლოგიურად ვიყავი მშვიდად, აცრილი ვარ და არაფერი მომივა-მეთქი, ჩემს თავს ვაჯერებდი, და ალბათ ამანაც გაჭრა. ჩემი შვილიც აცრილი იყო, მაგრამ “ბუსტერი” არ ჰქონდა გაკეთებული და თითქმის მთელი კვირა აწვალა - თავის ტკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა ჰქონდა... ასე რომ, თუ საჭირო გახდა, კიდევ გავიკეთებ აცრას. უკვე 70 წელს გადაცილებული ვარ და არა მგონია, მასში ისეთი რამე იყოს, რომ უარესი დამემართოს, რადგან, რაც მესმის, უამრავ ადამიანს გართულება დაუტოვა: ზოგმა გემო და ყნოსვა დაკარგა, ზოგს კი ნერვულ სისტემაზე “დაარტყა”. თავის ტკივილი და უძილობა დაეწყოთ... ამის უფრო მეშინია.

მეგი სტემპენ-გიუნტერი, გერმანიაში მცხოვრები ქართველი:

- გერმანიაშიც აქვთ მოლოდინი, რომ კიდევ ერთი ტალღა დაიწყება. აღმოსავლეთ ევროპაში შემთხვევებმა იმატა. იმ ქალაქში, სადაც მე ვცხოვრობ, უკვე იმაზე ლაპარაკობენ, რომ შეზღუდვების ახალი ტალღა გარდაუვალია... ორჯერ აცრილი ვარ და “ბუსტერის” დოზაც გაკეთებული მაქვს, მაგრამ ადრიან გაზაფხულზე მაინც დავინფიცირდი. ბავშვმა მოიტანა ბაღიდან. ერთ ღამეს გული აერია, უეცრად 39-მდე აუვარდა ტემპერატურა და კრუნჩხვებში ჩავარდა. მაშინ პირველად ვნახე ამ მდგომარეობაში მყოფი ბავშვი და დაბნეულობისგან მხოლოდ ის მოვახერხე, რომ აივანზე გავვარდი... მეუღლემ “სასწრაფო” გამოიძახა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოსაცდელში ვიყავით, რომ ვიგრძენი, მაღალი სიცხე მქონდა, მაგრამ ვიფიქრე, ალბათ აივანზე რომ გავედით, მაშინ გავცივდი-მეთქი. ბავშვს ტესტი გაუკეთეს და კოვიდდადებითი აღმოჩნდა. მე და მეუღლეც “დავიტესტეთ” და ორივეს “ამოგვიგდო”. ბავშვი საავადმყოფოში დატოვეს, ჩვენ როგორც მსუბუქი შტამის მატარებლები შინ გამოგვიშვეს, სტანდარტული ინსტრუქციებით - ბევრი თბილი სითხე და მოძრაობა. იოლად “გამოვძვერით, მაგრამ შემდეგ დაიწყო ყველაფერი - სიცხის ყოველ აწევაზე ჩემი შვილი კრუნჩხვაში ვარდება... ყველა ეს შემთხვევა შინაგანად მანგრევს, რადგან თვალებამოტრიალებული, გათიშული და დაკრუნჩხული ბავშვის ნახვა ნამდვილი წამებაა.

- ექიმები რას ამბობენ?

- გადაუღეს ტომოგრაფია თავზე, თამაშის დროს, ძილში, ჭამისას, მაგრამ არაფერი აჩვენა. ექიმები ამბობენ, რომ ასაკთან ერთად გაუვლის. კრუნჩხვები სუსტი ფორმითაა გამოხატული და თავის ტვინს არ აზიანებს, მაგრამ, როგორც ვთქვი, საშინელი სანახავია და მერე მე ვხდები მოსასულიერებელი. გარდა ამისა, მეც დამიტოვა უცნაურობები - გულმავიწყობა, უმადობა, გულგრილობა და, რაც მთავარია, ნერვულ სისტემაზე “დამარტყა”. მეუღლე მეუბნებოდა, რომ სრულიად სხვა ადამიანი გავხდი. ჭამა არც კი მახსენდება; ემოციები ან საერთოდ არ მაქვს, ან ცრემლებად ვიღვრები... დედაჩემი იტალიაში ცხოვრობს და ყოველდღე ან დღეში რამდენჯერმე ვეკონტაქტებოდი, ყველაფერს ვუყვებოდი; ახლა მეზარება ან მავიწყდება. მეგობრებს თავად ვახსენდებოდი: - სად დამეკარგე, რატომ არ მეხმიანები-მეთქი?.. ახლა თუ მომწერენ, კარგი, თუ არა, არც ეგენი მახსენდება. ყველა მეკითხება - რატომ შეიცვალეო? არ ვიცი, რა ჰქვია ამ მდგომარეობას, ალბათ - ღრმა დეპრესია... აქ მედიცინა ძალიან არის განვითარებული და ამბობენ, რომ ასეთი უცნაური სიმპტომებით ექიმებს კოვიდგადატანილები მიმართავენ. მაგრამ მკურნალობის კონკრეტული მეთოდები ჯერჯერობით არ არსებობს, გარდა იმისა, რომ მეტი დასვენება, საყვარელი საქმის კეთება და რელაქსი არის აუცილებელი, ნერვული სისტემა რომ დამშვიდდეს... ამას წინათ ბავშვი მყავდა მორიგ აცრაზე. გარემო არ მოეწონა და ვერაფრით დავამშვიდე, არც სათამაშო უნდოდა, საპნის ბუშტები გარშემო მყოფებს სახეში შეგვასხა, ტელეფონი ძირს დაახეთქა, იატაკზე გაწვა და ისტერიკა მოაწყო. მეუღლე გარეთ, მანქანაში მელოდებოდა. არ მახსოვს, როგორ ვთხოვე ექიმს, ბავშვს დავტოვებ და მოვბრუნდები-მეთქი. მანქანას მივუახლოვდი თუ არა, ეტლი, რომელშიც ბავშვი იჯდა, მანქანისკენ მთელი ძალით გავაქანე. კიდევ კარგი, მეუღლე დროულად გადმოხტა მანქანიდან და ბავშვი ჰაერში დაიჭირა. - ახლა შენი ცვლაა, ჰოდა, მიხედე-მეთქი, - მივაძახე და საავადმყოფოსკენ გავიქეცი. ჩემი ქცევისა და სახის დანახვაზე ხალხის რიგი დაახლოებით ისე გაიყო, როგორც ფილმებში გვინახავს - იმპერატორი რომ შედის თავის სამფლობელოში და გზას უთმობენ. ამ დროს გავიაზრე, რაც ჩავიდინე, მაგრამ ნერვები ვერ მოვთოკე... ჰოდა, ასეთ მძიმე ფონზე, მეორედ რომ დავინფიცირდე, ალბათ პირდაპირ საგიჟეთში წამიყვანენ. იმედია, ნელ-ნელა გამოვალ.

ლალი პაპასკირი